ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ გავუმკლავდე უსამართლობას?
„მხოლოდ ფულიან ხალხს სცემენ პატივს, ჩვენ კი, ვისაც არც საჭმელი გვაქვს და არც თავშესაფარი, როგორც ცხოველებს, ისე გვექცევიან. ვიცი, ისე მოვკვდები, რომ კაციშვილი ვერ შეამჩნევს“ (არნულფო, 15 წლის უსახლკარო ბიჭი).
დედამიწა სავსეა უსამართლობით. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის (იუნისეფ) ცნობის თანახმად, „ბოლო ათწლეულის მანძილზე ომებში 2 მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 4 მილიონზე მეტი დასახიჩრდა და მილიონზე მეტი დაობლდა ან ოჯახს მოსწყდა“. გარდა ამისა, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილისა და სიღარიბისგან იტანჯება, მაშინ როცა ხშირად გვერდით სიმდიდრესა და სიუხვეს ხედავენ. განვითარებად ქვეყნებში ბევრ ბავშვს, არნულფოს მსგავსად, განათლების მიღების საშუალებაც კი არა აქვს.
უსამართლობა ყველაზე მტკივნეული მაშინ არის, როდესაც იმათგან მომდინარეობს, რომელთაგანაც სიყვარულსა და მხარდაჭერას ელი. განვიხილოთ 17 წლის სუსანას შემთხვევა. ის და მისი ორი უმცროსი ძმა დედამ მიატოვა. „წლების მანძილზე დედაჩემს ერთხელაც არ შემოუთავაზებია თავისთან გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, — გულისტკივილით იხსენებს სუსანა. — მას არასოდეს უთქვამს ჩემთვის, მიყვარხარო, რაც დღემდე მაგიჟებს“. როდესაც ასე გეპყრობიან, შეიძლება გაგიჭირდეს სიბრაზის შეკავება. ერთი გოგონა, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამბობს: „ამაში ღმერთსაც კი ვადანაშაულებდი“.
როდესაც ცუდად გვეპყრობიან, გულისტკივილი და სიბრაზე ჩვეულებრივია. ბიბლიაში ნათქვამია: «გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს [„სისულელეს ჩაადენინებს“, აქ]» (ეკლესიასტე 7:7). ირგვლივ ყოველდღე უსამართლობის დანახვამ შეიძლება ადამიანი დეპრესიაშიც კი ჩააგდოს (შეადარე ფსალმუნი 42:2). ამიტომ შეიძლება უსამართლობის აღმოფხვრას ნატრობდე. ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები გოგონა ამბობს: „13 წლის ასაკში სტუდენტურ მოძრაობას შევუერთდი. ძალიან მინდოდა, მონაწილეობა მიმეღო გარკვეულ ცვლილებებში, რომ ბავშვებს აღარ ეშიმშილათ . . . მოგვიანებით შეიარაღებულ კონფლიქტში ჩავები“. მაგრამ სამართლიანობის პოვნის ნაცვლად ის თავისივე თანამებრძოლთა მხრიდან ენით გამოუთქმელი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ასეთი შემთხვევები გვიჩვენებს, რომ უმრავლესობას არ შეუძლია საკუთარი მდგომარეობის გამოსწორება. მაშ, როგორ გაუმკლავდეს უსამართლობის მსხვერპლი თავის გრძნობებს?a როგორ შეგიძლია გადალახო სიმწარე და სიბრაზე?
სიმწარისა და სიბრაზის ჩამოცილება
შეიძლება დროდადრო საჭირო იყოს საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ადამიანები იქნებოდნენ „მგმობელნი. . . მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი. . . სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი“ (2 ტიმოთე 3:1—4). ბევრმა ზნეობრიობის ყოველგვარი ‘გრძნობა დაკარგა’ (ეფესელთა 4:19). ამიტომ უსამართლობა დღეს ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. ასე რომ, „თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სამართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ“ (ეკლესიასტე 5:7).
უსაფუძვლოდ არ გვირჩევს ბიბლია, არ დავუშვათ, რომ სიმწარემ გვშთანთქას. მასში ნათქვამია: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა . . . განგშორდეთ“ (ეფესელთა 4:31). რატომ? იმიტომ რომ ხანგრძლივი სიბრაზე მავნე და გამანადგურებელია (შეადარე იგავნი 14:30; ეფესელთა 4:26, 27). ეს განსაკუთრებით მაშინ არის ასე, როდესაც ‘უფალს ემდური’ (იგავნი 19:3). ღვთის დადანაშაულება ურთიერთობას გვიფუჭებს მასთან — პიროვნებასთან, ვისაც ყველაზე მეტად შეუძლია დაგეხმაროს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას „თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9).
ბიბლიაში იეჰოვას შესახებ აგრეთვე ნათქვამია: „სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). უსამართლობა ადამისა და ევას აჯანყების გამო არსებობს (ეკლესიასტე 7:29). ღმერთი კი არა, კაცი ‘მძლავრობს კაცზე თავისდა საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9). გარდა ამისა, ნუ დაივიწყებ, რომ «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» (1 იოანე 5:19). დედამიწაზე არსებულ უსამართლობაზე სატანაა პასუხისმგებელი და არა იეჰოვა.
