-
ნუ გამოგრჩებათ მხედველობიდან ყველაზე მთავარი!საგუშაგო კოშკი — 2017 | ივნისი
-
-
ნუ გამოგრჩებათ მხედველობიდან ყველაზე მთავარი!
„იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმ. 83:18).
1, 2. ა) რომელი უმნიშვნელოვანესი საკითხი ეხება ყველა ადამიანს? ბ) რატომ უნდა გვესმოდეს ეს საკითხი კარგად?
დღეს ბევრი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ფულია. მათი უმთავრესი საფიქრალი სიმდიდრის დაგროვება და შენარჩუნებაა. ზოგი ცხოვრებაში პირველ ადგილზე ოჯახს, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ან კარიერას აყენებს.
2 თუმცა არსებობს ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თითოეულს გვეხება. ეს არის იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება. ამიტომ სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. შეიძლება იმდენად მოგვიცვას ყოფითმა საზრუნავმა, რომ დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება. შესაძლოა საკუთარმა პრობლემებმა ისე დაგვამძიმოს, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს ის. თუმცა, მეორე მხრივ, რაც უკეთ გვეცოდინება ამ საკითხის მნიშვნელობა, მით უფრო ადვილად გავუმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს და უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?
3. რას აბრალებდა სატანა ღმერთს?
3 სატანა ეშმაკმა ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესობის კანონიერება. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი არაკეთილსინდისიერი მმართველი იყო, თავის ქმნილებებს საუკეთესოს არ აძლევდა და მის გარეშე ადამიანები უფრო ბედნიერად და კარგად იცხოვრებდნენ (დაბ. 3:1—5). სატანამ ღვთისადმი ადამიანების ერთგულებაც დააყენა ეჭვქვეშ. ის ამბობდა, რომ ძლიერი ზეწოლის დროს ნებისმიერი ადამიანი უარყოფდა იეჰოვას მმართველობას (იობ. 2:4, 5). ამ ბრალდებების გამო იეჰოვამ დრო მისცა ადამიანებს, რათა დაენახვებინა, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ღვთის სამართლიანი მმართველობის გარეშე.
4. რატომ უნდა გადაიჭრას უზენაესობის საკითხი?
4 იეჰოვამ იცის, რომ სატანის ბრალდებები ცრუა. მაშ, რატომ მისცა ღმერთმა სატანას ამდენი დრო მათ დასამტკიცებლად? იმიტომ რომ ამ საკამათო საკითხში ყველა გონიერი ქმნილებაა ჩართული (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:18). გასათვალისწინებელია ისიც, რომ იეჰოვას მმართველობა ადამიანთა პირველმა წყვილმა უარყო და მას შემდეგ მსგავსი არჩევანი არაერთმა ადამიანმა გააკეთა. შედეგად, ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ეშმაკის ბრალდება საფუძველს მოკლებული არ იყო. ვიდრე ეს საკითხი გონიერი ქმნილებებისთვის ბოლომდე ნათელი გახდება, დაპირისპირება ერებს, რასებს, ტომებს, ოჯახებსა თუ ცალკეულ ადამიანებს შორის გარდაუვალია. მაგრამ იეჰოვას უზენაესობის დამტკიცების შემდეგ ღვთის სამართლიან მმართველობას აღარავინ დააყენებს ეჭვქვეშ და მთელ სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს (ეფეს. 1:9, 10).
5. რა როლს ვასრულებთ უზენაესობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხში?
5 ღვთის უზენაესობის კანონიერება დამტკიცდება, სატანისა და ადამიანების მმართველობა კი სრულ კრახს განიცდის და ისინი აღარასოდეს იმმართველებენ. ღვთის მმართველობის დროს, რომელიც მესიანური სამეფოს მეშვეობით განხორციელდება, ყველა პრობლემა გადაიჭრება, ღვთის ერთგული მსახურები კი დაამტკიცებენ, რომ ადამიანებისთვის შეუძლებელი არ არის ღვთის ერთგულება (ეს. 45:23, 24). ალბათ, თქვენც გსურთ, მათ შორის იყოთ, ვინც თავისი ერთგულებით იეჰოვას უზენაესობას დაუჭერს მხარს. ამისთვის საჭიროა, ყოველთვის გონებაში გვქონდეს ეს საკითხი და გვესმოდეს მისი მნიშვნელოვნება.
იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება ჩვენს ხსნაზე მნიშვნელოვანია
6. რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება?
6 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყველა ადამიანს ეხება. ის თითოეული ადამიანის ბედნიერებაზე მაღლა დგას. ხომ არ უკარგავს ეს ფასს ჩვენს ხსნას და ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ იეჰოვა არ ზრუნავს ჩვენზე?! რა თქმა უნდა, არა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
7, 8. რატომ იგულისხმება ღვთის უზენაესობის დამტკიცებაში იეჰოვას დაპირებების შესრულებაც?
7 იეჰოვას ძალიან უყვარს ადამიანები და აფასებს მათ. მას თავისი ძეც კი არ დაენანა ჩვენ სახსნელად (იოან. 3:16; 1 იოან. 4:9). თუ იეჰოვა თავის დაპირებებს არ შეასრულებდა, სატანას ექნებოდა იმის თქმის მიზეზი, რომ ღმერთი ცრუობდა, კარგს უკავებდა თავის ქმნილებებს და უსამართლო მმართველი იყო. ეს ღვთის მოწინააღმდეგეებსაც მისცემდა საბაბს, ეთქვათ: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2 პეტ. 3:3, 4). ამიტომ იეჰოვა იზრუნებს, რომ მისი უზენაესობის დამტკიცება მორჩილი ადამიანების ხსნასაც მოემსახუროს (წაიკითხეთ ესაიას 55:10, 11). უფრო მეტიც, იეჰოვას უზენაესობა ყოველთვის სიყვარულით ვლინდება. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მას ყოველთვის ეყვარება თავისი ერთგული მსახურები და დააფასებს მათ (გამ. 34:6).
8 იმის აღიარება, რომ იეჰოვას უზენაესობა ასეთი მნიშვნელოვანია, არც ჩვენ გვიკარგავს ფასს იეჰოვას თვალში და არც ჩვენს ხსნას აუფასურებს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სწორად გვესმის უზენაესობისა და ხსნის საკითხი. სწორი თვალსაზრისის ქონა აუცილებელია, რათა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის, რაც უმთავრესია, და იეჰოვას სამართლიანი მმართველობის მხარე დავიკავოთ.
კარგი გაკვეთილი
9. რას ამტკიცებდა სატანა? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)
9 სწორი თვალსაზრისის ქონის საჭიროება კარგად ჩანს წიგნ „იობიდან“, რომელიც ბიბლიის წიგნებს შორის ერთ-ერთი უძველესია. მასში ჩაწერილია სატანის განაცხადი, რომ დიდი განსაცდელის დროს იობი უარყოფდა ღმერთს. სატანა ცდილობდა, რომ იობის ტანჯვა თავად ღმერთს გამოეწვია. ეს ასე არ მოხდა, თუმცა იეჰოვამ სატანას იობის გამოცდის უფლება მისცა და უთხრა: „აი, შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს“ (წაიკითხეთ იობის 1:7—12). მოკლე დროში იობმა დაკარგა მსახურები, მთელი ქონება და ათივე შვილი. სატანამ ისე მოაწყო ყველაფერი, თითქოს იობის განსაცდელები ღვთის ბრალი იყო (იობ. 1:13—19). შემდეგ სატანამ მას საშინელი დაავადება შეჰყარა (იობ. 2:7). თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, ცოლმა და სამმა ვაი-მეგობარმა თავიანთი სიტყვებით უფრო მეტი ტკივილი მიაყენეს იობს (იობ. 2:9; 3:11; 16:2).
10. ა) რით ცხადყო იობმა, რომ ღვთის ერთგული იყო? ბ) რა შეცდომა დაუშვა მან?
10 რით დასრულდა ეს ყველაფერი? აშკარა გახდა, რომ სატანის ბრალდება ცრუ იყო. იობმა ზურგი არ შეაქცია ღმერთს (იობ. 27:5). თუმცა რაღაც მომენტში იობმა სწორი ხედვა დაკარგა. ის მხოლოდ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ლამობდა და ღვთისგან ტანჯვის მიზეზის ახსნასაც კი ითხოვდა (იობ. 7:20; 13:24). იობის საქციელს შეიძლება გამართლება მოვუძებნოთ, თუ გავითვალისწინებთ, რის გადატანა მოუწია მას. თუმცა ღმერთმა საჭიროდ ჩათვალა, მისთვის თვალსაზრისი შეესწორებინა. როგორ გააკეთა მან ეს?
