ყოველთვის საჭირო იქნება შეიარაღებული ძალები?
შეიარაღებულ ძალებზე კაცობრიობამ დიდძალი თანხები დახარჯა და ამ ძალებმა ადამიანების კეთილდღეობა შეიწირა. ზოგი პიროვნება დაინტერესებულია: „მიაღწევს კაცობრიობა ოდესმე ისეთ მსოფლიო უსაფრთხოებას, რომ შესაძლებელი გახდეს შეიარაღებული ძალების დაშლა?“ ახლა, როდესაც მასობრივი მოსპობის იარაღის საშუალებით სიცოცხლის განადგურების საშიშროება არსებობს, ეს საკითხი უფრო მეტად საჭირბოროტო ხდება. რამდენად რეალურია, მოველოდეთ ქვეყნიერებას, სადაც აღარ იარსებებს შეიარაღებული ძალები?
უამრავი პრეცედენტი ამტკიცებს, რომ ჯანსაღი საერთაშორისო კავშირებით მიღწეული ურთიერთნდობის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ნაწილობრივი განიარაღება. მაგალითად, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობის შედეგია, რომ მათ 5 000 კილომეტრიან სახელმწიფო საზღვარს საუკუნე-ნახევარზე მეტია, რაც შეიარაღებული ძალები არ იცავს. ნორვეგიამ და შვედეთმაც, ისევე როგორც სხვა მრავალმა სახელმწიფომ, მსგავს ურთიერთშეთანხმებას მიაღწია. შესაძლებელია, რომ ყველა ქვეყანას შორის თანხმობის საფუძველზე მსოფლიოში აღარ არსებობდეს შეიარაღებული ძალები? პირველი მსოფლიო ომის საშინელებებმა ეს აზრი უპრეცედენტოდ პოპულარული გახადა.
როდესაც 1918 წელს ომი დამთავრდა, ვერსალის საზავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მიზანი იყო, „შესაძლებელი გაეხადა ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საყოველთაო შემცირების წამოწყება“. და შემდგომი წლების მანძილზე პოპულარობა პაციფიზმმა მოიპოვა. ზოგიერთი პაციფისტის ნათქვამის მიხედვით ომი არის ყველაზე უარესი რამ, რაც კი შეიძლება ერს თავს დაატყდეს და აქედან გამომდინარე იმაზე უარესიც, ვიდრე დამარცხება. პაციფიზმის მოწინააღმდეგენი ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ და მიუთითებდნენ ებრაელებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ნაკლებად უწევდნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას დამპყრობლებს, მაგრამ მათი განადგურების ულმობელი მცდელობა კვლავაც გრძელდებოდა. თუმცა აფრიკელებს მცირე შესაძლებლობა ჰქონდათ, წინააღმდეგობა გაეწიათ მათთვის, ვინც ისინი ამერიკელთა მონებად გახადა, საუკუნეების განმავლობაში მათ უმოწყალოდ ეპყრობოდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას კი მრავალი პაციფისტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნებს დაცვა ესაჭიროებათ. ამიტომ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, ყურადღება მიმართული იყო არა განიარაღებაზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბის ურთიერთთანამშრომლობის საშუალებით აგრესიის თავიდან აცილებაზე. მისი წევრები იმედოვნებდნენ, რომ ამგვარად უზრუნველყოფილი უსაფრთხოება ერების განიარაღებას გამოიწვევდა.
თანდათანობით სხვა პრობლემამ იჩინა თავი. როდესაც ერთი სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობდა, მეზობელი სახელმწიფო ამის გამო თავს დაუცველად გრძნობდა. ამ დაუსრულებელმა პროცესმა გამალებულ შეიარაღებამდე მიგვიყვანა. მაგრამ ბოლო ხანებში წამყვან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ განიარაღების იმედი გაზარდა. თუმცა მას შემდეგ ომმა სპარსეთის ყურეში და ყოფილ იუგოსლავიაში მომხდარმა უბედურებამ მრავალ ადამიანს განიარაღების იმედი დაუკარგა. დაახლოებით ხუთი წლის წინ ჟურნალში „ტაიმი“ ნათქვამი იყო: „მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი დამთავრებულია, მსოფლიოში არა თუ ნაკლებად, არამედ უფრო მეტად სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა“.
მსოფლიო „პოლიციელს“ ნატრობენ
მრავალი იმ დასკვნამდე მიდის, რომ კაცობრიობას ესაჭიროება ერთიანი მსოფლიო მთავრობა იმდენად ძლიერი შეიარაღებული ძალებით, რომ მან ყველას დაცვა შესძლოს. მაგრამ, რამდენადაც არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და არც მსოფლიოს სხვა მთავარ სამხედრო ძალებს არ შეუძლია ამის განხორციელება, ზოგი ფიქრობს, რომ მომავლისთვის იმედი თითქმის აღარ რჩება. მაგრამ, თუ შენ ბიბლიას მიიღებ, როგორც ღვთის სიტყვას, დაინახავ, რომ ამ აუცილებლობას ყოვლისშემძლე ღმერთი დააკმაყოფილებს.
ნამდვილად გამოიყენებს სამხედრო ძალებს სამართლის დასამყარებლად ის, ვისაც ბიბლია ‘სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთს’ უწოდებს? თუ დიახ, რომელ ძალებს მიმართავს ის? დღეს ჯარების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ ღვთის მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ნამდვილად ასრულებენ ისინი ღვთის ნებას? თუ ღმერთი სხვაგვარად ჩაერევა და უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას? (2 კორინთელთა 13:11).
ყოვლისშემძლე ღმერთმა პირველი აჯანყების ჩასახშობად ადამი და ევა ედემის ბაღიდან განდევნა და ქერუბიმები დააყენა, რომ უკან დაბრუნების საშუალება არ მისცემოდათ. მან ასევე თავისი განზრახვა განაცხადა, რომ თავისი უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერ აჯანყებას ჩაახშობდა (დაბადება 3:15). ნიშნავდა ეს იმას, რომ ღმერთი სამხედრო ძალებს გამოიყენებდა?
ბიბლიაში მოთხრობილია შემთხვევები, როდესაც ღმერთმა თავისი განაჩენის აღსასრულებლად ჯარები გამოიყენა. მაგალითად, ქანაანის ქვეყნის სამეფოების მცხოვრებლები ცხოველებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდნენ, ბავშვებს მსხვერპლად სწირავდნენ და სადისტური საომარი წესები ჰქონდათ. ამიტომ ღმერთმა მათი სრული განადგურება გადაწყვიტა და განაჩენის სისრულეში მოსაყვანად იესო ნავეს ძის მხედრობა გამოიყენა (მეორე რჯული 7:1, 2). მსგავსად, მეფე დავითის ჯარმა აღასრულა ღვთის განაჩენი ფილისტიმელებზე, რაც ნათელი მაგალითია, რომ ღმერთი თავისი სამსჯავროს უკანასკნელ დღესაც გაანადგურებს ყოველგვარ ბოროტებას.
ამ მოვლენებმა ნათელი მოჰფენეს საკითხს. იეჰოვამ ცხადი გახადა, რომ ადამიანებისთვის უსაფრთხოების მოსატანად შეუძლია მხედრობა გამოიყენოს. მაგრამ, იეჰოვას სრულიად განსხვავებული ლაშქარი ჰყავს, რომელიც მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო მასშტაბის აჯანყებას ჩაახშობს.
‘იეჰოვა ლაშქართა ღმერთი’
ბიბლიაში გამოთქმა «ცაბაოთ უფალი [„ლაშქართა იეჰოვა“ აქ]» 250-ზე მეტჯერ გვხვდება. ეს გამოთქმა ძირითადად აღწერს ღმერთს, როგორც ანგელოზთა მრავალრიცხოვანი ლაშქარის მეთაურს. ერთ შემთხვევაში წინასწარმეტყველმა მიქამ მეფეებს, აქაბსა და იოშაფატს, უთხრა: „ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ“ (მესამე მეფეთა 22:19). ეს სიტყვები ანგელოზთა ლაშქარის შესახებ არის ნათქვამი. იეჰოვამ თავისი ხალხის დასაცავად ეს მხედრობა გამოიყენა. როდესაც ქალაქი დოთანი ალყა შემორტყმული იყო, ელისეს მსახური სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მაგრამ დასამშვიდებლად ღმერთმა მას სასწაულებრივ ხილვაში სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი თავისი მხედრობა აჩვენა. „აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა. . . ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“ (მეოთხე მეფეთა 6:15–17).
ნიშნავს ასეთი შემთხვევები იმას, რომ ღმერთი დღეს ჯარებს მხარს უჭერს? ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი ჯარი შეიძლება ღვთის სახელით გამოდის. მრავალი მათგანი სასულიერო პირებისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვს. მაგრამ ქრისტიანულ სამყაროში არსებული ჯარები ხშირად ერთმანეთს, თანამორწმუნეებს, ებრძვიან. ამ საუკუნის ორი მსოფლიო ომი იმ ჯარებმა წამოიწყეს, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებდნენ. შეუძლებელია, რომ ღმერთმა ამგვარ საქმეებს მხარი დაუჭიროს (1 იოანე 4:20). მართალია ასეთი შეიარაღებული ძალები შეიძლება აცხადებენ, რომ მშვიდობისთვის იბრძვიან, მაგრამ ასწავლიდა იესო თავის მიმდევრებს, ასეთი ჯარები შეექმნათ მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად?
