წმინდა მსახურების ძვირფასი ჯილდო
მოგვითხრო ჰარი ბლურმა
დაახლოებით ასი წლის წინ ბაბუაჩემი მეთოდისტთა ეკლესიის ერთგული წევრი იყო. ის აგრეთვე პატივდებული მქადაგებელი იყო, რომელიც არ ეკუთვნოდა სასულიერო წრეს, და სულგრძელად ეხმარებოდა ინგლისის მეთუნეობით ცნობილ ქალაქ სტოუკ-ონ-ტრენტში მრავალ სამლოცველოს. მაშინ მას ფინანსურად ძალიან უჭირდა. მამამ ბაბუას დასახმარებლად სოფლის პატარა მაღაზია გაუხსნა. მაღაზიას ლუდის გაყიდვის უფლება ჰქონდა, მაგრამ, როდესაც ეს მეთოდისტებმა გაიგეს, ბაბუა დაუყოვნებლივ მოკვეთეს ეკლესიიდან.
მამა გაცოფებული იყო და აღთქმა დადო, რომ აღარასოდეს ექნებოდა რელიგიასთან კავშირი და თავისი სიტყვა შეასრულა. ის პოლიციელი იყო, მაგრამ მოგვიანებით დუქნის მესაკუთრე გახდა. ასე რომ, მრავალგვარ სუნსა და თამბაქოს კვამლში ვიზრდებოდი. ჩემს ცხოვრებაში რელიგია არავითარ როლს არ თამაშობდა, სამაგიეროდ, მარჯვედ შევისწავლე აზარტული თამაშების უმეტესი ნაწილი. მაგრამ ბაბუას ადრინდელი ზეგავლენის გამო, შევინარჩუნე ბიბლიისადმი საკმაო პატივისცემა, თუმცა მცირე რამ ვიცოდი მის შესახებ.
გავიგე ბიბლიური ჭეშმარიტება
ათას ცხრაას ოცდასამ წელს, როდესაც 24 წლის ვიყავი, ნოტინგემის აღმოსავლეთით გადავედი და დავუმეგობრდი მარის, რომელიც ლესტერის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე 40 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ვეტსტონში ცხოვრობდა. მამამისი ართურ რესტი ადგილობრივი სამლოცველოს ყოფილი ორგანისტი იყო, მაგრამ ამ დროისთვის ბიბლიის მგზნებარე მკვლევარი, — როგორც ადრე იცნობდნენ იეჰოვას მოწმეებს. ართური ყოველთვის მესაუბრებოდა თავის ახლად ნაპოვნ რწმენაზე, რაც ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევდა. მაგრამ ჩემი ინტერესი აღიძრა, როდესაც 1924 წლის 13 ივლისს, კვირას, ნაშუადღევს, გავყევი მას ადგილობრივ ბაპტისტთა სამლოცველოში ცნობილი ბაპტისტის ლექციის მოსასმენად. მისმა თემამ — „მოძღვარ რასელის სწავლებები საღვთო წერილების შუქზე“ — დამაინტერესა. მაშინდელი ჩანაწერები დღესაც შემომრჩა.
ბაპტისტებმა ბიბლიის მკვლევართა თხოვნაზე, ეპასუხათ მათ რწმენაზე თავდასხმის შესახებ, უარი განაცხადეს. ამან ძალიან განმარისხა და გადავწყვიტე გამოსავალი მეპოვა, სხვა ადგილი მომენახა ასეთი კრების ჩასატარებლად. ამისთვის ახლომდებარე ფარდული იდეალური აღმოჩნდა. დავგავეთ, გავწმინდეთ ობობას ქსელებისგან, სალეწი მანქანა ერთ მხარეს მივაგორეთ და მზად ვიყავით. შევაგროვეთ 70 სკამი და განცხადებები დავბეჭდეთ.
როდესაც ფრენკ ფრირი მოხსენების წასაკითხად ჩამოვიდა ლესტერიდან, ყველა ადგილი დაკავებული იყო და კიდევ 70 ადამიანი ფეხზე იდგა. როგორც ბევრი სხვა დამსწრე, წერილების საფუძველზე ფრენკის ნათელმა მსჯელობამ მეც მიმიზიდა. მას შემდეგ ლესტერის მახლობლად მდებარე ბიბლიის მკვლევართა პატარა კრება ბლეიბში, სწრაფად გაიზარდა. როგორც ჩემს, ასევე მარის ცხოვრებაში ეს გარდამტეხი მომენტი იყო. 1925 წელს ჩვენ ორივემ იეჰოვას მივუძღვენით თავი, მოვინათლეთ და დავქორწინდით.
