ღვთისადმი მსახურება სიკვდილის საფრთხის წინაშე
მოგვითხრო ჟვაუ მანკოკამ
1961 წლის 25 ივნისს ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ჯარისკაცებმა ჩვენი ქრისტიანული კრება დაარბიეს. ოცდაათი ჩვენგანი საპატიმროში წაგვიყვანეს და ისე დაუნდობლად გვცემეს, რომ ყოველ ნახევარ საათში მოდიოდნენ იმის გასაგებად, ჩვენ შორის რომელიმე ჯერ კიდევ თუ იყო ცოცხალი. გვესმოდა, როცა ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ ჩვენი ღმერთი ჭეშმარიტი უნდა ყოფილიყო, რადგან ყველა გადავრჩით.
ამ საშინელი ცემის შემდეგ 5 თვე სან-პაულუს ციხეში დავყავი. მომდევნო 9 წლის განმავლობაში ერთი ციხიდან მეორეში გადავყავდით. უამრავი რამ გადავიტანე — მრავალჯერ ცემა, სიდუხჭირე და დაკითხვები. 1970 წელს განვთავისუფლდი, მაგრამ მალე ისევ დამაპატიმრეს. ამჯერად სან-ნიკულაუს (ამჟამად ბენტიაბას) სიკვდილმისჯილების ბანაკში გადამაგზავნეს, სადაც ორ-ნახევარი წელიწადი დავყავი.
ალბათ გაინტერესებთ, რატომ უნდა დაეპატიმრებინათ კანონის მორჩილი მოქალაქე მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენას უზიარებდა? და პირველად სად მოვისმინე ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა?
კარგი განათლების მიღება
დავიბადე 1925 წლის ოქტომბერში, ჩრდილოეთ ანგოლაში, ქალაქ მაკელა-დუ-ზუმბუსთან ახლოს. 1932 წელს, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, დედამ თავის ძმასთან ბელგიის კონგოში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) გამაგზავნა. ის იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო, რადგან ჩემი რჩენის საშუალება არ ჰქონდა.
ბიძაჩემი ბაპტისტი იყო და მომიწოდებდა, რომ ბიბლია წამეკითხა. თუმცა მისი ეკლესიის წევრი გავხდი, რასაც იქ ვსწავლობდი, სულიერად არ მაკმაყოფილებდა და არც ღვთის მსახურებისკენ აღმძრავდა. ამის მიუხედავად, ბიძაჩემმა სკოლაში შემიყვანა და კარგი განათლების მიღებაში დამეხმარა. სხვა საგნებთან ერთად ფრანგულ ენას დავეუფლე. დროთა განმავლობაში პორტუგალიური ვისწავლე. სკოლის დამთავრების შემდეგ ლეოპოლდვილის (ამჟამად კინშასა) ცენტრალურ რადიოსადგურში რადიოტელეგრაფისტად დავიწყე მუშაობა. 20 წლის ასაკში კი მარია პუვაზე დავქორწინდი.
ახალი რელიგიური მიმდინარეობა
იმავე წელს, კერძოდ, 1946-ში, საკმაოდ განათლებული ანგოლელი მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის, ბაპტისტების ეკლესიის წარმომადგენლის, ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი. მას ჩრდილოეთ ანგოლაში მცხოვრები კიკონგო ენაზე მოლაპარაკე ხალხის განათლებისა და მათი ინტელექტუალური დონის ამაღლების დიდი სურვილი ჰქონდა. მან შეიძინა ინგლისურიდან პორტუგალიურ ენაზე გადმოთარგმნილი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბუკლეტი, „სამეფო — მსოფლიოს იმედი“, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ავრცელებდნენ.
გუნდის ხელმძღვანელმა გადათარგმნა ეს ბუკლეტი კიკონგო ენაზე და მისი გამოყენებით ყოველკვირეულად იხილავდა ბიბლიას ჩვენს ჯგუფთან, რომელიც ბელგიის კონგოში მომუშავე ანგოლელებისგან შედგებოდა. ცოტა ხანში მან ამერიკაში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოს მისწერა იმის შესახებ, რომ უფრო მეტი ლიტერატურა გამოეგზავნათ. მიუხედავად ამისა, მისგან მოწოდებულ ინფორმაციაში ბაპტისტების ეკლესიის სწავლებები იყო გარეული. ამიტომ, არ შემეძლო ნათლად დამენახა, რა განსხვავება არსებობდა ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და ქრისტიანული სამყაროს არაბიბლიურ მოძღვრებებს შორის.
