გამოავლინე გულწრფელი ინტერესი და იყავი კეთილი
1 ერთი ქალი, რომელიც უარყოფითად იყო განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ, იხსენებს, თუ როგორ შეხვდა პირველად ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს: „ნამდვილად არ მახსოვს, რის შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ მახსოვს, რომ ის კეთილი, გულწრფელი და თავმდაბალი ადამიანი იყო. მისმა პიროვნებამ ძალიან მიმიზიდა“. ამ სიტყვებიდან ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გულწრფელი ინტერესის გამოვლენა მათ მიმართ, ვისაც ვუქადაგებთ (ფილ. 2:4).
2 სიყვარული კეთილია: სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა, იყო კეთილი (1 კორ. 13:4). კეთილი ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული სხვების კეთილდღეობით და ცდილობს ისეთი რამ გააკეთოს, რითაც სხვებს დაეხმარება. რა თქმა უნდა, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით სიკეთეს ვავლენთ. მაგრამ გულწრფელ ინტერესს ადამიანების მიმართ მხოლოდ ქადაგებით როდი გამოვხატავთ. ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს მათთან მეგობრული დამოკიდებულება, კარგი მანერები, სახის გამომეტყველება, როგორ ვუსმენთ მათ, რას ვამბობთ და როგორ, ცხადყოფს, რომ ნამდვილად ვართ მათით დაინტერესებულნი (მათ. 8:2, 3).
3 როცა დაინტერესებულნი ვართ ხალხის კეთილდღეობით, ასევე გვსურს, რომ მათ პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ. კარდაკარ ქადაგების დროს პიონერ ძმას ხანში შესულმა ქვრივმა ქალმა სწრაფად უთხრა უარი, როცა გაიგო, რომ ის იეჰოვას მოწმე იყო. ქალმა თქვა, რომ ის სამზარეულოში გასაშლელ კიბეზე იდგა და ნათურას ცვლიდა, როცა ძმამ ზარი დარეკა. „სახიფათოა, ამას მარტო რომ აკეთებთ“, — უთხრა ძმამ. ქალმა სახლში შეიპატიჟა, ძმამ გამოცვალა ნათურა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ქალი თავისმა ვაჟმა მოინახულა; ის კი მოუყვა, რაც მოხდა. ამან შვილზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას სურდა, რომ ენახა ჩვენი ძმა და მადლობა გადაეხადა. ამას მოჰყვა ის, რომ შესანიშნავი საუბარი შედგა ძმასა და ამ პიროვნებას შორის. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
4 როდესაც სიკეთეს ვავლენთ, იეჰოვას სიყვარულს ვირეკლავთ და ვამკობთ სამეფოს შესახებ ცნობას. ამიტომაც მოდი ყოველთვის ‘ვუშუამდგომლოთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ . . . სიკეთით’ (2 კორ. 6:4, 6).