-
ზნეობა ეცემაგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
ზნეობა ეცემა
„სიცრუეს ყველგან ვხვდებით“, — ამბობს ერთ-ერთი წიგნის ავტორი დეივიდ კალაჰანი (The Cheating Culture). სხვა ყველაფერთან ერთად ის მოიხსენიებს შეერთებულ შტატებში „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეთა თაღლითობას“, არალიცენზირებული კინოფილმებისა და მუსიკალური ჩანაწერების გავრცელებას, „სამუშაო ადგილებზე ქურდობას“, „ჯანდაცვის სფეროში უპატიოსნობის მასობრივად გამოვლენასა“ და სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას; რეზიუმეში კი აღნიშნავს: „ამას ემატება ეთიკური და იურიდიული ნორმების ყოველმხრივი დარღვევა, რაც აშკარად ზნეობის საყოველთაო კრიზისის მაჩვენებელია“.
„ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამია, რომ 2005 წელს შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „კატრინას“ ამოვარდნის შემდეგ „დაფიქსირდა თაღლითობის, გაიძვერობისა და მთავრობის აღმაშფოთებელი ქმედებების უპრეცედენტო შემთხვევები“. შეერთებული შტატების ერთ-ერთი სენატორის სიტყვების თანახმად, „აღინიშნა დაუჯერებელი თაღლითობის, ენით აუწერელი გაიძვერობისა და ფულისა თუ სხვა რესურსების განიავების გამაოგნებელი ფაქტები“.
რასაკვირველია, უანგარო კაცთმოყვარეობის მაგალითებიც არსებობს (საქმეები 27:3; 28:2). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამგვარი კითხვები ისმის: „რას მომიტანს ეს მე? რას გამოვრჩები?“ საკუთარი თავისა და ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება დღეს წესად იქცა.
წარსულში ეგოიზმმა და აშკარა უზნეობამ ხელი შეუწყო ისეთი ცივილიზებული ქვეყნების განადგურებას, როგორიც, მაგალითად, რომის იმპერია იყო. ცხადყოფს დღევანდელი მდგომარეობა, რომ უფრო სერიოზული რამ არის მოსალოდნელი? არის მსოფლიოში „უკანონობის გამრავლება“ მთელი „ქვეყნიერების აღსასრულის“ მაჩვენებელი, როგორც ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები? (მათე 24:3—8, 12—14; 2 ტიმოთე 3:1—5)
ზნეობრივი ნორმები ყველგან ეცემა
„აფრიკა ნიუსის“ 2006 წლის 22 ივნისის ნომერში ნათქვამია: „ჯგუფმა, რომელიც იკვლევდა უგანდის ღარიბთა კვარტალში სექსუალური ძალადობისა და პორნოგრაფიის საკითხს, თქვა, რომ ნარკომანიისა და პროსტიტუციის გავრცელების მიზეზი მშობლების მიერ შვილების უგულებელყოფაა“. ამავე გაზეთში აღნიშნულია: „კაუემპეს ბავშვთა და დედათა დაცვის განყოფილების უფროსი მისტერ დაბანჯი სალონგოუმ თქვა, რომ განსაკუთრებით გაიზარდა ბავშვებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი“.
ერთი ინდოელი ექიმის სიტყვების თანახმად, „ხალხი კარგავს ზნეობრივ მემკვიდრეობას“. ერთ-ერთმა კინორეჟისორმა აღნიშნა: „ნარკომანიის გავრცელება და სქესობრივი აღვირახსნილობა იმის მაჩვენებელია, რომ ინდოეთი დასავლური უზნეობის მორევში იძირება“.
პეკინში ჩინეთის სექსოპათოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰიუ პეიჩენმა თქვა: „ადრე ხალხს შეეძლო, სწორი არასწორისგან გაერჩია; ახლა კი იმას აკეთებს, რაც სურს“. „ჩაინა ტუდეის“ ერთ-ერთი სტატია აღნიშნულ ფაქტს ამგვარად აღწერს: „საზოგადოება უფრო და უფრო მეტი შემწყნარებლობით ეკიდება ქორწინების გარეშე სქესობრივ ურთიერთობებს“.
«ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა მზად არის, გაშიშვლდეს და სექსუალური სცენებით მიიქციოს ყურადღება თავისი საქონლის გასასაღებლად, — ნათქვამი იყო არც ისე დიდი ხნის წინ ინგლისში გამომავალ გაზეთ „იორქშირ პოსტში“. — ჯერ კიდევ წინა თაობას აღაშფოთებდა ამგვარი ქმედებები, დღეს კი ყველგან ვხვდებით სექსუალური სცენების ამსახველ სურათებს; უფრო მეტიც, პორნოგრაფია. . . საზოგადოებისთვის მისაღები გახდა». იქვე აღინიშნა: „ის, რისი კითხვა ან ყურება ადრე 18 წლამდე დაუშვებელი იყო, ახლა ოჯახის ყველა წევრისთვის დასაშვებია; ანტიპორნოგრაფიული კომპანიების წარმომადგენლების სიტყვების თანახმად, ამგვარი მასალა ხშირად ბავშვებზეა გათვლილი“.
„ნიუ-იორკ ტაიმზ მეგეზინში“ ნათქვამია: „[ზოგი მოზარდი თავის სექსუალურ თავგადასავლებზე] ისე თავისუფლად ლაპარაკობს, თითქოს კაფეში იჯდეს და მენიუს არჩევდეს“. ერთ-ერთ ჟურნალში მოყვანილი იყო პატარა გოგონას სულისშემძვრელი სიტყვები: „დედა მაიძულებს, ბიჭებს შევხვდე და მათთან სქესობრივი ურთიერთობა მქონდეს. არადა, მე მხოლოდ 12 წლისა ვარ. . . დამეხმარეთ!“ (Tweens News).
როგორ იცვლება შეხედულებები! კანადაში გამომავალ „ტორონტო სტარში“ აღინიშნა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ „ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა თანაცხოვრების იდეაც კი ამაზრზენი იყო“. მაგრამ კარლტონის უნივერსიტეტის (ოტავა) ლექტორი, სოციოლოგი ბარბარა ფრიმენი, აღნიშავს: «დღეს ასეთი თვალსაზრისია გავრცელებული: „ჩემი პირადი ცხოვრება არავის ეხება; არ მსურს, მასში ვინმე ჩაერიოს“».
აშკარაა, რომ მსოფლიოში გასული ათწლეულების განმავლობაში ზნეობრივი ღირებულებები სწრაფად გაუფასურდა. რამ განაპირობა ასეთი მკვეთრი ცვლილებები? პირადად თქვენ რას იტყოდით ამის თაობაზე? რისი მომასწავებელია ეს?
-
-
ზნეობის სწრაფი დაცემაგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
ზნეობის სწრაფი დაცემა
როგორ ფიქრობთ, როდის დაიწყო ზნეობის დაცემა? თქვენს დროს თუ წინა თაობის დროს? ზოგი ფიქრობს, რომ პირველმა მსოფლიო ომმა, რომელიც 1914 წელს დაიწყო, ზნეობის უპრეცედენტო დაცემას შეუწყო ხელი. ისტორიკოსი, პროფესორი რობერტ უოული თავის წიგნში „1914 წლის თაობა“ წერდა: „თაობას, რომელიც ომს მოესწრო, ალბათ, ვერავინ გადაარწმუნებდა, რომ 1914 წლის აგვისტოში ძველი მსოფლიო ახალმა მსოფლიომ შეცვალა“.
„საზოგადოებისთვის მიღებული ნორმები, რაც ისედაც გაუფასურებული იყო, საბოლოოდ დაეცა“, — აღნიშნავს ისტორიკოსი ნორმან კანტორი. — მაშინ, როცა პოლიტიკოსები და სამხედრო პირები მილიონობით ადამიანს ცხოველებივით დასახოცად მიერეკებოდნენ, რომელი ეთიკური თუ რელიგიური კანონი შეაკავებდა ადამიანებს იმისგან, რომ ერთმანეთს ველური მხეცებივით დაუნდობლად არ მოპყრობოდნენ?! . . .პირველი მსოფლიო ომის დროს [1914—1918] მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ საბოლოოდ დაუკარგა ადამიანის სიცოცხლეს ფასი“.
