მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
პავლე განსაცდელს უმკლავდება
პავლე გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება. ის და გემზე მყოფი 275 მგზავრი მოყვნენ ევროკლიდონად წოდებულ ქარბორბალაში — ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ძლიერ შტორმში. ის იმდენად ძლიერია, რომ დღისით მზე არ ჩანს, ღამით კი — ვარსკვლავები. რასაკვირველია, მგზავრებს სიკვდილის შიში იპყრობს, მაგრამ პავლე აწყნარებს მათ და უყვება, რა გაუმჟღავნა ანგელოზმა სიზმარში: „ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა“ (საქმეები 27:14, 20–22).
შტორმის დაწყებიდან მეთოთხმეტე ღამეს მეზღვაურებმა გასაოცარი რამ აღმოაჩინეს — წყლის სიღრმე მხოლოდ ოცი მხარიაa. მოკლე მანძილის გავლის შემდეგ კი მისი სიღრმე 15 მხარამდე კლებულობს. როგორც ჩანს, ისინი ხმელეთს უახლოვდებიან! მართალია ეს სასიხარულოა, მაგრამ საჭიროა ფხიზლად ყოფნა. ღამით წყალმარჩხ ადგილებში ხომალდი შეიძლება წყალქვეშა კლდეებს შეეჯახოს და დაიმსხვრეს. მეზღვაურები გონიერებას იჩენენ და ღუზებს უშვებენ. ზოგ მათგანს სურს, ორჩხომლითb უშველოს თავს, მაგრამ პავლე აჩერებს მათ და ასისთავსა და ჯარისკაცებს ეუბნება: „თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენ ვერ გადარჩებითო“. ასისთავი უჯერებს პავლეს და 276 მგზავრი შეშფოთებული ელოდება განთიადის დადგომას (საქმეები 27:27–32).
ხომალდის დაღუპვა
მომდევნო დილას მგზავრები ამჩნევენ სანაპიროიან ყურეს. იმედით აღვსილი მეზღვაურები ღუზებს სწევენ და აფრებს ქარის საწინააღმდეგოდ შლიან. ხომალდი ნაპირისკენ იღებს გეზს, რასაც, უეჭველად, სიხარულით სავსე შეძახილები ახლავს თან (საქმეები 27:39, 40).
მოულოდნელად ხომალდი მეჩეჩზე ჯდება. კიდევ უფრო საშინელება ის არის, რომ აბობოქრებული ტალღები ხომალდის კიჩოს ეხეთქება და ამსხვრევს მას. ხომალდი სასწრაფოდ უნდა დაცარიელდეს! (საქმეები 27:41). მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ბევრი მგზავრი, პავლეს ჩათვლით, პატიმარია. რომის კანონის თანახმად კი, მცველი, რომელსაც პატიმარი გაექცევა, უნდა დაექვემდებაროს გაქცეული პატიმრის სასჯელს. თუ გაქცეული პატიმარი მკვლელია, დაუდევარ მცველს სიცოცხლის ფასად დაუჯდება ეს.
ამის გამო, შიშით შეპყრობილი ჯარისკაცები გადაწყვეტილებას ღებულობენ, რომ დახოცონ ყველა პატიმარი. მაგრამ ასისთავი, რომელიც კეთილად არის განწყობილი პავლეს მიმართ, იცავს მათ. ის უბრძანებს ყველას, ვინც ცურვა იცის, წყალში გადახტეს და ხმელეთზე გავიდეს, ხოლო მათ, ვინც ცურვა არ იცის, ფიცრის ან გემის სხვა ნამსხვრევების დახმარებით გაცუროს. მგზავრები ტოვებენ დასაღუპავად განწირულ ხომალდს და თავს შველიან. პავლეს სიტყვები ჭეშმარიტი აღმოჩნდა: არც ერთი მათგანი არ დაღუპულა! (საქმეები 27:42–44).
სასწაული კუნძულ მელიტაზე
დაუძლურებულმა მგზავრებმა კუნძულ მელიტაზე იპოვეს თავშესაფარი. კუნძულის მკვიდრნი „უცხოელები“, სიტყვასიტყვით „ბარბაროსები“ არიან (ბერძნულად „ბარბაროს“)c. მაგრამ ისინი ველურები არ არიან. პირიქით, პავლეს თანამგზავრი ლუკა იტყობინება: „მკვიდრებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გვიმასპინძლეს“. თვითონ პავლემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეაგროვა ფიჩხი და ცეცხლს შეუკეთა (საქმეები 28:1–3).
