თავი 3
„ეს სიტყვა უთხარი მათ“
1. ა) რა მსგავსება იყო იესოსა და იერემიას შორის? ბ) რატომ უნდა მივბაძოთ იერემიას მსახურებაში?
სასიხარულო ცნობის ქადაგების საუკეთესო მაგალითი იესო ქრისტემ დაგვიტოვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველ საუკუნეში ზოგს, ვინც იესოს უსმენდა, იერემია ახსენდებოდა (მათ. 16:13, 14). იესოს მსგავსად იერემიამაც ღვთისგან მიიღო დავალება, რომ ექადაგა. ერთხელ ღმერთმა უთხრა მას: „ეს სიტყვა უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა“ (იერ. 13:12, 13; იოან. 12:49). მსახურების დროს იერემია ისეთივე თვისებებს ავლენდა, როგორსაც მოგვიანებით იესო.
2. იერემიას დროში მცხოვრები იუდეველების მსგავსად რის გაკეთება მართებს დღეს ხალხს?
2 ზოგი იეჰოვას მოწმე შეიძლება ფიქრობს: „გასაგებია, მაგრამ ჩვენი მსახურება ხომ განსხვავდება იერემიას მსახურებისგან. ის ღვთის მიძღვნილ ერს გადასცემდა ღვთის სიტყვას, ჩვენ კი ისეთ ხალხს ვუქადაგებთ, რომელიც საერთოდ არ იცნობს იეჰოვას“. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იერემიას დროს იუდეველთა უმეტესობას ჭეშმარიტი ღმერთი სულელებად მოიხსენიებდა, რადგან მიტოვებული ჰყავდათ ის (წაიკითხეთ იერემიას 5:20—22). იუდეველებს უნდა შეეცვალათ თავიანთი ცხოვრება, რათა იეჰოვასთვის მისაღები ყოფილიყო მათი თაყვანისმცემლობა. იმავეს თქმა შეიძლება დღესაც. მნიშვნელობა არა აქვს, ხალხს თავი ქრისტიანად მოაქვს თუ არა, მათ უნდა ისწავლონ იეჰოვას შიში და მის მოსაწონად სცენ თაყვანი. ვნახოთ, როგორ გვეხმარება იერემიას მაგალითი ჭეშმარიტი ღვთის მსახურებასა და ხალხისთვის დახმარების აღმოჩენაში.
„ხელი გამოიწოდა იეჰოვამ და ბაგეზე შემახო“
3. რა მოულოდნელი რამ გააკეთა ღმერთმა იერემიას მსახურების დასაწყისში და როგორ იმოქმედა ამან იერემიაზე?
3 ალბათ გახსოვთ, რა უთხრა ღმერთმა იერემიას იმ დღეს, როცა ის წინასწარმეტყველად დანიშნა: „ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი, და ყველაფერი უნდა ილაპარაკო, რასაც გიბრძანებ. ნუ შეგაშინებს მათი სახეები, რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა, — ამბობს იეჰოვა“ (იერ. 1:7, 8). შემდეგ ღმერთმა მოულოდნელი რამ გააკეთა. იერემია გვიამბობს: «ხელი გამოიწოდა იეჰოვამ და ბაგეზე შემახო. მითხრა იეჰოვამ: „აი, ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს. იცოდე, რომ დღეს დაგაყენე ხალხებზე და სამეფოებზე“» (იერ. 1:9, 10). იმ დღიდან მოყოლებული იერემიამ იცოდა, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სახელით უნდა ელაპარაკა.a იეჰოვას მხარდაჭერით იერემია წმინდა მსახურებას უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგა (ეს. 6:5—8).
4. მსახურებაში გამოვლენილი განსაკუთრებული გულმოდგინების რა მაგალითები გახსენდებათ?
4 დღეს იეჰოვა თავის მსახურებს ფიზიკურად არ ეხება, თუმცა მათ წმინდა სულით სასიხარულო ცნობის ქადაგების ძლიერ სურვილს უღვიძებს. ბევრი მათგანი მართლაც სულით ანთებული ემსახურება ღმერთს. მოვიყვანოთ ესპანეთში მცხოვრები მარუხას მაგალითი. 40 წელზე მეტია, რაც ის კისერს ქვემოთ პარალიზებულია. მისთვის ძალიან რთულია კარდაკარ მსახურება, ამიტომ სხვა მეთოდებს მიმართავს, რათა მსახურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, მაგალითად, წერილებს წერს. მარუხა კარნახობს თავის ქალიშვილს და მასაც დედის სიტყვები ფურცელზე გადააქვს. ერთი თვის განმავლობაში მარუხამ და მისმა „მდივანმა“ 150-ზე მეტი წერილი დაწერეს და წერილთან ერთად კონვერტში ტრაქტატიც ჩადეს და გააგზავნეს. ამგვარად მათ შეძლეს ახლომდებარე სოფლის თითქმის ყველა ოჯახისთვის მიეწვდინათ სასიხარულო ცნობა. „ერთი წერილიც რომ აღმოჩნდეს გულმართალი ადამიანის ხელში, იეჰოვა გვაკურთხებს და ბიბლიის შესწავლას დავიწყებთ“, — უთხრა მარუხამ თავის შვილს. მისი კრების უხუცესი წერს: „იეჰოვას მადლობას ვუხდი, რომ მარუხასნაირი დები გვყავს, რომლებიც გვასწავლიან იმის დაფასებას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
5. ა) როგორ შეინარჩუნა იერემიამ ენთუზიაზმი გულგრილობის მიუხედავად? ბ) როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ენთუზიაზმი სასიხარულო ცნობის ქადაგებაში?
5 იერემიას დროს იერუსალიმის მკვიდრთა უმეტესობას არ მოსწონდა ღვთის სიტყვა. შეწყვიტა იერემიამ ქადაგება ხალხის გულგრილობის გამო? არა. მან თქვა: „ავივსე იეჰოვას რისხვით; დავიღალე მისი შეკავებით“ (იერ. 6:10, 11). როგორ შეგიძლიათ თქვენც მსგავსი ენთუზიაზმი შეინარჩუნოთ? ამის ერთ-ერთი საშუალება იმაზე დაფიქრებაა, თუ რამხელა პატივია, იყო ჭეშმარიტი ღვთის მოწმე. კარგად იცით, რომ გამოჩენილი ადამიანები შეურაცხყოფენ ჭეშმარიტი ღვთის სახელს და, ალბათ, თქვენს ქვეყანაშიც რელიგიურ წინამძღოლებს ისევე შეჰყავთ ხალხი შეცდომაში, როგორც იერემიას დროს აკეთებდნენ ამას მღვდლები (წაიკითხეთ იერემიას 2:8, 26, 27 ). ხოლო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, რომელსაც თქვენ ქადაგებთ, ადამიანების მიმართ ღვთის კეთილგანწყობაზე მეტყველებს (გოდ. 3:31, 32). ამაზე დაფიქრება დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ენთუზიაზმი სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ცხვრისმაგვარი ხალხისთვის დახმარების აღმოჩენაში.
6. რა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა იერემია?
6 ბევრი ქრისტიანის მსგავსად, ალბათ, არც თქვენთვის არის ადვილი მსახურებაში ყოველთვის ენთუზიაზმის შენარჩუნება. მსახურების დროს იერემიას არაერთი სერიოზული პრობლემა ჰქონია. ზოგჯერ ამ პრობლემებს მას ცრუწინასწარმეტყველები უქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეგიძლიათ წაიკითხოთ იერემიას 28-ე თავში. ხალხის უმეტესობა ყურს არ უგდებდა მის ქადაგებას, რის გამოც ის ზოგჯერ თავს მარტოსულად გრძნობდა (იერ. 6:16, 17; 15:17). გარდა ამისა, მტრების ხელში მოხვედრილ იერემიას სიცოცხლეს არაერთხელ დამუქრებია საფრთხე (იერ. 26:11).
რატომ არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი, რომ იეჰოვა დაგეხმარებათ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას პრობლემებთან გამკლავებაში?
„შენ მომატყუე, იეჰოვა“
7, 8. როგორ „მოატყუა“ ღმერთმა იერემია მისდა სასიკეთოდ?
7 იმ დროს, როცა იერემიას ყოველდღე დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, მას თავისი გრძნობები არ დაუმალავს ღვთისთვის. თქვენი აზრით, რა გაგებით მოატყუა იეჰოვამ თავისი ერთგული წინასწარმეტყველი, როგორც ამას იერემიას 20:7-სა და 8-ში ვკითხულობთ? (წაიკითხეთ).
8 ცხადია, იეჰოვას რაიმე მზაკვრული გეგმა არ შეუმუშავებია იერემიას მოსატყუებლად. არა, იეჰოვამ ეს მისდა სასიკეთოდ გააკეთა. იერემია გრძნობდა, რომ წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ საკუთარი ძალით ვეღარ შეძლებდა ღვთის დავალების შესრულებას. თუმცა მან ეს შეძლო ყოვლისშემძლე ღვთის მხარდაჭერითა და დახმარებით. იეჰოვას ძალა იმ გაგებით აღმოჩნდა უფრო ძლიერი იერემიას სისუსტეებზე, რომ მაშინ, როცა ამ ღვთისნიერ კაცს ეგონა, მეტად ვეღარ შეძლებდა მსახურებას, იეჰოვამ ის თავისი ძალით აიძულა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოატყუა“, რათა საქმე ბოლომდე მიეყვანა. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ სისუსტეების მიუხედავად წინასწარმეტყველმა იეჰოვას ძალით შეძლო ქადაგების გაგრძელება მაშინაც კი, როცა ხალხი მის მიმართ გულგრილობას, წინააღმდეგობასა და აგრესიას ავლენდა.
9. რატომ არის თქვენთვის გამამხნევებელი იერემიას 20:11?
9 იეჰოვა იყო იერემიას გვერდით როგორც „ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი“ და ეხმარებოდა მას (იერ. 20:11). ღმერთი თქვენც გაგაძლიერებთ, რათა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში სერიოზული პრობლემების მიუხედავად ენთუზიაზმი შეინარჩუნოთ. იეჰოვა თქვენ გვერდითაც იდგება როგორც „ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი“.
10. როგორ მოიქცევით წინააღმდეგობის დროს?
10 მოციქულმა პავლემ სწორედ ამ აზრს გაუსვა ხაზი, როცა იმ ქრისტიანებს ამხნევებდა, რომლებიც წინააღმდეგობას ხვდებოდნენ: „ოღონდ მოიქეცით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად, რათა . . . მოვისმინო თქვენზე, რომ მტკიცედ დგახართ ერთ სულში, ერთსულოვნად იბრძვით მხარდამხარ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის და არაფერში უშინდებით მოწინააღმდეგეებს“ (ფილ. 1:27, 28). იერემიასა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად თქვენც შეგიძლიათ, და უნდა გქონდეთ კიდეც, მსახურებაში ყოვლისშემძლე ღვთის მხარდაჭერის იმედი. თუ ვინმე დაგცინით ან ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებთ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა თქვენ გვერდითაა და ძალას მოგცემთ. ის ასე მოიქცა იერემიასა და ჩვენი მრავალი თანამორწმუნის შემთხვევაში და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი. ღმერთმა შეიძლება „მოგატყუოთ“ და მოგცეთ იმის ძალა, რომ პრობლემებს შიშით კი არა, გაბედულად შეხვდეთ და წარმატებით გაუმკლავდეთ. სავსებით შესაძლებელია, იმაზე ბევრად მეტი გააკეთოთ, ვიდრე ფიქრობდით, რომ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ (წაიკითხეთ საქმეების 4:29—31 ).
11, 12. ა) რა ცვლილებების მოხდენა შეგიძლიათ იმისათვის, რომ უფრო მეტ ადამიანს უქადაგოთ? ბ) რა და რა ადგილას შეგიძლიათ იქადაგოთ? (მაგალითისთვის იხილეთ სურათი 39-ე გვერდზე).
11 იერემიას მაგალითზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ უფრო დახელოვნებული მქადაგებლები გავხდეთ. წინასწარმეტყველად მსახურების დაწყებიდან 20 წელზე მეტი იყო გასული, როცა იერემიამ შემდეგი სიტყვები თქვა: „გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, თქვენ კი არ ისმენდით“ (იერ. 25:3). დიახ, ის ადრე დგებოდა, რომ თავისი დავალება შეესრულებინა. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისი მაგალითიდან? ბევრი მაუწყებელი ადრე დგება და ავტობუსების გაჩერებებსა და რკინიგზის სადგურებში ქადაგებს. სოფლად მცხოვრები მოწმეები ხშირად დილის საათებში ქადაგებენ მათთან, ვინც ამ დროს უკვე მუშაობს. პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იერემიას ამ მხრივ? იქნებ თქვენც ამდგარიყავით ცოტა ადრე და დროულად მისულიყავით სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე.