შევნიშნე, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურაში მოცემული ბიბლიური ცნობები განსხვავდებოდა იმისგან, რაც ბაპტისტების ეკლესიაში მქონდა ოდესმე მოსმენილი. მაგალითად, მე ვისწავლე, რომ ბიბლიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ღვთის პირად სახელს, იეჰოვას, და ჭეშმარიტი ქრისტიანებიც, შესაბამისად, თავიანთ თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებენ (ფსალმუნი 82:19, აქ; ესაია 43:10—12, აქ). უფრო მეტიც, სიხარული მომგვარა ბიბლიურმა დანაპირებმა, რომ ვინც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას, მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე სამოთხეში (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3—5).
თუმცა ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, წინასწარმეტყველ იერემიას მსგავსი გრძნობები დამეუფლა, რომელიც ვერ იკავებდა იეჰოვა ღმერთის შესახებ ლაპარაკის ძლიერ სურვილს (იერემია 20:9). ბიბლიის შემსწავლელებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები კარდაკარ ქადაგებაში შემომიერთდნენ. ბიძაჩემის ეზოში საჯარო შეხვედრებსაც კი ვატარებდი და დაბეჭდილი მოსაწვევი ბარათების საშუალებით ხალხს შეხვედრებზე ვეპატიჟებოდი. შეხვედრებს 80-მდე კაცი ესწრებოდა. ასე რომ, ახალ რელიგიურ მიმდინარეობას ანგოლის გუნდის ხელმძღვანელის თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი.
პირველი პატიმრობა
არ ვიცოდი, რომ ნებისმიერი მიმდინარეობა, რომელსაც კავშირი ჰქონდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკთან“, აკრძალული იყო ბელგიის კონგოში. ამიტომ, 1949 წლის 22 ოქტომბერს ზოგიერთი ჩვენგანი დაგვაპატიმრეს. სასამართლო პროცესამდე მოსამართლე, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობდი, პირადად დამელაპარაკა და მითხრა, რომ ეცდებოდა ჩემს გათავისუფლებას, თუ უარვყოფდი ქადაგების შედეგად ჩამოყალიბებულ მიმდინარეობას. მაგრამ არ დავეთანხმე.
ორთვე-ნახევრის მანძილზე ციხეში ყოფნის შემდეგ, უფლებამოსილმა პირებმა გადაწყვიტეს, ანგოლელები ჩვენს ქვეყანაში დავებრუნებინეთ. ანგოლაში დაბრუნებისას პორტუგალიის კოლონიური მთავრობაც ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენს საქმიანობას, რის გამოც ჩვენი თავისუფლება შეზღუდეს. ბელგიის კონგოდან ჩვენი მიმდინარეობის ბევრი წევრი ჩამოვიდა და საბოლოოდ 1 000-ზე მეტი ანგოლის ტერიტორიაზე მიმოიფანტა.
ცოტა ხანში ცნობილი რელიგიური ლიდერის, სიმონ კიმბანგუს, მიმდევრები ჩვენს მიმდინარეობას შეუერთდნენ. ეს ხალხი არ იყო დაინტერესებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ლიტერატურის შესწავლით, რადგან თვლიდნენ, რომ ბიბლიის ახსნა მხოლოდ სპირიტული მედიუმის შუამდგომლობით შეიძლებოდა. ჩვენი მიმდინარეობის უმრავლესობა ამ აზრს უჭერდა მხარს, მათ შორის გუნდის ხელმძღვანელიც, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენს ლიდერად მიიჩნევდნენ. მთელი გულით ვევედრებოდი იეჰოვას, დავეკავშირებინეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ნამდვილ წარმომადგენლებთან. ვიმედოვნებდი, რომ ეს დაარწმუნებდა ჩვენი მიმდინარეობის ყველა წევრს, მიეღოთ ბიბლიური ჭეშმარიტება და უარეყოთ არაბიბლიური წეს-ჩვეულებები.
