თვითმკურნალობა — სარგებლობა და რისკი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ბრაზილიაში
„მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს იმ წამლებს, რომლებსაც, ძირითადად, თვითმკურნალობისას იყენებენ, — ამბობს დიდი ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტი. — მათ სურთ თვითონვე იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე“. მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე რისკი, რის შესახებაც უნდა ვიცოდეთ?
რასაკვირველია, სათანადოდ გამოყენებისას მედიკამენტები დამხმარეა. მაგალითად, ინსულინმა და ანტიბიოტიკებმა, და ასევე პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის უბრალო საშუალებამაც კი, რომელიც ძვირი არ ჯდება, მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. თვითმკურნალობისას რთული ისაა, რომ დარწმუნდე — სარგებლობა რისკს გადაწონის.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზოგ მხარეში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად დიდი მანძილის გავლაა საჭირო ან კიდევ ის ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ მრავალი ადამიანი მეგობრებისა და ნათესავების რჩევებს მიჰყვება ან სამედიცინო ინფორმაციისთვის იმ წიგნებს მიმართავს, რომლებშიც თვითმკურნალობის მეთოდებია მოცემული. გარდა ამისა, „სარეკლამო კამპანიები იუწყებიან, რომ სულ უბრალო კაფსულის შეძენით ჯანმრთელი იქნებით და თავს კარგად იგრძნობთ“, — ამბობს ფერნანდო ლეფევრი, სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორი (ბრაზილია)a. აქედან გამომდინარე, დაღლილობის მოსახსნელად, ცუდი კვების შედეგების თავიდან ასაცილებლად და უმნიშვნელო ემოციურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით მრავალი მიმართავს წამლებს. ლეფევრი განაგრძობს: „იმის მაგივრად, რომ ცხოვრება მოიწესრიგონ, პრობლემებთან გამკლავებას ნაყიდი საქონლის საშუალებით ცდილობენ“. და ვინ იცის, სწორად დაუსვეს თუ არა საკუთარ თავს დიაგნოზი?
მედიკამენტებს არა მარტო თავის ტკივილის, მაღალი წნევისა და მუცლის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ, არამედ მრავალი ადამიანი მათი საშუალებით დარდთან და შიშისა და მარტოობის გრძნობასთან გამკლავებას ცდილობს. „ადამიანები ექიმს იმიტომ მიმართავენ, რომ ჰგონიათ, ერთი აბით პრობლემას გადაჭრიან, — ამბობს დრ. ანდრე ფაინგოლდი. — თვით მედიცინის მუშაკებსაც სჩვევიათ რეცეპტების გამოწერა და პაციენტებისთვის რჩევის მიცემა, რომ მრავალმხრივი გამოკვლევა ჩაიტარონ. ნაკლებად ცდილობენ გაეცნონ პაციენტის ისტორიას, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არეულ-დარეული, დაძაბული და არაჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს“. რომილდო ბუენომ ფსიქოტროპულ საშუალებათა (წამლები, რომლებიც ცვლის აღქმასა და ქცევას) ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ გამართულ მსოფლიო კონსილიუმზე აღიარა: „ექიმი პაციენტის მიღებისას დროის მხრივ შეზღუდულია, ის მხოლოდ სიმპტომებს მკურნალობს და მალე თავისუფლდება პიროვნებისგან“. წამლების გამოყენება „სოციალური პრობლემების მკურნალობის [გადაჭრის] გზაა“. თუმცა სხვა ექიმის აზრით, მრავალ პაციენტს ესაჭიროება გონივრულად დანიშნული ფსიქოტროპული წამლები.
„პროზაკის მოდის“ შესახებ ბრაზილიის ყოველდღიურ გაზეთში ნათქვამი იყო: „წამალი, რომელიც მოდაში შემოდის, როგორც ახალი ვარცხნილობა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა“. მასში მოყვანილი იყო ფსიქიატრ ართურ კაუფმანის სიტყვები: „უიმედო და უმიზნო ცხოვრებისას ადამიანი ყოველგვარი უბედურებისგან გათავისუფლების საშუალებად ეფექტურ წამალს მიიჩნევს. მას უფრო და უფრო სურს, დაუყოვნებლივ იგრძნოს შვება და, რადგანაც პრობლემების გამომწვევი მიზეზების ძებნის ინტერესი დაკარგული აქვს, ურჩევნია, აბით გადაჭრას ისინი“ (O Estado de S. Paulo). მაგრამ უსაფრთხოა თუ არა თვითმკურნალობა?
თვითმკურნალობა — რისკი?
„მეოცე საუკუნის მედიცინის ერთ-ერთი შესამჩნევი თავისებურება ახალი მედიკამენტების შექმნაა“, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“. მაგრამ მასში ისიცაა ნათქვამი, რომ „მედიკამენტები შეიძლება ყველაფერზე მეტად მომწამვლელი აღმოჩნდეს“. მართლაც, მედიკამენტებს, როგორც განკურნება, ისე ზიანის მოტანა შეუძლია. ანორექსიგენული ანუ მადის დამაქვეითებელი აბები „მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამიტომაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა: უძილობა, ქცევის შეცვლა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჰალუცინაციებიც კი, — ამბობს მწერალი სილენე დე კასტრუ. — ხოლო ვინც ფიქრობს, რომ ანორექსიგენული აბები მხოლოდ მადას აქვეითებს, თავს იტყუებს. ერთი კაფსულის მიღებამ შეიძლება წარმოშვას წამლების მანკიერი წრე, რომელშიც თითოეული წამალი ერთმანეთის გამანეიტრალებელია“.
მრავალმა გავრცელებულმა წამალმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება და ასევე გულისრევა, პირღებინება და სისხლდენაც. ზოგი წამლის მიღება შეიძლება ჩვევაში გადაიზარდოს ან ავნოს თირკმლებსა და ღვიძლს.
საყოველთაოდ აღიარებული წამლებიც კი შეიძლება საეჭვო იყოს. „ვიტამინების მიღების მოდა მეტად საშიშია, — გაფრთხილებას იძლევა დრ. ეფრაიმ ოლშევერი, ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი ბრაზილიაში. — ვიტამინებს არა მარტო ხალხი იყენებს თვითმკურნალობისას, არამედ ზოგი გაუთვითცნობიერებელი ექიმიც საეჭვო რეცეპტებს გასცემს მათზე, რითაც შესაძლებელ საფრთხეს უგულებელყოფს“. თუმცა სხვა ექიმი ამბობს, რომ ვიტამინების სათანადო დოზით მიღება შეიძლება აუცილებელი და სასარგებლო იყოს ზოგი ავადმყოფობისას ან ვიტამინების ნაკლებობისას.
უსაფრთხო თვითდიაგნოზი — როგორ?
რადგანაც შეუძლებელია ყოველთვის ექიმს მივმართოთ, როდესაც თავს კარგად ვერ ვგრძნობთ, სამედიცინო ცოდნა და გონივრული თვითმკურნალობა სასარგებლო იქნება ჩვენი ოჯახებისთვის. მაგრამ ნებისმიერი სახის მკურნალობამდე მნიშვნელოვანია ზუსტი თვითდიაგნოზი. თუ ახლომახლო ექიმი არაა ან მასთან მისვლის საშუალება არ გაქვთ, შეიძლება კარგი სამედიცინო ცნობარი დაგეხმაროთ ზუსტი დიაგნოზის დასმაში. მაგალითად, ამერიკის ექიმთა ასოციაცია გამოსცემს საოჯახო სამედიცინო სახელმძღვანელოს, რომელშიც შედის სიმპტომების 183 გვერდიანი ტაბულა. მისი საშუალებით ავადმყოფს შეუძლია მთელ რიგ შეკითხვებზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი გასცეს. ასეთი გამორიცხვის პრინციპით ხშირად შესაძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ რაშია პრობლემა.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ექიმის როლზე? როდის უნდა მივმართოთ მას კვალიფიციური დახმარებისთვის? როგორ შეგვიძლია, რომ არც მეტისმეტად ვწუხდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არც დაუდევრად მოვეკიდოთ მას? მართლაც, როგორ არის შესაძლებელი კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება, როდესაც მსოფლიოში მრავალგვარი ავადმყოფობა და ფსიქოსომატური დაავადებებია გავრცელებული?
[სქოლიო]
a მრავალ ქვეყანაში რეცეპტებით გასაცემი წამლების რეკლამები „პირდაპირ მომხმარებლისთვის“ საგრძნობლად მომრავლდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ექიმი და სამედიცინო დაწესებულება ამის წინააღმდეგია.
[ჩანართი 4 გვერდზე]
„ექიმები ნაკლებად ცდილობენ გაეცნონ პაციენტის ისტორიას, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არეულ-დარეული, დაძაბული და არაჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს“ (დრ. ანდრე ფაინგოლდი).
[ჩარჩო 4 გვერდზე]
საოჯახო მწვანე აფთიაქი
ათასწლეულების მანძილზე მრავალ კულტურაში ადამიანები სამკურნალოდ მცენარეულ წამლებს იყენებდნენ, რომლებსაც მინდვრებსა და ტყეებში შეგროვებული მცენარეებისგან ამზადებდნენ. დღესაც მრავალ წამალს ამზადებენ მცენარეებისგან, მაგალითად, ფუტკარასგან, რომელსაც გულის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ამასთან დაკავშირებით, პენელოპა ოდი, ინგლისის მცენარეებით მკურნალ ექიმთა სახელმწიფო ინსტიტუტის წევრი, თავის წიგნში ამბობს: „არსებობს 250-ზე მეტი სახის უვნებელი სამკურნალო საშუალება როგორც გავრცელებული ავადმყოფობების — უბრალო ხველების, გაციებისა და თავის ტკივილის დროს შვების მომგვრელი, ისე საგანგებო საშუალებები კანის დაავადებების, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ბავშვთა ავადმყოფობების სამკურნალოდ“.
შემდეგ ის წერს: «მცენარეებით მკურნალობა ყოველთვის „ხალხურ მედიცინად“ ითვლებოდა, — ოჯახში უმნიშვნელო ავადმყოფობების უბრალო წამლობად, ან ქრონიკული და გამწვავებული დაავადებების დროს ექიმის მიერ დანიშნული ეფექტური წამლების შემავსებლად. — მიუხედავად იმისა, რომ მცენარეთა უმრავლესობა ნამდვილად სრულიად უსაფრთხოა, ისინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული. მოერიდეთ გადაჭარბებული დოზით მათ მიღებას და ნუ გააგრძელებთ შინაური წამლებით მკურნალობას თუ ავადმყოფობა ხანგრძლივდება, მწვავდება ან დიაგნოზის სიზუსტე საეჭვოა» (The Complete Medicinal Herbal).