თავი 9
როგორ გამოვნახო სხვებთან საერთო ენა?
სასიამოვნო ამინდია. არაფერი არ გაქვს დაგეგმილი და სახლში ხარ. შენი მეგობრები კი კარგ დროს ატარებენ. შენ ისევ არ დაგპატიჟეს. ამან კიდევ ერთხელ გატკინა გული და შენთვის ფიქრობ: „იქნებ ჩემი ბრალია ეს ყველაფერი?“, „რატომ გაურბის ყველა ჩემთან ურთიერთობას?“
შეიძლება შენც ყოფილხარ ასეთ სიტუაციაში, თანაც არაერთხელ. ხომ არ ფიქრობ, რომ თანატოლებისგან ბევრი რამ გაშორებს? როცა მათთან საუბრის დაწყება გინდა, იბნევი და ენა გებმება; როცა ურთიერთობის კარგი შანსი გეძლევა, სიმორცხვე ხელ-ფეხს გიკრავს. რატომ უნდა გიჭირდეს სხვებთან ელემენტარული ურთიერთობა?
ნუ შეეგუები ასეთ მდგომარეობას და იღონე რამე. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება ამაში.
● პრობლემა 1: უარყოფითი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ზოგ ახალგაზრდას საკუთარ თავზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ მათთან ურთიერთობის სურვილი არავის ექნება და სხვებისთვის საინტერესოს ვერაფერს იტყვიან. შენც ასე ფიქრობ საკუთარ თავზე? ასეთი წარმოდგენა უფრო გაგირთულებს სხვებთან ურთიერთობას.
გამოსავალი: იფიქრე შენს დადებით მხარეებზე (2 კორინთელები 11:6). დაფიქრდი შენს დადებით თვისებებზე და იმაზე, თუ რისი ნიჭი და უნარი გაქვს. დაფიქრების შემდეგ აქვე დაწერე.
․․․․․
ყველაფერში იდეალური ვერ იქნები და კარგია, როცა ეს გესმის (1 კორინთელები 10:12). მაგრამ ნურც შენ დადებით თვისებებს დაივიწყებ. ეს საკუთარი თავის რწმენას შეგმატებს და დაგეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში.
● პრობლემა 2: სიმორცხვე. საუბარზე უარს არ იტყოდი, მაგრამ როგორც კი ამის შანსი გეძლევა, ენას ვერ ძრავ. 19 წლის ელისაბედი ამბობს: „საშინლად მორცხვი ვარ. ძალიან მიჭირს კრების შეხვედრებზე ვინმესთან მისვლა. კეთილი შურით მშურს მათი, ვისაც ეს შეუძლია“. თუ შენც ასეთი მორცხვი ხარ, შეიძლება ფიქრობ, რომ ამას ვერასდროს გადალახავ.
გამოსავალი: დაინტერესდი სხვებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც უკომპლექსო უნდა გახდე და ყველასთან გაიხსნა. თავიდან ერთი ადამიანი შეარჩიე. ხორხე ამბობს: „უბრალოდ უნდა ჰკითხო, როგორ არის ან რას საქმიანობს. ეს გეხმარება ადამიანის უკეთ გაცნობაში“.
კარგი იქნება, თუ მხოლოდ შენი თანატოლებით არ შემოიფარგლები. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად რუთი და ნაომი, დავითი და იონათანი, ტიმოთე და პავლე შესანიშნავი მეგობრები იყვნენ (რუთი 1:16, 17; 1 სამუელი 18:1; 1 კორინთელები 4:17). ისიც გაითვალისწინე, რომ საუბარი აზრთა გაცვლა-გამოცვლაა და არა მონოლოგი. ადამიანები აფასებენ კარგ მსმენელებს. ასე რომ, სულ შენ არ მოგიწევს ლაპარაკი.
ქვემოთ დაწერე შენზე უფროსი ორი ადამიანის სახელი, რომელთა უკეთ გაცნობაზეც უარს არ იტყოდი.
․․․․․
მიდი ერთ-ერთთან და საუბარი წამოიწყე. რაც უფრო მეტთან გექნება ურთიერთობა „მთელი საძმოდან“, მით უფრო ნაკლებად იგრძნობ თავს მარტოდ (1 პეტრე 2:17).
● პრობლემა 3: უტაქტო საქციელი. ზოგს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და სხვებს ამცირებს, სარკასტულ შენიშვნებს აძლევს და შეურაცხყოფას აყენებს. ზოგი სულ კამათობს და ყველას საკუთარ აზრს ახვევს. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ „მეტისმეტად მართალია“ და აკრიტიკებს ნებისმიერს, ვინც მის ნორმებში არ ჯდება (ეკლესიასტე 7:16). ასეთებთან ურთიერთობის სურვილი შენც არ გექნება. მაგრამ შენ თვითონ ხომ არ იქცევი ამგვარად? ბიბლიაში ვკითხულობთ: „უგუნური ბევრს ლაპარაკობს“; „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია“ (ეკლესიასტე 10:14; იგავები 10:19).
გამოსავალი: „იყავი გულისხმიერი“ (1 პეტრე 3:8). თუნდაც არ ეთანხმებოდე სხვას, აცალე ლაპარაკი. რაშიც ეთანხმები, იმაზე გააგრძელე საუბარი. თუ ფიქრობ, რომ ყველაფერზე ვერ დახუჭავ თვალს და ღირს საკუთარი აზრის გამოთქმა, ეს რბილად და ტაქტიანად გააკეთე.
სხვებს ისე ელაპარაკე, როგორც შენ გინდა, რომ გელაპარაკონ. ბიბლია გვირჩევს: „ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ“ (ფილიპელები 2:14). უაზრო კამათით, დაცინვით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ლაპარაკით სხვებს დაუკარგავ შენთან ურთიერთობის სურვილს. თუ შენი „სიტყვა ყოველთვის მადლიანი“ იქნება, მათ უფრო დიდი სიმპათიით განაწყობ შენდამი (კოლოსელები 4:6).
ნებისმიერ ფასად?
ამ მოკლე განხილვის შემდეგ ალბათ ხედავ, რა დაგეხმარება სხვებთან საერთო ენის გამონახვაში. თუმცა რეალისტი უნდა იყო. ყველას ვერ შეაყვარებ თავს. იესომ თქვა, რომ ზოგი მართალ ადამიანებსაც შეიძულებდა (იოანე 15:19). ამიტომ არ ღირს ნებისმიერი „ფასის“ გადახდა სხვების გულის მოსაგებად.
მიუხედავად ამისა, უნდა ეცადო, რომ ბიბლიური ნორმების დაურღვევლად სხვებს კარგი წარმოდგენა შეუქმნა შენზე. სამუელისთვის, რომელიც ბიბლიურ დროში ცხოვრობდა, მთავარი ღვთისმოსაწონად ცხოვრება იყო. ამის წყალობით კი ის „უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამუელი 2:26). თუ მოინდომებ, ეს არც შენ გაგიჭირდება!
წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის მე-8 და მე-14 თავებში.
უყურე DVD ფილმს „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, რომელიც 40-ზე მეტ ენაზეა გამოსული.
რა უნდა გააკეთო, თუ საუკეთესო მეგობარი დაუძინებელი მტერივით მოგექცა?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგავები 11:25).
რჩევა
აჰყევი სხვას საუბარში. მაგალითად, ვინმემ შეიძლება გკითხოს: „როგორ გაატარე შაბათ-კვირა?“. „კარგად“ კარგი პასუხია, მაგრამ მოუყევი, თუ რატომ გაატარე კარგად. შემდეგ ჰკითხე, თვითონ როგორ დაისვენა.
იცოდი, რომ . . . ?
შესაძლოა მოსე, იერემია და ტიმოთე ბუნებით გაუბედავები იყვნენ (გამოსვლა 3:11, 13; 4:1, 10; იერემია 1:6—8; 1 ტიმოთე 4:12; 2 ტიმოთე 1:6—8).
რა უნდა გავაკეთო
სხვებთან საერთო ენის გამონახვაში ყველაზე მეტად ხელს მიშლის ․․․․․
ეს პრობლემა რომ დავძლიო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ შეიძლება უჭირდეს ზოგ ქრისტიანს სხვებთან საერთო ენის გამონახვა?
● რა დაგეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა არ გქონდეს?
● რას ეტყვი შენს უმცროს დას ან ძმას, თუ თავს გარიყულად იგრძნობს?
[ჩანართი 88 გვერდზე]
„ერთი თანაქრისტიანი ჩემთან დამეგობრებას ცდილობდა, მაგრამ კარგა ხანს ახლოს არ ვიკარებდი. ბოლოს მაინც დავმეგობრდით და ძალიან ვნანობ, ასე რომ ვიქცეოდი. დღეს ის ჩემი უახლოესი მეგობარია მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე 25 წლით უფროსია“ (მარია).
[სურათი 87 გვერდზე]
ცოტაოდენი მონდომება და შენსა და თანატოლებს შორის ხიდი გაიდება.