სერიოზული საფრთხე შეიქმნა, როდესაც შეიარაღებული ბრბო თავს დაესხა იესოს ბაღში, სადაც ის თავის მოწაფეებთან ერთად ლოცულობდა. ერთ-ერთმა მოწაფემ მახვილი დაჰკრა მამაკაცს, რომელიც ბრბოს იყო შერეული. იესომ ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი პრინციპის სასწავლებლად გამოიყენა. მან თქვა: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?“ იესოს თავის განკარგულებაში დიდი მხედრობა ჰყავდა, მაგრამ პეტრე არ ყოფილა მისი წევრი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. პეტრე და იესოს დანარჩენი მიმდევრები „ადამიანთა მებადურებად“ იყვნენ მოწოდებული (მათე 4:19; 26:47–53). რამოდენიმე საათის შემდეგ იესომ ნათელი მოჰფინა ამ შემთხვევას პილატეს წინაშე. მან თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36). დავითის სამეფოსგან განსხვავებით, ღვთის მიერ იესოსთვის მიცემული სამეფო ზეცაშია და მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე.
ღვთის ლაშქარი ბრძოლისთვის ემზადება
ღვთის მხედრობა სულ მალე იერიშს მიიტანს მოწინააღმდეგეებზე. მომავალი ბრძოლის აღწერისას გამოცხადებაში იესოს „ღვთის სიტყვა“ ეწოდება. იქ ვკითხულობთ: „ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ ბრძოლაში სამუდამოდ განადგურდებიან „დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი“. მათ შესახებ კი, ვინც ღვთისადმი ერთგულებას არ ამჟღავნებს, ბიბლია დასძენს, რომ ისინი ‘ცხენზე მჯდომარის მახვილით დაიხოცებიან’. თვით სატანა ეშმაკიც კი უმოქმედოდ იქნება. ეს სინამდვილეში მოიტანს მსოფლიო მშვიდობას ჯარების გარეშე (გამოცხადება 19:11–21; 20:1–3).
წარმოიდგინე ქვეყნიერება ომების გარეშე
შეგიძლია წარმოიდგინო ისეთი უსაფრთხო ქვეყნიერება, სადაც შეიარაღებული ძალები საჭირო არ არის? ფსალმუნი ამბობს: „მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნი 45:9, 10).
რა შვება იქნება ეს! დაფიქრდი კაცობრიობის პერსპექტივაზე, რომ ბოლოს და ბოლოს აღარ იარსებებს დამამძიმებელი გადასახადები ჯარისა და საბრძოლო ტექნიკის შესანახავად! ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ თავიანთი ძალები მთელი ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, დედამიწის გაწმენდასა და გამწვანებას მოახმარონ. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომ კაცობრიობისთვის ნამდვილად სარგებლობის მომტანი მრავალი რამ იქნეს გამოგონებული.
შემდეგი დანაპირები მსოფლიო მასშტაბით შესრულდება: „აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა — შენს საზღვრებში“ (ესაია 60:18). მეტად აღარასოდეს მოუწევს მილიონობით უიმედო ლტოლვილს ომის ზონიდან გაქცევა, საკუთარი სახლ-კარისა და ქონების იძულებით დატოვება და ბანაკებში სიღატაკით ცხოვრება. აღარასოდეს იქნება ხალხი დამწუხრებული ეროვნებათშორის კონფლიქტებში დაღუპული თუ დასახიჩრებული საყვარელი ადამიანების გამო. იეჰოვას ზეციერი მეფე მარადიულ მსოფლიო მშვიდობას დაამყარებს. „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს“ (ფსალმუნი 71:7, 14).
ასევე კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ცხოვრება ადამიანებს შორის, რომლებსაც არა სიძულვილი, არამედ სიყვარულში ღვთის მიბაძვა ექნებათ ნასწავლი. ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველებს: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“. როგორი იქნება ისეთ ადამიანებს შორის ცხოვრება, რომლებიც იცნობენ იეჰოვას და უყვარათ ის? იმავე წიგნში ნაწინასწარმეტყველებია: „სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე. დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში“ (ესაია 11:9; 32:17, 18).
ადამიანებს, რომელთა რწმენასაც საფუძვლად ბიბლიური შემეცნება უდევს, შეგნებული აქვთ, რომ ღვთის მხედრობა მზად არის დედამიწიდან აღგავოს მშვიდობის ყველა მოწინააღმდეგე. ამ შემეცნების გამო გადაწყვეტილებით არიან აღსავსენი, რომ შეასრულონ ის, რაც ბიბლიის თქმით, „უკანასკნელ დღეებში იქნება“. როგორც მასში ნათქვამია: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:2–4).
მრავალი ეროვნების ადამიანი, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა, უკვე ‘აღარ სწავლობს ომს’. ისინი ღვთის ზეციერ მხედრობაზე არიან მინდობილი. მათთან ერთად ბიბლიის შესწავლით, თქვენც შეგიძლიათ განავითაროთ მსგავსი ნდობა.
[საავტორო უფლება 28 გვერდზე]
U.S. National Archives photo