ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .
როგორ მოვიქცე, თუ ის არ მპასუხობს სიყვარულზე?
„ვწუხვარ და ვიტანჯები. მე შემიყვარდა ის. მაგრამ არ ვიცი, რა გრძნობები აქვს ჩემდამი. როგორ მოვიქცე? უნდა გავუმჟღავნო ჩემი გრძნობები? არა, არა, არ შემიძლია ამის გაკეთება! რას იტყვიან სხვები ჩემზე?“ (ჰიუდა)a.
ლიბანელ გოგოს, ჰიუდას, ცალმხრივი სიყვარული ჰქონდა. ეს იშვიათი პრობლემა არ არის. ახალგაზრდა, სახელად ზეინა, მსგავს სიტუაციაში იყო. ის იხსენებს: „მას ყოველდღე ვხედავდი, რადგან ჩვენი მეზობელი იყო. ის ძალიან მიმზიდველი და სიმპათიური იყო. ერთი სიტყვით, შემიყვარდა“.
რა თქმა უნდა, არაფერია არასწორი იმაში, რომ გაგაჩნდეს ძლიერი გრძნობები იმის მიმართ, ვისზეც ფიქრობ, რომ, როგორც ქრისტიანს, შეგიძლია მასზე დაქორწინება (იგავნი 5:15; 1 კორინთელთა 7:39). არც იმაშია რამე არასწორი, რომ გოგოს გათხოვება და ოჯახის შექმნა სურდეს. მაგრამ რა შეგიძლია გააკეთო, თუ პიროვნება, რომელიც გიყვარს, ვერ ხვდება, ან არ პასუხობს შენს გრძნობებს?
ტკივილი, რომელსაც სიყვარული იწვევს
ჰიუდას მსგავსად, შეიძლება შენც ემოციურად აფორიაქებული ხარ. გამახალისებელ ემოციურ აგზნებულობას მალე შეიძლება მოჰყვეს ქანცგამწყვეტი დეპრესია. „ზოგჯერ თავი მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი მეგონა, ზოგჯერ კი — ყველაზე უბედური“, — ამბობს ზეინა. ცალმხრივი სიყვარული შეიძლება წუხილის, უძილო ღამეებისა და დეპრესიის მიზეზიც კი იყოს.
ბიბლიაში იგავნის 13:12-ში ნათქვამია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. გაუმართლებელი მოლოდინი შეიძლება გამანადგურებელი იყოს! შეიძლება ყოველთვის მასზე ფიქრობ და გწყურია მის შესახებ რაიმე ახლის გაგება. ეძებ გზებს მისი ყურადღების მისაპყრობად ან უმნიშვნელო მიზეზებს, რომ მასთან ერთად იყო. მის გვერდით ყოფნისას კი გიჭირს ჩვეულებრივად მოქცევა.
ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, როდესაც პიროვნება, რომელიც გიყვარს, ჯერ განსაკუთრებულ ყურადღებას გაქცევს, შემდეგ კი ისე იქცევა, თითქოს არასდროს აინტერესებდი. და, თუ შენიშნე, რომ სხვას აქებს ან, ჩვეულებრივ, სიკეთესა და თავაზიანობას ავლენს სხვებისადმი, შეიძლება იეჭვიანო. ბიბლიაში ნათქვამია: «მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს [„ეჭვიანობას“, აქ] ვინ აღუდგება წინ?» (იგავნი 27:4).
ჰიუდა აღიარებს: „ისე ძლიერ ვეჭვიანობდი, რომ, თავი ხელში რომ არ ამეყვანა, შეიძლება გავგიჟებულიყავი“. შეიძლება საკუთარი თავიც შეგძულდეს. ჰიუდამ თქვა: „ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ შემიყვარდა ადამიანი, რომელსაც არ ვუყვარდი, და იმაში, რომ თავს ვიტანჯავდი“.
მართალია, დასავლეთ ქვეყნებში გოგო შეიძლება თავისუფლად მივიდეს და ბიჭს თავისი გრძნობები გაუმჟღავნოს, მაგრამ ყველა არ გააკეთებდა ამას. ზოგ კულტურაში გოგოს მხრიდან ასეთი ინიციატივის გამოვლენა შეიძლება შეუფერებელი ან აღმაშფოთებელიც კი იყოს. მაშ, რა შეგიძლია გააკეთო, თუ შეგიყვარდა ის, ვინც იმავეთი არ გპასუხობს?
გამოიკვლიე შენი გრძნობები
თავდაპირველად შეეცადე, მშვიდად და ობიექტურად შეამოწმო შენი გრძნობები. ბიბლიაში ნათქვამია: „საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია“ (იგავნი 28:26). რატომ? იმიტომ რომ ჩვენი გული ხშირად ცდება (იერემია 17:9). და რაც სიყვარული გვგონია, ხშირად სხვა რამე აღმოჩნდება ხოლმე. „მე ყურადღება და სიყვარული მჭირდებოდა, — აღიარებს ჰიუდა. — ვინმესგან სიყვარულსა და მზრუნველობას ვსაჭიროებდი. ბავშვობაში არავისგან მიგრძვნია სიყვარული. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე“. თუ უსიყვარულო და აგრესიით სავსე ოჯახში გაიზარდე, შეიძლება შენც გრძნობდე სიყვარულისა და აღიარების მოთხოვნილებას. მაგრამ აუცილებლად რომანტიკული ურთიერთობაა ამის წამალი?
სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც უბედურად და მარტოდ გრძნობენ თავს, ხშირად ცუდი მეუღლეები ხდებიან. ისინი ქორწინდებიან, რადგან ელიან, რომ იმას მიიღებენ, რაც ასე ძალიან სჭირდებათ. მაგრამ ჭეშმარიტი ბედნიერება გაცემას მოაქვს და არა მიღებას (საქმეები 20:35). ქალი ბევრად უკეთესადაა მომზადებული ქორწინებისთვის, თუ გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვს საკუთარ თავზე და ‘მარტო თავის თავზე კი არ ზრუნავს, არამედ სხვებზეც’ (ფილიპელთა 2:4).
როდესაც სხვები გათხოვებისკენ გიბიძგებენ, იოლად რეაგირებ საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღების ნებისმიერ გამოვლენაზე. ზოგჯერ გოგონას ძლიერი სურვილი მიჯნურობასთან დაკავშირებით, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან მომდინარეობს. ზოგი საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გოგოს გათხოვებას, როგორც კი საქორწინო ასაკს მიაღწევს. წიგნში „ქალები შუა აღმოსავლეთში“ ნათქვამია: „თუ ქალი ოცდაათ წელს უახლოვდება და ჯერაც გაუთხოვარია, ის მისი ოჯახის დიდი წუხილის მიზეზი ხდება“. რადგან ეს ოჯახის ღირსებას ეხება, მამა შეიძლება ცდილობს, ქალიშვილები რაც შეიძლება მალე გაათხოვოს.
მიუხედავად ამისა, ბიბლიური პრინციპები უპირატესობს კულტურაზე. საღვთო წერილი ურჩევს ახალგაზრდებს არ დაქორწინდნენ, სანამ ‘სიყმაწვილის ასაკს არ გადასცდებიან’ (1 კორინთელთა 7:36). მაშ, რა შეგიძლია გააკეთო, თუ გრძნობ, რომ მეგობრები და მშობლები ზედმეტად ახდენენ შენზე ზეგავლენას, რომ გათხოვდე? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთისმოშიში გოგონა სულამითი სერიოზულად სთხოვდა თავის ამხანაგებს: „არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს“ (ქებათაქება 2:7). შეიძლება შენ მიერ მსგავსი სიმტკიცის გამოვლენას შედეგი გამოეღო, განსაკუთრებით თუ ღვთისმოშიში მშობლები გყავს.
