როგორ შეგიძლიათ გქონდეთ კარგი ჯანმრთელობა?
მკურნალობაზე ხშირად საუბრობენ. თითქმის ყველა ჩვენს მეგობარსა თუ მეზობელს თითოეული ავადმყოფობისთვის თავისი საყვარელი სამკურნალო საშუალება აქვს. გასაგებია, რომ თვითმკურნალობის სურვილი შეიძლება დიდი იყოს. არიან პიროვნებები, „რომლებიც ექიმთან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიდიან, — ამბობს ბრაზილიელი ექიმი. — შეიძლება მათ აქვთ კანის დაავადება, რისგანაც თვეების განმავლობაში ვერ განიკურნეს თავი. როდესაც ისინი ექიმს მიმართავენ, აღმოჩნდება, რომ აქვთ კიბო, რომელიც ადრეულ სტადიაზე უნდა განკურნებულიყო“.
მაშინ როდესაც დიაგნოზის დროულად დასმამ ხშირად შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას, დაყოვნება შეიძლება ძვირად დაუჯდეს პიროვნებას. „ოცდაათი წლის ქალს დაუგვიანდა მენსტრუაცია და მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილები ჰქონდა. ის ინტენსიურად მკურნალობდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებითა და ანთების საწინააღმდეგო წამლებით, რის გამოც ტკივილები შეუმცირდა, — გვიამბობს ერთი ქირურგი. — მაგრამ სამი დღის შემდეგ სისხლდენა დაემართა, შოკში ჩავარდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში მოიყვანეს. ფალოპიუსის მილში ორსულობის დიაგნოზი დავუსვი და დაუყოვნებლივ გავუკეთე ოპერაცია. სწორედ რომ დროზე ვუშველეთ!“.
სან-პაულუში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ფიქრობდა, რომ ანემიით იყო დაავადებული, მაგრამ მისი პრობლემა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა იყო. იმის გამო, რომ თავის დროზე არ იმკურნალა, ერთადერთ გამოსავალად ტრანსპლანტაცია დარჩა. მისი ექიმი ამბობს: „ხშირად ავადმყოფი აყოვნებს ექიმთან მისვლას, საკუთარ თავს თვითონ მკურნალობს ან დახმარებისთვის იმ ხალხს მიმართავს, რომლებიც ექიმები არ არიან, რაც იმით მთავრდება, რომ ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებს“.
რასაკვირველია, არ უნდა უგულებელვყოთ ჩვენი ორგანიზმის სიმპტომები. მაგრამ როგორ მოვერიდოთ გადაჭარბებულ ყურადღებასაც? ჯანმრთელობა არის „ფიზიკური და სულიერი სიმხნევე“ ანუ „ფიზიკური ავადმყოფობისა და ტკივილისგან თავისუფლება“. და საინტერესოა ის, რომ, დღეს, როგორც ცნობილია, თითქმის ყველა დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. დრ. ლუის ტომასის სიტყვების თანახმად, „ჩვენ უბრალოდ აწყობილები კი არ ვართ, არამედ საოცრად ძლიერ, ამტანსა და ჯანსაღ ორგანიზმებს წარმოვადგენთ“. აქედან გამომდინარე, იმის მაგივრად, რომ იპოქონდრიამ შეგვიპყროს და ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ზრუნვით საკუთარი თავი სიკვდილის პირას მივიყვანოთ, უმჯობესია, ორგანიზმსა და თვითგანკურნების არაჩვეულებრივ უნარს ხელი არ შევუშალოთ. კომპეტენტურ ექიმსაც შეუძლია დახმარების აღმოჩენა.
როდის მივმართოთ ექიმს?
