ერთ დროს მოძალადე
მოგვითხრო ხოსე ანტონიო ნებრერამ
რატომ ხდება ადამიანი მოძალადე? ძალადობა არ იყო ჩემთვის უცხო, რადგან ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში თავად ვიყავი. მამაჩემი ესპანეთის სამოქალაქო თავდაცვის რაზმის წევრი იყო; ეს რაზმი მკაცრი დისციპლინით გამოირჩეოდა. პაპაჩემი ხშირად სცემდა მამას მათრახით და არც მამაჩემი ღალატობდა ოჯახის ტრადიციას; მამა ყოველთვის სქელი ქამრით მცემდა. ჩემთვის იმის ატანაც არ იყო ადვილი, გამუდმებით სულელს რომ მეძახდა, ჩემს უმცროს დაზე კი მზე და მთვარე ამოსდიოდა. დედაჩემი მამაჩემის შიშით ვერაფერს ხდებოდა და ვერც ვერაფრით მანუგეშებდა, რაც ძალიან მჭირდებოდა იმ მძიმე წუთებში.
სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, ჩემი სამყარო შევქმენი, რომელშიც გაცილებით ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სხვების თვალში მხიარული და ოპტიმისტი ბავშვის შთაბეჭდილებას ვტოვებდი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანდა ასე. მე, უბრალოდ, ჩემს შიშსა და ბრაზს კარგად ვმალავდი. ყოველი დღის ბოლოს, როცა შინ ნელი სვლით მივდიოდი, სასტიკ რეალობას ვუბრუნდებოდი — მორიგ შეურაცხყოფას, ცემა-ტყეპას.
ცამეტი წელი რომ შემისრულდა, ამ უსიყვარულო გარემოს გავეცალე და იეზუიტურ პანსიონში შევედი. იმ დროს გადაწყვეტილი მქონდა, მღვდელი გავმხდარიყავი. მაგრამ ამ სკოლამ ჩემს ცხოვრებას აზრი ვერ შესძინა. ჩვენ, როგორც წესი, ვდგებოდით დილის ხუთ საათზე და ცივ შხაპს ვიღებდით. შემდეგ მკაცრად შემუშავებულ სასწავლო პროგრამას მივყვებოდით და მთელი დღე სწავლაში, ლოცვასა და საეკლესიო მსახურების შესრულებაში ვატარებდით მცირე შუალედური შესვენებებით.
ჩვენ „წმინდანების“ ისტორიებს გვაკითხებდნენ, მაგრამ რაც შეეხება ბიბლიას, მისი წაკითხვა ჩვენს სასწავლო პროგრამაში არ შედიოდა. სკოლაში ერთადერთი ბიბლია იყო და ისიც ვიტრინაში იდო. მისი აღება არ შეიძლებოდა სპეციალური ნებართვის გარეშე.
პანსიონში სამი წლის სწავლის შემდეგ დაიწყო „თვითგვემის“, ანუ „სულიერი წვრთნის“ პროგრამა. ამ განსაცდელისგან თავის დასაღწევად უზომოდ ვჭამდი, მინდოდა, რომ ავად გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო იყო. იქ გაჩერება აღარ შემეძლო; დაახლოებით სამ წელიწადში იეზუიტური პანსიონიდან გავიქეცი და სახლში დავბრუნდი. მაშინ 16 წლის ვიყავი.
თავგადასავლების ძიებაში
როცა სახლში დავბრუნდი, ბოქსმა და ჭიდაობამ გამიტაცა. ამ მოძალადეობრივი სპორტის სახეობებში წარმატებას მივაღწიე, რამაც თავი კაცად მაგრძნობინა. ჩემი ფიზიკური ძალის პატრონს სურვილი გამიჩნდა, მიმეღწია იმისთვის, რასაც მამაჩემმა მიაღწია.
ცხრამეტი წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ერთი სათნო არსება გამოჩნდა, რომელმაც ჩემს გულში სითბო შემოიტანა. ეს იყო ენკარნიტა. ჩვენ ცხრა თვის შემდეგ დავქორწინდით. მისთვის მე ვიყავი თავაზიანი, კეთილი და ბედნიერი ადამიანი, მაგრამ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი გარეგნული მხარე იყო, შინაგანად კი ტკივილი და ბოღმა მახრჩობდა. ამან თავი მაშინ იჩინა, როცა პირველი ბავშვის დაბადებიდან მალევე სამხედრო სამსახურში გამიწვიეს.
