საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
    • ᲗᲐᲕᲘ 23

      „მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“

      გაშმაგებული ბრბოსა და სინედრიონის წინაშე პავლე ჭეშმარიტებას ექომაგება.

      საქმეები 21:18—23:10

      1, 2. რატომ წავიდა მოციქული პავლე იერუსალიმში და რა სირთულეები ელოდა იქ?

      ᲞᲐᲕᲚᲔ იერუსალიმის ვიწრო და ხალხმრავალ ქუჩებში დადის. იეჰოვას ხალხის ისტორიაში არც ერთ ქალაქს არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორიც იერუსალიმს. იერუსალიმის მკვიდრთა უმრავლესობა ამაყია თავისი ქალაქის წარსულით. პავლემ კარგად იცის, რომ ბევრი იქაური ქრისტიანი ისევ წარსულით ცხოვრობს და ვერ ეგუება იმ ცვლილებებს, რასაც იეჰოვა თავისი ხალხისგან მოითხოვს. ჯერ კიდევ ეფესოში ყოფნისას პავლემ გადაწყვიტა, ამ დიდებულ ქალაქში კიდევ ერთხელ წასულიყო, რადგან ესმოდა, რომ მატერიალური გაჭირვების გარდა ქრისტიანებს იქ სულიერადაც უჭირდათ (საქ. 19:21). მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, მას იერუსალიმში წასვლაზე უარი არ უთქვამს.

      2 რა ელოდა პავლეს იერუსალიმში? ერთ-ერთ სირთულეს მასზე გავრცელებულ ხმებს აყოლილი თავად ქრისტეს მიმდევრები შეუქმნიდნენ. მაგრამ უფრო დიდი განსაცდელი ქრისტეს მტრებისგან ელოდა. ისინი ცრუ ბრალდებებს წაუყენებდნენ, სცემდნენ და მოკვლით დაემუქრებოდნენ. ამ მშფოთვარე ვითარებაში პავლეს ჭეშმარიტების დაცვის შესაძლებლობა მიეცემოდა. განსაცდელების დროს პავლეს გამოვლენილი თავმდაბლობა, გაბედულება და რწმენა სამაგალითოა ქრისტიანებისთვის. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ მას.

      „მათ ღმერთი განადიდეს“ (საქმეები 21:18—20ა)

      3—5. ა) ვის შეხვდა პავლე იერუსალიმში და რა უამბო მათ? ბ) რას ვსწავლობთ იერუსალიმელ უხუცესებთან პავლეს შეხვედრიდან?

      3 იერუსალიმში ჩასვლიდან მეორე დღეს პავლე და მასთან მყოფი ძმები კრების უხუცესებთან მივიდნენ, თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რომ რომელიმე მოციქულს შეხვდნენ. შესაძლოა მოციქულები ამ დროს სხვადასხვა მხარეში მსახურობდნენ. ასე იყო თუ ისე, ის დანამდვილებით ვიცით, რომ იესოს ძმა იაკობი იქ იყო (გალ. 2:9). როგორც ჩანს, სწორედ ის უძღვებოდა შეხვედრას, რომელსაც პავლეც ესწრებოდა და „ყველა უხუცესიც“ (საქ. 21:18).

      4 პავლე მიესალმა უხუცესებს და „დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით უცხოტომელთათვის მოიმოქმედა“ (საქ. 21:19). ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო მისი მონათხრობი! ვერც დღეს ვმალავთ აღფრთოვანებას, როცა ვიგებთ, სხვა ქვეყნებში როგორ მიიწევს წინ ჩვენი საქმიანობა (იგავ. 25:25).

      5 შეხვედრის დროს პავლეს შესაძლოა ეხსენებინა, რომ ევროპელი ძმების გაღებული შესაწირავები ჰქონდა ჩამოტანილი. შორეულ ქვეყნებში მცხოვრები თანამორწმუნეების მზრუნველობა გულებს გაუთბობდა იერუსალიმელ ძმებს. როგორც ლუკა ამბობს, პავლეს მოსმენის შემდეგ უხუცესებმა „ღმერთი განადიდეს“ (საქ. 21:20ა). ვისაც სხვადასხვა განსაცდელის ან მძიმე ავადმყოფობის ატანა უწევთ, ისინი დღესაც დიდად აფასებენ თანამორწმუნეების დროულ დახმარებასა და გამხნევებას.

      „კანონის მოშურნეები“ (საქმეები 21:20ბ, 21)

      6. რა უთხრეს პავლეს?

      6 უხუცესებმა უთხრეს პავლეს, რომ იუდეველი ძმები გავრცელებული ხმების გამო მისით უკმაყოფილონი იყვნენ: „როგორც იცი, ძმაო, იუდეველებს შორის ათასობით მორწმუნეა, თანაც ყველანი კანონის მოშურნეები არიან. თუმცა ხმები მისდით შენზე, რომ უცხოტომელთა შორის მცხოვრებ იუდეველებს ასწავლი, მოსეს განუდგნენ, და მოუწოდებ, რომ თავიანთი შვილები აღარც წინადაცვითონ და აღარც წეს-ჩვეულებებს მიჰყვნენ“ (საქ. 21:20ბ, 21).a

      7, 8. ა) რა მცდარი შეხედულება ჰქონდა ბევრ იუდეველ ქრისტიანს? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი განდგომილები არ ყოფილან?

      7 რატომ იცავდა ბევრი ქრისტიანი ასე გულმოდგინედ ოცზე მეტი წლის წინ გაუქმებულ მოსეს კანონს? (კოლ. 2:14). ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში შეკრებილმა მოციქულებმა და უხუცესებმა კრებებს წერილი გაუგზავნეს, რომლის თანახმადაც უცხოტომელებს არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა და მოსეს კანონის დაცვა (საქ. 15:23—29). მაგრამ წერილში არაფერი იყო ნათქვამი იუდეველ მორწმუნეებზე, ბევრ მათგანს არც კი ესმოდა, რომ მოსეს კანონი უკვე გაუქმებული იყო.

      8 ნიშნავდა ეს იმას, რომ მცდარი აზროვნების გამო იუდეველ მორწმუნეებს არ ჰქონდათ უფლება, ქრისტიანები ყოფილიყვნენ? არა, ისინი არ ყოფილან წარმართული ღვთაებების თაყვანისმცემლები, რომლებიც გაქრისტიანდნენ, მაგრამ კვლავ წარმართულ ადათ-წესებს იცავდნენ. კანონი, რომელიც ამ იუდეველი მორწმუნეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, იეჰოვასგან ჰქონდათ; მასში არც დემონური იყო რამე და არც არასწორი; კანონი ძველი შეთანხმებისთვის შეიქმნა, ქრისტიანებზე კი ახალი შეთანხმება ვრცელდებოდა. წმინდა თაყვანისმცემლობის გადასახედიდან ის ადათ-წესები, რომლებიც კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების ნაწილი იყო, უკვე დრომოჭმულად ითვლებოდა. მისი გულმოდგინე დამცველი ებრაელი ქრისტიანები ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ ქრისტიანობის არსს და იმას, რომ ღვთის თვალში მხოლოდ ქრისტიანულ კრებაში მსახურებით გამართლდებოდნენ. მათ აზროვნება უნდა შეეცვალათ ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა (იერ. 31:31—34; ლუკ. 22:20).b

      „რაც შენზე სმენიათ, ტყუილია“ (საქმეები 21:22—26)

      9. რას ამბობდა პავლე მოსეს კანონზე?

