თავი მეორე
ვინ არის ღმერთი?
ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და რა ჰქვია მას? (1, 2)
როგორი სხეული აქვს ღმერთს? (3)
რა თვისებები აქვს ღმერთს? (4)
უნდა გამოვიყენოთ გამოსახულებები ან სხვა რელიგიური სიმბოლოები ღვთის თაყვანისცემაში? (5)
რომელი ორი საშუალებით შეგვიძლია ღვთის გაცნობა? (6)
1. ხალხი ბევრ რამეს სცემს თაყვანს, მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მხოლოდ ერთია. ზეცაში თუ დედამიწაზე ყველაფერი მისი შექმნილია. მან მოგვცა სიცოცხლე და ამიტომ მხოლოდ მას უნდა ვცეთ თაყვანი (1 კორინთელები 8:5, 6; გამოცხადება 4:11).
2. ღმერთს მრავალი წოდება აქვს, მაგრამ სახელი — მხოლოდ ერთი. მას ჰქვია იეჰოვა. ბევრი ბიბლიიდან ღვთის სახელი ამოღებულია და შეცვლილია წოდებებით უფალი ან ღმერთი. თავდაპირველად ბიბლიაში სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ იყო მოხსენიებული (გამოსვლა 3:15; ფსალმუნები 83:18).
3. იეჰოვას აქვს სხეული, მაგრამ არა ჩვენი სხეულის მსგავსი. ბიბლიაში წერია, რომ „ღმერთი სულია“ (იოანე 4:24). სულიერი სხეული ბევრად აღემატება ფიზიკურ სხეულს. ღმერთი არც ერთ ადამიანს არ უნახავს. იეჰოვა ზეცაშია, მაგრამ ყველაფერს ხედავს (ფსალმუნები 11:4, 5; იოანე 1:18). რა არის წმინდა სული? ღვთისგან განსხვავებით წმინდა სული არ არის პიროვნება. ის ღვთის მოქმედი ძალაა (ფსალმუნები 104:30).
4. ბიბლიიდან ვიგებთ, როგორი ღმერთია იეჰოვა. მას აქვს ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძლიერება (მეორე კანონი 32:4; იობი 12:13; ესაია 40:26; 1 იოანე 4:8). ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ ღმერთი გულმოწყალე, კეთილი, მიმტევებელი, გულუხვი და მომთმენია. ჩვენ მორჩილი შვილებივით უნდა ვბაძავდეთ მას (ეფესოელები 5:1, 2).
5. უნდა მოვიყაროთ მუხლი ან უნდა ვილოცოთ გამოსახულებების, ხატებისა თუ სხვა რელიგიური სიმბოლოების წინაშე? არა! (გამოსვლა 20:4, 5). იეჰოვა მოითხოვს, რომ მხოლოდ მას ვცეთ თაყვანი. ის არავის და არაფერს დაუთმობს თავის დიდებას. გამოსახულებები ვერაფერში დაგვეხმარება (ფსალმუნები 115:4—8; ესაია 42:8).
6. როგორ გავიცნოთ ღმერთი უკეთესად? ერთ-ერთი საშუალებაა, დავაკვირდეთ ღვთის ქმნილებებს და დავფიქრდეთ, რაზე მეტყველებენ ისინი. ღვთის შემოქმედებაში ჩანს, რომ ღმერთი უსაზღვრო ძალასა და სიბრძნეს ფლობს. მან ყველაფერი სიყვარულით შექმნა (ფსალმუნები 19:1—6; რომაელები 1:20). ღვთის გაცნობის მეორე საშუალება კი ბიბლიის შესწავლაა. სწორედ ბიბლიის მეშვეობით გვეცნობა იეჰოვა უკეთ, გვეუბნება, თუ როგორი ღმერთია, რა განზრახვები აქვს და რას მოელის ჩვენგან (ამოსი 3:7; 2 ტიმოთე 3:16, 17).
[სურათები 5 გვერდზე]
ღმერთს შემოქმედებაზე დაკვირვებითა და ბიბლიის შესწავლით ვეცნობით.