-
ზეპირი რჯული — რატომ დაიწერა ის?საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 იანვარი
-
-
რატომ არ აღიარეს იესო მესიად პირველი საუკუნის ებრაელებმა? ერთმა თვითმხილველმა დაწერა: „როცა [იესო] ტაძარში მივიდა და ასწავლიდა, მიუახლოვდნენ მას მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“ (მათე 21:23, აფ). ისინი ფიქრობდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა იუდეველ ერს მისცა თორა (რჯული), რომლის მეშვეობითაც გარკვეულ კაცებს ძალაუფლება მიანიჭა. ჰქონდა იესოს ასეთი ძალაუფლება?
იესომ დიდი პატივისცემა გამოავლინა თორისა და მათ მიმართ, ვისაც თორა ნამდვილ ძალაუფლებას ანიჭებდა (მათე 5:17–20; ლუკა 5:14; 17:14). თუმცა ის ხშირად განსჯიდა მათ, ვინც არ იცავდა ღვთის მცნებებს (მათე 15:3–9; 23:2–28). ასეთი ადამიანები მიჰყვებოდნენ ტრადიციებს, რომლებიც ცნობილი გახდა როგორც ზეპირი რჯული. იესომ უარყო ის. ამიტომ ბევრმა უარყო იესო, როგორც მესია. მათ სწამდათ, რომ მათ შორის იმას ექნებოდა ღვთის მხარდაჭერა, ვინც ძალაუფლების მქონეთა მიერ დადგენილ ტრადიციებს დაიცავდა.
-
-
ზეპირი რჯული — რატომ დაიწერა ის?საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 იანვარი
-
-
„ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“
მოსეს რჯულიდან ნათელი იყო, რომ ძირითადი რელიგიური ძალაუფლება და სწავლების უფლება მღვდლებს, აარონის შთამომავლებს, ეძლეოდათ (ლევიანნი 10:8–11; მეორე რჯული 24:8; მეორე ნეშტთა 26:16–20; მალაქია 2:7). მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში ზოგი მღვდელი ორგული გახდა და გაირყვნა (პირველი მეფეთა 2:12–17, 22–29; იერემია 5:31; მალაქია 2:8, 9). ბერძნების ბატონობის დროს ბევრი მღვდელი რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე მიდიოდა. ძვ. წ. II საუკუნეში ფარისევლებმა — იუდეველებში ახლად წარმოქმნილმა ჯგუფმა, რომელიც არ ენდობოდა სამღვდელოებას — დაიწყეს ისეთი ტრადიციების შექმნა, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერს შეეძლო თავი მღვდელივით წმინდად მიეჩნია. ეს ტრადიციები ბევრს მოსწონდა, მაგრამ ისინი რჯულის მიუღებელი დამატება იყო (მეორე რჯული 4:2; 12:32 [13:1 ებრაულ გამოცემებში]).
ფარისევლები გახდნენ რჯულის ახალი მცოდნეები და აკეთებდნენ იმას, რასაც, მათი აზრით, მღვდლები არ აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულის მიხედვით ისინი არ იყვნენ ძალაუფლების მქონეები, მათ შეიმუშავეს საღვთო წერილის ახსნის ახალი მეთოდები; მათში გაუგებარი მინაწერები და სხვა ისეთი საშუალებები შედიოდა, რომლებიც თითქოსდა მხარს უჭერდა მათ აზრებსa. როგორც ამ ტრადიციების მთავარმა დამცველებმა და დამფუძნებლებმა, მათ ისრაელში ძალაუფლებისთვის ახალი საფუძველი შექმნეს. ახ. წ. I საუკუნისთვის ფარისევლები იუდაიზმის მთავარი ძალა გახდნენ.
როდესაც თავს უყრიდნენ არსებულ ზეპირ ტრადიციებს და საკუთარი დადგენილებების განსამტკიცებლად საღვთო წერილში ეძებდნენ გამართლებას, ფარისევლებმა დაინახეს, რომ თავიანთი საქმიანობისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭება სჭირდებოდათ. შეიქმნა ახალი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან წარმოიშვა ეს ტრადიციები. რაბინები ასწავლიდნენ: „სინაის მთაზე მიღებული თორა მოსემ იესო ნავეს ძეს გადასცა, იესო ნავეს ძემ — უხუცესებს, მათ — წინასწარმეტყველებს, ხოლო წინასწარმეტყველებმა ის დიდებული კრებულის მამაკაცებს დაუტოვეს“ (აბოთი 1:1, მიშნა).
როდესაც ამბობდნენ, რომ „მოსემ მიიღო თორა“, რაბინები გულისხმობდნენ არა მარტო დაწერილ კანონებს, არამედ თავიანთ ყველა ზეპირ ტრადიციასაც. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ტრადიციები, რომლებიც ადამიანებმა გამოიგონეს და ჩამოაყალიბეს, ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე. გარდა ამისა, ისინი ასწავლიდნენ, რომ ღმერთს არ გაუთვალისწინებია, ადამიანებს შეევსოთ თორა; მან ზეპირად განსაზღვრა ის, რაც დაწერილ რჯულში არ იყო ნათქვამი. როგორც ისინი ამბობდნენ, მოსემ ეს ზეპირი რჯული თაობებს გადასცა — არა მღვდლებს, არამედ სხვა წინამძღოლებს. ფარისევლები აცხადებდნენ, რომ თვითონ იყვნენ ძალაუფლების მქონეების ამ „უწყვეტელი“ ჯაჭვის მემკვიდრეები.
-