      9 რის თქმა შეიძლება იმაზე, რომ თითქოს პავლე უცხოტომელ იუდეველებს ასწავლიდა, თავიანთი შვილებისთვის წინადაცვეთა არ გაეკეთებინათ და წეს-ჩვეულებები არ დაეცვათ? პავლე უცხოტომელთა მოციქული იყო, ამიტომ იმ გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც უცხოტომელებს მოსეს კანონის დაცვა არ მოეთხოვებოდათ. მან ისინი ამხილა, ვინც უცხოტომელ მორწმუნეებს არწმუნებდა, რომ მოსეს კანონის მორჩილების ნიშნად წინადაცვეთა უნდა გაეკეთებინათ (გალ. 5:1—7). სადაც უნდა წასულიყო, უცხოტომელსა თუ იუდეველს, პავლე ყველას უქადაგებდა სასიხარულო ცნობას. ის მოსასმენად განწყობილებს უხსნიდა, რომ იესოს სიკვდილმა კანონი გააუქმა, და რომ კაცი რწმენით გამართლდებოდა და არა კანონით დადგენილი საქმეებით (რომ. 2:28, 29; 3:21—26).

      10. როგორი გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა პავლეს კანონის შესრულებასა და წინადაცვეთაზე?

      10 პავლეს ესმოდა მათი, ვისაც უჭირდა უარის თქმა ზოგ იუდაურ წეს-ჩვეულებაზე, შაბათის დაცვასა და გარკვეული საჭმლისგან თავშეკავებაზე (რომ. 14:1—6). რაც შეეხება წინადაცვეთას, პავლეს არანაირი წესი არ დაუდგენია. მაგალითად, მან ტიმოთე წინადაცვითა, და ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ უნდოდა, იუდეველებს ტიმოთესთვის ეჭვის თვალით შეეხედათ, რადგან ის ბერძენი მამის შვილი იყო (საქ. 16:3). წინადაიცვეთდა თუ არა კაცი, ეს პირადი გადასაწყვეტი იყო. პავლემ გალატელებს მისწერა: „არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, სიყვარულით მოქმედს“ (გალ. 5:6). მაგრამ თუ ვინმე კანონის შესასრულებლად ან ღვთის კეთილგანწყობილების მისაღებად წინადაიცვეთდა, იმიტომ, რომ ამას აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევდა, ეს რწმენის ნაკლებობის მიმანიშნებელი იქნებოდა.

      11. რა ურჩიეს უხუცესებმა პავლეს? (იხილეთ სქოლიო).

      11 პავლეზე გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეეფერებოდა, მაგრამ იუდეველი მორწმუნეები მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ მას. ამიტომ, უხუცესებმა უთხრეს: „ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ისინი და ერთად შეასრულეთ განწმენდის წესი. ხარჯები შენს თავზე აიღე და თავები გააკრეჭინე. მაშინ ყველა მიხვდება, რომ, რაც შენზე სმენიათ, ტყუილია, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ“ (საქ. 21:23, 24).c

      12. როგორ აჩვენა პავლემ, რომ ერგებოდა სიტუაციას და მზად იყო, გაეთვალისწინებინა იერუსალიმელი უხუცესების რჩევა?

      12 პავლეს შეეძლო უხუცესებისთვის ეთქვა, რომ პრობლემა მასზე გავრცელებული ჭორი კი არ იყო, არამედ ის, რომ მორწმუნე იუდეველები მოსეს კანონს ერთგულობდნენ. ის მზად იყო სიტუაციას მორგებოდა, მაგრამ არა ღვთის პრინციპების დარღვევის ხარჯზე. მანამდე პავლეს ნათქვამი ჰქონდა: „კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი, თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული, რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა“ (1 კორ. 9:20). ამ შემთხვევაში პავლემ გაითვალისწინა იერუსალიმელი უხუცესების რჩევა და „კანონს დაქვემდებარებული“ გახდა. ამით მან მაგალითი მოგვცა, რომ მივყვეთ უხუცესების მითითებებს და არ შევეცადოთ, ჯიუტად გავიტანოთ ჩვენი (ებრ. 13:17).

      ფოტოკოლაჟი: 1) პავლე ყურადღებით უსმენს იერუსალიმელი უხუცესების მითითებებს; 2) თანამედროვე პერიოდში უხუცესთა საბჭოს შეხვედრაზე ერთი ძმა ყურადღებით აკვირდება სხვა უხუცესებს, რომლებიც ხელს იწევენ.

      როცა ბიბლიური პრინციპი არ ირღვეოდა, პავლე სხვებს ეთანხმებოდა. თქვენ როგორ იქცევით?

      ᲠᲝᲛᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ

      რომის ხელისუფლება, ძირითადად, არ ერეოდა პროვინციათა შიდა მმართველობებში. როგორც წესი, იუდეველთა საქმეები იუდეველთა კანონითვე განიხილებოდა. პავლეს შემთხვევაში რომაელები მხოლოდ იმიტომ ჩაერივნენ, რომ ტაძარში მისი შესვლით გამოწვეულ არეულობას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა შეეძლო.

      რომის მთავრობის წარმომადგენლებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ პროვინციების მკვიდრებზე, რასაც რომის მოქალაქეებზე ვერ ვიტყვით.f რომის მოქალაქეობა კაცს აძლევდა უფლებებს, რომლებსაც მთელ იმპერიაში აღიარებდნენ. მაგალითად, უკანონოდ ითვლებოდა სასამართლო განხილვის გარეშე რომის მოქალაქის შებოჭვა ან ცემა, რადგან ამგვარ მოპყრობას მხოლოდ მონები იმსახურებდნენ. რომის მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, პროვინციის გამგებლის გადაწყვეტილება რომის იმპერატორთან გაესაჩივრებინათ.

      რომის მოქალაქეობის მიღება სხვადასხვაგვარად შეიძლებოდა. უპირველეს ყოვლისა მემკვიდრეობით. ზოგჯერ იმპერატორები გაწეული სამსახურისთვის რომის მოქალაქეობით აჯილდოებდნენ ცალკეულ ადამიანებს, მთელი ქალაქის ან მხარის თავისუფალ მოსახლეობას. მოქალაქეობის მიღება შეეძლო იმ მონას, რომელიც რომის მოქალაქისგან ყიდულობდა თავისუფლებას ან, რომელსაც რომის მოქალაქე ათავისუფლებდა და სამხედრო-ვალდებულებამოხდილ ჯარისკაცს. როგორც ჩანს, ზოგჯერ მოქალაქეობის ყიდვაც შესაძლებელი იყო. მხედართმთავარმა კლავდიუს ლისიამ პავლეს უთხრა: «ამ მოქალაქეობის მისაღებად მე დიდი თანხა გადავიხადე. პავლემ მიუგო: „მე ეს მოქალაქეობა დაბადებიდან მაქვს“» (საქ. 22:28). რომის მოქალაქეობა პავლეს მამას ან ერთ-ერთ პაპას ექნებოდა მიღებული, თუმცა უცნობია, ზუსტად როგორ მოხდა ეს.

      f ახ. წ. პირველ საუკუნეში იუდეაში არც ისე ბევრი რომის მოქალაქე ცხოვრობდა, მესამე საუკუნეში კი ყველა პროვინციის მკვიდრმა მიიღო რომის მოქალაქეობა.

      „სიკვდილის ღირსია!“ (საქმეები 21:27—22:30)

      13. ა) რატომ ატეხა ტაძარში აურზაური ზოგმა იუდეველმა? ბ) როგორ გადაურჩა პავლე ბრბოს?

      13 ტაძარში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ აურზაური ატყდა. აღთქმის შესრულების დრო რომ ახლოვდებოდა, აზიიდან ჩასულმა იუდეველებმა პავლე ტაძარში დაინახეს და ცილი დასწამეს, უცხოტომელები ჰყავსო შეყვანილი. რომაელთა რაზმის მეთაური დროულად რომ არ ჩარეულიყო, პავლეს ცემით მოკლავდნენ. მან ბრძანა, პავლე საპატიმროში წაეყვანათ (იმ დღიდან მის გათავისუფლებამდე ოთხ წელზე მეტი უნდა გასულიყო). მაგრამ პავლეს საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრებოდა. როცა რაზმის მეთაურმა იუდეველებს პავლეზე თავდასხმის მიზეზი ჰკითხა, ერთი ერთს გაჰყვიროდა, მეორე — მეორეს. მეთაურმა აურზაურში ვერაფერი გაიგო. ბოლოს ჯარისკაცებმა პავლე ხელში აიყვანეს და ისე გაარიდეს ტაძარს. ყაზარმას რომ უახლოვდებოდნენ, პავლემ მეთაურს სთხოვა: „ნება მომეცით, ხალხს დაველაპარაკო“ (საქ. 21:39). მეთაური დათანხმდა და პავლემაც გაბედულად დაიწყო თავისი რწმენის დაცვა.

      14, 15. ა) რა უთხრა პავლემ იუდეველებს? ბ) როგორ ცდილობდა რომაელი რაზმის მეთაური იუდეველთა რისხვის მიზეზის დადგენას?

      14 პავლემ დაიწყო: „მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“ (საქ. 22:1). მან ებრაულად მიმართა ბრბოს და ისინიც გაჩუმდნენ; გულახდილად აუხსნა, რატომ გახდა ქრისტეს მიმდევარი. პავლე ჭკვიანურად მოიქცა, როცა ზოგი ისეთი რამ მოიხსენია, რის გადამოწმებასაც, თუ მოინდომებდნენ, შეძლებდნენ კიდეც. მაგალითად, ის, რომ სახელგანთქმული გამალიელისგან ჰქონდა განათლება მიღებული და ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა, რაც იქ მყოფთაგან ზოგიერთს კარგად მოეხსენებოდა. მას არც ის დაუმალავს, რომ ერთ დღესაც დამასკოსკენ მიმავალს ხილვაში მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ელაპარაკა. მაშინ პავლესთან მყოფმა კაცებმაც დაინახეს კაშკაშა სინათლე, ხმაც მოისმინეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს (საქ. 9:7; 22:9). სინათლისგან თვალისჩინწართმეულ პავლეს მათ ხელი ჩაჰკიდეს და დამასკოში წაიყვანეს, სადაც იმ მხარეში მცხოვრები იუდეველებისთვის კარგად ცნობილმა ანანიამ სასწაულებრივად დაუბრუნა მხედველობა.

      15 პავლე მოუყვა მსმენელებს, რომ იერუსალიმში დაბრუნებულს ტაძარში იესო გამოეცხადა. ამის მოსმენამ აღაშფოთა იუდეველები, მათ ყვირილი დაიწყეს: „მოაშორეთ ეს კაცი აქედან, სიკვდილის ღირსია!“ (საქ. 22:22). რაზმის მეთაურმა უსაფრთხოებისთვის პავლე ყაზარმაში წაიყვანა. მას იუდეველების რისხვის მიზეზის გაგება სურდა და ჯარისკაცებს უბრძანა, შოლტით დაეკითხათ; მაგრამ პავლემ განაცხადა, რომ რომის მოქალაქე იყო, რაც თავის დასაცავად კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა. თავიანთი რწმენის დასაცავად იეჰოვას თაყვანისმცემლები დღესაც იყენებენ კანონიერ უფლებებს (იხილეთ ჩარჩოები „რომის კანონი და მოქალაქეები“ და „უფლებების დაცვა სასამართლოებში“). რაზმის მეთაურმა გაიგო თუ არა პავლეს მოქალაქეობის ამბავი, მიხვდა, რომ მის დასაკითხად სხვა მეთოდისთვის უნდა მიემართა. მეორე დღეს მან პავლე საგანგებოდ შეკრებილი სინედრიონის, ანუ იუდეველთა უზენაესი სასამართლოს, წინაშე წარადგინა.

      ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲨᲘ

      მოციქულ პავლეს მსგავსად ჩვენს დროშიც იეჰოვას მოწმეები ყველა კანონიერ შესაძლებლობას იყენებენ, რომ გაასაჩივრონ ის დადგენილებები, რომლებიც ზღუდავს მათ სამქადაგებლო საქმიანობას. ისინი გულმოდგინენი არიან „სასიხარულო ცნობის კანონით დაცვისას და განმტკიცებისას“ (ფილ. 1:7).