თავის ისტორიულ ნარკვევში ინგლისელმა ისტორიკოსმა ჰ. უელსმა აღნიშნა, რომ ევოლუციის თეორიის დამკვიდრების შემდეგ „მალევე დაიწყო ნამდვილი დემორალიზაცია“. რატომ? ზოგი ფიქრობდა, რომ ადამიანი მხოლოდ განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი ცხოველი იყო. ევოლუციონისტმა უელსმა 1920 წელს დაწერა: „ადამიანი, მათი აზრით, საზოგადოებრივი ცხოველია, რომელიც ბევრად არ განსხვავდება ხროვებად მცხოვრები გარეული ძაღლებისგან, . . ამიტომ მათთვის ნორმალურია ის ფაქტი, რომ ამ ხროვიდან ყველაზე დიდი და ძლიერი ჩაგრავს და იმორჩილებს სხვებს“.
ნორმან კანტორმა სამართლიანად აღნიშნა, რომ პირველმა მსოფლიო ომმა დასცა ადამიანთა ზნეობა. ის განმარტავს: „ძველ თაობას ყველაფერი დაუწუნეს, მათ შორის პოლიტიკური კურსი, ჩაცმულობა და სექსუალური მორალი“. ევოლუციური თეორიის მხარდაჭერითა და დაპირისპირებული მხარეების წაქეზებით ეკლესიებმა წაბილწეს ქრისტიანული სწავლებები და ამგვარად, დიდი წვლილი შეიტანეს ზნეობის დაცემაში. ბრიტანელი გენერალი ფრენკ კროჟერი წერდა: „ქრისტიანული ეკლესიები ყველაზე მეტად უღვიძებენ ადამიანებს სისხლის ღვრის სურვილს, რითაც ჩვენ არაერთხელ გვისარგებლია“.
ზნეობრივი ნორმების უარყოფა
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, 20-იან წლებში, რომელიც „აღმავლობის ეტაპად“ არის ცნობილი, ძველი ღირებულებები უარყვეს და ყველაფერი მისაღები გახდა. ისტორიკოსი ფრედერიკ ალენი წერს: „ომის შემდგომ ათწლეულს მართებულად შეიძლება ეწოდოს ცუდი მანერების ათწლეული. . . ძველი ფასეულობები, რომლებიც ცხოვრებას ალამაზებდა და აზრს სძენდა, დაიკარგა, მათ კი ღირებული ვერაფერი ჩაენაცვლა“.
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც მრავალი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო; ამ ათწლეულის მიწურულს კი მსოფლიო უფრო გამანადგურებელ ომში — მეორე მსოფლიო ომში — ჩაება. მალე ერებმა საშინელი, გამანადგურებელი იარაღის წარმოება დაიწყეს, რამაც, მართალია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა, მაგრამ ისეთი საშინელებები დაატეხა თავს, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. ამ ომის დასასრულს ათასობით ქალაქი დაინგრა; იაპონიაში ორმა ატომურმა ბომბმა ორი ქალაქი გაასწორა მიწასთან! მილიონობით ადამიანი შემზარავ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. მთლიანობაში ამ ომმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სასტიკი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხალხმა ძველი ზნეობრივი ტრადიციების დაცვის ნაცვლად, საკუთარი ნორმები დაიდგინა. წიგნში „სიყვარული, სექსი და ომი — ცვალებადი ფასეულობები, 1939—1945“, ნათქვამია: „როგორც ჩანს, შეუზღუდავი სქესობრივი ურთიერთობის ტენდენცია ფრონტის ხაზიდან ზურგშიც გავრცელდა. . . ომის პერიოდში სიცოცხლის წუთიერებისა და მღელვარების განცდამ მალე ყოველგვარი ზნეობრივი ბარიერი მოშალა და ზურგშიც ისევე გააუფასურა სიცოცხლე და შეამცირა მისი ხანგრძლივობა, როგორც ფრონტის ხაზზე“.
სიკვდილის გამუდმებულმა შიშმა ხალხს, თუნდაც წამიერად, ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი გაუძლიერა. ერთმა ბრიტანელმა დიასახლისმა იმ საშინელ წლებში თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობების გასამართლებლად თქვა: „ჩვენ სინამდვილეში უზნეოები არ ვყოფილვართ; უბრალოდ, ომი იყო“. ერთი ჯარისკაცი ამბობს: „უმეტესობა უზნეო ადამიანებად მიგვიჩნევდა, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს მოვმკვდარიყავით“.
