უსისხლო მკურნალობა — რას ამბობენ სპეციალისტები
ჩვენი კორესპონდენტისგან ნორვეგიაში
„ამ სიმპოზიუმიდან ყველაფერი რომ დამავიწყდეს, თქვენს სტენდებს ვერ დავივიწყებ“, — თქვა სისხლის გადასხმის 25-ე სიმპოზიუმის დამსწრე ერთმა ექიმმა. ეს ღონისძიება გასული წლის ზაფხულში (1998 წლის 27 ივნისიდან 2 ივლისამდე) ოსლოში (ნორვეგია) ჩატარდა. ზემოთ ხსენებული სიტყვები ამ ექიმმა წარმოთქვა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეთა საინფორმაციო სტენდებთან მივიდა, რომლებიც სიმპოზიუმზე წარმოდგენილ სტენდთა შორის იყოa.
სიმპოზიუმს 1 700-ზე მეტი ექიმი ესწრებოდა, 83 ქვეყნიდან. მრავალი დელეგატი სისხლის გადასხმის ინსტიტუტიდან იყო, მაგრამ იქ ჰემატოლოგებიც, ქირურგებიცა და ანესთეზიოლოგებიც იყვნენ. ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე რა საკითხი იდგა დღის წესრიგში? რა წარადგინეს იეჰოვას მოწმეებმა და რა გამოხმაურება ჰპოვა ამან დელეგატებს შორის?
უსისხლო ალტერნატივა
განსახილველ საკითხებს შორის იყო სისხლის გადასხმა, სისხლის ანალიზი და სისხლის შემცვლელი სამედიცინო ალტერნატიული საშუალებები. შოტლანდიის ეროვნული სისხლის გადასხმის მომსახურების დოქტორმა კ. ვ. პრაუსმა ილაპარაკა „სისხლის შემცვლელებისა და სისხლის რესურსების“ შესახებ. მან მოიხსენია სხვადასხვა რეკომბინანტური (სინთეზური) მასტიმულირებელი საშუალება, რომლებიც ორგანიზმში სისხლის უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციას ახდენს და, ამგვარად, ზრდის სისხლის უჯრედების შემცველობას. მაგალითად, ერითროპოეტინი, რომელიც თირკმელში წარმოიქმნება, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულატორია. მაგრამ დღეს ლაბორატორიებში შესაძლებელია ამ ნივთიერების სინთეზი. დოქტორმა პრაუსმა აღნიშნა, რომ „სხვადასხვა ანემიის სამკურნალოდ ფართოდაა დანერგილი სინთეზური ერითროპოეტინის გამოყენება“.
მიღებულ იქნა მსგავსი ნივთიერება, რომელიც თრომბოციტების წარმოშობის სტიმულაციას ახდენს. დოქტორმა პრაუსმა აღნიშნა: „ამ სფეროში უახლეს აღმოჩენას თრომბოპოეზის მასტიმულირებელი ნივთიერების აღმოჩენა წარმოადგენს. ინტერლიუკენ 11 არის პრეპარატი, რომლის წარმოებაც ნებადართულია და რომელიც თრომბოციტების რაოდენობის მოსამატებელი პრეპარატია. . . და მოსალოდნელია, მალე გაიცეს თრომბოპოეტინისა და მისი ჰომოლოგის, rh–PEG–MGDF-ის, სერთიფიკატი“.
დოქტორმა პრაუსმა სისხლის შემდედებელ სინთეზურ საშუალებებზეც (პლაზმის ცილებზე) ილაპარაკა, რომლებიც ძალზე ძვირფასია ჰემოფილიით დაავადებულთათვის: „უკვე არსებობს პლაზმის პროტეინების მრავალი რეკომბინანტური ეკვივალენტი და ზოგჯერ ამ პრეპარატებით მკურნალობას მჯობინებენ პლაზმისგან მიღებული ნივთიერებებით მკურნალობას, პლაზმისგან, რომელიც შეიძლება ვირუსულ ინფექციას შეიცავდეს“. დოქტორმა პრაუსმა დაამატა, რომ „ახლა გამოსაცემად მზადდება მრავალი სხვა კოაგულაციური საშუალება“.
სიმპოზიუმზე ფარმაცევტული კორპორაციის წევრმა ნ. ს. ფეისფულმა, პერფტორნახშირწყლოვანი (პფნ) ნაერთები წარმოადგინა. ზოგ პერფტორნახშირწყალს ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი აქვს. მაგრამ ამ ქიმიური პრეპარატების პირველმა თაობამ ვერ შეძლო ხელოვნური სისხლის როლის შესრულება. გაუმჯობესდა ეს პრეპარატები? ფეისფულმა თქვა: „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პფნ-ს ტექნოლოგია დაიხვეწა და მოხდა მისი [ორი შემდგომი] თაობის კლინიკური გამოცდა“. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი გამოცდა 256 ორთოპედიულ, გინეკოლოგიურ და უროლოგიურ ოპერაციაგადატანილზე ჩატარდა, რადგან ამ ოპერაციებს ხშირად თან სდევს დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვა. შედეგი? „ორივე გამოკვლევის მონაცემებმა ცხადყო, რომ [სისხლის გადასხმის აუცილებლობის] ჩვენებას ოქსიგენტი ბევრად უფრო უკეთესად და დიდი ხნით ხსნის, ვიდრე საკუთარი სისხლის გადასხმა“.