სულიერი კურთხევები
მომდევნო წელს, სამსახურებრივ ხელმძღვანელად დამნიშნეს ბლეიბის კრებაში. მე და ჩემს მეუღლეს გვსურდა, წიგნების დამტარებლების ნაკვალევს მივყოლოდით და სახარების სრული დროით მქადაგებლები გავმხდარიყავით, მაგრამ სულ მალე გამოირკვა, რომ მარის ასეთი გადატვირთული განრიგის შესასრულებლად ჯანმრთელობა არ მისცემდა საშუალებას. თუმცა ის სიკვდილამდე, 1987 წლამდე, სუსტი ჯანმრთელობის გამო იტანჯებოდა, მშვენიერი თანამშრომელი და მსახური იყო, არაფორმალურად დამოწმებასა და ბიბლიის შესწავლების დაწყებაში დახელოვნებული. თითქმის ყოველ საღამოს ან კრებას ვესწრებოდით, ან სხვებს ვუზიარებდით ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
ინჟინერი ვიყავი და ხე-ტყის სახერხი მანქანის დამამზადებელ საწარმოში ვმუშაობდი. ჩემი სამუშაო ხშირ მოგზაურობებს შეიცავდა როგორც ბრიტანეთის, ასევე საფრანგეთის ირგვლივ, რა თქმა უნდა მარი თან მახლდა. ეს მოგზაურობები ყველგან დამოწმების საშუალებას გვაძლევდა.
ზრდის საფუძველი
მშვენიერი შენობა ავაშენეთ ჩვენი შეხვედრებისთვის ბლეიბში 1925 წელს და იმ დროიდან ეფექტური დამოწმების პროგრამა შევიმუშავეთ. კვირას, დილაობით ვქირაობდით ავტობუსს, რომელსაც მიმოფანტულ სოფლებსა და პატარა ქალაქში მივყავდით. მაუწყებლები გზადაგზა საქადაგოდ ჩადიოდნენ ავტობუსიდან, რომელიც მათ უკან დაბრუნებისასაც ემსახურებოდა. ზაფხულის თბილი თვეების განმავლობაში კვირა საღამოობით, ბიბლიის შესწავლას ვატარებდით ახალი „საგუშაგო კოშკის“ განხილვით. შემდეგ, რვა საათზე ვიკრიბებოდით ლესტერში ბაზრის ადგილზე, რათა ღია ცის ქვეშ მოგვესმინა საჯარო მოხსენება. ერთ საღამოს 200 კაცი ესწრებოდა. ასეთი საქმიანობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა მრავალ კრებას, რომელიც ახლა ლესტერსა და მის გარშემო არსებობს.
ლონდონის „ალექსანდრას სასახლესა“ და „ალბერტის სამეფო დარბაზში“ 1926 წელს საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. ამ კონგრესზე ჯოზეფ ფ. რუტერფორდს, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელ პრეზიდენტს, საშუალება მიეცა დამსწრეთათვის წარედგინა წიგნი „გათავისუფლება“. რეზოლუცია, „დამოწმება ქვეყნიერების მმართველებს“ და ძმა რუტერფორდის დამსწრეთა წინაშე გამოსვლა თემით „რატომ მერყეობენ მსოფლიო მპყრობელები — გამოსავალი“ წარდგენიდან მეორე დღესვე მთლიანად გამოქვეყნდა წამყვან გაზეთებში. საჯარო ლექცია 10 000-ზე მეტმა მოისმინა და შემდეგ რეზოლუციის 50 000 000 ეგზემპლარი გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამ კონგრესმა ბრიტანეთში სამქადაგებლო საქმიანობა დააჩქარა.
დიდი კონგრესი ომის დროს
მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის სექტემბერში დაიწყო და 1941 წლისთვის უფრო გამძაფრდა. გერმანელი ბომბდამშენები დღისით და ღამით ბომბავდნენ, ამიტომ ქვეყანაში შუქშენიღბვის კანონი მოქმედებდა. საკვები არასაკმარისი იყო და რაც იყო, იმასაც საბარათო სისტემით ანაწილებდნენ. მგზავრობა ძლიერ შეზღუდული იყო მატარებლითაც კი. მიუხედავად ამ თითქოსდა გადაულახავი დაბრკოლებისა, 1941 წლის 3—7 სექტემბერს ხუთდღიანი კონგრესი ჩავატარეთ.
რადგანაც ლესტერი ინგლისის ცენტრში მდებარეობს, კონგრესისთვის დე მონთფორტის დარბაზი იყო ამორჩეული. რადგან ხე-ტყის მრეწველობაში ვიყავი, შემეძლო დავხმარებოდი საკონგრესო ფირნიშის მომზადებაში. აგრეთვე კონგრესზე დამსწრეთათვის ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება მოვაგვარე. წინასწარ ზედმეტ ფასში ბილეთების შესყიდვით დავიქირავეთ ლესტერის ტრამვაი კვირა დღისთვისაც.
რადგან მგზავრობა შეზღუდული იყო, ვიმედოვნებდით, რომ 3 000-მდე მოწმე მოვიდოდა. წარმოიდგინეთ ის სიხარული, როდესაც 10 000-ზე მეტმა დელეგატმა გამოთქვა დასწრების სურვილი! მაგრამ სად იცხოვრებდნენ? ლესტერელებმა ისინი გულკეთილად მიიწვიეს თავიანთ სახლებში. ათასამდე დელეგატი კი მოთავსებული იყო საკონგრესო ადგილიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ველზე აღმართულ კარვებში. გედეონის ბანაკმა, როგორც მას ვუწოდებდით, დასახლებაში მღელვარება გამოიწვია.
კონგრესის განყოფილებებისა და მრავალი ხალხის საცხოვრებლად, დიდი თეთრი კარვები დავიქირავეთ. როდესაც განსაზღვრეს, რომ კარვები მთვარის შუქზე ნაციზმის ბომბდამშენებისთვის სამიზნე იქნებოდა, ნაჩქარევად შენიღბეს. ომი და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ მოწმეები არ მონაწილეობდნენ ომში, საზოგადოებას აღელვებდა. ამ დროს ბიბლიის საფუძველზე ნეიტრალიტეტის გამო ასობით მოწმე იყო ციხეში (ესაია 2:4; იოანე 17:16).
«„გასაოცარია, იპოვო 10 000 ადამიანი, აქედან უმრავლესობა ახალგაზრდა, რომლებიც კვირის განმავლობაში რელიგიაზე საუბრისას ომს გაკვრით თუ მოიხსენიებენ.
მოწმეებისთვის დასმულ ჩემს შეკითხვაზე, ჰყავდათ თუ არა გერმანიაში წევრები, დადებითად მიპასუხეს. — და თითქმის ყველა მათგანი, 6 000 პიროვნება, საკონცენტრაციო ბანაკებში იყო“.
„მართალია, ნაცისტები ნამდვილი მტრები არიან, — ამატებს შემდეგ კორესპონდენტი, — მაგრამ მოწმეები არაფერს აკეთებენ მათ წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ყიდიან ტრაქტატებს და ისმენენ გამოსვლებს“». მოიხსენიებდა ერთ-ერთი გაზეთი (The Leicester Mercury, 1941 წლის 7 სექტემბერი).
გაზეთში ჩვენს შესახებ მოყვანილი კომენტარები ძირითადად უარყოფითი იყო და მოწინააღმდეგეები ძალადობასაც კი მიმართავდნენ კონგრესის ჩასაშლელად, მაგრამ წარუმატებლად. „ორგანიზაცია წყნარი, თვალში არ საცემი და ეფექტური იყო“, — შურნარევად აღიარა ლონდონის ერთმა გაზეთმა (Daily Mail).
ქალაქში სიგარეტის დეფიციტშიც ჩვენ ვიყავით დამნაშავეები. მაგრამ იმავე გაზეთმა ახსნა: „არც ლესტერელებს და არც თამბაქოს რევიზორებს არ შეუძლიათ იჩივლონ, რომ მოწმეების ბრალია ლესტერის სიგარეტის მარაგის გამოლევა. ისინი არ ეწევიან“. აგრეთვე საჩივრები, რომ იეჰოვას მოწმეების ბრალი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების ნაკლებობა, გაქარწყლდა, როდესაც აიხსნა რომ ძირითადად მათ საკუთარი საკვები ჰქონდათ მოტანილი. სინამდვილეში, კონგრესის დასასრულს ლესტერის სამეფო საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა 150 ცალი თითქმის ორკილოგრამიანი პური, რაც საკმაოდ დიდი შესაწირავი იყო შიმშილობისას.