12 გარდა ამისა, ბევრ ადგილას საკმაოდ ნაყოფიერია კარდაკარ მსახურება ნაშუადღევს ან საღამოს საათებში. ზოგი მაუწყებელი ღამითაც კი ქადაგებს ბენზინგასამართ სადგურებში, რესტორნებსა და იმ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალთან, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. შეგიძლიათ თქვენი გეგმები ისე შეცვალოთ, რომ იმ დროს გახვიდეთ საქადაგოდ, როცა ხალხის ნახვა ადვილი იქნება სახლებში ან სხვა ადგილას?
რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ იეჰოვა გიდგათ მხარში, როცა მის სიტყვას ქადაგებთ?
13, 14. ა) რას გვასწავლის იერემიას მაგალითი განმეორებით მონახულებებთან დაკავშირებით? ბ) რომელი შემთხვევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია დათქმულ დროზე მივიდეთ განმეორებით მონახულებებზე?
13 იეჰოვამ არაერთხელ დაავალა იერემიას, რომ ტაძრის ან ქალაქის კარიბჭესთან დამდგარიყო და წინასწარმეტყველური სიტყვა გაეცხადებინა ხალხისთვის (იერ. 7:2; 17:19, 20). კარიბჭეებთან იერემიას შეეძლო დიდძალი ხალხისთვის გადაეცა ღვთის სიტყვა. ბევრი გამოჩენილი ადამიანი, ვაჭარი და სხვა საქმიანი ხალხი ხშირად ერთი და იმავე კარიბჭით სარგებლობდა. ამიტომ, როგორც ჩანს, იერემია არაერთხელ შეძლებდა, ესაუბრა ერთი და იმავე ადამიანთან, რათა დახმარებოდა მას იმის უკეთ გაგებაში, რაც უკვე მოსმენილი ჰქონდა. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ მაგალითიდან განმეორებით მონახულებებთან დაკავშირებით?
14 იერემიას კარგად ესმოდა, რომ მისი, როგორც ღვთის წინასწარმეტყველის, მსახურებაზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე იყო დამოკიდებული. ერთხელ, როცა მან ვერ შეძლო, ხალხთან მისულიყო და ღვთის მითითებები გადაეცა, თავისი მეგობარი, ბარუქი გააგზავნა მათთან (წაიკითხეთ იერემიას 36:5—8). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამ საკითხში? როცა ვინმეს შევპირდებით, რომ განმეორებით მივაკითხავთ, შევასრულებთ ჩვენს სიტყვას? თუ ვერ ვახერხებთ განმეორებით მონახულებაზე ან ბიბლიის შესწავლაზე მისვლას, ვთხოვთ ვინმეს, ჩვენ მაგივრად მივიდეს? იესომ თქვა: „თქვენი დიახ იყოს დიახ“ (მათ. 5:37). აუცილებელია, ვიყოთ სიტყვის შემსრულებლები, რადგან ჩვენ ჭეშმარიტებისა და წესრიგის ღმერთს ვემსახურებით (1 კორ. 14:33, 40).
შეცვალეთ თქვენი გეგმები და მეთოდები ისე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უქადაგოთ?
15, 16. ა) როგორ ბაძავს ბევრი იერემიას მაგალითს მსახურებაში? ბ) რას ვსწავლობთ ჩილელი დის შემთხვევიდან? (იხილეთ სურათი მე-40 გვერდზე).
15 იერემიამ გამამხნევებელი წერილი მისწერა ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს და ამ წერილში იეჰოვას „სასიკეთო სიტყვა“ გაუცხადა მათ იმის შესახებ, რომ ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ (იერ. 29:1—4, 10). დღეს ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად გადავცეთ ხალხს წერილებისა თუ ტელეფონის მეშვეობით იეჰოვას „სასიკეთო სიტყვა“ იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ის ახლო მომავალში. იყენებთ ამ საშუალებებს იმისათვის, რომ უქადაგოთ ნათესავებს, შორს მცხოვრებ ადამიანებს და მათ, ვისთან დაკავშირებაც რთულია?
16 დღეს მაუწყებლები ხშირად კარგ შედეგებს იღებენ, როცა იერემიას ჰბაძავენ და ყოველმხრივ ასრულებენ თავიანთ მსახურებას. ერთი ჩილელი იეჰოვას მოწმე მეტროს სადგურზე გაესაუბრა ქალს, რომელსაც ძალიან მოეწონა ბიბლიური ცნობა და დასთანხმდა დას, მასთან სახლში გაეგრძელებინათ ამ თემაზე საუბარი. სამწუხაროდ, დას დაავიწყდა ქალის მისამართის ჩაწერა. მას კარგად ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ქალისთვის ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გაეღვივებინა, ამიტომ იეჰოვას სთხოვა დახმარება. მეორე დღეს და იმავე დროს მივიდა მეტროს სადგურზე და ისევ შეხვდა ამ ქალს; ამჯერად გამოართვა მისამართი, მიაკითხა სახლში და ბიბლიის უკეთ გაგებაში დაეხმარა. ღმერთი ძალიან მალე აღასრულებს თავის განაჩენს სატანის ქვეყნიერებაზე, თუმცა მათ, ვინც მოინანიებს და ირწმუნებს სასიხარულო ცნობას, შეუძლიათ ჰქონდეთ ნათელი მომავლის იმედი (წაიკითხეთ გოდების 3:31—33). ამიტომ, მოდი, კეთილსინდისიერად ვიქადაგოთ ჩვენს უბნებზე!
ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ კვლავ მოინახულოთ ისინი, ვინც ინტერესი გამოავლინა?
„იქნებ მოგისმინონ და მობრუნდეს თითოეული“
17. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იერემიას ხალხის მიმართ და როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მას ამ საკითხში?
17 იეჰოვას არ უნდოდა, რომ ვინმე დაღუპულიყო. იერუსალიმის განადგურებამდე დაახლოებით ათი წლით ადრე, ის იერემიას მეშვეობით ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს იმედის მომცემ ცნობას გადასცემდა: „თვალს დავიჭერ მათზე მათივე სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ მიწაზე; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ ამოვძირკვავ“. იერემიას შეეძლო ასეთი რამ ეთქვა მათთვის: „არსებობს შენთვის მომავლის იმედი“ (იერ. 24:6; 26:3; 31:17). წინასწარმეტყველს ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ხალხის მიმართ, როგორიც ღმერთს. ის გულწრფელად იყო დაინტერესებული მათით, ვისაც იეჰოვას სიტყვას გადასცემდა: „მობრუნდით-მეთქი თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი საქმეები“ (იერ. 35:15). კიდევ როგორ შეგიძლიათ გამოავლინოთ პირადი ინტერესი თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ?
18, 19. ა) როგორ დამოკიდებულებას უნდა მოვერიდოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას? ბ) როგორი განწყობა უნდა გვქონდეს, თუ გვინდა, რომ იერემიას მივბაძოთ?
18 იერემიას არასდროს განელებია ადამიანების მიმართ სიყვარული. იერუსალიმის განადგურების დროს ის დარდობდა თავის ხალხზე (წაიკითხეთ გოდების 2:11 ). მართალია, იუდეველებს ეს უბედურება თავიანთი ცოდვების გამო დაატყდათ თავს, მაგრამ იერემია არ ეუბნებოდა მათ, ხომ გეუბნებოდითო. პირიქით, ის ძალიან განიცდიდა მათ მდგომარეობას. მსგავსად ამისა, ზერელედ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ვიქადაგოთ. მსახურებაში ჩვენი გულმოდგინება ცხადყოფს, თუ რამდენად გვიყვარს ჩვენი შესანიშნავი ღმერთი და ადამიანები, რომლებიც მან თავის ანარეკლად შექმნა.
ხედავს ხალხი, რომ გულწრფელად ხართ დაინტერესებული მათით?
19 ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს, ვიყოთ ჭეშმარიტი ღვთის მოწმეები და ამას ვერაფერი შეედრება ქვეყანაზე. იერემიაც სწორედ ასე ფიქრობდა: „მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი; შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა“ (იერ. 15:16). სასიხარულო ცნობის ქადაგების წყალობით კიდევ ბევრი გაიცნობს და შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც თავიანთ სიცოცხლეს უნდა უმადლოდნენ. ამ საქმეში ჩვენს წვლილსაც შევიტანთ, თუ იერემიას მსგავსად ენთუზიაზმით ვიქადაგებთ და ხალხის მიმართ სიყვარულს გამოვავლენთ.
იერემიას მაგალითის გათვალისწინებით რა და რა სახით აპირებთ იეჰოვას „სასიკეთო სიტყვის“ ქადაგებას?
a იეჰოვა ხშირად ანგელოზის მეშვეობით ელაპარაკებოდა ადამიანებს; სწორედ ასე მოიქცა იერემიას შემთხვევაშიც (მსაჯ. 13:15, 22; გალ. 3:19).