საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პასუხების ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
    • თუ გსურთ, ნამდვილად პოვოთ სულის სიმშვიდე, საჭიროა პასუხები მიიღოთ სამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე:

      როგორ გაჩნდა ადამიანი?

      რა არის სიცოცხლის აზრი?

      რას მოგვიტანს მომავალი?

      სად შეგიძლიათ მიიღოთ სანდო პასუხები ამ კითხვებზე? ვარაუდების გამოთქმისა და ფილოსოფიური მსჯელობის ნაცვლად, ამ კითხვებთან დაკავშირებით შემდეგ გვერდებზე მოცემულია ზუსტი პასუხები ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან. გთხოვთ, გადაშალოთ თქვენი ბიბლია და საკუთარი თვალით ნახოთ, რას ამბობს ის.

  • როგორ გაჩნდა ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
    • როგორ გაჩნდა ადამიანი?

      რატომ ღირს ამ კითხვაზე პასუხის მიღება? მრავალ ადამიანს ნასწავლი აქვს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა. მათ ასწავლეს, რომ რამდენიმე დაუჯერებელი შემთხვევითი მოვლენის შედეგად ევოლუციის გზით გაჩნდა ადამიანი მთელი მისი ინტელექტუალური უნარითა და ემოციური თუ სულიერი მოთხოვნილებებით.

      მაგრამ დაფიქრდით: თუ ჩვენ სინამდვილეში ევოლუციის შედეგად გავჩნდით და არა გვყავს შემოქმედი, გამოდის, რომ ადამიანები გარკვეული გაგებით ობლები ვართ. ასეთ შემთხვევაში არ იარსებებდა აღმატებული სიბრძნის მქონე პიროვნება, ვისაც რჩევისთვის მივმართავდით, და ვერავინ დაგვეხმარებოდა ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ მხოლოდ ადამიანური სიბრძნის იმედი უნდა გვქონოდა, რომ თავიდან აგვეცილებინა ეკოლოგიური კატასტროფა, მოგვეგვარებინა პოლიტიკური კონფლიქტები და თავი გაგვერთვა პირადი პრობლემებისთვის.

      დავუშვათ, რომ ეს მართლაც ასეა — გგვრით ეს სულის სიმშვიდეს? თუ არა, მაშინ საპირისპირო ვარიანტზე დაფიქრდით. ეს ვარიანტი არა მარტო მიმზიდველი, არამედ უფრო ლოგიკურიცაა.

      რას ამბობს ბიბლია?

      ბიბლია გვასწავლის, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა. ჩვენ არ წარმოვშობილვართ ევოლუციის შედეგად, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ გონიერებასა და მზრუნველობას. პირიქით, ჩვენ მოსიყვარულე და გონიერი მამის შვილები ვართ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიბლია ნათლად და გასაგებად აცხადებს ამას.

      დაბადება 1:27. „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“.

      ფსალმუნი 139:14. „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“.

      მათე 19:4—6. «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».

      საქმეები 17:24, 25. „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს, რადგან თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“.

      გამოცხადება 4:11. „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“.

      როგორ მოაქვს ბიბლიიდან მიღებულ პასუხებს სულის სიმშვიდე?

      იმის ცოდნა, რომ „ყოველი ოჯახი . . . დედამიწაზე [ღმერთს] უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“, ცვლის ჩვენს შეხედულებას სხვა ადამიანებზე (ეფესოელები 3:15). ეს იმაზეც ახდენს გავლენას, თუ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს და როგორ ვცდილობთ პრობლემების გადაჭრას. ეს ჩვენს აზროვნებაზეც მოქმედებს, რათა სწორად მოვიქცეთ სხვადასხვა სიტუაციაში.

      როდესაც რთული გადაწყვეტილებების წინაშე დავდგებით, ზედმეტად არ ვინერვიულებთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ, და არ დავეყრდნობით ურთიერთსაწინააღმდეგო ადამიანურ აზროვნებას. პირიქით, ჩვენ ბიბლიური რჩევის თანახმად ვიმოქმედებთ. რატომ? იმიტომ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

      თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური რჩევის გამოყენება ძალისხმევასა და თვითდისციპლინას მოითხოვს. ბიბლიური რჩევის თანახმად რომ ვიმოქმედოთ, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს, ჩვენი სურვილებისა და მიდრეკილებების საპირისპიროდ მოვიქცეთ (დაბადება 8:21). მაგრამ, თუ გვჯერა, რომ მოსიყვარულე ზეციერმა მამამ შეგვქმნა, გონივრული იქნება, დავასკვნათ, რომ მან უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (ესაია 55:9). მისი სიტყვა გვარწმუნებს: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6). თუ ჩვენ მივყვებით მის რჩევას, რთული სიტუაციების წინაშე დგომისას ან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას თავიდან ავირიდებთ ზედმეტ საწუხარს.