სიმართლეს თვალებში შეხედე
ბოლოს და ბოლოს, სიმართლეს თვალებში უნდა შეხედო იმ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც გიყვარს. ამის გაკეთება შეიძლება არ იყოს ადვილი და ემოციების ფასად დაგიჯდეს. მაგრამ ბიბლია გვირჩევს: „ჭეშმარიტება შეიძინე და. . . ნუ გაჰყიდი“ (იგავნი 23:23). შეეკითხე საკუთარ თავს: „მაქვს სიყვარულისთვის გონივრული საფუძველი? სინამდვილეში, რამდენად კარგად ვიცნობ მას? რა ვიცი მისი ფიქრების, გრძნობების, შეხედულებების, ჩვევების, თვისებების, შესაძლებლობების, ნიჭისა და ცხოვრების წესის შესახებ?“
გარდა ამისა, საყურადღებოა, ამჟღავნებს თუ არა ეს პიროვნება შენდამი ნამდვილ ინტერესს. ხშირად თავაზიანობას ან გულითადობას არასწორად გებულობენ. „ის თავაზიანად მეპყრობოდა, — ამბობს ჰიუდა, — მაგრამ მის სიტყვებსა და მოქმედებებს ვღებულობდი როგორც პირად ინტერესს, რადგან მინდოდა, ასე ყოფილიყო. როდესაც მივხვდი, რომ არ ვაინტერესებდი, თავი დამცირებულად ვიგრძენი. ვფიქრობდი, რომ არ ვიმსახურებდი მის ყურადღებას და რომ რაღაცა მაკლდა“.
შეიძლება მსგავსი სიტუაციის გამო შენც იმავეს გრძნობ. მაგრამ, თუ ამ პიროვნების გემოვნების არ აღმოჩნდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც სხვას მოეწონები. ბოლოს და ბოლოს, ის არ არის ერთადერთი ბიჭი ქვეყანაზე.
დასძლიე ტკივილი
და მაინც, მტკივნეული გრძნობების დაძლევას შეიძლება დრო დასჭირდეს. რა შეიძლება დაგეხმაროს? ერთ-ერთი ის, რომ გული გადაუშალო „მეგობარს“, მოწიფულ ქრისტიანს, რომელიც მოგისმენს (იგავნი 17:17). შეიძლება კრებაში არის შენზე უფროსი და, რომელსაც შეგიძლია დაელაპარაკო. ქრისტიან მშობლებსაც შუძლიათ დიდი დახმარება აღმოგიჩინონ და მხარი დაგიჭირონ. ზეინა იხსენებს: „ჩვენს კრებაში ერთმა მოწიფულმა დამ შეამჩნია, რომ რაღაც მაწუხებდა, და ძალიან დამეხმარა. მასთან თავი შეუბოჭავად ვიგრძენი და ყველაფერი მოვუყევი. მან მირჩია, მშობლებთან მესაუბრა. ასე რომ, ვესაუბრე მშობლებს; მათ გამიგეს და დამეხმარნენ“.
გახსოვდეს აგრეთვე ლოცვის ძალა (ფსალმუნი 54:23). ჰიუდა ამბობს: «იეჰოვასადმი ლოცვები დამეხმარა ტკივილის დაძლევაში. აგრეთვე ვკითხულობდი სასარგებლო სტატიებს ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ». გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არ განმარტოვდე (იგავნი 18:1, აქ). დაუახლოვდი სხვებს. „სხვა, რაც დამეხმარა, — იხსენებს ზეინა, — იყო ის, რომ პიონერი [სრული დროით მქადაგებელი] გავხდი და მსახურებით ვიყავი დაკავებული. აგრეთვე მეტი ურთიერთობა მქონდა დებთან კრებაში. ეს სულიერ ზრდაში დამეხმარა“.
ბიბლიაში წერია, რომ არის „ჟამი სიყვარულისა“, და შეიძლება თავის დროზე შეხვდე ადამიანს, რომელიც გიპასუხებს შენს გრძნობებზე (ეკლესიასტე 3:8). იეჰოვა ღმერთმა ადამიანები შექმნა სურვილით, ისიამოვნონ ცოლქმრული სიყვარულით, და დროთა განმავლობაში შენც გექნება ჩვენი დიდებული შემოქმედის ამ საჩუქრით სარგებლობის საშუალება. მანამ კი რატომ არ გესარგებლა მაქსიმალურად დაუქორწინებლობის წლებით, რადგან ‘უზრუნველი’ ხარ, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა? (1 კორინთელთა 7:32–34). ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული იყავი ბიბლიური დანაპირების შესრულებაში: „აღაპყრობ [იეჰოვა] შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16).
[სქოლიო]
a სახელები შეცვლილია.
[სურათი 23 გვერდზე]
ზოგჯერ თავაზიანობას არასწორად გებულობენ.