საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • მაკედონიის თანამედროვე ისტორია

      „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“, — ასე უთხრა ხილვაში პავლე მოციქულს ერთმა კაცმა (საქ. 16:8—10). პავლე მიხვდა, რომ ეს მითითება ღვთისგან იყო, და ამიტომ უნდა წასულიყო ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იქ, სადაც არავის უქადაგია. პავლემ და მისმა თანამსახურებმა გაითვალისწინეს ეს მითითება. იქ ქრისტიანთა რიცხვი მალე გაიზარდა. იყო თუ არა ასეთივე ზრდა ძველი მაკედონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თანამედროვე მაკედონიაში?

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაკედონია იუგოსლავიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე რესპუბლიკად იქცა. 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1993 წელს იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში გაატარეს. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო ოფისმა, რომელსაც ავსტრიის ფილიალის კომიტეტი გაუწევდა ზედამხედველობას. ამავე წელს ქალაქ სკოპიეში ალჯირსკას ქუჩაზე შეიძინეს შენობა, რომელშიც ზაგრებიდან (ხორვატია) მაკედონური მთარგმნელობითი ჯგუფი გადავიდა.

      გერმანიიდან მიხაილ და დინა შიბენები ჩავიდნენ და სარაიონო მსახურება დაიწყეს. კანადელი დანიელ და ჰელენ ნიზანები, რომლებიც მანამდე სერბიაში მსახურობდნენ, ახლა მაკედონიაში გაგზავნეს. შეიქმნა ქვეყნის კომიტეტი და ბეთელიც ამუშავდა.

      შეზღუდული რაოდენობის ლიტერატურა

      მართალია, იეჰოვას მოწმეები რეგისტრირებული იყვნენ, მაგრამ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა მაინც ფერხდებოდა. 1994—1998 წლებში მთავრობის მიერ ჟურნალების იმპორტზე შეზღუდვა იყო დაწესებული, ისე რომ, ერთ მაუწყებელს მხოლოდ ერთი ჟურნალი შეხვედროდა. ძმები იძულებულები იყვნენ, ბიბლიის შემსწავლელებისთვის „საგუშაგო კოშკის“ ასლები ადგილზევე დაემზადებინათ. ჟურნალებს უცხოეთიდანაც ფოსტით იღებდნენ, ზოგჯერ ცოტაოდენი ჟურნალები ჩასულ სტუმრებსაც ჩაჰქონდათ. ბოლოს, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული არაერთი სასამართლო პროცესის შედეგების გათვალისწინებით უზენაესმა სასამართლომ მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება — მათ ქვეყანაში იმდენი ჟურნალის შეტანა შეეძლოთ, რამდენსაც მოისურვებდნენ.

      2000 წლის აგვისტოში მაუწყებელთა რიცხვი პირველად ასცდა 1 000-ს და 1 024-ს მიაღწია. მაკედონურ ენაზე პუბლიკაციების რაოდენობისა და მაუწყებელთა რიცხვის ზრდის გამო საჭირო გახდა ბეთელში დამატებითი პერსონალის მიწვევა, მაგრამ საამისოდ ბეთელის შენობა ძალიან პატარა იყო. ამიტომ მომდევნო წელს იქვე მეზობლად სამი პატარა სახლი შეიძინეს, რომლებიც დაანგრიეს, ეზო გააერთიანეს და ორი ახალი შენობის ასაშენებლად გაამზადეს. დღეს მაკედონიის ბეთელში სამი კეთილმოწყობილი შენობა დგას, სადაც 34 კაცი ცხოვრობს და მუშაობს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ 2003 წლის 17 მაისს მიძღვნის პროგრამა ჩატარდებოდა და ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, გაი პირსს უმასპინძლებდნენ.

      სამეფო დარბაზების მშენებლობა

      მაკედონელი და-ძმები მადლიერნი არიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის გათვალისწინებული სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა მათ ქვეყანაშიც ხორციელდება. ადგილობრივი კრებებისთვის სამეფო დარბაზების შენება ხუთკაციან სამშენებლო ბრიგადას დაევალა. 2001—2007 წლებში ცხრა სამეფო დარბაზი აშენდა. სხვადასხვა ეროვნების და-ძმებისგან შემდგარი სამშენებლო ბრიგადის წევრებს შორის არსებულმა მშვიდობამ და ერთიანობამ გააკვირვა ადგილობრივი მოსახლეობა. ახალაშენებული სამეფო დარბაზით მოხიბლულმა ერთმა ბიზნესმენმა აღნიშნა: „ამ შენობას აშკარად ეტყობა, რომ სიყვარულით არის აშენებული“.

      ქალაქ შტიპში სამეფო დარბაზის მშენებლობას ერთი მეზობელი სკეპტიკურად უყურებდა. ეგონა, რომ ბრიგადის ახალგაზრდა წევრებს საკმარისი გამოცდილება არ ექნებოდათ. მაგრამ მშენებლობის წარმატებით დამთავრების შემდეგ მან ძმებს თავისი სახლის პროექტი მიუტანა და შეეხვეწა, რომ მისთვის სახლი აეშენებინათ. მეზობელს მათი ნამუშევარი ისე მოეწონა, რომ დაჰპირდა, თუ ამიშენებთ, კარგად გადაგიხდითო. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ძმებმა უთხრეს, რომ სამეფო დარბაზი ფულის შოვნის მიზნით კი არ აუშენებიათ, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

      ახალი ქვეყნიერების თარგმანი

      ერთგული დებისა და ძმების პატარა ჯგუფი ახალ საქმეს შეუდგა. დაიწყეს „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მაკედონურ ენაზე თარგმნა. იეჰოვამ აკურთხა მათი მძიმე შრომა. ხუთ წელიწადში სრულად ითარგმნა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. წარმოიდგინეთ დელეგატების სიხარული 2006 წელს სკოპიეში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე „ხსნა ახლოსაა“, როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გერიტ ლოშმა, ახალი ბიბლიის გამოცემა გამოაცხადა. არ წყდებოდა მქუხარე აპლოდისმენტები. ბევრი ცრემლებს ვერ იკავებდა. ზოგიერთმა დელეგატმა შესვენების დროს წიგნის მიღებისთანავე დაიწყო ღვთის სიტყვის ბრწყინვალე თარგმანის კითხვა მშობლიურ ენაზე.

      მაკედონელთა უმრავლესობა აფასებს ბიბლიას. ორჰანმა ბიბლიის შესწავლა ექვსი წლის წინ დაიწყო. მას წერა-კითხვა იმ ძმამ ასწავლა, ვინც ბიბლიის შესწავლაში ეხმარებოდა. სამი წლის მონათლულია, და უკვე ექვსჯერ წაიკითხა ბიბლია.

      ქალაქ რეზენში გარკვეული ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჰანი იყო იეჰოვას მოწმე. ბევრი პატივისცემით განეწყო ერთ დროს წერა-კითხვის უცოდინარი ორჰანის მიმართ. ზოგიერთმა მშობელმა ძმებს სთხოვა, რომ მათ ბავშვებთანაც დაეწყოთ შესწავლა. ჭეშმარიტების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა, და ერთ დღესაც, იმ ქალაქში წიგნის შესწავლა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი დაინტერესებული მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, დღეს კი ორჰანი მომსახურე და სრული დროით პიონერია.

      მაკედონიაში ჩასვლა დასახმარებლად

      2004 წლის ივლისში ერთი ცოლ-ქმარი, რომლებიც სპეციალური პიონერები იყვნენ, მაკედონიაში ალბანურენოვან მოსახლეობასთან საქადაგებლად გაგზავნეს. ალბანურენოვანი მოსახლეობა მაკედონიის მოსახლეობის 25 პროცენტს შეადგენს. მალე ცხადი გახდა, რომ დახმარების გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ, რადგან ნახევარმილიონიან მოსახლეობაში მაუწყებელი მათ გარდა არავინ იყო. ერთი წლის შემდეგ მათ კიდევ ერთი ალბანელი ცოლ-ქმარი შეუერთდა, რომლებიც აგრეთვე სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ. ქალაქ კიჩევოში მცხოვრები შვიდი დაინტერესებულისთვის მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გაზაფხულზე გახსენების საღამოს 61 კაცი დაესწრო. მოხსენება ალბანურად და მაკედონურად წაიკითხეს. მას შემდეგ კრებაში უკვე 17 მაუწყებელი მსახურობდა, შეხვედრებს კი საშუალოდ 30 კაცი ესწრებოდა.