      1920—1930-იან წლებში ასობით და-ძმა დააპატიმრეს ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებისთვის. მაგალითად, 1926 წლისთვის გერმანიის სასამართლოებში 897 საქმე იყო შეტანილი. იმდენი სასამართლო საქმე განიხილებოდა, რომ გერმანიის ფილიალში აუცილებელი გახდა იურიდიული განყოფილების ჩამოყალიბება. 1930-იან წლებში კარდაკარ მსახურებისთვის ყოველ წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასობით ქრისტიანს აპატიმრებდნენ. 1936 წელს დაპატიმრებულთა რიცხვი 1 149 იყო. საჭირო დახმარების გასაწევად შეერთებულ შტატებშიც ჩამოაყალიბეს იურიდიული განყოფილება. 1933—1939 წლებში რუმინეთში მოწმეების წინააღმდეგ 530 სარჩელი შეიტანეს. მაგრამ ბოლოს, როცა საქმე რუმინეთის უზენაეს სასამართლომდე მივიდა, ბევრი გადაწყვეტილება მოწმეების სასარგებლოდ იქნა მიღებული. მსგავსი მდგომარეობა სხვა ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო.

      იურიდიული საკითხები მაშინ იჩენს თავს, როცა ბიბლიით განსწავლული სინდისის მქონე ქრისტიანი ნეიტრალიტეტს იცავს (ეს. 2:2—4; იოან. 17:14). მოწინააღმდეგეები უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რის გამოც ზოგჯერ კრძალავენ მათ საქმიანობას. მაგრამ წლების მანძილზე ბევრმა მთავრობამ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეები საფრთხეს არ ქმნიან.g

      g სხვადასხვა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული გამარჯვებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნები „ღვთის სამეფო მმართველობს!“, თავი 15, და „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, თავი 30.

      „მე ფარისეველი ვარ“ (საქმეები 23:1—10)

      16, 17. ა) რა მოხდა, როცა პავლემ სინედრიონს მიმართა? ბ) როგორ გამოავლინა პავლემ თავმდაბლობა მას შემდეგ, რაც ტუჩებში შემოარტყეს?

      16 სინედრიონის წინაშე პავლემ ასე დაიწყო თავის დაცვა: „ძმებო, ღვთის წინაშე დღემდე სუფთა სინდისით დავდივარ“ (საქ. 23:1). მაგრამ, როგორც ლუკა წერს, მეტის თქმა აღარ აცალეს: „ეს რომ მღვდელმთავარმა ანანიამ გაიგონა, გვერდით მდგომთ უბრძანა, ტუჩებში შემოარტყითო“ (საქ. 23:2). როგორი შეურაცხმყოფელი იქნებოდა! ვიდრე პავლე თავის დასაცავად რამეს იტყოდა, უკვე მატყუარად შერაცხეს! მისი რეაქცია ბუნებრივი იყო: „ღმერთი შემოგარტყამს, შე შეთეთრებულო კედელო. ზიხარ და კანონით მასამართლებ და ამ დროს თავადვე არღვევ კანონს, ჩემს ცემას რომ ბრძანებ!“ (საქ. 23:3).

      17 ზოგი იქ მყოფი იმან კი არ აღაშფოთა, რომ პავლეს შემოარტყეს, არამედ მისმა რეაქციამ. მათ უსაყვედურეს: „ღვთის მღვდელმთავარს ლანძღავ?“. პავლეს პასუხში თავმდაბლობა და კანონის პატივისცემა გამოჩნდა, რაც მათთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო: „ძმებო, არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარი იყო. დაწერილია, შენი ხალხის მმართველზე აუგს ნუ იტყვიო“ (საქ. 23:4, 5; გამ. 22:28).d ასე რომ, ახლა პავლემ თავდასაცავად სხვა ხერხს მიმართა. როცა შენიშნა, რომ სინედრიონის წევრები ფარისევლები და სადუკეველები იყვნენ, განაცხადა: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“ (საქ. 23:6).

      ძმა ერთ მღვდელმსახურს ბიბლიურ მუხლს ანახვებს მისსავე ბიბლიაში.

      პავლეს მსგავსად ვცდილობთ, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რაზეც მსმენელს ვეთანხმებით.

      18. რატომ თქვა პავლემ, ფარისეველი ვარო, და როგორ შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ მსგავსი მიდგომა?

      18 რატომ თქვა პავლემ, ფარისეველი ვარო? ის „ფარისევლების შვილი“ იყო, ფარისეველთა ოჯახში გაზრდილი. ასე რომ, ბევრი მას ისევ ფარისევლად მიიჩნევდა.e მაგრამ როგორ შეიძლებოდა მას ფარისეველთა რწმენისთვის შეედარებინა თავისი რწმენა? როგორც ამბობენ, ფარისევლებს სწამდათ, რომ სული არ კვდებოდა და მართალთა სულები ისევ ადამიანებად იბადებოდნენ. პავლე ამ შეხედულებას არ იზიარებდა, მას იესოს ნასწავლი მკვდრეთით აღდგომის სწამდა (იოან. 5:25—29). მაგრამ იმაში ეთანხმებოდა ფარისევლებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედი რეალური იყო, რასაც სადუკეველები უარყოფდნენ. ჩვენც შეგვიძლია მსგავსად მივუდგეთ მართლმადიდებლებს, კათოლიკეებსა თუ პროტესტანტებს. არ იქნებოდა ურიგო გვეთქვა, რომ ჩვენც გვწამს ღვთის. მართალია, შესაძლოა, ჩვენგან განსხვავებით სამების სწამდეთ, მაგრამ, ასეა თუ ისე, იმაში ვეთანხმებით, რომ ღმერთი არსებობს.

      19. რატომ ატყდა არეულობა სინედრიონში?

      19 პავლეს სიტყვებმა სინედრიონი ორად გაყო: «ატეხეს ყვირილი; ზოგი ფარისეველი მწიგნობარი წამოდგა და გაიმართა ცხარე კამათი, ამბობდნენ: „ამ კაცს ვერანაირი დანაშაული ვერ ვუპოვეთ, და, თუ მას სული ან ანგელოზი ელაპარაკა . . .“» (საქ. 23:9). სადუკეველებისთვის მიუღებელი იყო იმაზე მინიშნებაც კი, რომ პავლეს ანგელოზი ელაპარაკა, რადგან მათ არ სწამდათ ანგელოზების (იხილეთ ამავე გვერდზე ჩარჩო „სადუკეველები და ფარისევლები“). მდგომარეობა ისე გამწვავდა, რომ რაზმის მეთაურს ისევ მოუწია მოციქულის შველა (საქ. 23:10). პავლეს სიცოცხლეს კვლავ ემუქრებოდა საფრთხე. როგორ განვითარდებოდა მოვლენები? ამას შემდეგი თავიდან გავიგებთ.

      ᲡᲐᲓᲣᲙᲔᲕᲔᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲤᲐᲠᲘᲡᲔᲕᲚᲔᲑᲘ

      სინედრიონის, იუდეველების ეროვნული ადმინისტრაციული საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს, წევრები, ძირითადად, ორი მოპაექრე სექტის, სადუკეველებისა და ფარისევლების წარმომადგენლები იყვნენ. პირველი საუკუნის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, ამ ორ ჯგუფს შორის მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ფარისევლები ხალხისგან უამრავი ადათ-წესის შესრულებას მოითხოვდნენ, სადუკეველები კი მხოლოდ მოსეს კანონის დაცვას მიიჩნევდნენ საჭიროდ. ერთი ჯგუფიც ეწინააღმდეგებოდა იესოს და — მეორეც.

