ღმერთია ჩვენი შემწე
მოგვითხრო ფრანცისკო კოანამ
„თუ არ დაემორჩილები ხელისუფლებას სიკვდილით დაგსჯიან!“ — გამაფრთხილა ჩემმა ძმამ.
„ეს ამ საშინელ მდგომარეობაში ცხოვრებაზე უკეთესი იქნება“, — ვუპასუხე მე.
ეს ხდებოდა 1975 წლის სექტემბერში. იმ დღეს ჩემმა უფროსმა ძმამ მოზამბიკის ქალაქ მაპუტუს (მაშინდელი ლორენსუ-მარკიშის) ციხეში საჭმელი მომიტანა. აქ ერთ საკანში 180-ზე მეტი პატიმარი იყო, რომელთა შორისაც უმეტესობა იეჰოვას მოწმეები ვიყავით. ჩემი ძმა ისე გაბრაზდა ჩემზე, რომ საჭმელიც კი აღარ დამიტოვა.
უკეთ რომ გაიგოთ ასეთი დიალოგის მიზეზი, ნება მომეცით მოგიყვეთ, როგორ მოვხვდი ციხეში.
რელიგიური აღზრდა
დავიბადე პრესვიტერიანულ ოჯახში 1955 წელს მანიკას რაიონის სოფელ კალანგაში, რომელიც დიდი ქალაქიდან, მაპუტუდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა. თუმცა მამაჩემი ეკლესიაში არ დადიოდა, დედა კვირაობით ხუთივე შვილს გვატარებდა იქ. როცა პატარები ვიყავით მან „უფლის ლოცვა“ გვასწავლა, რომელსაც ხშირად ვიმეორებდი (მათე 6:9–12). მახსოვს, პატარაობისას დედას ვეკითხებოდი: „რატომ კვდებიან ადამიანები?“ და „სულ უნდა იხოცებოდნენ?“
დედა მპასუხობდა, რომ ეს ღვთისგან იყო — ვინც ბოროტებას სჩადის ჯოჯოხეთში წავა და ვინც სიკეთეს ზეცაში. თუმცა არაფერს ვამბობდი, მისი ნათქვამი მაღონებდა. სიკვდილის მწარე რეალობა განსაკუთრებით მაშინ განვიცადე, როცა საყვარელი მამა გარდამეცვალა. მაშინ სულ ათი წლის ვიყავი. მოგვიანებით მკვდრების მდგომარეობის შესახებ ჩემი ინტერესი უფრო გაიზარდა, მაინტერესებდა, არსებობდა თუ არა მათთვის რაიმე იმედი.
ჭეშმარიტების სწავლა და გამოყენება
მამაჩემის სიკვდილის შემდეგ სკოლაში ერთი მასწავლებელი გვასწავლიდა წიგნს „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ ეს წიგნი, ზულუ (სამხრეთ აფრიკული) ენაზე იყო გამოცემული. მასწავლებელმა მათხოვა წიგნი და, თუმცა ზულუ კარგად არ ვიცოდი, ძალიან მახარებდა ის, რაც ციტირებული მუხლებიდან გავიგე.
როდესაც 16 წლის ვიყავი, ჩემი ძმა, რომელიც ამ დროს ოჯახის მარჩენალი იყო, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მე მაპუტუში არსებულ კოსმეტიკის კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ამასთანავე ღამის ტექნიკურ სკოლაშიც ვსწავლობდი. სამსახურში შესვენებისას ვხედავდი, რომ ერთი კაცი, იეჰოვას მოწმე, სახელად თეოფილუ ჩიულელე, ყოველთვის ბიბლიას კითხულობდა. როდესაც მან ჩემი ინტერესი შეამჩნია გამესაუბრა.
მოგვიანებით სხვა მოწმემ, ლუიშ ბილამ, ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როდესაც გავიგე, რომ მკვდრები აღარაფერს გრძნობენ და მათთვის მკვდრეთით აღდგენის იმედი არსებობს, შვება ვიგრძენი (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 5:28, 29). მაშინვე მივწერე დედას წერილი იმ კითხვებზე ბიბლიური პასუხებით, რომლებსაც ბავშვობაში ვუსვამდი. ის ძალიან გახარებული იყო, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩემს კითხვებზე სანდო პასუხი ვიპოვე.