      როდესაც სხვები ზემოდან დაგვიწყებენ ყურებას, ჩვენ არ დაგვეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოს მათზე დაბლა მდგომები ვიყოთ; არ ვიფიქრებთ, რომ განსხვავებული რასისა თუ კულტურის გამო ჩვენ მათზე ნაკლები ვართ. ნაცვლად ამისა, ჩვენ ზომიერების ფარგლებში განვივითარებთ საკუთარი ღირსების გრძნობას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი მამა, იეჰოვა ღმერთი „მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

      ამის ცოდნა იმისგანაც დაგვიცავს, რომ სხვების მიმართ არასწორი აზროვნება არ განვივითაროთ და სხვა ეროვნების ადამიანებს ზემოდან არ ვუყუროთ. სინამდვილეში, ჩვენ ამის არანაირი საფუძველი არა გვაქვს, რადგან ღმერთმა „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26).

      მართლაც, როდესაც ვიცით, რომ შექმნილები ვართ და ჩვენი შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე, ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვპოვოთ სულის სიმშვიდე. მაგრამ შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად უფრო მეტია საჭირო.

      [ჩანართი 4 გვერდზე]

      ევოლუციის შედეგად წარმოიშვა ადამიანი?

      [სურათი 5 გვერდზე]

      როდესაც ვიცით, რომ ჩვენი შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე, ეს სულის სიმშვიდეს გვანიჭებს

  • რა არის სიცოცხლის აზრი?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
    • რა არის სიცოცხლის აზრი?

      რატომ ღირს ამ კითხვაზე პასუხის მიღება? არც ისე ბევრი რამ აგდებს ადამიანს საგონებელში ისე, როგორც უმიზნო ცხოვრება და ფიქრი იმაზე, რომ სიცოცხლეს არა აქვს აზრი. ასეთი ადამიანისგან განსხვავებით ის, ვისაც ცხოვრებაში აქვს გარკვეული მიზანი, არასოდეს კარგავს ცხოვრების ხალისს. ნევროლოგი ვიქტორ ე. ფრანკლი, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, წერს: „გავბედავ და ვიტყვი, რომ თვით ყველაზე საშინელი პირობების ატანაშიც კი ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ეხმარება ისე, როგორც იმის ცოდნა, რომ მის სიცოცხლეს აქვს აზრი“.

      თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ დღეს უამრავი, ერთმანეთის საპირისპირო აზრია გავრცელებული. ბევრი თვლის, რომ ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რა არის მისი სიცოცხლის აზრი. ისინი კი, ვისაც სწამთ ევოლუციის, ამბობენ, რომ სიცოცხლეს არა აქვს აზრი.

      მაგრამ თუ გვსურს გავიგოთ, რა არის სინამდვილეში სიცოცხლის აზრი, ლოგიკურია, რომ პასუხისთვის მივმართოთ მას, ვინც სიცოცხლე მოგვცა — იეჰოვა ღმერთს. ვნახოთ, რა არის მის სიტყვაში ნათქვამი ამის შესახებ.

      რას ამბობს ბიბლია?

      ბიბლია გვასწავლის, რომ იეჰოვა ღმერთმა განსაზღვრული მიზნით შექმნა ქალი და კაცი. იეჰოვამ შემდეგი რამ უთხრა ჩვენს პირველ მშობლებს:

      დაბადება 1:28. „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“.

      ღმერთის განზრახვა იყო, რომ ადამს, ევას და მათ შთამომავლებს მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ. ღვთის განზრახვა არ ყოფილა, რომ ადამიანები დაბერებულიყვნენ და მომკვდარიყვნენ; მას არც ის სურდა, რომ ადამიანებს გარემოსთვის ზიანი მიეყენებინათ. მაგრამ, იმის გამო, რომ ადამმა და ევამ არასწორი არჩევანი გააკეთეს, ჩვენ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ (დაბადება 3:2—6; რომაელები 5:12). ამის მიუხედავად, იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა. მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ესაია 55:10, 11).