მრავალს, ვინც ომს გადაურჩა, ნანახი საშინელებები დღესაც უშფოთებს სულს. ზოგს ბავშვობაში ნანახი ომის საშინელება დღემდე ამაზრზენ სურათებად ეშლება თვალწინ და ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ყველაფერი ისევ მეორდება. მრავალმა დაკარგა რწმენა და მასთან ერთად ზნეობრივი ორიენტაცია. მათთვის აღარაფერი იყო ავტორიტეტული, რაც სწორისა და არასწორის განსაზღვრაში დაეხმარებოდათ; ამიტომ ხალხის თვალში ყველაფერი ფარდობითი გახდა.
ახალი ნორმები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სქესობრივი ურთიერთობების თემაზე ახალი ნაშრომები გამოიცა. ერთ-ერთი მათგანი იყო 40-იან წლებში შეერთებულ შტატებში გამოცემული 800-ზე მეტ გვერდიანი „კინზის ნაშრომი“. შედეგად, მრავალმა დაუფარავად დაიწყო სქესობრივ საკითხებზე საუბარი, რაზეც ადრე, ჩვეულებრივ, არ საუბრობდნენ. თუმცა ჰომოსექსუალიზმსა და სხვა გაუკუღმართებულ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ ნაშრომში მოცემული სტატისტიკური მონაცემები მოგვიანებით გაზვიადებულად მიიჩნიეს, ამ ნაშრომმა მაინც გამოაშკარავა, რომ ომის შემდგომ წლებში ზნეობა მკვეთრად დაეცა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, წესიერების ნიღაბს ამოფარებოდნენ. მაგალითად, ცენზურა აკონტროლებდა რადიოს, კინო-თეატრებსა და ტელევიზიას, რათა უზნეო შინაარსის მასალა არ გავრცელებულიყო. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. შეერთებული შტატების განათლების ყოფილმა მინისტრმა უილიამ ბენეტმა თქვა: „60-იანი წლებისთვის ამერიკა ძალიან სწრაფად ჩაეფლო დემორალიზაციის ჭაობში“. იგივე მოხდა სხვა მრავალ ქვეყანაშიც. რამ გამოიწვია 60-იან წლებში ზნეობის სწრაფი დაცემა?
იმ ათწლეულებში თითქმის ერთდროულად დაიწყო ფემინისტური მოძრაობა და სქესობრივი რევოლუცია, რამაც ეგრეთ წოდებული „ახალი ზნეობა“ დაამკვიდრა. დაიწყეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების წარმოებაც. ამან შესაძლებელი გახადა დაფეხმძიმების შიშის გარეშე სქესობრივი ურთიერთობა, რამაც წარმოშვა „თავისუფალი სიყვარულის“ ცნება — „ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა“.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რაც შეეხება ზნეობის საკითხებს, იმ პერიოდში პრესა, კინო და ტელევიზია მეტად შემწყნარებელი გახდა. მოგვიანებით, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ სატელევიზიო გადაცემების შესახებ აღნიშნა: „ტელევიზია უწონებს ადამიანებს ჟინის დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას; დადებით შუქში წარმოაჩენს ძალადობასა და სისასტიკეს; და მაყურებელს სქესობრივი აღვირახსნილობისკენ უბიძგებს“.
70-იან წლებში ვიდეომაგნიტოფონის ფართოდ გამოყენება დაიწყეს. ადამიანებს უკვე განმარტოებით, თავიანთ სახლებში შეეძლოთ ამორალური სცენების ყურება, რის უფლებასაც სახალხოდ, კინოთეატრებში არასოდეს მისცემდნენ საკუთარ თავს. ბოლო დროს კი მთელ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერს, ვისაც კომპიუტერი აქვს, შეუძლია ყველაზე გახრწნილი მასალის ნახვა.
შედეგები მრავალმხრივ არის შემაშფოთებელი. შეერთებული შტატების ციხის ერთმა ზედამხედველმა აღნიშნა: „ათი წლის წინ ქუჩაში დაჭერილ ბავშვებს რომ მოიყვანდნენ, მათთვის შეიძლებოდა აგეხსნა, რა იყო სწორი და არასწორი; მაგრამ დღეს არ ესმით, რაზე ვესაუბრები“.