შესწავლილმა ისეთი ენთუზიაზმით აღმავსო, რომ მზად ვიყავი ეს ინფორმაცია სხვებისთვის გამეზიარებინა. სკოლაში შემეძლო ბიბლიურ თემაზე მესაუბრა, მაგრამ ეკლესიაში ამის ნება არ მომცეს. მალე იქ სიარულიც კი ამიკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი გახარებული იყო ჩემი ახალი რწმენით, ოჯახის სხვა წევრებისგან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. ჩემმა უფროსმა ძმამ ერთხელ მცემა კიდეც. როცა ამანაც არ გაჭრა, მასხარად აგდება დამიწყეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჭამის წინ ვლოცულობდი ხოლმე. ასე რომ, სანამ მაგიდას მივუჯდებოდი საჭმელად, სააბაზანოში ვლოცულობდი. ვგრძნობდი, რომ ‘ღმერთი იყო ჩემი შემწე’ (ფსალმუნი 53:6).
შემდეგ ლუიშს ჩვენს სახლში სიარული აუკრძალეს, რის გამოც შესწავლა მის სახლში გავაგრძელეთ. როდესაც შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა დავიწყე, სახლში დაბრუნებისას კარი დაკეტილი მხვდებოდა, რის გამოც ღამის გასათევად ხან რომელ მოწმესთან ვრჩებოდი და ხან რომელთან.
ბოლოს, 1973 წლის 13 მაისს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. იმ დროს მოზამბიკი პორტუგალიის კოლონია იყო და მთავრობა იეჰოვას მოწმეებს სდევნიდა როგორც პორტუგალიაში, ისე თავის კოლონიებში. 1974 წლის 1 ოქტომბერს მსახურება დავიწყე პიონერად (ასე ეწოდებათ იეჰოვას სრული დროით მქადაგებელ მოწმეებს). რადგან მისიონერობაზე ვოცნებობდი, ინგლისურის სწავლას შევუდექი, მინდოდა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადს“ დავსწრებოდი, რომელიც მისიონერების მოსამზადებლად ტარდება შეერთებულ შტატებში.
მოხერხებულად ქადაგება
იმ წლებში, როდესაც აკრძალვა მოქმედებდა, პორტუგალიის საიდუმლო პოლიციამ, „პიდემ“, ქადაგების გამო ბევრი მოწმე დააპატიმრა. შეუმჩნევლები რომ ვყოფილიყავით, ფრთხილად ვმოქმედებდით. მაგალითად, ერთ კართან ქადაგების შემდეგ საქადაგოდ ქალაქის სხვა უბანში მივდიოდით; აგრეთვე შუადღის შესვენებისას ან საღამოს ორი ჩვენგანი ქალაქის პარკში დადიოდა. ერთ-ერთი მივუჯდებოდით ხოლმე ვინმეს და გაზეთის კითხვას ვიწყებდით. ცოტა ხანში მეორე მოდიოდა და გაზეთში ჩახედვის შემდეგ ასეთ რამეს ამბობდა: „ერთი შეხედეთ, რამდენი ხალხი იხოცება! მაგრამ იცით, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით ეს მეტად აღარ მოხდება?“.
საუბრისას ის ვინც გაზეთს კითხულობდა მოსმენილის დასასაბუთებლად, ბიბლიიდან მტკიცებებს ითხოვდა. შემდეგ შევთანხმდებოდით, საუბრის გაგრძელების მიზნით მეორე დღეს შევხვედრილიყავით. ასეთი საუბრებისას გვერდით მჯდომი უცნობიც ხშირად ერთვებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველების შესახებ ჩვენს დიალოგში და მრავალი ბიბლიის შესწავლასაც კი იწყებდა. დახმარებისთვის იეჰოვას ვმადლობდით.
მკაცრი გამოცდების დრო
1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში დიქტატორული რეჟიმი დამთავრდა და ბევრი პოლიტიკური ცვლილება მოხდა მის კოლონიებში. მოზამბიკში პოლიტიკურ პატიმრებსა და ასევე იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო ისხდნენ ციხეში, ამნისტია შეეხოთ. მაგრამ, სულ რაღაც 14 თვის გასვლის შემდეგ, 1975 წლის 25 ივნისს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოზამბიკმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იეჰოვას მოწმეების დევნის ახალი ტენდენცია წამოვიდა. სამეზობლოებში ჯგუფები იქმნებოდა იეჰოვას მოწმეების დასაპატიმრებლად. ჩვენ „პორტუგალიის კოლონიალიზმის აგენტებს“ გვიწოდებდნენ.
სექტემბერში მაიძულეს მეზობლების შეხვედრას დავსწრებოდი. როცა მივედი, ვნახე, რომ ვისთანაც ბიბლიის შესწავლას ვატარებდი, ყველა იქ იყო. გვიბრძანეს, პარტიის განსადიდებლად პოლიტიკური ლოზუნგები გვეყვირა. როდესაც უარი ვთქვით, დაგვაპატიმრეს და ხალხით გადაჭედილ იმ საკანში შეგვყარეს, დასაწყისში რომ მოვიხსენიე.