      სასიხარულო ცნობა მთელ მაკედონიაში რომ გავრცელებულიყო, 2007 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით ხელმძღვანელი საბჭოს თანხმობით სპეციალური კამპანია მოეწყო. ეს კამპანია მიზნად ისახავდა ალბანურენოვან და სხვა დაუმუშავებელ ტერიტორიებზე ქადაგებას.

      ამ კამპანიაში სიხარულით ჩაება შვიდი ქვეყნიდან ჩასული 337 მაუწყებელი. როგორი იყო შედეგი? მთელ მაკედონიაში სასიხარულო ცნობა 200-ზე მეტ დასახლებაში იქადაგეს, სადაც მთლიანობაში 400 000-მდე კაცი ცხოვრობდა. მათმა უმრავლესობამ პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა. ოთხ თვეში სულ 25 000 წიგნი, ბროშურა და 40 000 ჟურნალი გაავრცელეს, ქადაგებას 25 000 საათი დაუთმეს და 200 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

      „როდესაც იგებდნენ, საიდან ვიყავით ჩასულები და რა მიზნით, თვალები ცრემლით ევსებოდათ, — იხსენებს ერთი ძმა. — ზოგს კი თვალს ის უწყლიანებდა, რასაც ღვთის სიტყვაში კითხულობდა“.

      კამპანიის მონაწილეთაგან ბევრი სიამოვნებით იხსენებდა მობინადრეების საქებარ სიტყვებს. ერთი და წერს: «ერთმა მასწავლებელმა გვითხრა: „ღმერთმა გაკურთხოთ! არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურებით! ის, რაზეც თქვენ მესაუბრეთ, ცხოვრების ხალისს მმატებს“».

      „ძნელია ასეთი ნაყოფიერი ტერიტორიის დატოვება, — აღნიშნა ერთმა მაუწყებელმა. — ბიბლიის შემსწავლელებს ჭეშმარიტება სწყურიათ, ჩვენ კი მათთან დამშვიდობება გვიწევს“.

      „ვნანობთ, რომ უფრო დიდხანს არ ავიღეთ შვებულება, — ამბობს ერთი ცოლ-ქმარი. — ქადაგების საჭიროება ძალიან დიდია“.

      ერთმა მაუწყებელმა ასე გამოხატა ყველას განცდა: „ჯერ არ მახსოვს, მთელ ოჯახს ასე სასიამოვნოდ გაგვეტარებინოს დრო!“

      მთიან მხარეში, ქალაქ ტეტოვოს მახლობლად, რამდენიმე მაუწყებელი დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ქადაგებდა. ორმა მათგანმა ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყო ქადაგება, ორმაც — მარცხენა მხარეს. მესამე სახლთან რომ მივიდნენ, უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ. მალე ეს ამბავი მთელ სოფელს მოედო. დებს სოფლის ქალები შემოეხვივნენ გარს, კაცები კი ცოტა მოშორებით იდგნენ და მოუთმენლად ელოდნენ ძმების გამოჩენას. მობინადრეებმა სწრაფად გამოუტანეს და-ძმებს ოთხი სკამი და ყავით გაუმასპინძლდნენ. მაუწყებლებმა პუბლიკაციები ყველას სათითაოდ ჩამოურიგეს, ბიბლიიდან მუხლებს უკითხავდნენ და ქადაგებდნენ.

      ხალხი ბევრ კითხვას სვამდა და პასუხებსაც ყურადღებით ისმენდა. წამოსვლისას ყველა სათითაოდ ემშვიდობებოდა მაუწყებლებს. უცბად ძმებს ერთმა მოხუცმა ქალმა დაუძახა და ჯოხით ხელში მათკენ გაემართა, ეჩხუბებოდა, ახლა გიჩვენებთ სეირსო, და თან ჯოხს იქნევდა. ისეთი რა დაუშავეს მას ძმებმა? „ყველას მიეცით წიგნი ჩემ გარდა, — უსაყვედურა მოხუცმა. — მეც მინდა ის დიდი ყვითელი წიგნი!“ და ხელს მეზობლისკენ იშვერდა, რომელსაც ხელში წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ ეჭირა. ძმებს ბოლო ეგზემპლარიღა ჰქონდათ დარჩენილი და მაშინვე მისცეს.

      ბოშებთან ქადაგება

      მაკედონიაში ბევრი ბოშა ცხოვრობს. მათი მშობლიური ენა ბოშურია, რომელიც რამდენიმე ბოშური დიალექტის შერწყმით წარმოიქმნა, თუმცა ისინი მაკედონურადაც ლაპარაკობენ. როგორც ამბობენ, მთელ ევროპაში ბოშათა ყველაზე დიდი დასახლება მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეშია, კერძოდ 30 000-იანი. შუტო ორიზარის რაიონში მდებარე სამეფო დარბაზში სამი ბოშური კრება იკრიბება. ნაყოფიერ ბოშურ ტერიტორიას 200 მაუწყებელი ამუშავებს. ერთ მაუწყებელზე 150 კაცი მოდის, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბოშათა დადებით გამოხმაურებაზე მეტყველებს ის, რომ 2008 წელს გახსენების საღამოს 708 ბოშა დაესწრო.

      რა კეთდება იმისათვის, რომ ჭეშმარიტებასმოწყურებული თავმდაბალი ბოშები ღვთის განზრახვას მშობლიურ ენაზე გაეცნონ? ბოშურ ენაზე ითარგმნა 2007 წლის სპეციალური საჯარო მოხსენების კონსპექტი, რომელიც წარმოშობით ბოშა უხუცესმა წარმოთქვა. ამ მოხსენებას 506 კაცი დაესწრო. 2007 წლის საოლქო კონგრესზე კი გამოცხადდა ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ბოშურ ენაზე გამოცემა. სიხარულს ვერც ბოშები მალავდნენ, ვერც მაკედონელები და ვერც ალბანელები. მანამდე მაუწყებლები ბიბლიის შესწავლებს ბოშურად ატარებდნენ, ოღონდ მაკედონური ლიტერატურით, ახლა კი გულწრფელ ბოშებთან შესწავლებს ატარებენ ბოშური ბროშურით „რას მოითხოვს?“ და წარმატებებსაც აღწევენ.

      დღეს მაკედონიის 21 კრების 1 277 მაუწყებელი პავლე მოციქულს ჰბაძავს. ჭეშმარიტებასმოწყურებული მადლიერი ხალხის გამოხმაურება იმაზე მეტყველებს, რომ „მაკედონიაში ჩასვლა“ ნამდვილად ღირდა!

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [ჩარჩო⁄სურათი 224 გვერდზე]

      „ციხეში თერთმეტი დღით ადრე გამოვცხადდი“

      პავლინა ბოგოევსკა

      დაიბადა: 1938 წელს

      მოინათლა: 1972 წელს

      მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1975 წელს დაიწყო პიონერად მსახურება. 1977 წელს მაკედონიაში განაგრძო სპეციალურ პიონერად მსახურება და 80 კაცს დაეხმარა ჭეშმარიტების მიღებაში.

      როდესაც ვმსახურობდი, ხშირად მაბეზღებდნენ პოლიციაში. წამიყვანდნენ ხოლმე განყოფილებაში და საათობით მიწყობდნენ დაკითხვას. ბევრჯერ დამაჯარიმეს. სასამართლოზე უსაფუძვლოდ დამდეს ბრალი, თითქოს სახელმწიფოს მტერი ვიყავი და დასავლურ პროპაგანდას ვეწეოდი. ერთხელ ოცდღიანი პატიმრობა მომისაჯეს, მეორედ — ოცდაათდღიანი.

      ჩემი პატიმრობის დღეები საოლქო კონგრესის დღეებს ემთხვეოდა. თხოვნით მივმართე სასამართლოს, რომ სასჯელი გადაევადებინათ, რაზეც უარი მივიღე. მაშინ გადავწყვიტე, ციხეში თერთმეტი დღით ადრე მივსულიყავი. ციხის თანამშრომლები გაოცებას ვერ მალავდნენ. ვერ წარმოედგინათ, თუ შეიძლებოდა ვინმეს სასჯელის მოხდა დანიშნულ ვადაზე ადრე მონდომებოდა. მათთან ქადაგების შესაძლებლობაც მომეცა. დამპირდნენ, რომ ჩემზე ყოველმხრივ იზრუნებდნენ. თერთმეტი დღის შემდეგ ციხეში პოლიციელი მოვიდა, რათა ენახა, ადგილზე ვიყავი თუ არა. გაწბილებული დარჩა, როდესაც ციხის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თერთმეტი დღე უკვე მოხდილი მქონდა. ასე შევძელი საოლქო კონგრესზე დასწრება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება