-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
1968 წელს ზაგრების ერთ-ერთ კოლეჯში ერთი კოჩანელი (მაკედონია) ახალგაზრდა სწავლობდა. ჭეშმარიტება სწორედ კოლეჯში გაიგო. შინ რომ დაბრუნდა, სასიხარულო ცნობა თავის ნათესავებსა და მეგობრებს გაუზიარა.
«ის ახალგაზრდა ჩემი დეიდაშვილი იყო, — იხსენებს სტოიან ბოგატინოვი, პირველი მონათლული მოწმე კოჩანიში. — ოფიციანტად ვმუშაობდი. ხანდახან მე და ჩემი თანამშრომლები რელიგიაზე ვსაუბრობდით. ერთ-ერთი ჩვენი საუბრის შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის წევრი შემოვიდა. საჭმელი რომ მივუტანე, ვთხოვე, ეკლესიიდან ბიბლიას ხომ ვერ მომიტან, ძალიან მინდა, წავიკითხო-მეთქი. დამპირდა, მოგიტანო. მალე „ახალი აღთქმის“ პირადი ეგზემპლარი უკვე მქონდა. იმდენად გახარებული ვიყავი, ერთი სული მქონდა, სახლში მალე მივსულიყავი და კითხვა დამეწყო.
გზაში ჩემი დეიდაშვილი შემხვდა და თავისთან დამპატიჟა. ვუთხარი, ვერ წამოვალ, სახლში მეჩქარება, ბიბლია უნდა წავიკითხო-მეთქი. რაღაც საინტერესო მაქვსო შენთვის; ისეთ წიგნებს გაჩვენებ, ბიბლიის უკეთ გაგებაში რომ დაგეხმარებაო. დავთანხმდი, და როდესაც ხორვატულ ენაზე სრული ბიბლია, ბროშურები და „საგუშაგო კოშკის“ ნომრები ვნახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ზოგიერთი პუბლიკაცია მაჩუქა. მაშინვე დავიწყე კითხვა. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვკითხულობდი. მანამდე იეჰოვას მოწმეებს არასდროს შევხვედროდი, მაგრამ ახლა მათი გაცნობის სურვილი გამიჩნდა.
ჩემი დეიდაშვილი ზაგრებში რომ ბრუნდებოდა, მეც თან გავყევი. იქ გავიცანი ერთი სტუმართმოყვარე ძმა, ივიცა პავლაკოვიჩი, რომელმაც სტუმრად დამპატიჟა. იქ სამი დღე დავრჩი. კითხვას კითხვაზე ვუსვამდი; ის ყოველთვის ბიბლიიდან მპასუხობდა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კრების შეხვედრასაც დავესწარი. გამამხნევა და-ძმებს შორის თბილმა ურთიერთობამ.
ივიცამ ზაგრების ბეთელის დასათვალიერებლად წამიყვანა. იქიდან გახარებული წამოვედი, უამრავი ჟურნალი გამომატანეს. რამდენიმე დაუვიწყარი დღის შემდეგ კოჩანიში დავბრუნდი, სადაც, ასე ვთქვათ, სულიერი საუნჯე ჩავიტანე. ივიცას სისტემატურად ვწერდი წერილებს, რადგან მოწმეები ახლომახლო არ ცხოვრობდნენ. წერილებში უამრავ კითხვას ვუსვამდი და ისიც პასუხებს მწერდა. რასაც ვსწავლობდი, ჩემს ცოლ-შვილს ვუზიარებდი. მალე ისინიც დაინტერესდნენ. ჭეშმარიტებამ მთელი ოჯახი გაგვაერთიანა. ბიბლიიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. გახარებულებმა ჩვენს ნათესავებთან და მეგობრებთან სასიხარულო ცნობის შესახებ ენთუზიაზმით დავიწყეთ ქადაგება; ბევრი მათგანი გვისმენდა. მალე ქადაგებას დევნაც მოჰყვა».
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათი 182 გვერდზე]
სტოიან ბოგატინოვი
-