11, 12. რა დაანახვა იეჰოვამ იობს და რა რეაქცია ჰქონდა მას?
11 ღვთის სიტყვები ჩაწერილია წიგნ „იობის“ ოთხ თავში (თავები 38—41), თუმცა ვერსად ვნახავთ, რომ ღმერთმა იობს მისი ტანჯვის მიზეზი აუხსნა. ღმერთს იობის წინაშე თავის მართლება არ სჭირდებოდა. მას სურდა, დახმარებოდა იობს, გაეთვითცნობიერებინა, რომ ღვთის დიდებულებასთან შედარებით ის არარაობა იყო. იეჰოვამ აგრეთვე დაანახვა იობს, რომ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გადაეტანა (წაიკითხეთ იობის 38:18—21). შედეგად, იობმა სწორი თვალსაზრისი აღიდგინა.
12 ასეთი დიდი განსაცდელების შემდეგ მკაცრად ხომ არ მოექცა იეჰოვა იობს, როცა პირდაპირ შეაგონა? რა თქმა უნდა, არა, და არც იობი თვლიდა ამას სიმკაცრედ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გადაიტანა, იობი ღვთის მადლიერი იყო. ბოლოს მან ისიც კი თქვა: „უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“ (იობ. 42:1—6). ვიდრე იეჰოვა შეაგონებდა, ახალგაზრდა ელიჰუმაც მისცა იობს რჩევები (იობ. 32:5—10). მას შემდეგ, რაც იობმა შეგონება მიიღო და თვალსაზრისი შეიცვალა, იეჰოვამ ყველას გასაგონად თქვა, რომ იწონებდა განსაცდელების დროს იობის გამოვლენილ ერთგულებას (იობ. 42:7, 8).
13. როგორ დაეხმარებოდა იეჰოვას რჩევები იობს განსაცდელების შემდეგაც?
13 იეჰოვას რჩევები განსაცდელების შემდეგაც დიდხანს დაეხმარებოდა იობს. მიუხედავად იმისა, რომ „იეჰოვამ იობის ბოლო წლები პირვანდელზე მეტად აკურთხა“, დანაკარგის ასანაზღაურებლად და ყველაფრის აღსადგენად დრო იყო საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ „შვიდი ვაჟისა და სამი ასულის“ დაბადებაზე (იობ. 42:12—14). უეჭველია, იობს ძალიან მოენატრებოდა თავისი შვილები, რომლებიც სატანის მიზეზით დაიღუპნენ. მას ალბათ არასდროს დაავიწყდებოდა გადატანილი ტკივილი. ბოლომდე რომც გაეგო თავისი განსაცდელების მიზეზი, დროდადრო მაინც გაიფიქრებდა, რატომ ეტანჯა ასე ძალიან. ნებისმიერ შემთხვევაში მას შეეძლო ეფიქრა ღვთის სიტყვებზე. ეს ანუგეშებდა მას და სწორი თვალსაზრისის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა (ფსალმ. 94:19).
შეგვიძლია საკუთარი პრობლემების ნაცვლად, იეჰოვას უზენაესობაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი? (იხილეთ აბზაცი 14)
14. რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან?
14 იობის შემთხვევა ჩვენც გვანუგეშებს და გვეხმარება, სწორი თვალსაზრისი განვივითაროთ. იეჰოვას ნებით, ის „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან? უპირველესად იმას, რომ ყოველდღიური საზრუნავის გამო მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს უმთავრესი — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება. ჩვენ შეგნებული უნდა გვქონდეს, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხში იობის მსგავსად უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება მაშინაც, როცა ურთულესი განსაცდელების წინაშე ვდგავართ.
15. რას ემსახურება განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნება?
