-
ექვსი რჩევა წარმატების მისაღწევადგამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
-
-
„სიყვარული . . . აშენებს“ (1 კორინთელები 8:1). დაფიქრდი, სიყვარული რომ არ არსებობდეს განა ცხოვრება უაზრობა არ იქნებოდა?! სხვებისადმი „სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები . . . ეს არაფერს მარგებს“, — დაწერა მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით (1 კორინთელები 13:2, 3).
აქ საუბარი არ არის რომანტიკულ სიყვარულზე, რომელსაც ცხადია თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში, არამედ ისეთ სიყვარულზე, რომელიც ღვთის პრინციპებზეა დაფუძნებული და უფრო მრავლის მომცველი და ხანგრძლივიაa (მათე 22:37—39). გარდა ამისა, ასეთი სიყვარული არ არის პასიური, მხოლოდ მიღებას არ სჯერდება, არამედ აქტიურია და გაცემა ახასიათებს. შემდეგ მუხლებში პავლე აგრეთვე ამბობს, რომ ასეთი სახის სიყვარული სულგრძელი და კეთილია. მას არ შურს, არ ტრაბახობს და არ ყოყოჩობს. ის უანგაროდ ზრუნავს სხვების კეთილდღეობაზე და ადვილად არ ღიზიანდება, არამედ მომთმენია. ის სხვებს აღაშენებს. გარდა ამისა, ასეთი სიყვარული გვეხმარება, კარგი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან (1 კორინთელები 13:4—8).
მშობლები შვილების მიმართ სიყვარულს იმ მხრივ ავლენენ, რომ მათდამი თბილ გრძნობებს გამოხატავენ, მათ ბიბლიის მაღალ ზნეობრივ ნორმებს უნერგავენ და სათანადოდ ზრდიან. ბავშვები, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან ყოველმხრივ დაცულნი არიან და გრძნობენ, რომ გულწრფელად უყვართ ისინი და ზრუნავენ მათზე. აგრეთვე, ბავშვები ხედავენ, რომ მათი ოჯახი მტკიცეა (ეფესოელები 5:33—6:4; კოლოსელები 3:20).
ერთი ახალგაზრდა, სახელად ჯეკი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. მას მშობლებმა ბიბლიური პრინციპები ჩაუნერგეს. მას შემდეგ, რაც ჯეკმა სახლი დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, მშობლებს წერილი მისწერა: «ყოველთვის ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა [ბიბლიის] შემდეგი მითითება: „პატივი ეცი მამას და დედას . . . რათა ხელი მოგემართოს“ (კანონი 5:16). ამ რჩევის გამოყენების წყალობით დღემდე ყველაფერში ხელი მემართება. ეს ყოველივე კი თქვენ მიერ გამოვლენილი გულწრფელი სიყვარულისა და მზრუნველობის შედეგია. ამას ახლა უფრო მეტად ვაფასებ. დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მხარში მედექით და ჩემთვის ძალ-ღონეს არ იშურებდით». თქვენ რა გრძნობა დაგეუფლებოდათ შვილისგან ასეთი წერილი რომ მიგეღოთ? განა ეს გულს სიხარულით არ აგივსებდათ?!
პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულს აგრეთვე „ჭეშმარიტება ახარებს“ — ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული (1 კორინთელები 13:6; იოანე 17:17). თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, რომ წყვილს ოჯახური პრობლემები აქვს. ისინი გადაწყვეტენ, რომ ერთად წაიკითხონ მარკოზის 10:9-ში მოცემული იესოს სიტყვები: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“. ამის შემდეგ მათ საკუთარი გულები უნდა გამოიკვლიონ. ნამდვილად ‘ახარებთ ჭეშმარიტება?’ ღვთის მსგავსად, ისინიც წმინდად მიიჩნევენ ქორწინებას? მზად არიან ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ პრობლემები სიყვარულით მოაგვარონ? თუ ისინი ამ კითხვებს დადებითად უპასუხებენ, ქორწინებაში წარმატებებს მიაღწევენ და შედეგებითაც გაიხარებენ.
-
-
ექვსი რჩევა წარმატების მისაღწევადგამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
-
-
a ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ანუ „ახალ აღთქმაში“ სიტყვა „სიყვარული“ თითქმის ყველგან გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „აგაპე“. „აგაპე“ არის ისეთი სახის სიყვარული, როდესაც ადამიანი გააზრებულად გამოხატავს ამ გრძნობას. ამ დროს ის პრინციპებით ხელმძღვანელობს, გრძნობს ვალდებულებას და იმას, თუ რისი გაკეთებაა მართებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „აგაპე“ გრძნობების გარეშე ვლინდება, პირიქით ის თბილ, ღრმა გრძნობებს მოიცავს (1 პეტრე 1:22).
-