სად შეიძლება სათანადო ხელმძღვანელობის პოვნა?
ეკლესიებს არ შეუძლიათ ზნეობის საკითხში სათანადო ხელმძღვანელობის გაწევა. იესოსა და მისი პირველი საუკუნის მიმდევრებივით სამართლიანი პრინციპების დაცვის ნაცვლად, ეკლესიები ამ ქვეყნიერების ნაწილი და ბოროტების მოზიარენი გახდნენ. ერთმა მწერალმა დასვა კითხვა: „ყოფილა ოდესმე ომი, რომლის დროსაც დაპირისპირებულ მხარეებს არ ეთქვათ, რომ ღმერთი მათთან იყო?“ ღვთიური ზნეობრივი ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის ერთ-ერთი ეკლესიის სასულიერო პირმა წლების წინ თქვა: „ეკლესია მსოფლიოში ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც მრევლს იმაზე ნაკლები მოეთხოვება, ვიდრე მგზავრს — ავტობუსში“.
ცხადია, მთელ მსოფლიოში ზნეობრივი ნორმების მკვეთრი დაცემა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება. რა ზომების? რა ცვლილებები უნდა მოხდეს? ვის შეუძლია ამის გაკეთება და როგორ?
[ჩანართი 5 გვერდზე]
„პირველი მსოფლიო ომის დროს [1914—1918] მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ საბოლოოდ დაუკარგა ადამიანის სიცოცხლეს ფასი“.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
„უმწიკვლობა“ „ფასეულით“ შეიცვალა
სიტყვა „უმწიკვლობას“ ერთზე მეტი მნიშვნელობა არა აქვს. ადამიანი ან არის პატიოსანი, უანგარო, შეურყვნელი ან არა. დღეს სიტყვა „უმწიკვლობის“ ნაცვლად, ბევრგან „ფასეულს“ იყენებენ. მაგრამ, როგორც ისტორიკოსი გერტრუდა ჰიმელფარბი აღნიშნავს თავის წიგნში „საზოგადოების დემორალიზაცია“, არსებობს ერთი პრობლემა: «შეუძლებელია, ადამიანმა „უმწიკვლობა“ „ფასეულის“ მნიშვნელობით გამოიყენოს. . . შეუძლებელია, ყველამ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს უმწიკვლობის არსი».
აღნიშნული წიგნის ავტორი ამბობს, რომ ფასეული „შეიძლება იყოს მრწამსი, შეხედულება, დამოკიდებულება, გრძნობა, ჩვევა, ქცევის გარკვეული წესი, წინასწარ შექმნილი აზრი და ხასიათის თავისებურებაც კი, ანუ ყველაფერი, რასაც ნებისმიერი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან საზოგადოება გარკვეულ პერიოდში, გარკვეული მიზეზის გამო აფასებს“. დღევანდელ ლიბერალურ საზოგადოებაში ადამიანები ამართლებენ იმას, რომ თავად ირჩევენ ფასეულობებს და ამას ისე აკეთებენ, თითქოს საქმე სუპერმარკეტში პროდუქტის არჩევას ეხებოდეს. მაგრამ რა ემართება ამ დროს უმწიკვლობას და ზნეობრიობას?!
[სურათი 6, 7 გვერდებზე]
უხამსი გართობა სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება.
-
-
საით მიექანება მსოფლიო?გამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
საით მიექანება მსოფლიო?
ბიბლიამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ზნეობის დაცემა, რაც ამგვარად აღწერა: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები. . . მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები. . . სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5).
ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ზუსტად აღწერს დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინასწარმეტყველება თითქმის 2 000 წლის წინათ დაიწერა! ის ასეთი სიტყვებით იწყება: „ბოლო დღეებში“. რას ნიშნავს „ბოლო დღეები“?
რისი „ბოლო დღეები“?
„ბოლო დღეები“ უკვე ბევრისთვის ნაცნობი ფრაზაა და დღეს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ასობით წიგნის სათაურში გვხვდება. მაგალითად, ერთ-ერთი ამგვარი წიგნის (The Last Days of Innocence — America at War, 1917—1918) პროლოგში აღნიშნულია, რომ ფრაზაში „ბოლო დღეები“ ნაგულისხმებია ის კონკრეტული დრო, როცა ზნეობა მკვეთრად დაეცა.