15 რატომ გვანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ერთგულება აზრმოკლებული არ არის? იმიტომ რომ ჩვენი განსაცდელები გარკვეულ მიზანს ემსახურება. ისინი იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვაზე კი არ მიანიშნებს, არამედ საშუალებას გვაძლევს, მხარი დავუჭიროთ ღვთის უზენაესობას (იგავ. 27:11). მოთმინებას „ღვთის მოწონება მოაქვს“ და იმედს გვიმტკიცებს (წაიკითხეთ რომაელების 5:3—5). იობის შემთხვევიდან ჩანს, „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკ. 5:11). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის აკურთხებს ყველას, ვინც მის უზენაესობას უჭერს მხარს. ამის ცოდნა გვეხმარება, ყველაფერი მოვითმინოთ და სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით (კოლ. 1:11).
ყურადღებას სხვა რამეზე ნუ გადაიტანთ!
16. რატომ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება?
16 ცხადია, იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებაზე ყურადღების კონცენტრირება ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ზოგჯერ შეიძლება პრობლემებმა გვშთანთქას. შეიძლება პატარა პრობლემა გადაულახავ სირთულედ მოგვეჩვენოს, თუ გამუდმებით მასზე ვიფიქრებთ. ამიტომ ყოველთვის უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად მნიშვნელოვანია სირთულეების დროს იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა.
17. როგორ გვეხმარება სულიერ საქმეებში მონაწილეობა უმთავრეს საკითხზე ყურადღების კონცენტრირებაში?
17 სულიერ საქმეებში რეგულარულად მონაწილეობა გვეხმარება, ყურადღება ამ უმთავრესი საკითხიდან სხვა რამეზე არ გადავიტანოთ. მაგალითად, ერთ დას, რენეს, ინსულტი დაემართა, ქრონიკული ტკივილები აწუხებდა და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს მან უქადაგა მედპერსონალს, პაციენტებსა და მათ მნახველებს. ერთ საავადმყოფოში მან ორკვირა-ნახევარში 80 საათი იქადაგა. რენეს სიკვდილის პირასაც კი არ დავიწყებია იეჰოვას უზენაესობის საკითხი, რამაც გარკვეულწილად მას მდგომარეობა შეუმსუბუქა.
18. რა მოჰყვება შედეგად იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერას, როგორც ერთი დის შემთხვევიდან ჩანს?
18 რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველდღიური პრობლემების დროსაც არ დაგვავიწყდეს იეჰოვას უზენაესობის საკითხი. ჯენიფერს სახლში დასაბრუნებლად სამ დღეს მოუწია აეროპორტში ლოდინი, რადგან ყველა რეისი გადაიდო. მარტო მყოფ და გადაღლილ ჯენიფერს შეიძლებოდა თავი უბედურად ეგრძნო. ნაცვლად ამისა, მან იეჰოვას სთხოვა, დაენახვებინა, როგორ დახმარებოდა გარშემო მყოფ ხალხს, რომლებიც მის მსგავს მდგომარეობაში იყვნენ. რა მოჰყვა ამას შედეგად? მან ბევრს უქადაგა და დიდი რაოდენობით ლიტერატურა გაავრცელა. ის ამბობს: „ვგრძნობდი, რომ იეჰოვამ მაკურთხა ამ არასახარბიელო მდგომარეობაში და საკმარისი ძალა მომცა, რომ მისი სახელი განმედიდებინა“. ღვთის ნების შესრულება ჯენიფერისთვის უმთავრესი იყო.
19. რა პოზიცია უკავია იეჰოვას ხალხს უზენაესობის საკითხში?
19 ჭეშმარიტი რელიგია იმით განსხვავდება ცრუ რელიგიისგან, რომ მის მიმდევრებს კარგად ესმით იეჰოვას უზენაესობის საკითხი. ღვთის ხალხი ყოველთვის მხარს უჭერდა მის უზენაესობას. როგორც ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები, თითოეული უნდა დავდგეთ იეჰოვას უზენაესობის მხარეს.
20. რას გრძნობს იეჰოვა, როცა მის უზენაესობას უჭერთ მხარს?
20 დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აფასებს თქვენს ძალისხმევას, როცა მხარს უჭერთ მის უზენაესობას იმით, რომ ერთგულად ემსახურებით და მედგრად იტანთ განსაცდელებს (ფს. 18:25). შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი იეჰოვას უზენაესობას და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
-
-
მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!საგუშაგო კოშკი — 2017 | ივნისი
-
-
მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!