ერთი ბრაზილიელი ექიმის რჩევის თანახმად, პროფესიული დახმარება არ უნდა უგულებელვყოთ, „თუ სიმპტომებს, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, პირღებინება, ან ტკივილი მუცლის ღრუში, გულ-მკერდის არესა და მენჯებში, უბრალო მკურნალობა არ შველის და ხშირად მეორდება ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე ან, თუ ტკივილი მწვავეა ან გამუდმებული“. სხვა ექიმი გვირჩევს, რომ, როდესაც არ ვიცით რა მკურნალობა ჩავიტაროთ გამოვლენილ სიმპტომებზე ან თუ ვგრძნობთ, რომ მსგავს მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ, უმჯობესია ექიმს მივმართოთ. შემდეგ ის ამბობს: „როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლები მას თვითონ კი არ მკურნალობენ, არამედ, ჩვეულებრივ, არჩევენ პროფესიული დახმარებისთვის ექიმს მიმართონ“.
მაგრამ ყოველთვის აუცილებელია წამლები? შეიძლება, წამლების მიღებამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს? მოსალოდნელია თუ არა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კუჭის გაღიზიანება ან ღვიძლისა და თირკმლებისთვის ზიანის მიყენება? რა შეიძლება ითქვას წამლების ურთიერთქმედებაზე? „პაციენტთა მხოლოდ მცირე რიცხვი თუ ხვდება პრობლემებს მშვიდად და ეგუება მათ“, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“. ხოლო კეთილსინდისიერ ექიმს შეუძლია დაგვანახოს, რომ ნებისმიერმა წამალმა შეიძლება გვავნოს და არსებული წამლების მცირე რიცხვი თუ არის, რომ არ იწვევს გვერდით მოვლენებს. წაიკითხეთ ეტიკეტზე, რა გვერდით მოვლენებს იწვევს გამოწერილი წამალი, რომლის ყიდვასაც აპირებთ! იმ წამლებმაც კი, რომლებზეც რეცეპტების გაცემა საჭირო არაა, შეიძლება პიროვნებას ავნოს და მოკლას კიდეც, თუ არასწორად იქნება გამოყენებული ან დიდი დოზით იქნება მიღებული.
სიფრთხილის აუცილებლობას ხაზს უსვამს რიჩარდ ა. ნოქსიც: „სტანფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ცნობის თანახმად, ართრიტით დაავადებულ მილიონობით ავადმყოფს, რომელიც ყოველდღიურად ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ღებულობს, შეიძლება ნებისმიერ მომენტში სისხლდენა დაემართოს, რაც შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მკვლევართა აზრით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ანტაციდებთან ან გავრცელებულ მჟავების მაინჰიბირებელ აბებთან ერთად გამოყენება არ არის კუჭის სერიოზული დაავადებებისგან თავდაცვის გარანტია და ამან შეიძლება საფრთხეც კი გაზარდოს“ (The Boston Globe).
რა შეიძლება ითქვას უბრალო მეთოდებით თვითმკურნალობაზე? რიბეირან-პრეტუში (ბრაზილია) მცხოვრები ექიმი ამბობს: „ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ყველას ექნებოდა პატარა საოჯახო აფთიაქი. . . მაგრამ წამლები გონივრულად, წინდახედულებით უნდა იყოს გამოყენებული“. (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 7). ასევე, ძირითადი სამედიცინო ცოდნით ადამიანი ცხოვრებასაც იუმჯობესებს. რამდენადაც თითოეული პიროვნების მდგომარეობა განსხვავებულია, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არ იძლევა რჩევას, თუ კონკრეტულად რომელ მედიკამენტებს, მკურნალობასა და სამკურნალო ბალახებს მიმართოთ.
კარგი ჯანმრთელობა — რა შეგიძლიათ პირადად გააკეთოთ?
„საუკეთესო მკურნალები არიან ექიმი დიეტა, ექიმი სიმშვიდე და ექიმი მხიარულება“, — დაწერა XVIII საუკუნის მწერალმა ჯონათან სვიფტმა. მართლაც, გაწონასწორებული დიეტა, კარგი დასვენება და კმაყოფილების გრძნობა, კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. მოხერხებულად შექმნილი რეკლამების მტკიცების მიუხედავად, ვერ შევიძენთ კარგ ჯანმრთელობას წამლების მიღებით. „ფარმაცევტული საშუალებების აუცილებლობის გარეშე მიღებამ, რაც სახიფათოცაა“ შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემა (Dicionário Terapêutico Guanabara).