აღნიშნული წიგნის პროლოგში ნათქვამია: „1914 წელს ქვეყანაში [შეერთებულ შტატებში] ძირეული ცვლილებები დაიწყო“. სწორედ ამ წელს იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა, რისი მსგავსიც მსოფლიოს მანამდე არაფერი ენახა. წიგნში ნათქვამია: „ეს იყო არა მხოლოდ სამხედრო ძალების დაპირისპირება, არამედ ტოტალური ომი, როცა ქვეყნები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“. ეს ომი, როგორც დავინახავთ კიდეც, იმ პერიოდის დასაწყისში მოხდა, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს.
ეს განსაკუთრებული პერიოდი, „ბოლო დღეები“, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა დამდგარიყო, როგორც ამას ბიბლია გვასწავლის. ბიბლიაში ისიც ნათქვამია, რომ ქვეყნიერება ერთხელ უკვე მოისპო: „განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“. როდის მოხდა ეს და რომელი ქვეყნიერება განადგურდა? ეს იყო ნოეს დროს არსებული ძველი, „უღვთოთა ქვეყნიერება“. დღევანდელ ქვეყნიერებასაც განადგურება ელის. მაგრამ ნოესა და მისი ოჯახის მსგავსად, ღვთის მსახურები გადაურჩებიან აღსასრულს (2 პეტრე 2:5; 3:6; დაბადება 7:21—24; 1 იოანე 2:17).
რა თქვა იესომ აღსასრულზე?
იესო ქრისტემაც მოიხსენია „ნოეს დრო“, როცა „წარღვნა. . . მოვიდა და ყველა. . . წალეკა“. მან წარღვნამდე, მაშინდელი ქვეყნიერების აღსასრულამდე, არსებული მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც, მისი სიტყვების თანახმად, „ქვეყნიერების აღსასრულისას“ იქნებოდა (მათე 24:3, 37—39). ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ეს ფრაზა „წუთისოფლის აღსასრულად“ და „საუკუნის დასასრულად“ არის ნათარგმნი (კს, სსგ).
იესომ იწინასწარმეტყველა, როგორი მდგომარეობა იქნებოდა დედამიწაზე ქვეყნიერების აღსასრულამდე. რაც შეეხება ომს, მან თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები 1914 წლიდან დაიწყო. როგორც ზემოაღნიშნული წიგნის პროლოგში იყო ნათქვამი, 1914 წლიდან დაიწყო ტოტალური ომი, ანუ ქვეყნების, და არა მხოლოდ სამხედრო ძალების, დაპირისპირება.
იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა: „იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გამრავლდებოდა უკანონობა (მათე 24:7—14). დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველივე ეს მართლაც ასე ხდება. ზნეობის მკვეთრი დაცემა იმის მაჩვენებელია, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება.
როგორ უნდა ვიცხოვროთ დღეს, როცა ზნეობა ასე მკვეთრად ეცემა? ყურადღება მიაქციეთ, რა მისწერა მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს ზნეობის დაცემის შესახებ. მან მოიხსენია ადამიანთა „სამარცხვინო ვნებები“ და აღნიშნა: „მათმა ქალებმა ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან; უხამსობას სჩადიოდნენ“ (რომაელები 1:26, 27).
ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზნეობრივად გახრწნილ საზოგადოებაში მცხოვრებ „ქრისტიანთა მცირე ჯგუფის ღვთისმოსაობა და წესიერება აღაშფოთებდა სიამოვნებას აყოლილ წარმართებს“. ამან უნდა დაგვაფიქროს: „რა შეიძლება ითქვას ჩემზე და იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობას ვამჯობინებ? გამოვირჩევი სხვებისგან ზნეობრივი სიწმინდით?“ (1 პეტრე 4:3, 4).