უსამართლობის დასასრული
საბედნიეროდ, უსამართლობა მარადიულად არ იარსებებს. ამაზე ფიქრი დაგეხმარება მასთან გამკლავებაში. განვიხილოთ ბიბლიურ დროში მცხოვრები ასაფის მაგალითი. თუმცა ის ისეთ ხალხში ცხოვრობდა, რომელიც აცხადებდა, რომ ღმერთს ემსახურებოდა, ირგვლივ ყველგან უსამართლობას ხედავდა. იმის მაგიერ, რომ დასჯილიყვნენ თავიანთი უსამართლობისთვის, ბოროტები თითქოს კეთილდღეობასა და სიუხვეში ცხოვრობდნენ. ასაფი ამბობს: „შემშურდა. . . რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას“. ასაფი დროებით წონასწორობიდან გამოვიდა, რადგან ასეთმა ფიქრებმა გაიტაცა (ფსალმუნი 72:1—12).
დროთა განმავლობაში ასაფი საინტერესო რამეს მიხვდა. მან ბოროტების შესახებ თქვა: „მაგრამ [შენ, ღმერთო,] მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე“ (ფსალმუნი 72:16—19). დიახ, ასაფი მიხვდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ხალხი ბოროტებისთვის დაუსჯელი არ დარჩებოდა. ხშირად ასეთები თავიანთი უკანონობისთვის პატიმრობით, გაკოტრებით, სამუშაოს ან ძალაუფლების დაკარგვით ისჯებიან. ბოლოს კი, როდესაც ღმერთი სისრულეში მოიყვანს ამ ბოროტი სისტემისთვის გამოტანილ განაჩენს, ბოროტებს „უფსკრულში გადაჩეხავს“ (ფსალმუნი 9:36, 38, 39; 36:9—11).
იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მალე გამოასწორებს მდგომარეობას, დაგეხმარება არ გაბრაზდე და გული არ აიცრუო. ბიბლია გვირჩევს: «ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“» (რომაელთა 12:17—19; შეადარე 1 პეტრე 2:23).
დახმარება და მხარდაჭერა
შეიძლება გულით ღრმა ჭრილობას დაატარებ, ან მტკივნეული რამ გახსოვს. იუნისეფ-ის ცნობის თანახმად, „ბავშვებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, უმრავლეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ეცვლებათ წარმოდგენა და შეხედულებები და სრულიად კარგავენ სხვებისადმი ნდობას. ეს განსაკუთრებით ისეთ ბავშვებს ემართებათ, რომელთაც იმათ მიაყენეს ტკივილი ან ისინი მოეპყრნენ ცუდად, ვისაც კარგ მეზობლებად ან მეგობრებად მიიჩნევდნენ“.
მსგავსი პრობლემების მოგვარება იოლი არ არის. მაგრამ, თუ შენს გონებაში უარყოფითი გრძნობები ან მტკივნეული მოგონებებია გაბატონებული, დახმარებას საჭიროებ (შეადარე ფსალმუნი 118:133). უპირველესად, წაიკითხე მასალა, რომელიც უშუალოდ შენს პრობლემებს ეხება. მაგალითად, ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ არაერთი სტატიაა, რომლებშიც მოცემულია სასარგებლო რჩევები გაუპატიურების, ძარცვისა და ბავშვებზე ძალადობის მსხვერპლთათვის. მოწიფული, თანამგრძნობი მსმენელისთვის წუხილისა და გრძნობების გაზიარებაც შეიძლება დიდად დაგეხმაროს (იგავნი 12:25). ან იქნებ მშობლებს გაანდო შენი გულისტკივილი.
მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ მშობლებისგან დახმარების მიღების საშუალება არა გაქვს? მაშინ ქრისტიანულ კრებაში ეძებე მხარდაჭერა. იეჰოვას მოწმეებში კრების უხუცესები ტანჯულთა თავშესაფარს წარმოადგენენ (ესაია 32:1, 2). ისინი არა მარტო მოგისმენენ, არამედ კარგ რჩევებსაც მოგცემენ. გარდა ამისა, არ დაივიწყო, რომ სხვა მოწიფულ ქრისტიანებსაც შეუძლიათ ‘ძმობა, დობა და დედობა’ გაგიწიონ (მარკოზი 10:29, 30). გახსოვს სუსანა, რომელიც დედამ მიატოვა? მას და მის ძმებს ქრისტიანულმა კრებამ დაუჭირა მხარი. ერთმა ქრისტიანმა ისეთი ყურადღება გამოავლინა მათ მიმართ, რომ სუსანა მას მამობილს ეძახის. ის ამბობს, ასეთი მხარდაჭერის წყალობით სულიერად მოწიფულები გავხდით და ჭეშმარიტებაში განვმტკიცდითო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ყოველდღე საინტერესო საქმეებით დაკავება შეიძლება დაგეხმაროს. უბრალოდ, სკოლაში სიარული და სახლის საქმეების კეთებაც კი დაგეხმარება, არ იფიქრო უარყოფითზე. მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სულიერი საქმეების კეთება — ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და კეთილი ცნობის ქადაგება (შეადარე ფილიპელთა 3:16).
უსამართლობა მანამ იარსებებს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა და ღვთის ნება არ შესრულდება მთელ დედამიწაზე (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). მანამდე კი ეცადე, დასძლიო გრძნობები. გამხნევდი დანაპირებით, რომ, იესო ქრისტე, როგორც ღვთის სამეფოს მმართველი, „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“ (ფსალმუნი 71:12, 13).
[სქოლიო]
a თუმცა ეს სტატია ყურადღებას ამახვილებს უსამართლობაზე, რომელსაც ახალგაზრდები ღარიბ ქვეყნებში აწყდებიან, განხილული პრინციპები ყველანაირ უსამართლობას ეხება.
[ჩანართი 13 გვერდზე]
„ამაში ღმერთსაც კი ვადანაშაულებდი“.
[სურათი 14 გვერდზე]
თანაქრისტიანების მხარდაჭერა დაგეხმარება უსამართლობასთან გამკლავებაში.