უცაბედად პავლეს ხელზე გველი ეხვევა. კუნძულის მკვიდრებს ის კაცისმკვლელი ჰგონიათ. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ ღმერთი სჯის ცოდვილებს სხეულის იმ ნაწილის დაზიანებით, რომლითაც შესცოდეს. მაგრამ, მათდა გასაოცრად, პავლე ხელს იქნევს და გველს ცეცხლში აგდებს. ამის თვითმხილველი ლუკა ყვება: „ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა, ან უცბად დაეცემოდა მკვდარი“. კუნძულის მკვიდრებს ეცვლებათ წარმოდგენა პავლეზე და ის ღმერთად მიაჩნიათ (საქმეები 28:3–6).
პავლე მომდევნო სამი თვე კუნძულ მელიტაზე რჩება. ამ ხნის განმავლობაში ის კურნავს კუნძულის სტუმართმოყვარე მთავრის, პოპლიოსის, მამას და კუნძულზე მყოფ სხვა ავადმყოფებს. გარდა ამისა, პავლე თესავს ჭეშმარიტების მარცვალს, რასაც მელიტას სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებისთვის უამრავი კურთხევა მოაქვს (საქმეები 28:7–11).
გაკვეთილი ჩვენთვის
პავლე მსახურებისას ბევრ განსაცდელს შეხვდა (2 კორინთელთა 11:23–27). ზემოთ აღწერილი შემთხვევიდან ჩანს, რომ პავლე ციხეში იჯდა სახარების გულისთვის. შემდეგ მას მოუწია მოულოდნელი განსაცდელების წინაშე დგომა — გადაიტანა საშინელი ქარიშხალი და ხომალდის დაღუპვა. ყოველივე ამის მიუხედავად, პავლეს არასდროს შეუცვლია გადაწყვეტილება, ყოფილიყო სახარების თავგამოდებული მქადაგებელი. თავისი გამოცდილების გაზიარებისას ის წერდა: „მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:12, 13).
ცხოვრებისეულმა პრობლემებმა არასდროს უნდა გაგვინელოს ჭეშმარიტი ღვთისადმი თავგამოდებული მსახურების სურვილი. თუ მოულოდნელი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდებით, იეჰოვაზე უნდა დავამყაროთ იმედი (ფსალმუნი 54:23). შემდეგ მოთმინებით დაველოდოთ, რას გააკეთებს იეჰოვა, რომ შევძლოთ ამ განსაცდელის გადატანა. მანამდე კი, მის მზრუნველობაში დარწმუნებულებმა, გავაგრძელოთ მისადმი გულმოდგინე მსახურება (1 კორინთელთა 10:13; 1 პეტრე 5:7). როგორი პრობლემის წინაშეც უნდა აღმოვჩნდეთ, სიმტკიცის შენარჩუნებით ყველაფერს გავუმკლავდებით.
[სქოლიოები]
a მხარი სიგრძის საზომი ერთეულია, რომელიც უდრის ოთხ წყრთას, ანუ დაახლოებით ორ მეტრს.
b ორჩხომელი იყო პატარა ნავი, რომელიც გამოიყენებოდა ხმელეთამდე მისაცურად, როდესაც ხომალდი ღუზას ზღვის ნაპირთან ახლოს უშვებდა. როგორც ჩანს, მეზღვაურები ცდილობდნენ, პირველ რიგში, საკუთარი თავი გადაერჩინათ, ხოლო სხვები, რომლებმაც გემის მართვა არ იცოდნენ, ნაკლებად ადარდებდათ.
c უილფრედ ფუნკის წიგნში (Word Origins) აღნიშნულია: «ბერძნები სხვა ხალხების სალაპარაკო ენას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი გამოსცემდნენ შემდეგ ბგერებს, „ბარ-ბარ“, რის გამოც სხვა ენაზე მოლაპარაკეებს ბარბაროსები უწოდეს».