„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი“ (გამოცხ. 4:11).
1, 2. რაში უნდა დარწმუნდეს თითოეული ჩვენგანი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, სატანა ამტკიცებს, რომ იეჰოვას არა აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. ის იმის დამტკიცებასაც ცდილობს, რომ ადამიანები ღვთის მმართველობის გარეშე უკეთესად იცხოვრებენ. შეესაბამება სიმართლეს სატანის მტკიცება? წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს, მარადიულად ეცოცხლათ. იცხოვრებდნენ ისინი ღვთის გარეშე უკეთესად? თქვენ თუ იქნებოდით უფრო ბედნიერი, აბსოლუტური დამოუკიდებლობა და მარადიული სიცოცხლე რომ გქონოდათ?
2 ჩვენ მაგივრად ამ კითხვებს ვერავინ უპასუხებს. თითოეული კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ კითხვებზე. შედეგად, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ იეჰოვას აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი, მისი მმართველობა უბადლოა და მთელი გულით უნდა დავუჭიროთ მხარი მის უზენაესობას. ასეთი დასკვნის საფუძველს ბიბლია გვაძლევს. განვიხილოთ, რას ამბობს წმინდა წერილები იეჰოვას უზენაესობის კანონიერებაზე.
იეჰოვას აქვს მმართველობის უფლება
3. რატომ აქვს მხოლოდ იეჰოვას უფლება, იყოს უზენაესი მმართველი?
3 იეჰოვას აქვს უფლება, იყოს სამყაროს უზენაესი მმართველი, რადგან ის ყოვლისშემძლე ღმერთი და შემოქმედია (1 მატ. 29:11; საქ. 4:24). გამოცხადების 4:11-ში ქრისტეს 144 000 ზეციერი თანამმართველი ამბობს: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. ვინაიდან იეჰოვამ შექმნა ყველაფერი, მას აქვს სრული უფლება, იმმართველოს ადამიანებზეც და სულიერ ქმნილებებზეც.
4. რატომ იქნებოდა ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ წასვლა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება?
4 სატანას არაფერი შეუქმნია. შესაბამისად, მას არც სამყაროს მართვაზე აქვს პრეტენზიის უფლება. პირველ ადამიანებთან ერთად ის კადნიერად მოიქცა და იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წავიდა (იერ. 10:23). როგორც ნების თავისუფლების მქონეთ, მათ შეეძლოთ, ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება აერჩიათ. მაგრამ ჰქონდათ ამის უფლება? რა თქმა უნდა, არა! ნების თავისუფლება საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად სხვადასხვა არჩევანი გავაკეთოთ. თუმცა ის არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენი შემოქმედისა და სიცოცხლის მბოძებლის წინააღმდეგ წავიდეთ. ღვთისადმი ურჩობა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება იქნებოდა. ამიტომ ყველას გვმართებს, იეჰოვას სამართლიან მმართველობას დავემორჩილოთ.
5. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღვთის გადაწყვეტილებები ყოველთვის სამართლიანია?
5 იეჰოვას სხვა მიზეზის გამოც აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. მისი მმართველობა სრულყოფილად სამართლიანია. ის ამბობს: „მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“ (იერ. 9:24). იმის დასადგენად, თუ რა არის სწორი და სამართლიანი, ის არ ეყრდნობა არასრულყოფილი ადამიანების შექმნილ კანონთა კრებულებს. პირიქით, ის სრულყოფილი სამართლიანობის წყაროა და თავისი სიტყვის მეშვეობით თავად უდგენს კანონებს ადამიანებს. „სიმართლე და სამართლიანობაა [მისი] ტახტის საფუძველი“ (ფსალმ. 89:14; 119:128). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის კანონები, პრინციპები და გადაწყვეტილებები სამართლიანია. სატანამ კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მმართველობა უსამართლოა, თავად ვერ შეძლო სამართლიანი ქვეყნიერების შექმნა.
6. რატომ აქვს იეჰოვას უფლება, იყოს სამყაროს უზენაესი მმართველი?