      იეჰოვამ დაგვაჯილდოვა ისეთი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით, რომლებიც შეგვაძლებინებდა მისი ნების შესრულებას. მას ისე არ შევუქმნივართ, რომ მისგან დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ყურადღება მიაქციეთ, რას მოელის ღმერთი ადამიანებისგან, როგორც ამას ბიბლიის შემდეგი მუხლებიდან ვიგებთ.

      ეკლესიასტე 12:13. „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“.

      მიქა 6:8. „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“

      მათე 22:37—39. «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“».

      როგორ მოაქვს ბიბლიიდან მიღებულ პასუხებს სულის სიმშვიდე?

      ვერც ერთი რთული მექანიზმი წესიერად ვერ იმუშავებს, თუ დანიშნულებისა და მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით არ იქნება გამოყენებული. მსგავსადვე, თუ არ გვინდა, რომ საკუთარ თავს — ჩვენს სულიერ, ემოციურ, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას — ზიანი მივაყენოთ, ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ჩვენს შემოქმედს სურს. ღვთის განზრახვის ცოდნას შეუძლია სულის სიმშვიდე მოგვანიჭოს. განვიხილოთ, პრაქტიკულად რას ნიშნავს ეს.

      როდესაც საქმე ცხოვრებაში პრიორიტეტების დადგენას ეხება, მრავალი ადამიანი დღეს პირველ ადგილზე სიმდიდრეს აყენებს. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

      მათ კი, ვისთვისაც ღვთის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, კარგად ესმით, რას ნიშნავს იყო კმაყოფილი იმით, რაც გაქვს (1 ტიმოთე 6:7, 8). მათ იციან შრომის ფასი და ესმით, რომ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (ეფესოელები 4:28). მაგრამ, ამავე დროს, ისინი სერიოზულად ეკიდებიან იესოს სიტყვებს: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24).

      აქედან გამომდინარე, ღვთის მოყვარული ადამიანებისთვის ცხოვრებაში უმთავრესი ღმერთის ნების შესრულებაა და არა სამუშაო ან სიმდიდრის დაგროვება. მათ იციან: თუ ისინი ღვთის ნების შესრულებას მიანიჭებენ უპირატესობას, თავად იეჰოვა ღმერთი იზრუნებს მათზე. იეჰოვა თავს ვალდებულადაც კი თვლის, რომ ასე მოიქცეს (მათე 6:25—33).

      როდესაც სხვებთან აქვთ ურთიერთობა, ბევრი ეგოიზმს ავლენს. დღეს მსოფლიოში მრავალ ადამიანს ძალიან უჭირს მშვიდობიანი ურთიერთობა, რისი მიზეზიც უმეტესწილად ისაა, რომ ისინი „საკუთარი თავის მოყვარულები . . . [და] თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან (2 ტიმოთე 3:2, 3). როდესაც მათ ვინმეს საქციელი არ მოსწონთ ან სხვის აზრს არ ეთანხმებიან, ადვილად ერევათ ‘ბრაზი და რისხვა და ყვირილსა და ლანძღვაზე’ გადადიან (ეფესოელები 4:31). ასეთ თავშეუკავებლობას სულის სიმშვიდე არ მოაქვს, ის მხოლოდ „შუღლს აღვივებს“ (იგავები 15:18).

      ხოლო ისინი, ვინც ღვთის მითითებისამებრ მოყვასის სიყვარულს სწავლობენ, ‘კეთილად ექცევიან ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნობენ და მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს’ (ეფესოელები 4:32; კოლოსელები 3:13). სხვები ცუდადაც რომ მოექცნენ მათ, ისინი ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს, რომელიც მლანძღველებს „ლანძღვით არ პასუხობდა“ (1 პეტრე 2:23). იესოს მსგავსად მათ ესმით, რომ ადამიანი მაშინ არის კმაყოფილი, როცა სხვებს სიკეთეს უკეთებს, თუნდაც ისინი ვერ აფასებდნენ ამას (მათე 20:25—28; იოანე 13:14, 15; საქმეები 20:35). იეჰოვა ღმერთი თავის სულს არ უკავებს მათ, ვინც ცდილობს, მისი ძის ნაკვალევს მიჰყვეს. სწორედ ამ სულის წყალობით აქვთ მათ მშვიდობა (გალატელები 5:22).

      მაგრამ ისმის კითხვა: როგორ შეიძლება სულის სიმშვიდე მოგანიჭოთ იმის ცოდნამ, თუ რას მოგიტანთ მომავალი?

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      ადამიანს ცხოვრებაში გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს.

      [სურათი 7 გვერდზე]

      იესო გვასწავლის, თუ როგორ მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე

  • რას მოგვიტანს მომავალი?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
    • რას მოგვიტანს მომავალი?

      რატომ ღირს ამ კითხვაზე პასუხის მიღება? თუ ადამიანმა იცის, რას მოუტანს მას ხვალინდელი დღე, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ის დღეს. მაგალითად, ისინი, ვისაც მომავლის იმედი არა აქვთ, ასე ფიქრობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). ასეთი აზროვნების შედეგად ხშირად ადამიანი ჭამა-სმას ეძალება და ბევრ რამეზე წუხს — მისთვის სულის სიმშვიდე ნამდვილად „უცხო ხილია“.

      ფაქტია, მხოლოდ ადამიანზე რომ იყოს დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, ნამდვილად ვერ გვექნებოდა ნათელი მომავლის იმედი. ჰაერი, წყალი და ნიადაგი ისე არასოდეს ყოფილა დაბინძურებული, როგორც დღეს. დღითი დღე იზრდება ბირთვული ომისა და ტერორისტული თავდასხმების საშიშროება. ავადმყოფობა და სიღარიბე მილიარდობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ნამდვილად არ არის უიმედო.

      მართალია, ადამიანებს არ შეუძლიათ მომავლის განსაზღვრა, მაგრამ იეჰოვა ღმერთი არის ის, ვინც „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10). რას გვეუბნება იეჰოვა მომავლის შესახებ?

      რას ამბობს ბიბლია?

      იეჰოვა არ დაუშვებს, რომ დედამიწა და მასზე არსებული სიცოცხლე განადგურების საფრთხის წინაშე დადგეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით იეჰოვა განწმენდს დედამიწას ბოროტებისგან და აღადგენს მასზე სამოთხისებურ პირობებს (დაბადება 1:26—31; 2:8, 9; მათე 6:9, 10). შემდეგი ბიბლიური მუხლები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მომავალზე და იმ მოვლენებზე, რომლებიც მალე დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შეეხება.

      ფსალმუნი 46:8, 9. „მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“.

      ესაია 35:5, 6. „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს; წყალი ამოხეთქავს უდაბნოში და მდინარეები — ხრიოკზე“.

      ესაია 65:21, 22. „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“.

      დანიელი 2:44. „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

      იოანე 5:28, 29. „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“.

      გამოცხადება 21:3, 4. „თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

      როგორ მოაქვს ბიბლიიდან მიღებულ პასუხებს სულის სიმშვიდე?

      ერთი შეხედვით, შეიძლება ცოტა დაუჯერებელი ჩანდეს, რომ დედამიწაზე ზემოთ აღწერილი პირობები იარსებებს. მაგრამ ამ ყოველივეს გვპირდება ღმერთი და არა ადამიანი, იეჰოვა ღმერთმა კი „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2).

      თუ მიენდობით ღვთის დანაპირებს და მისი კანონების თანახმად იცხოვრებთ, სულის სიმშვიდეს ყველაზე რთული ვითარებების დროსაც კი შეინარჩუნებთ. ომი, სიბერე, ავადმყოფობა, ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემები ან თუნდაც იმის ცოდნა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებთ, ვერ წაგართმევთ შინაგან სიმშვიდეს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ დარწმუნებული იქნებით ერთ რამეში — ღვთის სამეფო წარხოცავს ნებისმიერი ამ უბედურებით გამოწვეულ შედეგებს და ნებისმიერ დანაკარგს აგინაზღაურებთ.

      რა დაგეხმარებათ მომავლის ასეთი იმედის შეძენაში? ამისათვის უნდა „განიახლოთ გონება“ და გაიგოთ, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). გარდა ამისა, თქვენ იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ ბიბლიის დანაპირები უტყუარია. ასეთი გამოკვლევა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ცხოვრებაში არც ისე ბევრ რამეს შეუძლია ამაზე მეტი სულიერი სიმშვიდის მოტანა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება