რატომ ვერ ვიცხოვრებთ უერთმანეთოდ?
„ორნი სჯობიან ერთს . . . რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს“ (მეფე სოლომონი).
ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა თქვა: „ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში. რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი“ (ეკლესიასტე 4:9, 10). ბრძენი სოლომონი, რომელიც ადამიანის ბუნებას აკვირდებოდა, აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან და არ ჩავიკეტოთ საკუთარ თავში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისი არ არის. სოლომონმა ეს სიტყვები ღვთიური სიბრძნითა და შთაგონებით წარმოთქვა.
საკუთარ თავში ჩაკეტვა ნამდვილად არ არის გონივრული. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. თითოეულისთვის აუცილებელია მხარდაჭერა და დახმარება, რის მიღებაც სხვებისგან შეგვიძლია. «თავკერძა კაცი [„კაცი, რომელიც ცალკევდება“, აქ] ჟინს ისწორებს, — ნათქვამია ბიბლიის წიგნ „იგავებში“, — ყოველ საღ აზრს უჯანყდება» (იგავები 18:1). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სოციოლოგები გვირჩევენ, ჩავებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დავინტერესდეთ სხვებით.
პროფესორი რობერტ პუტნამი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას სხვა ყველაფერთან ერთად ხელს უწყობს „ღვთის რწმენა“. ამის შესანიშნავ მაგალითს იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ. ისინი მთელ დედამიწაზე გაერთიანებული არიან კრებებში, რომლებიც შეიძლება შევადაროთ ოჯახს. პეტრე მოციქულის სიტყვების თანახმად, მათ ‘უყვართ საძმო’ და ღვთისადმი მოკრძალებული შიში აქვთ (1 პეტრე 2:17). მოწმეები თავს არიდებენ სხვებისგან გარიყვას და დაცული არიან მისით გამოწვეული საზიანო შედეგებისგან. ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ბევრ სასარგებლო საქმეში არიან ჩაბმული. ამის საშუალებით ისინი ეხმარებიან მოყვასს, გაიგონ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ჭეშმარიტება (2 ტიმოთე 2:15).
სიყვარულმა და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება
იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ გაერთიანებულ საზოგადოებას, სადაც თითოეულ წევრს უწევენ ანგარიშს. მაგალითად, დავფიქრდეთ მიგელზე, ფლოილანსა და ალმა რუთზე, რომლებიც ლათინური ამერიკის ერთ–ერთ ქვეყანაში მცხოვრები ოჯახიდან არიან. ისინი ძვლოვანი ქსოვილის დეფექტით დაიბადნენ. სამივე ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული. რა გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობამ?
მიგელი ჰყვება: „ადრე კრიზისული პერიოდები მქონდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებთან როცა დავიწყე ურთიერთობა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. სხვებისგან განცალკევება ძალიან სახიფათოა. ქრისტიანულ შეხვედრებზე თანამორწმუნეებთან ურთიერთობა, ყოველკვირა მათთან ერთად ყოფნა ძალიან დამეხმარა, რათა კმაყოფილება მეპოვნა“.
ალმა რუთი დასძენს: „ზოგჯერ საშინელ სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი, რის გამოც ძალიან დანაღვლიანებული ვიყავი. მაგრამ, იეჰოვა როცა გავიცანი, მივხვდი, რომ შემეძლო მასთან ახლო ურთიერთობა. ამას ძალიან ვაფასებ. ოჯახი დიდ სულიერ და ემოციურ დახმარებას გვიწევს და ამის წყალობით კიდევ უფრო გავერთიანდით“.
მიგელს მამამ ასწავლა წერა–კითხვა. შემდეგ კი მიგელი ფლოილანსა და ალმა რუთს დაეხმარა. წერა–კითხვის ცოდნა მნიშვნელოვანი იყო მათი სულიერობისთვის. „კითხვის ცოდნა ძალიან გვეხმარება, რადგან ბიბლიიდან და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან სულიერ საზრდოს ვიღებთ“ — ამბობს ალმა რუთი.
ამჟამად მიგელი ქრისტიანი უხუცესია. ფლოილანმა უკვე ცხრაჯერ წაიკითხა ბიბლია. ალმა რუთმა გააფართოვა იეჰოვასთვის მსახურება და 1996 წლიდან სამეფოს სრული დროით მაუწყებელია. ის ამბობს: „ამ მიზანს იეჰოვას წყალობით მივაღწიე. მხარში მიდგანან საყვარელი თანამორწმუნე დები, რომლებიც არა მარტო ქადაგებაში მეხმარებიან, არამედ ბიბლიის შესწავლების ჩატარებაშიც. ამჟამად ბიბლიის 11 საშინაო შესწავლა მაქვს“.
კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია ემილია, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად სერიოზულად დაუზიანდა ფეხის კიდურები და ხერხემალი. ის იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას მეხიკოში, 1996 წელს კი მოინათლა. ემილია ამბობს: „ჭეშმარიტების შეცნობამდე თავის მოკვლა მინდოდა, რადგან მობეზრებული მქონდა სიცოცხლე. სიცარიელეს ვგრძნობდი და დღედაღამ ვტიროდი. როდესაც იეჰოვას ხალხთან დავიწყე ურთიერთობა, საძმოს მხრიდან სიყვარული ვიგრძენი. მათ მიერ გამოვლენილი ინტერესი ძალიან მამხნევებს. ერთი უხუცესი ღვიძლ ძმასავით, შეიძლება ითქვას მამასავით მექცევა. მას და რამდენიმე თანაშემწეს ინვალიდის სავარძლით კრების შეხვედრებზე და საქადაგებლად დავყავარ“.
ხოსე, რომელიც 1992 წელს იეჰოვას მოწმედ მოინათლა, მარტო ცხოვრობს. ახლა ის 70 წლისაა. 1990 წელს პენსიაში გავიდა. ხოსეს გულგატეხილობა ეუფლებოდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც ერთმა მოწმემ უქადაგა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იქ მოსმენილმა და ნანახმა. მაგალითად, მან შეამჩნია ძმებს შორის ახლო ურთიერთობა და უშუალოდ მისდამი გამოვლენილი გულწრფელი ინტერესი. ამჟამად მისი კრების უხუცესები და თანაშემწეები ზრუნავენ მასზე (ფილიპელთა 1:1, აქ; 1 პეტრე 5:2). ასეთი თანამორწმუნეები მისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ არიან (კოლასელთა 4:11, აქ). მათ ის ექიმთან დაჰყავთ და სახლში აკითხავენ. ხოსემ ოთხი ოპერაცია გაიკეთა და ოთხივეჯერ მხარში ედგნენ ეს ძმები. ხოსე ამბობს: „ისინი ზრუნავენ ჩემზე. მე მათ საკუთარი ოჯახის წევრებივით ვუყურებ და მათთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს“.
გაცემას ნამდვილი ბედნიერება მოაქვს
„ორნი სჯობიან ერთს“ — ეს სიტყვები მეფე სოლომონმა მას შემდეგ თქვა, რაც აღნიშნა, თუ როგორი ამაოა მთელი ენერგიის სიმდიდრისთვის შელევა (ეკლესიასტე 4:7—9). სწორედ სიმდიდრის დაგროვებისკენ ილტვის დღეს ბევრი, თუნდაც ამან ოჯახის წევრებთან და სხვებთან ახლო ურთიერთობა შეიწიროს.
სიხარბემ და ეგოიზმმა ბევრი კარჩაკეტილი გახადა. ასეთ ცხოვრებას მათთვის არც ბედნიერება მოუტანია და არც კმაყოფილება. მსგავსი სულისკვეთების ადამიანებში ხშირია გულგატეხილობა და იმედგაცრუება. ამის საპირისპიროდ, ზემოთ მოთხრობილი შემთხვევები ცხადყოფს, რამდენად სასარგებლოა ურთიერთობა იეჰოვას მსახურებთან, რომელთაც ღვთისა და მოყვასის სიყვარული ამოძრავებთ. ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებამ, თანაქრისტიანთა მხარდაჭერამ და ზრუნვამ, ასევე აქტიურმა მსახურებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ მათ დაეძლიათ საზოგადოებისგან განცალკევების შედეგად გამოწვეული უარყოფითი გრძნობები (იგავები 17:17; ებრაელთა 10:24, 25).
რამდენადაც ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, ბუნებრივია, სხვებისთვის კეთილი საქმეების კეთება კმაყოფილებას გვანიჭებს. ალბერტ აინშტაინმა, რომლის მოღვაწეობამაც დიდი სარგებლობა მოუტანა სხვებს, ერთხელ აღნიშნა: „ადამიანის ფასი . . . იმით განისაზღვრება, თუ რას გასცემს და არა იმით, თუ რას მიიღებს სხვებისგან“. მისი სიტყვები ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვებს შეესაბამება: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ასე რომ, კარგია სხვებისგან გრძნობდე სიყვარულს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ მიმართაც ავლენდე მას.
ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა, რომელიც სულიერი დახმარების მიზნით წლების მანძილზე ინახულებს კრებებს და მონაწილეობს მცირე შემოსავლის მქონე ქრისტიანებისთვის შესაკრებელი ადგილების აშენებაში, ასე გამოხატა საკუთარი გრძნობები: «ძმებისთვის მსახურების შედეგად მიღებული სიხარული და მადლიერების ნიშნად მათი გაბრწყინებული სახეები აღმძრავს, კვლავაც განვაგრძო მათ დასახმარებლად სხვადასხვა შესაძლებლობების ძებნა. საკუთარმა გამოცდილებამ დამანახვა, რომ სხვებისადმი პირადი ინტერესის გამოვლენას ნამდვილი ბედნიერება მოაქვს. აგრეთვე მესმის, რომ ჩვენ — უხუცესებს — გვმართებს, ვიყოთ „როგორც საფარავი ქარში . . . როგორც წყლის ნაკადულები გვალვიანში, როგორც ჩრდილი კლდისა გამოფიტულ მიწაზე“» (ესაია 32:2).
რა სასიამოვნოა ერთსულოვნება!
უდავოა, უდიდესი სარგებლობისა და ბედნიერების მომტანია სხვების დახმარება და იეჰოვას მსახურებთან ახლო ურთიერთობა. „აჰა, — თქვა აღფრთოვანებულმა ფსალმუნმომღერალმა, — რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმუნები 132:1). როგორც ეს მიგელის, ფლოილანისა და ალმა რუთის შემთხვევიდან ჩანს, ერთსულოვნება ოჯახში დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ოჯახის წევრები მხარში ედგნენ ერთმანეთს. რამდენად დიდი კურთხევაა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წყალობით იყო გაერთიანებული! იმის შემდეგ, რაც ქრისტიან ქმრებსა და ცოლებს მისცა რჩევა, პავლე მოციქულმა დაწერა: „ბოლოს, იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8).
ნამდვილი მეგობრობა სასარგებლოა, როგორც ემოციურად, ისე სულიერად. პავლე მოციქული თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ . . . მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას“ (1 თესალონიკელთა 5:14, 15).
ამიტომ ეძებეთ სიკეთის კეთების შესაძლებლობები. „კეთილი ვუყოთ ყველას, და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“, რადგან ეს ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს შესძენს და კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოგვიტანს (გალატელთა 6:9, 10, სსგ). იესოს მოწაფე იაკობმა დაწერა: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია?“ (იაკობი 2:15, 16). ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. ჩვენ მარტო საკუთარ თავზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ სხვებზეც (ფილიპელთა 2:4).
განსაკუთრებული საჭიროების ან სტიქიური უბედურებების დროს მატერიალური დახმარების გარდა, იეჰოვას მოწმეები ძალიან მნიშვნელოვანი სახით — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით — ეხმარებიან მოყვასს (მათე 24:14). 6 000 000–ზე მეტი მოწმის მიერ იმედისა და ნუგეშის მომცემი ცნობის გავრცელება ცხადყოფს, რომ მათ ნამდვილად აინტერესებთ და უყვართ სხვები. წმინდა წერილებით დახმარება ხელს უწყობს ადამიანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. რას ვგულისხმობთ?
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილება
ნამდვილი ბედნიერების ერთ–ერთი პირობა ღმერთთან სათანადო ურთიერთობაა. კრესი მორისონის წიგნში აღნიშნულია: „კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან დღემდე ადამიანი, სადაც უნდა იმყოფებოდეს და რომელ ეპოქაშიც უნდა ცხოვრობდეს, გრძნობს მოთხოვნილებას, მიმართოს მასზე მაღლა მდგომსა და ძლიერს. ეს ცხადყოფს, რომ რელიგია ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, რაც მეცნიერული თვალსაზრისით უნდა იქნეს აღიარებული . . . უზენაესი არსებისა და მისდამი რწმენისკენ საყოველთაო სწრაფვა მოკრძალებულ შიშსა და ღრმა პატივისცემას უნდა გვინერგავდეს და აღფთოვანებას იწვევდეს ჩვენში“ (Man Does Not Stand Alone).
იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3, აქ). სხვებისგან გარიყულად ცხოვრებას ადამიანისთვის კარგი არაფერი მოაქვს. შემოქმედისგან დამოუკიდებლობა კი უფრო საზიანოა (გამოცხადება 4:11). „ღვთის შემეცნების“ შეძენასა და ცხოვრებაში გამოყენებას მნიშვნელოვანი როლი უნდა ენიჭებოდეს (იგავები 2:1—5, სსგ). მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ღვთის გარეშე ვერ შევძლებთ ცხოვრებას. ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრება იეჰოვასთან, უზენაესთან, ახლო ურთიერთობაზეა დამოკიდებული (ფსალმუნები 82:19).
[სურათი 5 გვერდზე]
მიგელი: „ადრე კრიზისული პერიოდები მქონდა, მაგრამ იეჰოვას მსახურებთან როცა დავიწყე ურთიერთობა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა“.
[სურათი 5 გვერდზე]
ალმა რუთი: „იეჰოვა როცა გავიცანი, მივხვდი, რომ შემეძლო მასთან ახლო ურთიერთობა“.
[სურათი 6 გვერდზე]
ემილია: „ჭეშმარიტების შეცნობამდე . . . სიცარიელეს ვგრძნობდი“.
[სურათი 7 გვერდზე]
ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა გვიკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებას.