ხიდები — რა უნდა გვექნა მათ გარეშე?
„დააფასეთ ხიდები, რომლებზეც დადიხართ“ (ჯორჯ კოლმენი, XIX საუკუნის ინგლისელი დრამატურგი).
ბოლოს როდის გადახვედით ხიდზე? საერთოდ თუ შენიშნეთ ის? ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი გადადის ხიდებზე. მათში ჩვენ დიდს ვერაფერს ვხედავთ. ხიდებზე ან მათ ქვეშ ვსეირნობთ ან ვმგზავრობთ და შეიძლება ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ მათ. მაგრამ რა უნდა გვექნა, ხიდები რომ არ ყოფილიყო?
საუკუნეების განმავლობაში, ადამიანი იქნებოდა თუ ნადირი, სხვადასხვაგვარი ხიდების წყალობით გადადიოდა გაუვალ ადგილებზე, მდინარე იქნებოდა, უფსკრული თუ ხევი. შეუძლებელია ხიდების გარეშე წარმოიდგინო ისეთი ქალაქები, როგორიცაა: კაირო, ლონდონი, მოსკოვი, ნიუ-იორკი, სიდნეი და ასე შემდეგ. საინტერესოა, რომ ხიდებს საკმაოდ ძველი ისტორია აქვს.
ხიდები წარსულში
ბაბილონის დედოფალმა ნიტოკრისმა 2 500-ზე მეტი წლის წინ მდინარე ევფრატზე ააგო ხიდი. რატომ? ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვიხსნის: „[ბაბილონს] მდინარე ორ ნაწილად ჰყოფდა. სხვა მეფეების დროს ვისაც ქალაქის მეორე ნაწილში უნდოდა მოხვედრა, ნავით უნდა ესარგებლა, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ რთული იქნებოდა“. უძველესი დროის ყველაზე ცნობილ მდინარეზე ნიტოკრისმა ხიდი ააგო; სამშენებლო მასალად ხე-ტყე, გამომწვარი აგური და ლოდები გამოიყენა, კირხსნარის ნაცვლად კი — რკინა და ტყვია.
ზოგჯერ ხიდები ისტორიაზეც ახდენდა ზეგავლენას. როდესაც სპარსეთის დიდებულმა მეფე დარიოს I-მა სკვითების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა, აზიიდან ევროპაში მოსახვედრად ყველაზე მოკლე სახმელეთო გზა შეარჩია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 600 000-იანი ჯარით ბოსფორის სრუტეზე უნდა გადასულიყო. ამ სრუტის გადალახვა საკმაოდ საშიში იყო ძლიერი ჯანღისა და საშიში დინების გამო, ამიტომ დარიოსმა ერთმანეთზე გადააბმევინა ნავები და 900 მეტრის სიგრძის ტივტივა ხიდი გააკეთებინა. დღეს უკვე ყოველგვარი წვალების გარეშე შეიძლება ამ სრუტეზე გადასვლა. ავტომობილით ორი წუთიც კი არ არის საჭირო სტამბულის ბორსფორის ხიდებზე გადასასვლელად.
თუ ბიბლიის კვლევით ხართ გატაცებული, ალბათ, შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ისტორიაზე უხიდობამაც მოახდინა ზეგავლენა. გაიხსენეთ რა მოხდა, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ალყა შემოარტყა კუნძულზე გაშენებულ ტვიროსს. ის ცამეტი წლის განმავლობაში ცდილობდა ქალაქის დაპყრობას, მაგრამ ვერ შეძლო, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ კუნძულთან დამაკავშირებელი ხიდი არ არსებობდა (ეზეკიელი 29:17–20). სამი საუკუნის განმავლობაში ტვიროსის დაპყრობა ვერავინ შეძლო, სანამ ალექსანდრე მაკედონელმა კუნძულამდე მისასვლელი მიწაყრილი არ გააკეთა.
პირველ საუკუნემდე „ყველა გზა რომისკენ მიემართებოდა“, მაგრამ, რომის იმპერია რომ შეკრული ყოფილიყო, გზების გაყვანასთან ერთად ხიდების აგებაც იყო საჭირო. რვატონიანი ლოდებით რომაელებმა ისე ოსტატურად ააგეს თაღისებრი ხიდები, რომ ზოგი მათგანი დღემდე, ათას წელზე მეტ ხანს, შემორჩა. რომაელებს აკვედუკები და ვიადუკებიც ჰქონდათ.
შუა საუკუნეებში ხიდები ზოგჯერ ციხესიმაგრეების როლსაც ასრულებდა. ახ. წ. 944 წელს დანიელების მოსაგერიებლად საქსებმა ლონდონში, მდინარე ტემზაზე, ააგეს ხის ხიდი. დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ ეს ხიდი შეცვალეს ლონდონის ხიდით, რომელიც საკმაოდ ცნობილია ისტორიასა და პოეზიაში.