კონგრესმა სულიერად დიდად გააძლიერა 11 000 მოწმე ბრიტანეთში. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ, რომ დამსწრეთა რიცხვი 12 000-ს შეადგენდა! დელეგატები სიხარულით იღებდნენ ლესტერის ქუჩაში უპრეცედენტო დამოწმებაში მონაწილეობას და ფონოგრამის წარსადგენად დაშორებულ სოფლებში მიდიოდნენ.
კონგრესის ძირითადი მოხსენებები ჩაწერილი იყო სენტ-ლუისში (მისური, აშშ) ერთი თვით ადრე იეჰოვას მოწმეების ხუთდღიან კონგრესზე. კონგრესის მოხსენებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ძმა რუტერფორდის მოხსენების ჩანაწერი სათაურით „მეფის შვილები“. რადგან საშუალება არ იყო სპეციალური რბილყდიანი წიგნის „შვილების“ შემოსატანად, რომელიც სენტ-ლუისში დარიგდა, იგი მოგვიანებით ბრიტანეთში იქნა გამოცემული. კონგრესზე დამსწრე ყველა ბავშვს გაეგზავნა ამ წიგნის ეგზემპლარი.
ლესტერის ერთადერთი წლიური შეხვედრა
ომის შემდეგ სამეფოს მაუწყებელთა ზრდა ბრიტანეთში საოცარი იყო! 80-იანი წლების დასაწყისისთვის ლესტერის კრებები ათამდე გაიზარდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკმა გადაწყვიტა 1983 წელს ლესტერში წლიური შეხვედრა ჩაეტარებინა. რადგან ქალაქ ლესტერის კრებების ზედამხედველი ვიყავი, მალევე შევუდექი მზადებას დე მონთფორტის დარბაზის ისევ დაქირავებით.
ამ მიზნით ჩამოვიდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბრუკლინში არსებული მთავარი განყოფილებიდან ხელმძღვანელი საბჭოს ცამეტი წევრი. ამჯერად 3 671 დელეგატი ჩამოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთა უმრავლესობაც დიდი ხნის მორწმუნე იყო. ხოლო 1 500-მა პიროვნებამ ახლომდებარე საკონგრესო დარბაზში მოისმინა პროგრამა.
ალბერტ დ. შრედერი, რომელიც ომისდროინდელი ლესტერის კონგრესის დროს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ბიუროს ზედამხედველი იყო ლონდონში, ამ წლიურ შეხვედრას თავჯდომარეობდა. 1941 წლის კონგრესის გახსენებისას ძმა შრედერმა იკითხა: „რამდენი თქვენგანი ესწრებოდა მაშინ?“ აუდიტორიიდან ნახევარზე მეტმა ასწია ხელი. „ო! რა კარგია ყველა ერთგულის კვლავ ერთად თავმოყრა“ — წამოიძახა მან. ეს მართლაცდა დაუვიწყარი შემთხვევა იყო.
ახლა, 98 წლის ასაკში, კვლავაც ვმსახურობ მდივნად კრებაში და ვკითხულობ საჯარო მოხსენებებს, თუმცა ახლა ამას დამჯდარი ვაკეთებ. 1987 წელს მარის სიკვდილის შემდეგ დავქორწინდი ბეთინაზე, ქვრივზე, რომელსაც მე და მარი დიდი ხნის მანძილზე ვიცნობდით. მადლიერი ვარ სულიერად და ფიზიკურად ასე კარგად მოვლისთვის. მარის სუსტი ჯანმრთელობით გამოწვეული შეზღუდვებისა და ახლა ჩემი მოხუცებულობის მიუხედავად, ვხედავ, რომ წმინდა მსახურებაში სიუხვე ყოველთვის უხვად ჯილდოვდება (1 კორინთელთა 15:58).
[სურათი 26 გვერდზე]
მომზადებულნი მსახურებისთვის 1920-იან წლებში.
[სურათი 26 გვერდზე]
ლესტერის კონგრესის კადრები.