ბრძოლა, რომელსაც ვეწევით
ბიბლია გვასწავლის, რომ გარშემო არსებული უზნეობის მიუხედავად, უნდა ვიყოთ „ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები. . , უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში“. ამისათვის მაგრად უნდა ჩავეჭიდოთ „სიცოცხლის სიტყვას“ (ფილიპელები 2:15, 16). ბიბლიის ამ სიტყვებიდან ჩანს, როგორ უნდა შეინარჩუნონ ქრისტიანებმა ზნეობრივი სიწმინდე ამ უზნეო ქვეყნიერებაში. ისინი უნდა მიჰყვნენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ სწავლებებს და უნდა გააცნობიერონ, რომ მასში მოცემული ზნეობრივი ნორმების გათვალისწინება საუკეთესო არჩევანია.
„ამ ქვეყნიერების ღმერთი“, სატანა ეშმაკი, ადამიანთა გულების დაპყრობას ცდილობს (2 კორინთელები 4:4). ბიბლია გვეუბნება, რომ ის „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“; ისინი, ვინც თავიანთი საქმეებით ამტკიცებენ, რომ ეშმაკის მსახურები არიან, ამაშიც ჰბაძავენ მას (2 კორინთელები 11:14, 15). ისინი სხვებს თავისუფლებასა და სიამოვნებას ჰპირდებიან, მაგრამ სინამდვილეში, ბიბლიის სიტყვების თანახმად, „გახრწნილების მონები არიან“ (2 პეტრე 2:19).
თავს ნუ მოიტყუებთ! ღვთის ნორმების უგულებელმყოფელნი მწარე შედეგებს მოიმკიან. ფსალმუნმომღერალი წერდა: „შორს არის ხსნა ბოროტთაგან, რადგან არ იკვლევენ შენს [ღვთის] წესებს“ (ფსალმუნი 119:155; იგავები 5:22, 23). გვჯერა ამ სიტყვების? თუ დიახ, მაშინ დავიცვათ გული და გონება მომწამვლელი პროპაგანდისგან.
ბევრი არასწორად მსჯელობს: „რას ვაშავებ, კანონით აკრძალულს ხომ არაფერს ვაკეთებ?!“ მაგრამ სინამდვილეში საკითხი სხვაგვარად დგას. მოსიყვარულე ზეციერი მამა ზნეობრივ ნორმებს თქვენ დასაცავად გიდგენთ და არა იმიტომ, რომ შეგზღუდოთ ან ცხოვრების ხალისი დაგაკარგვინოთ. ღმერთი ამბობს: „მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“. მას სურს, თავი აარიდოთ უბედურებას, და ბედნიერი იყოთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მსახურებს ღმერთი ჰპირდება „სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“. ეს არის „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, მარადიული სიცოცხლე ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში (ესაია 48:17, 18; 1 ტიმოთე 4:8; 6:19).
ასე რომ, დაფიქრდით, რა სარგებლობა მოაქვს ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას და რა ტკივილი — მათ გაუთვალისწინებლობას! ღვთის მორჩილება და, ამგვარად, მისი კეთილგანწყობის მოპოვება ცხოვრების საუკეთესო გზაა! ღმერთი გვპირდება: „ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33).
მაღალზნეობრივი საზოგადოება
ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნიერება განადგურდება, „აღარ იქნება ბოროტი“. ის აგრეთვე ამბობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე“ (ფსალმუნი 37:10, 11; იგავები 2:20—22). დედამიწაზე უზნეობის კვალიც კი წაიშლება. იქ აღარც მათთვის იქნება ადგილი, ვინც ჩვენი შემოქმედის ჯანსაღი მოძღვრების თანახმად არ ცხოვრობს. ღვთისმოყვარული ადამიანები თანდათანობით მთელ დედამიწას გადააქცევენ სამოთხედ; ის სწორედ იმ სამოთხეს დაემსგავსება, რომელშიც ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი დაასახლა (დაბადება 2:7—9).
წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ცხოვრება განწმენდილ დედამიწაზე, რომელიც სამოთხეს დაემსგავსება! იქ ყოფნის შესაძლებლობა მიეცემა მილიარდობით მკვდრეთით აღმდგარსაც. გვახარებს ღვთის დაპირება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“. „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3, 4).
[ჩანართი 9 გვერდზე]
ნოეს დროინდელი ქვეყნიერების განადგურებისას ღვთისმოშიში ადამიანები გადარჩნენ.
[სურათი 10 გვერდზე]
დღევანდელი ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.
-