6 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. იეჰოვას აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი, რადგან ის სამყაროს სამართავად საჭირო სიბრძნესა და ცოდნას ფლობს. მაგალითად, ღმერთმა იესოს მისცა ძალა ისეთი დაავადებების განსაკურნავად, რომელთა წინაშეც მედიცინა უძლური იყო (მათ. 4:23, 24; მარ. 5:25—29). ეს იეჰოვასთვის სასწაული არ იყო, რადგან მან სრულყოფილად იცის, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი და შეუძლია ნებისმიერი დარღვევის გამოსწორება. მას მკვდრების გაცოცხლება და ბუნების ძალების მართვაც შეუძლია.
7. რამდენად აღემატება იეჰოვას სიბრძნე ნებისმიერი ადამიანის სიბრძნეს?
7 სატანის გავლენაში მყოფი ადამიანები დღემდე ცდილობენ სამოქალაქო თუ საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებას. მაგრამ მხოლოდ იეჰოვამ იცის, რა არის საჭირო მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად (ეს. 2:3, 4; 54:13). როცა უკეთ ჩავწვდებით იეჰოვას ცოდნასა და სიბრძნეს, იმავეს ვიტყვით, რაც მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომ. 11:33).
იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა
8. რატომ მოგწონთ იეჰოვას მმართველობა?
8 ბიბლიიდან მხოლოდ იმას კი არ ვიგებთ, თუ რატომ აქვს იეჰოვას მმართველობის უფლება, ის იმასაც გვიხსნის, თუ რატომ არის მისი მმართველობა საუკეთესო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა სიყვარულით ავლენს თავის ძალაუფლებას. გული მადლიერებით გვევსება, როცა ვფიქრობთ, თუ როგორ იყენებს ის თავის უზენაესობას. ის „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). ღმერთი თავის მსახურებს პატივისცემით ეპყრობა და მათ ღირსებას უფრთხილდება. ის ბევრად უკეთ ზრუნავს ჩვენზე, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე. ეშმაკის განაცხადის მიუხედავად, იეჰოვა კარგს არ უკავებს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. მას საკუთარი ძეც კი არ დაენანა, რომ ჩვენ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა გვქონოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 84:11; რომაელების 8:32).
9. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს თითოეულ მსახურზე?
9 იეჰოვა უბრალოდ კი არ ზრუნავს თავის ხალხზე, როგორც ჯგუფზე, არამედ თითოეული მსახურის მიმართ ავლენს ინტერესს. მაგალითად, დაფიქრდით იმ სამასწლიან პერიოდზე, როცა მჩაგვრელებისგან გასათავისუფლებლად იეჰოვა ისრაელში მსაჯულებს ნიშნავდა. ამ მშფოთვარე პერიოდში მის თვალს არ გამოჰპარვია უცხოტომელი რუთი, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო. იეჰოვამ აკურთხა რუთი იმით, რომ შესანიშნავ კაცს გაჰყვა ცოლად და მისგან ვაჟი შეეძინა. მაგრამ მისი კურთხევები ამით არ დამთავრებულა. როცა ის მკვდრეთით აღდგება, გაიგებს, რომ მისი ვაჟი მესიის წინაპარი გახდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს რუთს იმის გაგება, რომ მისი ისტორია ბიბლიაში ჩაიწერა და ეს წიგნი მის სახელს ატარებს! (რუთ. 4:13; მათ. 1:5, 16).
10. რატომ არ არის იეჰოვა მკაცრი მმართველი?
10 იეჰოვა არც ჩაგრავს თავის ქვეშევრდომებს და არც სასტიკად ექცევა. მისი მმართველობა გარკვეულ თავისუფლებას იძლევა და ხელს უწყობს სიხარულს (2 კორ. 3:17). დავითმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღირსება და ბრწყინვალებაა მის [ღვთის] წინაშე, ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის“ (1 მატ. 16:7, 27). მსგავსი აზრი დაწერა ფსალმუნმომღერალმა ეთანმაც: „ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი. იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი. შენი სახელით ხარობენ მთელი დღე და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი“ (ფსალმ. 89:15, 16).
11. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა?