სიმპოზიუმზე აღინიშნა, რომ ასეთ ემულსიაში არსებული პფნ-ს ზომა „ძალიან პატარაა. . . სისხლის წითელ უჯრედებზე დაახლოებით 40-ჯერ პატარა. ასეთი ზომა პფნ-ს საშუალებას აძლევს ისეთ კაპილარებშიც გააღწიოს, რომლებშიც ერითროციტები ვერ გადის“. ამ პრეპარატის გამოყენება, როგორც ჩანს, სასარგებლო იქნება გარკვეული ქსოვილების იშემიის დროს.
ერთმა ბრიტანელმა ექიმმა ქირურგიულ პროცედურებში სისხლის გამოყენების შემცირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მიზეზად სისხლის დეფიციტი და სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული რისკი მოიყვანა. იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად შეიძლება სისხლის გამოყენების შემცირება, ამ ექიმმა მაგალითად ერთი ქირურგი მოიყვანა, რომელმაც ბარძაყზე ჩატარებული ოპერაციების მხოლოდ 10 პროცენტში გამოიყენა სისხლი. იმავე საავადმყოფოში სხვა ქირურგებმა იმავე ოპერაციების 70 პროცენტში გამოიყენეს სისხლი.
სიტყვა ეძლევა იეჰოვას მოწმეებს
მრავალი ასეთი ალტერნატივისა და მეთოდის შესახებ ინფორმაცია იეჰოვას მოწმეთა სტენდებზე იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთზე აღნიშნული იყო, რომ მსოფლიოში დღეს 120 სამედიცინო ცენტრი გვთავაზობს უსისხლო პრეპარატებს, ხოლო ამ საკითხზე სიმპოზიუმის დამსწრეებს მიეცათ ტექსტები, რომლებიც დაახლოებით 1 000 სამედიცინო სტატიის რეზიუმეს წარმოადგენდა. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვაგვარად არიდებულ იქნეს სისხლის გადასხმა; შემოთავაზებული იყო მეთოდები, რომელთა გამოყენება შეიძლებოდა როგორც ოპერაციის წინ, ისე მისი მსვლელობის დროს და შემდეგ.
გამოხმაურება შესანიშნავი იყო. სიმპოზიუმის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა სტენდთან დაახლოებით 480 ექიმი მივიდა, მრავალი მათგანი კი უკვე სხვა კოლეგებთან ერთად ხელმეორედ მიბრუნდა მეტი ინფორმაციის მისაღებად. ერთმა კალიფორნიელმა ანესთეზიოლოგმა და ქირურგმა, პროფესორმა აღნიშნა: „ეს ძალზე შთამბეჭდავია“. გერმანელმა პროფესორმა კი თქვა: „ამ ინფორმაციას ჩემს სტუდენტებთან ლექციის დროს გამოვიყენებ“. ექიმმა, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის წარმომადგენელი იყო, შენიშნა: „სისხლის რესურსების უკმარისობის გამო ასეთი ინფორმაცია ჩვენთვის ძალზე საჭირო ინფორმაციაა“.
სისხლის გადასხმის შემცვლელების შესახებ ტექსტის მიღების მომდევნო დღეს ნორვეგიის საავადმყოფოს სისხლის შემნახველი განყოფილების გამგე დაბრუნდა და ითხოვა: „შეიძლება ამ ტექსტის კიდევ ორი ან სამი ეგზემპლარი მომცეთ? მინდა ქირურგებსა და ანესთეზიოლოგებს მივცე და ვუთხრა, რომ ეს მეთოდები ოპერაციების დროს სისხლის გადასხმის შემცირების ან საერთოდ უარყოფისთვის გამოიყენონ“. სხვა ექიმმა კი აღნიშნა: „თქვენი სტენდები ყველაზე საინტერესოა მთელ სიმპოზიუმზე“.
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეხმარებიან ავადმყოფებს, დაუკავშირდნენ ისეთ ექიმებს, რომლებსაც შეუძლიათ და უნდათ, რომ პაციენტებს სისხლის გადასხმის გარეშე უმკურნალონ. ისინი დაინტერესებულ პირებს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით სამედიცინო ალტერნატივების შესახებ უახლეს ინფორმაციასაც აწვდიან. სიმპოზიუმზე მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ასობით ექიმი, ქირურგებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის ჩათვლით ამ ინფორმაციით დიდად დაინტერესდა. ამას კარგი შედეგები მოჰყვება, რადგან ისინი ცდილობენ, გამოიყენონ მრავალი ისეთი პროცედურა და პრეპარატი, რომლებიც სისხლის გადასხმის აუცილებლობას გამორიცხავს.
[სქოლიო]
a იეჰოვას მოწმეები რელიგიურ საფუძველზე სისხლს არ ისხამენ; ნაცვლად ამისა, ისინი ალტერნატიულ უსისხლო მკურნალობას მიმართავენ (საქმეები 15:28, 29). ასე მოქმედების მიზეზისა და გონივრულობის შესახებ იხილეთ ბროშურა „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.