      როგორც ჩანს, სადუკეველებს, რომლებიც ძირითადად კონსერვატორები იყვნენ, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სამღვდელოებასთან; ყოფილი მღვდელმთავრებიც, ანაცა და კაიაფაც, ამ გავლენიანი სექტის წევრები იყვნენ (საქ. 5:17). მაგრამ, როგორც იოსებ ფლავიუსი ამბობს, სადუკეველების მოძღვრებებით „მხოლოდ მდიდრები იხიბლებოდნენ“.

      ფარისევლებს მასებზე ჰქონდათ დიდი გავლენა, თუმცა მათი შეხედულებების გამო კანონის დაცვა ხალხს ტვირთად ექცა. მაგალითად, ისინი სიწმინდის დასაცავად მეტისმეტად მკაცრ წესებს ადგენდნენ. სადუკეველებისგან განსხვავებით ფარისევლებს ბედისწერის სწამდათ და ფიქრობდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობდა სიცოცხლეს და სამართლიანად დაჯილდოვდებოდა ან დაისჯებოდა სიცოცხლეში გაკეთებული საქმეებისთვის.

      a იუდეველი ქრისტიანების სიმრავლის გამო კრებაც ბევრი იქნებოდა, რომელთა შეხვედრებიც სახლებში ჩატარდებოდა.

      b რამდენიმე წლის შემდეგ მოციქულმა პავლემ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მათ ახალი შეთანხმების უპირატესობა დაანახვა. ნათლად აჩვენა, რომ ახალმა შეთანხმებამ ძველი გააუქმა. იმ დამაჯერებელი არგუმენტების გარდა, რომელთა გამოყენებითაც იუდეველი ქრისტიანები პასუხს გასცემდნენ მოსეს კანონის თავგამოდებულ დამცველებს, პავლეს მსჯელობამ, ალბათ, განამტკიცა მათი რწმენა, ვისთვისაც მოსეს კანონი ხელშეუხებელი სიწმინდე იყო (ებრ. 8:7—13).

      c სწავლულთა სიტყვების თანახმად ამ ოთხ კაცს ნაზირობის აღთქმა ჰქონდა დადებული (რიცხ. 6:1—21). მართალია, მოსეს კანონი, რომლის მიხედვითაც ამ აღთქმას დებდნენ, უკვე გაუქმებული იყო, მაგრამ პავლეს მაინც შეიძლებოდა ეფიქრა, რომ იეჰოვას წინაშე ამ ოთხი კაცის დადებული პირობის შესრულებაში არასწორი არაფერი იქნებოდა. არც ხარჯების თავის თავზე აღება იქნებოდა არასწორი და არც ის, რომ მათ გვერდით ყოფილიყო. ზუსტად არ ვიცით, რა აღთქმა ჰქონდათ დადებული ამ ძმებს, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, პავლე არ იქნებოდა ცხოველური შესაწირავის მიტანის მომხრე (როგორც ნაზირებისგან მოითხოვებოდა), თითქოს ეს შესაწირავი კაცს ცოდვებისგან განწმენდდა. იესო ქრისტეს სრულყოფილმა შესაწირავმა გააუქმა ცოდვის გამოსასყიდად გაღებული ნებისმიერი სხვა მსხვერპლი. როგორც უნდა მოქცეულიყო პავლე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც მის სინდისს შებღალავდა.

      d ზოგი ამბობს, რომ პავლეს სუსტი მხედველობა ჰქონდა, რის გამოც მღვდელმთავარი ვერ იცნო. შესაძლოა დიდი ხნის წასული ყოფილიყო იერუსალიმიდან და არ სცოდნოდა, მაშინ ვინ მღვდელმთავრობდა. ანდა ხალხის სიმრავლის გამო ვერ დაენახა, ვინ გასცა ბრძანება.

      e ახ. წ. 49 წელს, როცა მოციქულები და უხუცესები უცხოტომელთათვის მოსეს კანონის დაცვა-არდაცვის საკითხს განიხილავდნენ, იქ მყოფთაგან ზოგ ქრისტიანზე ლუკა წერდა, რომ ისინი „ფარისეველთა სექტის წევრები [იყვნენ], რომლებმაც ირწმუნეს“ (საქ. 15:5). როგორც ჩანს, ამ მორწმუნეებს წარსულის გამო, გარკვეულწილად, ისევ ფარისევლებად იცნობდნენ.

  • „გამაგრდი!“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
    • ᲗᲐᲕᲘ 24

      „გამაგრდი!“

      პავლე გადაურჩა მის წინააღმდეგ შეთქმულებს და ფელიქსის წინაშე დაიცვა თავი.

      საქმეები 23:11—24:27

      1, 2. რატომ არ უკვირდა პავლეს, რომ ასე იდევნებოდა იერუსალიმში?

      ᲞᲐᲕᲚᲔ როგორღაც გადაურჩა იერუსალიმში მის წინააღმდეგ აღმდგარ გაშმაგებულ ბრბოს, მაგრამ პატიმრობას თავი ვერ დააღწია. ამ გულმოდგინე მქადაგებელს არ გაჰკვირვებია, რომ ის ხალხმა აითვალწუნა. პავლე გაფრთხილებული იყო, რომ ამ ქალაქში ვერც ბორკილებს გაექცეოდა და ვერც გასაჭირს (საქ. 20:22, 23). მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა, რას მოუტანდა ხვალინდელი დღე, ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ იესოს სახელისთვის დაიტანჯებოდა (საქ. 9:16).

      2 პავლეს ქრისტიან წინასწარმეტყველთაგანაც სმენოდა, რომ შებოჭავდნენ და უცხოტომელებს გადასცემდნენ (საქ. 21:4, 10, 11). დაპატიმრებამდე იუდეველთა ბრბო მის მოკვლას შეეცადა, მერე კი სინედრიონის წევრები პავლეს სიტყვების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ის კინაღამ შუაზე გაგლიჯეს. ამის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცები მეთვალყურეობდნენ. წინ არაერთი ბრალდება და სასამართლო პროცესი ელოდა (საქ. 21:31; 23:10). მოციქულ პავლეს ჰაერივით სჭირდებოდა გამხნევება.

      3. რა შეგვმატებს ძალას ქადაგების დაუღალავად გასაგრძელებლად?

