ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა მარიამი?
ვატიკანის გაზეთ „ოსსერვატორე რომანოს“ მიხედვით კათოლიკური დოქტრინა ზეცად ამაღლების შესახებ ამბობს: „უბიწო ქალწული, რომელიც უბრალო დარჩა თავდაპირველი ცოდვის ყოველგვარი დაღისგან, სულით და ხორცით აყვანილ იქნა ზეციურ დიდებაში, როდესაც მისი მიწიერი სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდა“. ამ სწავლებას ზოგი კათოლიკე თეოლოგი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ მარიამი „არ მომკვდარა, არამედ დაუყოვნებლივ ამაღლდა მიწიერი ცხოვრებიდან ზეციურ დიდებაში“, — ნათქვამია გაზეთშიa.
ახლახან პაპმა იოანე პავლე II სხვაგვარად ახსნა ეს საკითხი. ვატიკანში 1997 წლის 25 ივნისს გენერალურ სხდომაზე მან განაცხადა: «„ახალი აღთქმა“ არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდის მარიამის სიკვდილის შესახებ. ასეთი დუმილი ადამიანს უბიძგებს, ივარაუდოს, რომ ეს ბუნებრივად მოხდა და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. . . მოსაზრებები, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ, გამორიცხონ მარიამის ბუნებრივი სიკვდილი, ნათელია, რომ უსაფუძვლოა».
პაპის, იოანე პავლეს, სიტყვებმა მარიამის უბიწოების დოგმატის დიდი ნაკლი გამოააშკარავა. თუ იესოს დედა „უბრალო დარჩა თავდაპირველი ცოდვის ყოველგვარი დაღისგან“, როგორღა მოკვდა „ბუნებრივი სიკვდილით“, რაც ცოდვილი ადამისგან გადმოცემული ცოდვის შედეგია? (რომაელთა 5:12). ეს თეოლოგიური დილემა იესოს დედაზე კათოლიკური ეკლესიის დამახინჯებული თვალსაზრისიდან გამომდინარეობს. გასაკვირი არაა, რომ ამ საკითხმა კათოლიკურ ეკლესიაში დაყოფა და დაბნეულობა გამოიწვია.
ბიბლია მარიამს აღწერს როგორც თავმდაბალს, ერთგულსა და ღვთისმოსავს, მაგრამ ის ამ თვისებებს არ აწერს „უბიწოებას“ (ლუკა 1:38; საქმეები 1:13, 14). ბიბლია გასაგებად ამბობს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). დიახ, როგორც ყველა ადამიანმა, მარიამმაც მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა და არასრულყოფილება და არავითარი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა (შეადარეთ 1 იოანე 1:8–10).
[სქოლიო]
a იხილეთ 1994 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „მარიამის ამაღლება — ღვთისგან ინსპირირებული დოგმატი?“, გვერდები 26–29 (რუს.).