ჩვენი მიმდინარეობის ზოგ წევრს არ მოსწონდა, როცა რამდენიმე ჩვენგანი ქადაგებდა. ამიტომ, მათ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან დაგვაბეზღეს და ბრალი დაგვდეს, რომ პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები ვიყავით. შედეგად, 1952 წლის თებერვალში, ჩვენგან ბევრი დაგვაპატიმრეს, მათ შორის კარლუს აგუშტინიუ-კადი და სალა რამუს-ფილემონი. ჩაგვკეტეს უფანჯრო საკანში. მაგრამ კეთილად განწყობილ დარაჯს ჩვენი მეუღლეების მიერ მოტანილი საჭმელი შემოჰქონდა. ასევე, მისი დახმარებით გადმოგვეცა საბეჭდი მანქანაც, რომელზეც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული პუბლიკაციების ასლებს ვბეჭდავდით.
სამი კვირის შემდეგ სამხრეთ ანგოლას უწყლო და უდაბურ რაიონში — ბაია-დუს-ტიგრეშში გადაგვასახლეს. იქ ჩვენი ცოლებიც თან გვახლდნენ. ოთხი წლით მძიმე ფიზიკური შრომა მოგვისაჯეს და იქ თევზსაჭერი კომპანიისთვის ვმუშაობდით. ბაია-დუს-ტიგრეშში არ არსებობდა თევზსაჭერი გემების ნავსადგური. ამიტომ ჩვენი ცოლები დილიდან საღამომდე გემებიდან ნაპირზე ეზიდებოდნენ თევზით დატვირთულ მძიმე კალათებს.
ბანაკში ჩვენი მიმდინარეობის სხვა წევრებს შევხვდით და შევეცადეთ მათ დარწმუნებას, რომ ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინათ. მაგრამ მათ არჩიეს, ტოკოს, გუნდის ხელმძღვანელის, მიმდევრები გამხდარიყვნენ. დროთა განმავლობაში მათ ტოკოისტები ეწოდათ.
დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა
ბაია-დუს-ტიგრეშში ყოფნისას აღმოვაჩინეთ ჩრდილოეთ როდეზიაში (ამჟამად ზამბია) არსებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის მისამართი და წერილობითი თხოვნით მივმართეთ. ჩვენი წერილი გადაეცა სამხრეთ აფრიკის ფილიალს, რომელმაც გამოგვიგზავნა საპასუხო წერილი კითხვით, როგორ დავინტერესდით ბიბლიური ჭეშმარიტებით. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოს ჩვენს შესახებ ეცნობა, ჩვენთან კონტაქტის დასამყარებლად სპეციალური წარმომადგენელი გამოიგზავნა. ის იყო უცხო ტერიტორიებზე მსახურების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მისიონერი, სახელად ჯონ კუკი.
ანგოლაში ჩამოსვლის შემდეგ ძმა კუკს კვირების მანძილზე მოუწია ლოდინი, სანამ პორტუგალიის უფლებამოსილი პირები ჩვენი მონახულების ნებას დართავდნენ. ბაია-დუს-ტიგრეშში ის 1955 წლის 21 მარტს ჩამოვიდა და ჩვენთან 5 დღით დარჩენის უფლება მიეცა. ძმა კუკი დამაკმაყოფილებლად ხსნიდა ბიბლიას, რამაც დამარწმუნა, რომ ის იეჰოვა ღმერთის ერთადერთი ჭეშმარიტი ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. თავისი ვიზიტის უკანასკნელ დღეს ძმა კუკმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ“, რომელსაც ბაია-დუს-ტიგრეშის მთავარი ადმინისტრატორის ჩათვლით 82 ადამიანი დაესწრო. თითოეულმა დამსწრემ ამ მოხსენების დაბეჭდილი ეგზემპლარი მიიღო.