დედოფალ ელისაბედ I-ის მმართველობისას ლონდონის ხიდი აღარ ასრულებდა მხოლოდ ქვის ციხე-სიმაგრის ფუნქციას. შენობები ზედ ხიდზევე აღმართეს. პირველ სართულზე გახსნილი იყო მაღაზიები, ზემო სართულებზე კი მდიდარი ვაჭრები და სამეფო კარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ლონდონის ხიდი მთავარ როლს ასრულებდა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაღაზიებისა და საცხოვრებელი ბინების საიჯარო გადასახადი ხიდის მოვლასა და დაცვას ხმარდებოდა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ხიდი ფასიანი იყო!
იმ დროს, როცა ევროპელები ხისა და ქვის ხიდებს აგებდნენ, სამხრეთ ამერიკაში ინკები ხიდის მასალად თოკებს იყენებდნენ. დღეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სან-ლუიზ-რეის ხიდი, რომელიც პერუში მდინარე აფურიმაკზეა გადებული. ინკები მცენარის ბოჭკოებით გრეხდნენ ადამიანის სისქე თოკებს. მათ მთელ მდინარეზე გადაჭიმავდნენ და ორივე სანაპიროზე ქვის სვეტებზე ამაგრებდნენ. თოკების ბოლოების საიმედოდ გამაგრების შემდეგ მათზე ხის ფიცრებს ჰკიდებდნენ ისე, რომ გავლა შესაძლებელი ყოფილიყო. ყოველ ორ წელიწადში კი თოკებს ცვლიდნენ. ამ ხიდმა შესანიშნავი კონსტრუქციისა და კარგი მოვლის შედეგად ხუთ საუკუნეს გაუძლო!
ხიდები და მეტი მოთხოვნილებები
ხიდები უნდა უძლებდეს მიწისძვრებს, ქარიშხლებსა და ტემპერატურის ცვლილებებს. როგორც უკვე მოვიხსენიეთ, ადრე ხიდებს ხე-ტყის მასალით, ქვებითა და აგურით აშენებდნენ. როდესაც XIX საუკუნის დასასრულს ავტომობილი გამოჩნდა, უფრო მძიმე ტრანსპორტის მომსახურების მიზნით საჭირო გახდა არსებული ხიდების გაუმჯობესება და გაფართოება.
ორთქლმავლის გამოგონებამ ხიდების მშენებლებსა და კონსტრუქტორებს სტიმული მისცა. ყველაზე მოსახერხებელი გზები ხშირად დიდ მდინარეებსა და უფსკრულებზე გადიოდა. იქნებოდა შესაძლებელი ისეთი ხიდის გადება, რომ გაეძლო უფრო გრძელი სატვირთო მატარებლებისთვის? თუჯის ხიდებმა თავის დროზე კარგი სამსახური გასწია. შოტლანდიელი ინჟინრის, ტომას ტელფორდის, მიერ ჩრდილოეთ უელსის მენაის სრუტეზე აგებული კიდული ხიდი, რომლის მშენებლობა 1826 წელს დასრულდა, XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია. მისი სიგრძე 176 მეტრია და დღემდე სარგებლობაშია. მაგრამ თუჯი ადვილად მტვრევადია და ხიდიც ხშირად საჭიროებდა შეკეთებას. ბოლოს, XIX საუკუნის დასასრულს, დაიწყო ფოლადის წარმოება. ამ ლითონს ისეთი თვისებები აქვს, რომ გრძელი და უსაფრთხო ხიდების მშენებლობისთვის გამოსადეგია.
ხიდების ნაირსახეობები
არსებობს ხიდების შვიდი ძირითადი ტიპი (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო). აქ მოკლედ მოვიხსენიებთ ორ მათგანს.
კონსოლურ ხიდს აქვს ორი მასიური ბურჯი მდინარის ორივე ნაპირზე. კოჭები თითოეულ ბურჯში ჩამაგრებული სწორედ ისე, როგორც საცურაო აუზში — ტრამპლინი. ხიდს რომ საბოლოო სახე მიეცეს, კოჭები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს მალების ნაშენებით.
როდესაც მდინარე მძვინვარეა ან მდინარის კალაპოტი უკიდურესად რბილი, კონსოლურ კონსტრუქციას ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, რადგან მას არ სჭირდება მდინარის კალაპოტის შუაში ბურჯების ჩამაგრება. სიმტკიცის გამო კონსოლური ხიდები იდეალურია მძიმე ტრანსპორტის, მაგალითად მატარებლების, მოძრაობისთვის.
ალბათ, ცირკში გინახავთ აკრობატი, რომელიც გაჭიმულ თოკზე გადის. გიფიქრიათ თუ არა, რომ, სინამდვილეში, კიდულ ხიდზე გადის? ზოგი კიდული ხიდი, რომლებითაც დღეს სარგებლობენ, აკრობატის ჩვეულებრივი თოკისგან დიდად არ განსხვავდება; ხშირ შემთხვევაში, საყრდენებს შორის გაჭიმულ ბაგირზე დაკიდულია სამგზავრო სავარძელი. მგზავრი ზის სავარძელში და დაქანებაზე მოძრაობს მანამ, სანამ მეორე მხარეს არ მიაღწევს. მთელ მსოფლიოში ხალხი ყოველთვის სარგებლობდა ასეთი საბაგირო გზებით.
რასაკვირველია, ძნელი წარმოსადგენია ბაგირის ხიდზე ავტომობილით გადასვლა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რკინის ჯაჭვები და ფოლადის ბაგირები გამოიგონეს, შესაძლებელი გახდა კიდული ხიდების აგება, რომლებიც დიდ სიმძიმეებს გაუძლებდნენ. თანამედროვე კიდული ხიდების სიგრძე ძირითადად 1 200 მეტრი ან უფრო მეტია. კიდული ხიდი, ჩვეულებრივ, შედგება ორი ფოლადის ბურჯისგან, რომლებსაც ეყრდნობა პილონები. ათასობით მავთულისგან დამზადებულია ფოლადის ბაგირები, რომლებიც დამაგრებულია პილონებსა და სავალ ნაწილზე. ტრანსპორტისა და ხიდის სიმძიმე ძირითადად ბაგირებზეა. კიდული ხიდები უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ კარგადაა აგებული.
ადრე, ალბათ, არასოდეს დაკვირვებიხართ ხიდებს, მაგრამ ახლა, როდესაც უკვე ნაცნობ ხიდზე გადახვალთ, დაფიქრდით: „რა ვიცი ამ ხიდის შესახებ? როდის აშენდა?“ კარგად დააკვირდით მას. კონსოლურია, კიდული თუ სხვა კონსტრუქციის? რატომ შეარჩიეს მშენებლებმა მაინცდამაინც ასეთი კონსტრუქცია?
შემდეგ კი, ხიდზე გადასვლისას, გადაიხედეთ დაბლა და შეეკითხეთ საკუთარ თავს: „რა უნდა მექნა მის გარეშე?“
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
ხიდების ტიპები
1. წამწიანი ხიდები ხშირად ავტომაგისტრალებზეა. ღერძოვანი მზიდი კონსტრუქცია ბურჯებს ეყრდნობა. ასეთი ხიდები დაახლოებით 300 მეტრის სიგრძისაა.
2. კოჭური ხიდების მზიდი ნაწილია სამკუთხოვანი კოჭები. ასეთ ხიდებს, ძირითადად რკინიგზებისთვის აგებენ ღრმა და ვიწრო ხეობებზე, მდინარეებზე და ასე შემდეგ.
3. თაღოვანი ხიდების ყოველი მალის ფორმა თაღურია. ასეთ ხიდებს უძველესი დროიდან აშენებდნენ. რომაელები თაღოვან ვიადუკებსა და აკვედუკებს აგებდნენ და თაღების სიმტკიცისთვის საჭექებს იყენებდნენ. ბევრი ასეთი ხიდი დღემდე შემორჩენილია.
4. ბაგირიანი ხიდები ძალიან ჰგავს კიდულ ხიდებს და მათგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ბაგირები პირდაპირ ბურჯებში აქვს ჩამაგრებული.
5. გასახსნელი ხიდები გემების გავლისას იხსნება. ამის ღირშესანიშნავი მაგალითი ლონდონის ტაუერის ხიდია.
6. კონსოლური ხიდები დაწვრილებით სტატიაში იყო აღწერილი.
7. კიდული ხიდები დაწვრილებით სტატიაში იყო აღწერილი (World Book Encyclopedia, 1994 წელი)
[ჩარჩო 21 გვერდზე]
ცნობილი ხიდები
კიდული ხიდი
სტორებელტი დანია 1 624 მ.
ბრუკლინი აშშ 486 მ.
გოლდენ გეიტი აშშ 1 280 მ.
ჯიანგინ-იანძი ჩინეთი 1 385 მ.
კონსოლური
ფორტი (ორ მალიანი) შოტლანდია 521 მ. თითო მალის სიგრძე
კვებეკი კანადა 549 მ.
მდინარე მისისიპი აშშ 480 მ.
ფოლადის თაღოვანი
სიდნეის ჰარბორი ავსტრალია 500 მ.
ბერჩინაფი ზიმბაბვე 329 მ.
ბაგირიანი
პონტ-დე-ნორმანდი საფრანგეთი 856 მ.
სკარნსანა ნორვეგია 530 მ.
[სურათი 18 გვერდზე]
თანამედროვე წამწიანი ხიდი უძველესი თაღოვანი ხიდის ზემოთ (ალმერია, ესპანეთი)
[სურათი 21 გვერდზე]
ბრუკლინის ხიდი, ნიუ-იორკი, აშშ (კიდული).
[სურათი 21 გვერდზე]
ტაუერის ხიდი, ლონდონი, ინგლისი (გასახსნელი).
[სურათი 21 გვერდზე]
სიდნეის ჰარბორის ხიდი, ავსტრალია (თაღური).
[სურათი 21 გვერდზე]
სეტო-ოჰაში, იაპონია (ბაგირიანი).