სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
„ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“
ეს სიტყვები, რომლებიც მოცემულია მათეს 19:26-ში, ვენესუელაში მცხოვრებ ახალგაზრდა მანდილოსანზე გამართლდა. მას შემდეგ, რაც მან ისწავლა იეჰოვაზე სრულად დანდობა, შეძლო სერიოზული პრობლემის დაძლევა. ის ყვება:
«ბებიაჩემი ძალიან კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა, როცა მხოლოდ 16 წლის ვიყავი. მისმა სიკვდილმა სრულიად გამანადგურა და ფსიქიკური ჯანმრთელობა შემირყია. ეზოში გასვლის სურვილიც კი აღარ მქონდა; სრულიად კარჩაკეტილი გავხდი.
აღარც სკოლაში დავდიოდი და აღარც ვმუშაობდი. მხოლოდ ჩემს ოთახში ვიყავი გამოკეტილი. სიმარტოვის გრძნობით აღვსილი და მეგობრისგან მოწყვეტილი საშინელ დეპრესიაში ვიყავი. იმდენად უვარგისად მიმაჩნდა საკუთარი თავი, რომ მსურდა, მომკვდარიყავი და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, „რისთვის ვარსებობდი?“.
დედაჩემი ახალგაზრდა მოწმისგან, გისელასგან, ღებულობდა ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ერთ დღეს მან თვალი მოჰკრა გისელას, რომელმაც ჩაუარა ჩვენს სახლს; დედამ შეაჩერა ის და შეეკითხა, შეეძლო თუ არა მას დახმარება აღმოეჩინა ჩემთვის. გისელა თანახმა იყო, დამხმარებოდა, მაგრამ მე უარი ვთქვი მასთან შეხვედრაზე. ამის მიუხედავად, გისელამ არ დაყარა ფარ-ხმალი; მან წერილში დამიწერა, რომ სურდა ჩემთან დამეგობრება და ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა მასზე ბევრად უფრო ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც მასავით სურდა ჩემთან მეგობრობა. პიროვნება, რომლის შესახებაც ის საუბრობდა, იეჰოვა ღმერთი იყო.
მისი სიტყვები შეეხო ჩემს გულს, რის შემდეგაც პასუხი მივწერე. სამი თვის განმავლობაში მიწერ-მოწერა გვქონდა. მხოლოდ გისელას გამხნევებისა და შეგონების შემდეგ საბოლოოდ მომეცა ძალა მასთან შესახვედრად. პირველი შეხვედრისას გისელამ ბიბლიური შესწავლა ჩამიტარა წიგნის „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ საშუალებით. შესწავლის შემდეგ კი შემომთავაზა ადგილობრივ სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე დასწრება. ჩემთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სახტად დავრჩი. ოთხი წლის განმავლობაში ხომ სახლიდან არ გავდიოდი; ქუჩაში გასვლაზე ფიქრიც კი მზარავდა.
გისელა დიდ მოთმინებას იჩენდა ჩემს მიმართ. მან დამარწმუნა, რომ არაფერი იყო საშიში; ჩვენ ერთად წავიდოდით კრებაზე. საბოლოოდ დავთანხმდი. როცა სამეფო დარბაზში მივედით, კანკალმა ამიტანა და ოფლმა დამასხა. არ შემეძლო ვინმეს მივსალმებოდი. მიუხედავად ამისა, თანახმა ვიყავი გამეგრძელებინა კრებების შეხვედრებზე დასწრება. გისელაც, როგორც ერთგული მეგობარი, ყოველ კვირას კრების დაწყებამდე შემომივლიდა ხოლმე.
ერთხელ გისელამ იმისათვის, რომ დამეძლია ჩემი სისუსტე, ძალიან ადრე წამიყვანა კრებაზე. ჩვენ დავდექით შესასვლელში და ყველა მომსვლელს ვესალმებოდით. იმის ნაცვლად, რომ მთელი ჯგუფს შევხვედროდი, ერთდროულად მხოლოდ ერთ-ორ ადამიანს ვხვდებოდი. როდესაც მეტად აღარ შემეძლო არსებულ სიტუაციასთან გამკლავება, გისელას მათეს 19:26-ში მოცემული სიტყვები მოჰყავდა: „კაცთაგან ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“.
თუმცა ეს არ იყო ადვილი, საბოლოოდ დიდ შეკრებაზე — სარაიონო კონგრესზე — დასწრებაც კი შევძელი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იყო! 1995 წლის სექტემბერში გამბედაობა მოვიკრიბე და დაველაპარაკე უხუცესებს კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ექვსი თვის გასვლის შემდეგ, 1996 წლის აპრილში, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
როდესაც ამას წინათ დამისვეს შეკითხვა, როგორ მეყო გამბედაობა ამის გასაკეთებლად, ვუპასუხე: „ჩემი სურვილი, ვასიამოვნო იეჰოვას, ბევრად აღემატება ჩემს შიშს“. თუმცა პერიოდულად ჯერ კიდევ ვვარდები დეპრესიაში, ჩემს სიხარულს აძლიერებს პიონერული მსახურება. ვიხსენებ წარსულს და ვეთანხმები გისელას. ამჟამად მყავს მეგობარი, რომელიც დაინტერესებულია ჩემით და რომელიც „ჩემი განმამტკიცებელია» (ფილიპელთა 4:13).
[სურათები 8 გვერდზე]
„ჩემი სურვილი, ვასიამოვნო იეჰოვას, ბევრად აღემატება ჩემს შიშს“.