ძმა კუკი ანგოლაში ხუთი თვის მანძილზე დარჩა და ბევრ ტოკოისტს დაუკავშირდა, მათი ლიდერის ჩათვლით. მაგრამ, უმრავლესობა არ იყო დაინტერესებული, გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. ამიტომ, მე და ჩემმა თანამორწმუნეებმა საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ უფლებამოსილი პირებისთვის გვეცნობებინა. დავწერეთ ოფიციალური წერილი, დათარიღებული 1956 წლის 6 ივნისით და გავუგზავნეთ „მის უდიდებულესობას, მოსამედიშის ოლქის გამგებელს“. წერილში განვაცხადეთ, რომ აღარ გაგვაჩნდა კონტაქტი ტოკოს მიმდევრებთან და „იეჰოვას მოწმეების საზოგადოების წევრებად“ უნდა ვეღიარებინეთ, აგრეთვე თაყვანისმცემლობის თავისუფლებაც მოვითხოვეთ. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პატიმრობა შემოკლებულიყო, ორი წლით გაგვიხანგრძლივეს.
ნათლობამდე მიმყვანი მოვლენები
საბოლოოდ 1958 წლის აგვისტოში გავთავისუფლდით და დავბრუნდით ლუანდაში, სადაც იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფს შევხვდით, რომელიც ერთი წლის წინათ მისიონერმა, მერვინ პასლოუმ, ჩამოაყალიბა; ანგოლაში მან ჯონ კუკი შეცვალა; მაგრამ ჩვენი ჩამოსვლისთვის უკვე ქვეყნიდან იყო გაძევებული. 1959 წელს კი იეჰოვას მოწმეების სხვა მისიონერი, ჰერი არნოტი, ეწვია ჩვენს ქვეყანას. მაგრამ, ჩამოსვლისთანავე ის და სამი ჩვენგანი, რომლებიც აეროპორტში ვხვდებოდით, პოლიციამ დაგვაკავა.
ორი ახალმონათლული პორტუგალიელი ძმა, მანუელ გონსალვიში და ბერტა ტეშერა, გააფრთხილეს, რომ აღარ ჩაეტარებინათ კრების შეხვედრები და გაათავისუფლეს. ძმა არნოტი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო მე მითხრეს, რომ, თუ არ მოვაწერდი ხელს საბუთს, რომლის თანახმადაც უარს ვიტყოდი მოწმეობაზე, ბაია-დუს-ტიგრეშში დამაბრუნებდნენ. შვიდი საათის განმავლობაში დაკითხვას მიწყობდნენ, მაგრამ გამათავისუფლეს და არც არაფერზე მომიწერია ხელი. საბოლოოდ, ერთი კვირის შემდეგ მოვინათლე ჩემს მეგობრებთან, კარლუს კადისთან და სალა ფილემონთან ერთად. ჩვენ ლუანდას გარეუბანში, მუსეკე-სამბიზანგაში, დავიქირავეთ ოთახი, რომელიც ანგოლაში იეჰოვას მოწმეების პირველი კრების შეხვედრების ადგილად იქცა.
გაძლიერებული დევნა
იმ პერიოდში გაიზარდა დაინტერესებულთა რიცხვი, რომლებმაც კრების შეხვედრებზე დაიწყეს დასწრება. ზოგი იმ მიზნითაც კი მოდიოდა, რომ ჩვენთვის ეთვალთვალა, მაგრამ მათ მოეწონათ შეხვედრები და მოგვიანებით იეჰოვას მოწმეები გახდნენ! პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა და 1961 წლის 4 თებერვალს ანგოლის გამათავისუფლებელი სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელობით აჯანყებამ იფეთქა, რის გამოც სიტუაცია ჩვენთვის კიდევ უფრო დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაცია არსებობდა, მაინც მოვახერხეთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა, რომელსაც 130 ადამიანი ესწრებოდა.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩატარებისას, ივნისში, სამხედრო პოლიციამ ჩვენი შეხვედრა დაარბია. ქალები და ბავშვები გაუშვეს, მაგრამ 30 მამაკაცი პოლიციაში წაგვიყვანეს. მთელი ორი საათი ხის ხელკეტებით გვცემდნენ, რის შედეგადაც სამი თვის მანძილზე სისხლს ვაღებინებდი; დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. ვინც დაუნდობლად მცემა, თქვა, რომ ასეც მოხდებოდა. მათი უმრავლესობა, ვისაც ურტყამდნენ, ბიბლიის ახალი მოუნათლავი შემსწავლელები იყვნენ; ამიტომ მთელი გულით ვევედრებოდი იეჰოვას მათთვის, რომ „ეზრუნა თავის ცხვრებზე“.
მადლობა იეჰოვას, რომ არც ერთი მათგანი არ დაიღუპა, რამაც სამხედრო პერსონალი გააოგნა. მომხდარმა ფაქტმა ზოგი ჯარისკაცი აღძრა ჩვენი ღვთის განსადიდებლად, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობდნენ, გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა! საბოლოოდ, ბიბლიის შემსწავლელთა უმრავლესობა მონათლული მოწმე გახდა და ამჟამად ზოგი უხუცესადაც კი მსახურობს. ერთ-ერთი მათგანი, სილვესტრე სიმანი, ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრია.
ცხრა წლის მანძილზე ტანჯული
როგორც დასაწყისში მოვიხსენიე, მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში უამრავი ტანჯვა გადავიტანე; ერთი ციხიდან თუ შრომა-გასწორების კოლონიიდან მეორეში მაგზავნიდნენ. ყველგან ვქადაგებდი პოლიტიკურ პატიმრებს შორის. დღესდღეობით მრავალი მათგანი მონათლული მოწმეა. იმ პერიოდში ჩემს ცოლს, მარიას, და ჩვენს შვილებს ნება დართეს, რომ თან მხლებოდნენ.
სანამ სერპა-პინტუს შრომა-გასწორების კოლონიაში ვიმყოფებოდით, ოთხი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც გაქცევას აპირებდნენ, დაიჭირეს. ისინი ყველა პატიმრის წინაშე დაუნდობლად აწამეს და მოკლეს, რათა არც ერთ პატიმარს არ განეზრახა გაქცევა. მას შემდეგ კოლონიის ზედამხედველი მარიასა და ბავშვების წინაშე შემდეგი სიტყვებით დამემუქრა: „თუ ქადაგებაზე კვლავ წაგასწრებ, მათ მსგავსად დაასრულებ სიცოცხლეს, ვინც გაგცევას შეეცადა“.
1966 წლის ნოემბერში სან-ნიკულაუს სიკვდილმისჯილების საშინელ ბანაკში აღმოვჩნდით. როცა იქ ჩავედით, თავზარი დამცა იმის გაგებამ, რომ ბანაკის უფროსი მისტერ სიდი იყო; სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც დაუნდობელი ცემით სან-პაულუს ციხეში სიკვდილის პირამდე მიმიყვანა! ბანაკში ყოველთვიურად უამრავ ადამიანს ხოცავდნენ და ჩემს ოჯახს ამ სადისტური მკვლელობების ყურებას აიძულებდნენ. შედეგად, მარიას ნერვული მოშლილობა დაემართა, რისგანაც ვეღარ განიკურნა. ბოლოს მომცეს იმის უფლება, რომ ის და ბავშვები ლუანდაში დამებრუნებინა, სადაც მათზე ჩემი ორი უფროსი ქალიშვილი, ტერეზა და ჟუანა, იზრუნებდნენ.
გათავისუფლებული, მაგრამ კვლავ დაპატიმრებული
მომდევნო წელს, კერძოდ 1970 წლის სექტემბერში, გამათავისუფლეს და საშუალება მომეცა, შევერთებოდი ჩემს ოჯახსა და ლუანდაში მყოფ ყველა ძმას. ცრემლები ვერ შევიკავე, როდესაც დავინახე, 9 წლის მანძილზე ჩემი არყოფნის განმავლობაში სამქადაგებლო საქმიანობამ როგორ წაიწია წინ. როცა 1961 წელს დამაპატიმრეს, ლუანდას კრება 4 პატარა ჯგუფისგან შედგებოდა. ახლა კი იქ ოთხი დიდი, სათანადოდ ორგანიზებული, კრება იყო, რომლებსაც ყოველ ექვს თვეში იეჰოვას ორგანიზაციის მიმომსვლელი წარმომადგენელი ინახულებდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ჩემი თავისუფლებით, მაგრამ მან დიდხანს არ გასტანა.
ერთ დღეს, ამჟამად უკვე უმოქმედო, საიდუმლო პოლიციის, „პიდე“-ს, უფროსმა გამომიძახა. ის ჩემი ქალიშვილის, ჟუანას თანდასწრებით მომეპირფერა და გამომიწოდა საბუთი, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა. ამ საბუთის თანახმად, ჩემგან საიდუმლო პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა; გაწეული სამსახურისთვის მატერიალურად დავჯილდოვდებოდი. როცა უარი ვთქვი ხელის მოწერაზე, დამემუქრა, რომ სან-ნიკულაუს ციხეში დამაბრუნებდა, საიდანაც ვერასდროს გავთავისუფლდებოდი.
მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ, 1971 წლის იანვარში, პოლიციის უფროსის მუქარა ასრულდა. ლუანდელი 37 ქრისტიანი უხუცესი დაგვაპატიმრეს და თავი გვიკრეს სან-ნიკულაუსში. 1973 წლის აგვისტომდე ციხეში ვისხედით.
გათავისუფლებული, მაგრამ კვლავ დევნილი
1974 წელს პორტუგალიაში რელიგიური თავისუფლება გამოცხადდა; მოგვიანებით, ამ თავისუფლებით სარგებლობა პორტუგალიის საზღვარს გარეთ მდებარე კოლონიებსაც შეეძლოთ. 1975 წლის ნოემბერში ანგოლა გამოეყო პორტუგალიას და დამოუკიდებელი გახდა. ძალზე გულისამაჩუყებელი იყო ჩვენთვის იმავე წლის მარტში პირველი სარაიონო კონგრესების თავისუფლად ჩატარება. მე შესაძლებლობა მომეცა, საჯარო მოხსენება წამეკითხა ლუანდის სტადიონზე თავმოყრილი, სიხარულით აღსავსე, ხალხის წინაშე.
ახალი მთავრობაც გვეწინააღმდეგებოდა იმის გამო, რომ ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვეკავა. იმ პერიოდში მთელ ანგოლაში სამოქალაქო ომმა იფეთქა. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ თეთრკანიანი მოწმეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა. სამი ჩვენგანი, ადგილობრივი ძმები, პორტუგალიაში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის მეთვალყურეობით ხელმძღვანელობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას ანგოლაში.
მალე ჩემი სახელი გაზეთებში გამოჩნდა, მას რადიოშიც კი გაიგონებდით. მე ბრალს მდებდნენ, რომ საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი ვიყავი და კონტროლს ვუწევდი იეჰოვას მოწმეებს, რომ არ აეღოთ ხელში იარაღი. შედეგად, გამომიძახეს, რათა წარვმდგარიყავი ლუანდას ოლქის პირველი გამგებლის წინაშე. მას თავაზიანად ავუხსენი, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს ადრინდელი მიმდევრების მსგავსად, ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ (ესაია 2:4; მათე 26:52). როცა აღვნიშნე, რომ კოლონიური რეჟიმის დროს 17 წელზე მეტი ციხეებსა და შრომა-გასწორების ბანაკებში გავატარე, აღარ მოისურვა ჩემი დაპატიმრება.
იმ დროს ანგოლაში იეჰოვას მოწმედ მსახურება გაბედულებას მოითხოვდა. ჩემს სახლზე თვალთვალის გამო იქ კრების შეხვედრების ჩატარება შევწყვიტეთ. მაგრამ როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ‘ყველაფერში შევიწროებულნი ვიყავით, მაგრამ არა დათრგუნვილნი’ (2 კორინთელთა 4:8). არასდროს შეგვიწყვეტია აქტიური მსახურება. მე ვაგრძელებდი სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას; ვმსახურობდი მიმომსვლელ მსახურად და ბენგელას, უილასა და უამბოს პროვინციებში კრებებს ვამხნევებდი. იმ პერიოდში ძმა ფილემონის სახელით ვიყავი ცნობილი.
1978 წლის მარტში ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა ისევ აიკრძალა. სარწმუნო წყაროებიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ რევოლუციონერი ფანატიკოსები ჩემს მოკვლას აპირებდნენ. ამიტომ ანგოლის საელჩოში მომუშავე ერთ-ერთი ნიგერიელი მოწმის სახლში თავშესაფარი გამომიჩნდა. ერთი თვის შემდეგ, როცა მდგომარეობა გაუმჯობესდა, ძმებს კვლავ ვემსახურებოდი სარაიონო ზედამხედველად.
სამოქალაქო ომისა და აკრძალვების მიუხედავად, ათასობით ანგოლელი გამოეხმაურა ქადაგებას. ქვეყანაში უამრავი ადამიანი უერთდებოდა მოწმეთა რიგებს. იმ პერიოდში ანგოლის კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომელსაც პორტუგალიაში არსებული ფილიალის მეთვალყურეობით ანგოლაში სამქადაგებლო საქმიანობისთვის უნდა გაეწია ხელმძღვანელობა. იმ დროის მანძილზე სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრჯერ ჩავედი პორტუგალიაში, სადაც გამოცდილი ძმებისგან ძვირფასი დასწავლება და სამედიცინო დახმარება მივიღე.
საბოლოოდ თავისუფლად ქადაგება!
როცა შრომა-გასწორების ბანაკებში ვიმყოფებოდი, პოლიტიკური პატიმრები ხშირად დამცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ქადაგების გაგრძელების შემთხვევაში არასდროს გავთავისუფლდებოდი. მაგრამ ჩემი პასუხი ასეთი იყო: „ჯერ არ დამდგარა იეჰოვასთვის მოღვაწეობის ფართე კარის გახსნის დრო, მაგრამ როცა ამას გააკეთებს, ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს ამ კარის დაკეტვას“ (1 კორინთელთა 16:9; გამოცხადება 3:8). 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოღვაწეობის კარი ფართოდ გაიხსნა და თავისუფლად ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცა. იმ პერიოდში ჩვენ თაყვანისმცემლობის უფრო დიდი თავისუფლებით ვსარგებლობდით ანგოლაში. 1992 წელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად იქნა აღიარებული. 1996 წელს კი ანგოლაში იეჰოვას მოწმეების ფილიალი გაიხსნა; მე ამ ფილიალის კომიტეტის წევრად დამნიშნეს.
მრავალი წლის მანძილზე პატიმრობაში ყოფნისას ჩემს ოჯახზე, ასე თუ ისე, ყოველთვის ვინმე ზრუნავდა. ჩვენ ექვსი შვილი გვყავს; მათგან ხუთი ცოცხალია. ჩვენი საყვარელი ჟუანა გასულ წელს კიბოს დაავადებით გარდაიცვალა. დანარჩენი ოთხი იეჰოვას მონათლული მოწმეა, მაგრამ მეხუთეს ნათლობისკენ ჯერ არ გადაუდგამს ნაბიჯი.
როცა, 1955 წელს, ძმა კუკმა მოგვინახულა, ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ანგოლელებიდან მხოლოდ ოთხნი ვქადაგებდით. დღესდღეობით კი ქვეყანაში სამეფოს 38 000-ზე მეტი მაუწყებელია, რომლებიც ყოველთვიურად ბიბლიის 67 000-ზე მეტ შესწავლას ატარებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კეთილი ცნობის მქადაგებელთა შორის უამრავია ისეთი, ვინც ადრე გვდევნიდა. რამხელა კურთხევებზე მეტყველებს ყოველივე ეს; როგორი მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ მფარველობდა და შესაძლებლობას მაძლევდა, მისი სიტყვის გაცხადების ჩემი ძლიერი სურვილი განმეხორციელებინა! (ესაია 43:12; მათე 24:14).
[რუკა 20, 21 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კინშასა
ანგოლა
მაკელა-დუ-ზუმბუ
ლუანდა
სან-ნიკულაუ (ამჟამად ბენტიაბა)
მოსამედიში (ამჟამად ნამიბე)
ბაია-დუს-ტიგრეში
სერპა-პინტუ (ამჟამად მენონგუე)
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათები 22, 23 გვერდებზე]
ქვემოთ: 1955 წელს ჯონ კუკთან ერთად, მარცხნივ სალა ფილემონი.
მარჯვნივ: 42 წლის შემდეგ ჯონ კუკთან შეხვედრა.
[სურათი 23 გვერდზე]
ჩემს ცოლთან, მარიასთან, ერთად.