არ მინდოდა სამხედრო ვარცხნილობა მეტარებინა, თანაც თავგადასავლების ძიების ძლიერი სურვილი მქონდა. ამიტომ, ნაუცბადევად გადავწყვიტე, მოხალისედ მემსახურა ესპანურ უცხოურ ლეგიონში. ჩემი თავი წარმოვიდგინე მაროკოს უდაბნოში, სადაც თავისუფლებას ვიგრძნობდი და სპეციალურ საშიშ ოპერაციებში მივიღებდი მონაწილეობას. გარდა ამისა, ეს ოჯახური პასუხისმგებლობებისგანაც გამათავისუფლებდა. მაგრამ რეალურად ამ გადაწყვეტილებას ჩემთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია.
ცოტა ხანში სერიოზული უსიამოვნება შემემთხვა ერთი ზორბა ტანის დაუნდობელ სერჟანტთან, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებდა ახალმოწვეულთა შეურაცხყოფა. ვერ ვიტანდი უსამართლობას, ამიტომ, სიმართლის დასაცავად მზად ვიყავი, ხელჩართულ ბრძოლაშიც კი ჩავბმულიყავი. ერთ დილას, სიის ამოკითხვისას, ვიხუმრე. სერჟანტმა ჩემი ხუმრობა არასწორად გაიგო. ის-ის იყო ხელი აწია დასარტყმელად, რომ ხელები გადავუგრიხე და ძირს დავაგდე. ხელს არ ვუშვებდი, რადგან მეშინოდა, ჩემთვის არ ესროლა.
ამ ინციდენტის გამო დამსაჯეს და სამი თვით სხვა 30 კაცთან ერთად მომათავსეს პატარა ცარიელ ოთახში. მთელი ამ დროის მანძილზე ტანსაცმლის გამოცვლის საშუალებაც კი არ მქონდა. ზედამხედველად სასტიკი სერჟანტი დაგვიყენეს, რომელსაც უხაროდა ჩვენი გამათრახება. მაგრამ ერთხელ ვუთხარი, რომ თუ შემეხებოდა, მოვკლავდი. ამ გაფრთხილების შემდეგ 30 დარტყმა 3-მდე შემიმცირა. მეც ისეთი ულმობელი გავხდი, როგორც ჩემი მწვალებლები.
საიდუმლო დავალებები
უცხოურ ლეგიონში წვრთნების დროს უფრო მეტი „თავგადასავლების“ ძიება დავიწყე. ამ შემთხვევაშიც არ ვიცოდი, სადამდე მიმიყვანდა ეს „თავგადასავალი“. კომანდოსის (სადაზვერვო-დივერსიული რაზმი) სპეციალური წვრთნა გავიარე, რომელშიც შედიოდა ყველანაირი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენების სწავლა. ეს წვრთნა ბოლომდე რომ გამეარა, ლანგლიში (ვირჯინიის შტატი, აშშ) გამაგზავნეს, სადაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) თანამშრომლებმა სპეციალური კურსი გამატარეს.
მალე საიდუმლო კომანდოსის წევრი გავხდი. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთი საიდუმლო დავალების შესრულებაში. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და მათ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებში ვმონაწილეობდი, ვინც იარაღის კონტრაბანდას ეწეოდა. ნაბრძანები გვქონდა, თუ სადმე გადავეყრებოდით, მათი ლიკვიდაცია მოგვეხდინა. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას ასეთ ოპერაციებში. ჩვენ ვკლავდით ყველას მათ გარდა, ვისგანაც ინფორმაციის მიღების იმედი გვქონდა.
მოგვიანებით, დამნიშნეს ესპანეთის მაღალი სამხედრო წოდების პირების ჯაშუშად. ჩემი მიზანი იყო, გამერკვია მათი ვინაობა, ვინც არ ემხრობოდა გენერალ ფრანკოს დიქტატორულ რეჟიმს. ჩვენ აგრეთვე ვუთვალთვალებდით ფრანკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ამ ოპერაციის მიზანი იყო, გაგვეტაცა მთავარი დისიდენტები და ესპანეთისთვის გადაგვეცა; ჩემი ვარაუდით, მთავრობას მათი ლიკვიდაცია სურდა.
უკანასკნელი ოპერაციის დროს უნდა შემექმნა დაქირავებული ჯარისკაცებისგან რაზმი ერთ პატარა აფრიკულ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად. ჩვენ დაგვევალა, იერიში მიგვეტანა დედაქალაქში ჩაყენებულ სამხედრო გარნიზონებზე და შემდეგ შტურმით აგვეღო პრეზიდენტის სასახლე. როგორც დაგეგმილი იყო, ქვეყანაში შუაღამით შევიჭერით და ოპერაცია, სულ რაღაც, ოთხ საათში დავასრულეთ. „მტრის“ რაზმის უამრავ ჯარისკაცთან ერთად ჩემი სამი თანამონაწილეც დაიღუპა. ხოცვა-ჟლეტაში მეც ვიღებდი მონაწილეობას.
ამ შემზარავმა მოვლენებმა სული ამიფორიაქა; საშინლად მქენჯნიდა სინდისი. ღამე ძილი დამიფრთხა, რადგან გამუდმებით კოშმარებს ვხედავდი, თითქოს ხელჩართულ ბრძოლაში ვიყავი ჩაბმული და დაუნდობლად ვხოცავდი ჩემს მტრებს. ღამის კოშმარებში ვხედავდი იმ თავზარდაცემული ადამიანების სახეებს, რომელთა მოკვლასაც ვაპირებდი.
გადავწყვიტე, აღარ მიმეღო მონაწილეობა სხვა ოპერაციებში. ამიტომ, დავაბრუნე ჩემი საბუთები და წამოვედი სამსახურიდან. მაგრამ სამი თვის შემდეგ ჩემმა უფროსებმა ისევ გამომიძახეს, ჯაშუშად რომ მემუშავა. მე შვეიცარიაში გავიქეცი, რამდენიმე თვეში კი ჩემმა ცოლმა ენკარნიტამაც ჩამომაკითხა ბაზელში. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საიდუმლო აგენტი ვიყავი.
ჩვევა რჯულზე უმტკიცესია
სამხედრო სამსახურში სამი წელი ვიმსახურე, ამასობაში კი ენკარნიტამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ესპანეთში. მან მახარა, რომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება გაიგო; ის იმდენად ანთებული იყო, რომ ეს სული მეც გადამდო. ჩვენ უმალვე დავუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს შვეიცარიაში და ერთად დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა.
ღვთის განზრახვების გაგებამ აღმაფრთოვანა. დიდი სურვილი მქონდა, ბიბლიური პრინციპებით მეცხოვრა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა საკუთარი თავის გარდაქმნა, განსაკუთრებით ჩემი აგრესიული ხასიათის მოშორება. მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვიყავი ახალშეძენილი რწმენის გამო. შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაჟინებით ვამბობდი, რომ მზად ვიყავი კარდაკარ მსახურებისთვის.
საბოლოოდ, იეჰოვას დახმარებით ვისწავლე საკუთარი თავის კონტროლი. გარკვეული ხნის შემდეგ მე და ენკარნიტა მოვინათლეთ. 29 წლის ასაკში კრების ზედამხედველად დავინიშნე.
1975 წელს ესპანეთში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მაგრამ ჩემს უფროსებს ისევ ვახსოვდი; მათ გამომიძახეს სპეციალური დავალების შესასრულებლად. პრობლემის თავიდან ასარიდებლად კვლავ შვეიცარიაში გავიქეცი. 1996 წლამდე ჩვენი ოჯახი იქ ცხოვრობდა, შემდეგ კი ესპანეთში დავბრუნდით.
მყავს ქალ-ვაჟი, რომლებიც ამჟამად დაქორწინებულები არიან. ჩემს ვაჟს ორი შვილი ჰყავს. შვილებიცა და შვილიშვილებიც იეჰოვას ემსახურებიან. გარდა ამისა, წლების მანძილზე 16 ადამიანს დავეხმარე იეჰოვას გაცნობაში, მათ შორის იყო ერთი კაცი, რომელიც მანამდე ჩრდილოეთ ესპანეთში ძალადობით გამორჩეულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ამან ენით აუწერელი სიხარული მომანიჭა.
განუწყვეტლივ ვთხოვ იეჰოვას, რომ დამავიწყოს ჩემი საშინელი წარსული და გამათავისუფლოს კოშმარებისგან, რომლებიც დროდადრო თავს მახსენებს. ამ ბრძოლაში რომ გავიმარჯვო, ვითვალისწინებ ფსალმუნის 37:5-ში ჩაწერილ რჩევას: „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“. იეჰოვა მართლაც ასრულებს ამ დანაპირებს. იგი მეხმარება, რომ მოვიშორო ჩემი აგრესიული ხასიათი. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი კურთხევაა.
[სურათი 21 გვერდზე]
როცა იეზუიტურ პანსიონში შევედი, 13 წლის
[სურათი 23 გვერდზე]
ვტოვებ უცხოური ლეგიონის შტაბ-ბინას, 1968 წელი
[სურათი 23 გვერდზე]
ჩემს ცოლთან, ენკარნიტასთან ერთად დღეს