11 როცა ხშირად ვფიქრობთ იეჰოვას სიკარგეზე, ვრწმუნდებით, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა. ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც ვეტყვით იეჰოვას: „ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია“ (ფსალმ. 84:10). შეუძლებელია ეს სხვანაირად იყოს. როგორც მოსიყვარულე შემოქმედმა, იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისთვის და ყველაფერს უხვად გვაძლევს. ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენივე კეთილდღეობას ემსახურება და უდიდეს სიხარულს გვანიჭებს მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნების შესასრულებლად გარკვეული მსხვერპლის გაღება გვჭირდება (წაიკითხეთ ესაიას 48:17).
12. რა ძირითადი მიზეზის გამო ვუჭერთ მხარს იეჰოვას უზენაესობას?
12 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის შემდეგ ადამიანთა ნაწილი იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წავა (გამოცხ. 20:7, 8). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? საპყრობილიდან გათავისუფლებული სატანა ეშმაკი სავარაუდოდ შეეცდება, რომ კაცობრიობის შეცდომაში შესაყვანად თავისი ნაცადი მეთოდი, ეგოიზმი გამოიყენოს. ის შეიძლება შეეცადოს ხალხის დარწმუნებას, რომ ისინი იეჰოვას მორჩილების გარეშეც იცხოვრებენ მარადიულად. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ იქნება. მაგრამ დასაფიქრებელია, ჩვენ თუ მოგვხიბლავს ეს აზრი. თუ იეჰოვა იმიტომ გვიყვარს და იმიტომ ვემსახურებით მას, რომ ის კარგია და კანონიერად არის სამყაროს უზენაესი მმართველი, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იქნება სატანის სიტყვები. ჩვენ არასდროს გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ იეჰოვას მმართველობის გარეშე ვიცხოვროთ.
ერთგულად დაუჭირეთ მხარი იეჰოვას უზენაესობას!
13. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას?
13 ცხადია, იეჰოვა იმსახურებს, რომ მთელი გულით დავუჭიროთ მხარი მის უზენაესობას. როგორც დავინახეთ, მას აქვს მმართველობის უფლება და მისი მმართველობა საუკეთესოა. ჩვენ მხარს დავუჭერთ იეჰოვას უზენაესობას, თუ უმწიკვლობას შევინარჩუნებთ და ერთგულად ვემსახურებით ღმერთს. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იეჰოვას მმართველობის მხარდასაჭერად? ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ის გააკეთებდა. ამგვარად ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის და მხარს ვუჭერთ მის მმართველობას (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2).
14. რაში უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა და ოჯახისთავებმა იეჰოვას?
14 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა თავის ძალაუფლებას სიყვარულით ავლენს. ამიტომ ოჯახისთავებმა და უხუცესებმა, რომლებიც აფასებენ ღვთის უზენაესობას, უნდა მიჰბაძონ მას და არ უნდა იყვნენ ზედმეტად მომთხოვნები. პავლე მოციქულმა ამის კარგი მაგალითი დაგვიტოვა (1 კორ. 11:1). ის უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებდა სხვებს და არ აიძულებდა, სწორად მოქცეულიყვნენ. პირიქით, ის კარგის კეთებისკენ აღძრავდა სხვებს (რომ. 12:1; ეფეს. 4:1; ფლმ. 8—10). ასე იქცევა იეჰოვა და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ყველა, ვინც აფასებს და მხარს უჭერს მის მმართველობას.
15. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას მმართველობას?
15 როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ღმერთმა მეთაურობის გასაწევად დანიშნა? როცა მათ მიმართ პატივისცემას ვავლენთ და ვთანამშრომლობთ მათთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას. მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გვესმის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ან არ ვეთანხმებით მათ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ თეოკრატიულ სტრუქტურას. ქვეყნიერებაში, როგორც წესი, ასე არ იქცევიან, მაგრამ იეჰოვას მსახურებისთვის მორჩილება აუცილებელი მოთხოვნაა (ეფეს. 5:22, 23; 6:1—3; ებრ. 13:17). მორჩილების შედეგად კურთხევები არ მოგვაკლდება, რადგან ღმერთს მხოლოდ საუკეთესო სურს ჩვენთვის.
16. როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერები?
16 იეჰოვას უზენაესობისთვის მხარის დაჭერა ჩვენი გადაწყვეტილებებითაც შეგვიძლია. იეჰოვა ყველაფერზე კონკრეტულ წესს არ გვიდგენს, თუმცა გვიმჟღავნებს, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, ის ქრისტიანებს დაწვრილებით არ უდგენს ჩაცმის წესებს. თუმცა მისი სიტყვიდან ვიგებთ, რომ ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა მოკრძალებული და ქრისტიანისთვის შესაფერისი უნდა იყოს (1 ტიმ. 2:9, 10). აგრეთვე მას სურს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით არ დავაბრკოლოთ სხვები და არ გავაღიზიანოთ (1 კორ. 10:31—33). თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს ვითვალისწინებთ იეჰოვას შეხედულებებს და არა მხოლოდ საკუთარ სურვილებს, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ იეჰოვას მმართველობას.
გადაწყვეტილების მიღებისა თუ ოჯახური საქმეების დროს მხარი დაუჭირეთ ღვთის უზენაესობას (იხილეთ აბზაცები 16—18)
17, 18. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულ ქრისტიანებს მხარი დაუჭირონ იეჰოვას უზენაესობას?
17 განვიხილოთ ერთი მხარე, რომელშიც დაქორწინებულ ქრისტიანებს შეუძლიათ იეჰოვას მიჰბაძონ და ამით მხარი დაუჭირონ მის უზენაესობას. დავუშვათ, წყვილს იმაზე დიდი პრობლემა შეექმნა ურთიერთობაში, ვიდრე ელოდნენ, ან ქორწინებაზე გული აუცრუვდათ. კარგი იქნება, თუ ისინი დაფიქრდებიან, როგორ ექცეოდა იეჰოვა ისრაელს. ის ძველი ისრაელის ქმრად მოიხსენიებდა საკუთარ თავს (ეს. 54:5; 62:4). ეს „ქორწინება“ სირთულეებით იყო სავსე. მაგრამ იეჰოვას მაშინვე არ ჩაუქნევია ხელი. ის არაერთხელ ავლენდა ისრაელის მიმართ გულმოწყალებას და მასთან დადებული შეთანხმების ერთგული იყო (წაიკითხეთ ფსალმუნის 106:43—45). განა არ გვიზიდავს იეჰოვას ერთგულება?!
18 შესაბამისად, წყვილები, რომელთაც უყვართ იეჰოვა, მას ჰბაძავენ. ისინი არ ეძებენ გზებს, რომ თავი დააღწიონ უბედურ ქორწინებას. მათ ესმით, რომ ისინი იეჰოვამ შეაუღლა და სურს, რომ ერთმანეთს მიეკრან. გაყრისა და ხელახლა დაქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი სექსუალური უზნეობაა (მათ. 19:5, 6, 9). თუ ისინი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად, ცხადყოფენ, რომ იეჰოვას სამართლიან მმართველობას უჭერენ მხარს.
19. რის გაკეთება გვმართებს, როცა რამე გვეშლება?
19 არასრულყოფილების გამო ზოგჯერ შეიძლება გული ვატკინოთ იეჰოვას. მან იცის ეს, ამიტომ სიყვარულით გაიღო ჩვენთვის გამოსასყიდი. ასე რომ, როცა რამე გვეშლება, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ პატიება (1 იოან. 2:1, 2). გამუდმებით საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად, ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. თუ ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ იეჰოვასთან, ის გვაპატიებს, მოგვიშუშებს ჭრილობებს და დაგვეხმარება, რომ მომავალში კარგად გავართვათ თავი მსგავს სიტუაციებს (ფსალმ. 103:3).
20. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი იეჰოვას უზენაესობას დღესვე?
20 ახალ ქვეყნიერებაში ყველა დაექვემდებარება იეჰოვას უზენაეს მმართველობას და მის სამართლიან გზებს ისწავლის (ეს. 11:9). თუმცა ჩვენ დღესვე ვსწავლობთ იეჰოვასგან ბევრ რამეს. ძალიან მალე უზენაესობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი საბოლოოდ გადაიჭრება. ახლა კი იმის დროა, რომ იეჰოვას უზენაესობას დავუჭიროთ მხარი — შევინარჩუნოთ უმწიკვლობა, ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს და მთელი გულით შევეცადოთ, ყველაფერში მას მივბაძოთ.
-