      3 ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულს „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). დაუღალავად რომ განვაგრძოთ ქადაგება, დროდადრო ჩვენც გვჭირდება გამხნევება. დიდად ვაფასებთ „ერთგული და გონიერი მონის“ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოსმენილ და პუბლიკაციებში ამოკითხულ დროულ და საჭირო სიტყვებს (მათ. 24:45). იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სასიხარულო ცნობის მტრები წარმატებას ვერ მიაღწევენ. ისინი ვერც მის მსახურებს (როგორც ჯგუფს) გაანადგურებენ და ვერც სამქადაგებლო საქმიანობას შეაჩერებენ (ეს. 54:17; იერ. 1:19). რისი თქმა შეიძლება მოციქულ პავლეზე? გაამხნევა ღმერთმა ისე, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად საგულდაგულოდ ქადაგება შესძლებოდა? თუ გაამხნევა — როგორ, და რა იყო ამის შედეგი?

      შეთქმულების ჩაშლა (საქმეები 23:11—34)

      4, 5. ვინ და როგორ გაამხნევა პავლე, და რატომ იყო ეს დროული?

      4 ბიბლიაში ვკითხულობთ, რა მოხდა იმ ღამეს, როცა პავლე დაიხსნეს სინედრიონიდან: «უფალი გამოეცხადა და უთხრა: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ქადაგებდი გულმოდგინედ ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა იქადაგო“» (საქ. 23:11). იესოს გამამხნევებელმა სიტყვებმა დაარწმუნა პავლე, რომ ისე არ მოკვდებოდა, იესოზე რომში რომ არ ექადაგა.

      პავლეს დისშვილი კლავდიუს ლისიას ელაპარაკება.

      „40 კაცზე მეტი აპირებს ჩასაფრებას“ (საქმეები 23:21).

      5 ასეთი გამხნევება მართლაც დროული იყო. მეორე დღეს 40-ზე მეტმა იუდეველმა პირი შეკრა და ფიცი დადო, რომ „სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც შეჭამდნენ და არც დალევდნენ“. ის, თუ როგორი მოწადინებულები იყვნენ იუდეველები, მოეკლათ მოციქული, იქიდან ჩანს, რომ ფიცი დადეს. შეთქმულების ჩაშლის შემთხვევაში, მათი აზრით, წყევლას დაიტეხდნენ თავს (საქ. 23:12—15). უფროსი მღვდლებისა და უხუცესების მოწონებული გეგმის მიხედვით, პავლე სინედრიონში უნდა წაეყვანათ, თითქოს იმ მიზეზით, რომ უკეთ გარკვეულიყვნენ საქმის ვითარებაში; მაგრამ ამ დროს შეთქმულები გზაში ჩაუსაფრდებოდნენ, თავს დაესხმებოდნენ პავლეს და მოკლავდნენ.

      6. როგორ მივიდა პავლეს ყურამდე შეთქმულების ამბავი და რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ამ შემთხვევიდან?

      6 პავლეს დისშვილმა შეთქმულების ამბავი შეიტყო და მის ყურამდე მიიტანა. პავლემ ის ათასისთავთან, კლავდიუს ლისიასთან გაგზავნა (საქ. 23:16—22). მართალია, ჩვენ არ ვიცით პავლეს დისშვილის სახელი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს ახალგაზრდები, რომლებიც მის მსგავსად ღვთის ხალხის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინ აყენებენ და თავს არ ზოგავენ სამეფოს საქმისთვის.

      7, 8. რა გააკეთა კლავდიუს ლისიამ პავლეს უსაფრთხოებისთვის?

      7 ათასკაციანი რაზმის მეთაურმა, კლავდიუს ლისიამ, როგორც კი შეთქმულების ამბავი გაიგო, ბრძანა, რომ 470 ჯარისკაცს, შუბოსანსა და მხედარს პავლე იმავე ღამეს გაეყვანათ იერუსალიმიდან და უსაფრთხოდ მიეყვანათ კესარეაში გამგებელ ფელიქსთან.a მართალია, იუდეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, კესარეაში, საკმაოდ ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, მაგრამ მოსახლეობის ძირითად ნაწილს მაინც უცხოტომელები შეადგენდნენ. კესარეაში უფრო სტაბილური გარემო იყო, ვიდრე იერუსალიმში — სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ მტრულად განწყობილი და აურზაურის ამტეხი ხალხის ქალაქში. კესარეიდან იმართებოდა იუდეის პროვინციის ჯარიც.

      8 რომის კანონის მოთხოვნით ლისიამ წერილში ფელიქსს საქმის ვითარება გააცნო. მისწერა, რომ პავლეს მოქალაქეობის გაგებისთანავე, ის იუდეველების ხელიდან დაიხსნა; პავლეში ისეთი ვერაფერი დაინახა, „სიკვდილი ან ბორკილები“ რომ დაემსახურებინა, მაგრამ მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების გამო ფელიქსთან გაგზავნა, რათა თავად მოესმინა ბრალმდებლებისთვის და განაჩენიც გამოეტანა (საქ. 23:25—30).

      9. ა) როგორ დაირღვა პავლეს მოქალაქეობრივი უფლებები? ბ) რატომ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვას?

      9 სიმართლეს შეეფერებოდა ის, რაც ლისიას წერილში ეწერა? მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც ჩანს, მას უნდოდა გამგებელთან თავი გამოეჩინა. ფაქტია, რომ მას პავლე რომის მოქალაქეობისთვის არ დაუხსნია. გარდა ამისა, ლისიას არ დაუწერია, რომ პავლეს „ორი ჯაჭვით“ შეკვრისა და „შოლტით დაკითხვის“ ბრძანება ჰქონდა გაცემული (საქ. 21:30—34; 22:24—29). ამით მან პავლეს მოქალაქეობრივი უფლებები დაარღვია. დღეს სატანა რელიგიურ ფანატიზმს იყენებს დევნის გასაძლიერებლად, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებებიც. ამიტომ, პავლეს მსგავსად, ხშირად ღვთის ხალხი თავიანთი უფლებების დასაცავად კანონს მიმართავს.

      „თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს“ (საქმეები 23:35—24:21)

      10. რა სერიოზული ბრალდებები წაუყენეს პავლეს?

      10 იერუსალიმიდან ბრალმდებლების ჩასვლამდე პავლე კესარეაში „ჰეროდეს სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ“ ჰყავდათ (საქ. 23:35). ხუთი დღის შემდეგ იქ მღვდელმთავარი ანანია, ორატორი ტერტულუსი და რამდენიმე უხუცესი ჩავიდნენ. დასაწყისში იუდეველებისთვის გაკეთებული საქმეებისთვის ტერტულუსმა აქო და ადიდა ფელიქსი. ამით ის, როგორც ჩანს, პირფერულად ცდილობდა ფელიქსის გულის მოგებას.b მერე კი საქმეზე გადავიდა და თქვა, რომ პავლე „შფოთის ამტეხია, ნაზარეთელთა სექტის წინამძღოლია და მთელ ქვეყანაზე იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებს. ის ტაძრის შებღალვასაც შეეცადა, მაგრამ შევიპყარით. მას იუდეველებმაც აუბეს მხარი და ირწმუნებოდნენ, მართალს ამბობსო“ (საქ. 24:5, 6, 9). ეს მართლაც სერიოზული ბრალდებები იყო, რადგან ამბოხების მოწყობისთვის, საშიში სექტის წინამძღოლობისა და ტაძრის შებღალვისთვის კაცი შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ.

      11, 12. როგორ გააბათილა პავლემ მოწინააღმდეგეების ბრალდებები?

      11 ამის შემდეგ პავლეს მიეცა სიტყვა: „თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს“. მან კატეგორიულად უარყო ყველა ბრალდება. მას არც ტაძარი შეუბღალავს და არც ამბოხება მოუწყვია; იერუსალიმში „მრავალი წელი“ არ ჩასულა და ამჯერად შიმშილობისა და დევნის გამო გაჭირვებული ქრისტიანებისთვის „შემოწირულობის მისატანად“ იყო ჩასული. პავლე ირწმუნებოდა, რომ ტაძარში შესვლამდე განწმენდილი იყო და ყველანაირად ცდილობდა, ცუდი არაფერი გაეკეთებინა „ღვთისა და კაცთა წინაშე“ (საქ. 24:10—13, 16—18).

      12 რაც შეეხებოდა იმას, რასაც იუდეველები სექტანტობას უწოდებდნენ, პავლემ აღნიშნა, რომ ამით ის თავისი მამა-პაპის ღმერთს უსრულებდა წმინდა მსახურებას. იმასაც ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი სწამდა, „რაც კანონში და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია“; და თავისი ბრალმდებლების მსგავსად მასაც ჰქონდა იმედი, რომ იქნებოდა „მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. ბოლოს პავლემ თავის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასაბუთება მოითხოვა: „აქ მყოფებმა თქვან, რაში დამედო ბრალი, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი; მხოლოდ ის ვთქვი, მკვდრეთით აღდგომისთვის მასამართლებენ-მეთქი დღეს თქვენ წინაშე!“ (საქ. 24:14, 15, 20, 21).

      13—15. როგორ მივბაძოთ პავლეს, როცა სახელმწიფო მოხელეებთან გვიწევს ქადაგება?

      13 ჩვენც ვბაძავთ პავლეს, თუ ღვთის თაყვანისცემის გამო სახელმწიფო მოხელეთა წინაშე ბრალს გვდებენ, თითქოს აურზაურს ვტეხდეთ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ვმონაწილეობდეთ და „საშიში სექტის“ წევრები ვიყოთ. ტერტულუსისგან განსხვავებით პავლე არ ცდილობდა პირფერულად გამგებლის გულის მოგებას. ის მშვიდად და პატივისცემით ლაპარაკობდა. მან გამგებლის წინაშე ტაქტიანად წარადგინა ნათელი და დამაჯერებელი ფაქტები, და ისიც თქვა, რომ „აზიიდან ჩამოსული იუდეველები“, რომლებმაც ის ტაძრის შებღალვაში დაადანაშაულეს, კანონის თანახმად, იქ უნდა ყოფილიყვნენ და თავად უნდა დაედოთ მისთვის ბრალი (საქ. 24:18, 19).

      14 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პავლეს უკან არ დაუხევია და თავისი რწმენის შესახებ გაბედულად იქადაგა. მაგალითად, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწამდა აღდგომის. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია არეულობა, როცა პავლე სინედრიონის წინაშე იდგა (საქ. 23:6—10). თავის დაცვისას რატომ გაამახვილა პავლემ ყურადღება აღდგომის იმედზე? იმიტომ, რომ ის იესოსა და მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქადაგებდა, რაც მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელი იყო (საქ. 26:6—8, 22, 23). სწორედ მკვდრეთით აღდგომა, უფრო კონკრეტულად კი იესოს მკვდრეთით აღდგომა და მისი რწმენა, იყო ძირითადი საკამათო საკითხი.

      15 ჩვენც შეგვიძლია გაბედულად ვიქადაგოთ და გავძლიერდეთ იესოს სიტყვებით: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“. უნდა გვაფიქრებდეს ის, თუ რა ვილაპარაკოთ? არა, რადგან იესო გვარწმუნებს: „როცა გადაგცემენ, წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული“ (მარ. 13:9—13).

      „ფელიქსს შეეშინდა“ (საქმეები 24:22—27)

      16, 17. ა) როგორ წაუძღვა ფელიქსი პავლეს საქმის განხილვას? ბ) რატომ შეიძლება შეშინებოდა ფელიქსს, და რატომ უხმობდა პავლეს?

      16 გამგებელ ფელიქსს პირველად არ მოუსმენია ქრისტიანთა მრწამსის შესახებ. «ფელიქსმა ბევრი რამ იცოდა უფლის გზის შესახებ [ასე უწოდებდნენ ადრინდელ ქრისტიანობას], ამიტომ დაითხოვა ისინი და უთხრა: „როცა ათასისთავი ლისია ჩამოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს“. მან ასისთავს უბრძანა, პატიმრობაში დაეტოვებინა პავლე, თუმცა გარკვეული თავისუფლება მიეცა, და ახლობლებისთვის მასზე ზრუნვის ნება დაერთო» (საქ. 24:22, 23).

      17 რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსმა და მისმა იუდეველმა ცოლმა, დრუზილამ, პავლე გამოაძახებინეს და მოუსმინეს, „ქრისტე იესოსადმი რწმენაზე“ რომ ლაპარაკობდა (საქ. 24:24). „მაგრამ, რაკი პავლე სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე ლაპარაკობდა, ფელიქსს შეეშინდა“. შიშის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ მას ბევრი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი და სინდისი მსჯავრს სდებდა. ამიტომ გაუშვა პავლე და უთხრა: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, ისევ გამოგიძახებ“. ამის შემდეგ ფელიქსი არაერთხელ შეხვედრია პავლეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება აინტერესებდა, არამედ იმის იმედით, რომ პავლე ქრთამს მისცემდა (საქ. 24:25, 26).

      18. რატომ ელაპარაკა პავლე ფელიქსსა და მის ცოლს „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე“?

      18 რატომ ელაპარაკა პავლე ფელიქსსა და მის ცოლს „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე“? როგორც დავინახეთ, მათ აინტერესებდათ, რას ნიშნავდა „ქრისტე იესოსადმი რწმენა“. პავლესთვის უცნობი არ იყო, რომ ისინი გარყვნილი, სასტიკი და უსამართლო ადამიანები იყვნენ და პირდაპირ უთხრა, რა მოეთხოვებოდათ იესოს მიმდევრობის მსურველთ. პავლეს ნათქვამმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად განსხვავდებოდა ღვთის სამართლიანი ნორმები ფელიქსისა და მისი ცოლის ცხოვრების წესისგან. ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ყველა ადამიანი ღვთის წინაშე აგებდა პასუხს ფიქრებისთვის, სიტყვებისა და საქმეებისთვის, და რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ იყო, როგორ განაჩენს გამოუტანდნენ პავლეს, არამედ ის, თუ როგორ განაჩენს გამოუტანდა მათ ღმერთი. რა გასაკვირია, რომ „ფელიქსს შეეშინდა“.

      19, 20. ა) როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან, ვინც სასიხარულო ცნობის მიმართ ინტერესს ავლენს, მაგრამ, სინამდვილეში, ცხოვრების შეცვლა არ სურს? ბ) საიდან ჩანს, რომ ფელიქსი პავლეს მეგობარი არ ყოფილა?

      19 მსახურებაში შესაძლოა ჩვენც შევხვდეთ ფელიქსის მსგავს ადამიანებს. თავიდან შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ჭეშმარიტება აინტერესებთ, სინამდვილეში კი არ სურდეთ ცხოვრების შეცვლა. ასეთ ადამიანებთან სიფრთხილე გვმართებს. პავლეს მსგავსად ტაქტიანად უნდა ავუხსნათ მათ ღვთის სამართლიანი ნორმები. ვინ იცის, იქნებ ჩასწვდეს მათი გული ჭეშმარიტებას. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ არ აპირებენ ცხოვრების წესის შეცვლას, ნურაფერს ვაიძულებთ, შევეცადოთ, ისინი მოვძებნოთ, ვისაც ნამდვილად სწყურია ჭეშმარიტება.

      20 სინამდვილეში რა ჰქონდა ფელიქსს გულში, კარგად ჩანს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვებიდან: „ორი წლის შემდეგ ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა. ვინაიდან ფელიქსს იუდეველთა კეთილგანწყობის მოხვეჭა უნდოდა, პავლე პატიმრობაში დატოვა“ (საქ. 24:27). ფელიქსი პავლეს მეგობარი არ ყოფილა. მან კარგად იცოდა, რომ „უფლის გზის“ მიმდევრები არც სახელმწიფოს მოღალატეები იყვნენ და არც მოჯანყეები (საქ. 19:23). ისიც კარგად იცოდა, რომ პავლეს რომის არც ერთი კანონი არ დაურღვევია. ამის მიუხედავად, „იუდეველთა კეთილგანწყობის მოხვეჭა“ არჩია და პავლე პატიმრობაში დატოვა.

      21. რა მოხდა მას შემდეგ, რაც გამგებელი პორციუს ფესტუსი გახდა, და რა შემატებდა პავლეს ძალას?

      21 „საქმეების“ 24-ე თავის ბოლო მუხლიდან ჩანს, რომ პავლე ჯერ კიდევ პატიმარი იყო, როცა პორციუს ფესტუსმა ფელიქსი შეცვალა. ამგვარად დაიწყო პავლეს საქმის გაუთავებელი განხილვები, მას ბევრი სახელმწიფო მოხელის წინაშე მოუწია წარდგომა. ეს გაბედული მოციქული მართლაც არაერთხელ წაიყვანეს „მეფეებთან და გამგებლებთან“ (ლუკ. 21:12). როგორც მოგვიანებით დავინახავთ პავლემ იმ დროს ყველაზე ძლევამოსილ მმართველს უქადაგა. ის ნებისმიერ ვითარებაში მტკიცედ იდგა რწმენაში და მას ძალას მატებდა იესოს ნათქვამი: „გამაგრდი!“.

      ᲘᲣᲓᲔᲘᲡ ᲞᲠᲝᲙᲣᲠᲐᲢᲝᲠᲘ ᲤᲔᲚᲘᲥᲡᲘ

      ახ. წ. დაახლოებით 52 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუსმა ერთ-ერთი მისი რჩეულთაგანი, ანტონიუს ფელიქსი, იუდეის პროკურატორად, ანუ გამგებლად, დანიშნა. თავისი ძმის, პალასის, მსგავსად ფელიქსი ერთ დროს იმპერატორის ოჯახის მონა იყო, რომელიც თავად იმპერატორს ჰყავდა გათავისუფლებული. მანამდე არავის არასდროს დაუნიშნავს გათავისუფლებული მონა პროკურატორად და არავის აღუჭურავს ის სამხედრო ძალაუფლებით.

      ფელიქსი.

      რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსის სიტყვების თანახმად, ფელიქსს ეგონა, რომ „მისთვის ნებისმიერი უმსგავსო საქციელი დასაშვები იყო და დასჯასაც გადაურჩებოდა“, რადგან მისი ძმა იმპერატორთან დაახლოებული პირი იყო. ფელიქსი „სისასტიკით იყო ცნობილი, ყველა სურვილს იკმაყოფილებდა და მეფური ძალაუფლების გამოყენებისას მისი მონური მენტალიტეტი ყოველ ნაბიჯზე ვლინდებოდა“. უკვე პროკურატორმა ფელიქსმა ჰეროდე აგრიპა I-ის ქალიშვილი, დრუზილა, მოიყვანა ცოლად, რომელსაც ქმარი დაატოვებინა. ფელიქსი მოციქულ პავლეს მოქალაქეობრივ უფლებებს არღვევდა და მისგან ქრთამის მიღება სურდა.

      ფელიქსის მმართველობის დროს კორუფცია და ჩაგვრა საზოგადოებაზე იმდენად დიდ გავლენას ახდენდა, რომ იმპერატორმა ნერონმა ახ. წ. 58 წელს ფელიქსი რომში დააბრუნა. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დასამოწმებლად და ბრალმდებლად მას რომში რამდენიმე იუდეველი გაჰყვა, მაგრამ, როგორც ამბობენ, მისმა ძმამ, პალასმა, ის სასჯელისგან იხსნა.

      a იხილეთ ჩარჩო „იუდეის პროკურატორი ფელიქსი“.

      b ტერტულუსმა მადლიერება გამოხატა „დიდი მშვიდობისთვის“, რაც ფელიქსის წყალობით ჰქონდა ერს. მაგრამ, სინამდვილეში, ფელიქსის მმართველობის პერიოდთან შედარებით სხვა გამგებლების მმართველობის დროს, რომის წინააღმდეგ აჯანყებამდე, იუდეაში უფრო მეტი სიმშვიდე იყო. სიმართლეს ტერტულუსის არც ის სიტყვები შეესაბამებოდა, თითქოს „დიდად მადლიერნი“ ხვდებოდნენ იუდეველები ფელიქსის რეფორმებს. ფაქტი ის იყო, რომ იუდეველთა უმეტესობას სძულდა ფელიქსი, რადგან უმოწყალოდ ჩაგრავდა ხალხს და სასტიკად ახშობდა ყველა ამბოხებას (საქ. 24:2, 3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება