ყოველმა ჩვენგანმა პატივი მიაგოს იეჰოვასა და მის ძეს.
როგორ შეუძლია ყველას, ვინც 8 აპრილს გახსენების საღამოს დაესწრება, სრული სარგებლობის მიღება.
1 განსაკუთრებით ვის სცემენ დღეს პატივს? მათ, რომელთა საქმიანობას წუთისოფელი დიდად აფასებს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათ საქმეებს მალევე ივიწყებენ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ საქმეებზე, რომლებსაც ნამდვილი სარგებლობა მოაქვთ კაცობრიობისთვის? მათგან უდიდესს ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ, როდესაც 2001 წლის 8 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ აღვნიშნავთ უფლის გახსენების საღამოს.
2 ვინ იმსახურებს უდიდეს პატივისცემას? ბიბლია გვპასუხობს: „შენ ღირსი ხარ, უფალო [იეჰოვა, აქ]. . . მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე“ (გამოცხ. 4:11). როგორც შემოქმედი, იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია. ის ყოველთვის იქნება პატივისცემის ღირსი! (1 ტიმ. 1:17).
3 ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, ღირსეული საქმეები მოიმოქმედა, რომლებიც კაცობრიობას უსასრულო კურთხევებს მოუტანს. ის სრულყოფილად ჰბაძავდა თავის მამას (იოან. 5:19). სრული მორჩილებისა და ერთგულად მსახურების გამო ის „ღირსია. . . მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“ (გამოცხ. 5:12). მამამ გაამეფა ის და ამით პატივი მიაგო (ფსალმ. 2:6—8). რაც შეგვეხება ჩვენ, 2001 წლის 8 აპრილს უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნით შესაძლებლობა გვექნება, პატივი მივაგოთ როგორც მამას, ისე ძეს.
4 სამწუხაროა, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანთაგან ცოტა თუ მიაგებდა ჯეროვან პატივს იეჰოვასა და მის ძეს. დროდადრო, თვით ძველ დროში მცხოვრები ღვთის ხალხი, ისრაელები, მხოლოდ ფორმალურად ემსახურებოდნენ იეჰოვას. ეს აღმაშფოთებელი უპატივცემულობა იყო (მალ. 1:6). ჯეროვანი პატივისცემა ერთგულად მორჩილებას მოითხოვს, რაც სიყვარულზეა დაფუძნებული; აგრეთვე — მადლიერებაზე ყველაფრისათვის, რაც იეჰოვამ და მისმა ძემ გააკეთეს ჩვენთვის. ასეთი პატივი და პატივისცემა ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთისმოსაწონ შიშსა და მოკრძალებას ვავლენთ და იეჰოვასა და იესოს მთელ ჩვენს ცხოვრებაში ვუწევთ ანგარიშს. ქრისტიანული კრება ყველანაირად ცდილობს, ასწავლოს და ამის კეთებაში დაეხმაროს სხვებს.
5 პატივისცემის გამოვლენის განსაკუთრებული შესაძლებლობა. ყოველწლიურად უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა იეჰოვას ხალხის დიდი მნიშვნელობის მქონე შეკრებაა. ყველა, ვისაც სურს, ემსახუროს და პატივი მიაგოს იეჰოვას, უნდა ესწრებოდეს მას (ლუკ. 22:19). ჩვენ მოველით, რომ დამსწრეთა რიცხვი, იეჰოვას აქტიური 6 მილიონი მოწმე და დაინტერესებული პირები ერთად, 14 მილიონზე მეტად გაიზრდება. ჩვენი ზეციერი მამის განდიდების როგორი შესანიშნავი შესაძლებლობაა! თუმცა ამ დღის აღნიშვნისას ყურადღება იესოზე მახვილდება, პატივი იმისათვის, რაც მან გააკეთა, განადიდებს მამას, რომელმაც ის გამოგზავნა! (იოან. 5:23).
6 რის გაკეთება შეგვიძლია ამ განსაკუთრებული ღონისძიების მხარდასაჭერად? შეგვიძლია ახალ დაინტერესებულებს დავეხმაროთ, რომ სრული სარგებლობა მიიღონ. წაახალისე ისინი, რომ დაესწრონ. საჭიროების შემთხვევაში გულთბილად შესთავაზე შეხვედრის ადგილამდე მისვლაში დახმარება. აუხსენი, თუ რა არის მოხსენების მიზანი. გააცანი ისინი სხვებს. იმან, რასაც ნახავენ და მოისმენენ, შეუძლია აღძრას ისინი, რომ იეჰოვას განდიდებაში ჩვენთან შემოერთება ისურვონ.
7 სათანადოდ შეაფასე ის ზეგავლენა, რომლის მოხდენაც პროგრამას შეუძლია. უნივერსიტეტის ერთ სტუდენტს ასეთი რეაქცია ჰქონდა: „მრავალჯერ დავსწრებივარ ზიარებას ჩემს ეკლესიაში, მაგრამ ეს სრულებით განსხვავებული რამ არის. ეს ზუსტად ის არის, რაზეც ბიბლია საუბრობს და ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტება თქვენთანაა“. მან რეგულარულად დაიწყო დასწრება შეხვედრებზე და მალე მოინათლა.
8 დაეხმარე ახლებს წინსვლაში. შეადგინე ყველა იმ ახლად დაინტერესებულთა სია, რომლებიც გახსენების საღამოს დაესწრნენ; შემდეგ მალე მიაკითხე მათ, რათა განიხილო ის ყოველივე გამამხნევებელი, რაც მათ ისწავლეს და ნახეს. აცნობე სხვა შეხვედრების შესახებ, სადაც მათ მეტი ბიბლიური შემეცნების მიღება შეუძლიათ. „შემეცნებიდან“ მე-17 თავის, სათაურით „ჰპოვე უსაფრთხოება ღმერთის ხალხს შორის“, მიმოხილვა დაანახვებს მათ კრებაში შემოთავაზებულ უხვ სულიერ ღონისძიებებს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია მათთვის.
9 მნიშვნელოვანია, დაინტერესებულებმა ისწავლონ, თუ პირადად როგორ მიაგონ პატივი იეჰოვას. აუხსენი, რომ გულწრფელი ლოცვა სიამოვნებს იეჰოვას და ეს სულიერი გამოცოცხლების მუდმივი წყაროა (1 იოან. 5:14). ბროშურიდან „რას მოითხოვს“ 8—12 გაკვეთილების მეშვეობით დაანახვე ის მოქმედებები, რითაც ადამიანები პატივს მიაგებენ იეჰოვას. ბროშურაში „იეჰოვას მოწმეები“ 30-ე, 31-ე გვერდებზე მოცემული ინფორმაციის განხილვით, წაახალისე ახლები, დაფიქრდნენ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით იეჰოვას განდიდების შესაძლებლობაზე.
10 იესოს მსხვერპლისადმი და მის მოწაფეებად მსახურების უპირატესობისთვის მადლიერების გამოვლენა პატივს მიაგებს მამას და კურთხევები მოაქვს სხვებისთვის. იესო დაგვპირდა: „ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა“ (იოან. 12:26).