მაგრამ, თუ პიროვნება აკონტროლებს საკუთარი ცხოვრების წესს, ერიდება ნარკოტიკებს, თამბაქოს, უზომოდ სმასა და გადამეტებულ დაძაბულობას, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ჯანმრთელობას. ბრაზილიაში ხანგრძლივი დროის მანძილზე მისიონერად მომსახურე 60 წელს გადაცილებული მარიანა ამბობს: „გაწონასწორებული ცხოვრებისა და მრავალფეროვანი სასარგებლო საკვების წყალობით საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა მაქვს“. ის განაგრძობს: „ჩვეულებრივ, ადრე ვდგები, ამიტომაც ადრე დაძინება მნიშვნელოვანია“. პიროვნებამ არ უნდა უგულებელყოს გონიერება და ცხოვრების სწორი წესი და ასევე არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან პერიოდული სამედიცინო გამოკვლევისა და უბნის კვალიფიცირებულ ექიმთან თანამშრომლობის აუცილებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ მარიანას ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს, ის სიფრთხილეს იჩენს, რომ არც უგულებელყოს თავისი ჯანმრთელობა და არც გადაჭარბებულად იზრუნოს მასზე. ის ამბობს: „მე ასევე ლოცვაში ვთხოვ იეჰოვას, რომ მიხელმძღვანელოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს, რათა ხანგრძლივი სარგებლობის მომტანი ნაბიჯები გადავდგა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზედმეტი დრო და სახსრები არ დავხარჯო“. შემდეგ ის ამბობს: „რადგანაც მნიშვნელოვანია აქტიური ვიყო, ლოცვაში ყოველთვის ვთხოვ ღმერთს, რომ დამეხმაროს, გონივრულად გამოვიყენო დრო და ძალ-ღონე, რომ არც ზედმეტად გავანებივრო საკუთარი თავი და, ამავე დროს, შესაძლებელზე მეტის გაკეთებითაც არ მოვსუსტდე“.
ნამდვილი ბედნიერება თუ გვსურს, პიროვნებამ არ უნდა უგულებელვყოთ მომავალი. იმ პიროვნებასაც კი, რომელსაც დღეს შედარებით კარგი ჯანმრთელობა აქვს, ელოდება ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა და ბოლოს სიკვდილი. არსებობს სრულყოფილი ჯანმრთელობის რაიმე იმედი?
[ჩარჩო 6 გვერდზე]
საკუთარ თავზე გაწონასწორებული ზრუნვის სარგებლობა
თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ჭამთ და რას სვამთ. თუ ავტომანქანას წყლიანი ბენზინით გამართავთ ან საწვავში შაქარს ჩაყრით, მოკლე ხანში ძრავას მწყობრიდან გამოიყვანთ. მსგავსად, თუ არასრულფასოვან საკვებსა და სასმელს გამოიყენებთ, ბოლოს ეს ჯანმრთელობის გაუარესების ფასად დაგიჯდებათ. მაგალითად, თუ კომპიუტერში შეიტანთ ნაგავს (არაზუსტ მონაცემებს), დაგიბრუნებთ ნაგავს (არაზუსტ ინფორმაციას).
დრ. მელანი მინცერი, პროფესორი საოჯახო მედიცინის დარგში, ამბობს: „არსებობს პაციენტების სამი კატეგორია: ადამიანები, რომლებიც ექიმს იმ შემთხვევაშიც მიმართავენ, როდესაც პრობლემასთან გამკლავება ოჯახში თვითონვე თავისუფლად შეუძლიათ; ისინი, რომლებიც ჯანდაცვის სისტემას სათანადო დროს იყენებენ; და ისინი, რომლებიც მაშინაც კი არ მიმართავენ ექიმს, როდესაც აუცილებელია. პირველი კატეგორიის ადამიანები ხშირად ექიმსაც აკარგვინებენ დროს და საკუთარ დროსა და ფულსაც კარგავენ. მესამე კატეგორიის ადამიანებმა კი სათანადო კვალიფიციური დახმარების უგულებელყოფით შეიძლება საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ. ექიმებს სურთ, რომ ადამიანების უმრავლესობა მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდეს“.
„კარგი ჯანმრთელობისთვის შვიდი გასაღები არსებობს: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, თამბაქოზე უარის თქმა, კარგი დასვენება, სტრესთან გამკლავების უნარი, ხალხთან ურთიერთობა და წინდახედულობა ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის საფრთხის შესამცირებლად“ („სანამ ექიმს მიმართავდეთ — ჯანმრთელობასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი პრობლემის უსაფრთხო და ეფექტური თვითმკურნალობა“, ექიმი ენ სიმონსი, ბობი ჰეზელბრინგი და მაიკლ კასელმენი).
[ჩარჩო 7 გვერდზე]
საოჯახო აფთიაქი
„ცნობილია, რომ ტკივილების, დაბეჟილობების, დისკომფორტისა თუ ავადმყოფობის სხვა გარეგნული ნიშნების 90 პროცენტს ჩვეულებრივ ჯანმრთელი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ და ამის შესახებ არასდროს ეუბნებიან სხვებს. . .
ხშირად მხოლოდ სწრაფმოქმედ წამლებს ღებულობენ, მაგალითად 2 აბ ასპირინს თავის ტკივილის დროს“. „ხშირად ყოველივე ამის საშუალებას საოჯახო აფთიაქი იძლევა. და ყოველთვის აუცილებელი აღარაა ექიმის დახმარება, საავადმყოფოში წასვლა და ფულის ხარჯვა“ (Complete Home Medical Guide, გამოცემულია კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ, თერაპიისა და ქირურგიის კათედრა).
იგივე წყარო გვირჩევს, რომ საოჯახო აფთიაქში შევიტანოთ. . . ლეიკოპლასტირი, სტერილური მარლა, ბამბის ტამპონები, ბინტი, სხვადასხვა მალამოები, ანტისეპტიკური სპირტიანი ხსნარები, მაკრატელი, ორალური თერმომეტრი და სხვა გამოსადეგი ნივთი.
სიცხისა და ტკივილების დროს ის ავადმყოფებს ურჩევს აბების, ანტაციდების, ხველების საწინააღმდეგო წამლების, ანტიჰისტამინური და შეშუპების საშუალებების, გამხსნელი და შემკვრელი საშუალებების გამოყენებას.
[ჩარჩო 8 გვერდზე]
მცირე გაფრთხილება
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მედიკამენტზე რეცეპტის გაცემა საჭირო არაა, ისინი ნამდვილი წამლებია. რეცეპტით გასაცემი წამლების მსგავსად, ზოგი მათგანის მიღებაც არ შეიძლება სხვა წამალთან, განსაზღვრულ საკვებთან ან ალკოჰოლთან ერთად. ზოგი მათგანის გამოყენების გამო შეიძლება დაიმალოს სხვა უფრო სერიოზული პრობლემა ან შედეგად ისიც გამოიღოს, რომ ორგანიზმი მიეჩვიოს წამალს. ზოგჯერ კი ასეთი წამლები ვერ შეცვლის ექიმის დახმარებას.
მაგრამ მათი უმეტესობა უვნებელი და ეფექტურია. . . ისინი კარგად ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას“ (Using Medicines Wisely).
[სურათები 7 გვერდზე]
გახსოვდეთ, რომ არცერთი მცენარე და წამალი არაა სრულიად უვნებელი.
1. აფთიაქი.
2. აფთიაქი ღია ცის ქვეშ.
3. სამკურნალო მცენარეები.