საკანი ხალხით იმდენად გადაჭედილი იყო, რომ ძლივს ვმოძრაობდით. ცოტას თუ ჰქონდა ადგილი იატაკზე დასაძინებლად, დანარჩენებიდან ზოგი იჯდა, ზოგს ამის საშუალებაც არ ჰქონდა და ფეხზე იდგა. მხოლოდ ერთი ტუალეტი გვქონდა, ისიც ხშირად იჭედებოდა და გადმოდიოდა, საშინელი სუნი იდგა. ჩვენი საჭმელი ცხიმიანი სპაგეტი იყო თევზის ფხებითა და დიდი ლურჯი ბუზებით, რომელსაც დასაბანი ხელებით ვჭამდით. ამ საშინელ მდგომარეობაში 19 დღე ვიყავით. შემდეგ გადაგვიყვანეს იქ, სადაც ყველა იეჰოვას მოწმე ერთად აღმოვჩნდით: კაცები, ქალები და ბავშვები. რამდენიმე თვის განმავლობაში, ციხეში არსებული საშინელი პირობების გამო ბევრი ბავშვი დაიხოცა.
ბოლოს, ჩვენი იზოლირების მიზნით, სახელმწიფომ გადაწყვიტა კარიკოში (დაშორებული ადგილი ჩრდილოეთით) გადავესახლებინეთ. მაშინ მოზამბიკში დაახლოებით 7 000 მოწმე იყო და მათგან უმეტესობა 1974 და 1975 წლებში იყვნენ მონათლულები. ვიფიქრე, რომ იზოლაციაში ბიბლიური ლიტერატურა დაგვჭირდებოდა, ამიტომ მგზავრობისთვის საკვებისა და პირადი ნივთების ასაღებად სახლში დაბრუნების უფლება ვითხოვე. ოფიცრისგან შეუმჩნევლად, რომელიც თან მახლდა, ნამცხვრის ყუთები ნაწილობრივ დავაცარიელე და ძირში ბიბლიური ლიტერატურა ჩავაწყვე. ასეთ დროს შიში არ გვეკარებოდა, რადგან გვჯეროდა, რომ ღმერთი დაგვეხმარებოდა (ებრაელთა 13:6).
ბანაკებში ცხოვრება
კარიკოში 1976 წლის იანვარში ჩავედით და შევხვდით ბევრ მოწმეს მეზობელი მალავიდან, რომლებიც თავის აშენებულ ბანაკებში ცხოვრობდნენ. 1972—1975 წლებში 30 000-ზე მეტი, ბავშვების ჩათვლით, რელიგიების მკაცრ დევნას გაექცა მალავიში. მათ მიიღეს ნებართვა, რომ, როგორც ლტოლვილები, მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში გადასულიყვნენ, ჩვენი ჩასვლისას თავიანთ სახლებში შეგვასახლეს და როგორც შეეძლოთ, ისე გვეხმარებოდნენ.
რადგან ბევრ ჩვენგანს სამშენებლო საქმიანობაში გამოცდილება არ ჰქონდა, მალაველი ძმები აგურის დამზადებასა და სახლების აშენებას გვასწავლიდნენ. ამასთანავე ვსწავლობდით, როგორ მოგვეყვანა მოსავალი და როგორ გვერჩინა თავი. ასე რომ, ხუროობა, სოფლის მეურნეობა და კერვა ვისწავლე. ეს შეძენილი ხელობები მშობლიურ ადგილებში დაბრუნებისას ბევრ ჩვენგანს გამოადგა.
ჩვენი ძირითადი საზრუნავი კი სულიერობის შენარჩუნება იყო. უნდა აღვნიშნო, რომ სულიერი საზრდო არასდროს გვაკლდა. როგორ იყო ეს შესაძლებელი? როგორც ზემოთ მოვიხსენიე, გადასახლებისას ბევრმა ჩვენგანმა გამოიყენა მოხერხებულობა სხვა ნივთებთან ერთად ბიბლიური ლიტერატურის წამოღებით, ამასთანავე პატარა „საგუშაგო კოშკები“, რომელსაც სამხრეთ აფრიკელი იეჰოვას მოწმეები გამოსცემდნენ. ფორმატის ზომის გამო ადვილი იყო ბანაკებში მათი შემოტანა.
მრავალი მოთხოვნის შემდეგ 1978 წლის 1 ოქტომბერს პირველად დაგვრთეს ნება ბანაკებში ქორწინებისთვის. იმ დღეს მე ალიტა ჩილაულეზე დავქორწინდი, რომლის მამაც 1958 წელს ერთ-ერთი პირველი მონათლული მოწმეთაგანი იყო. როდესაც დორკასი და სამუელი შეგვეძინა, მათ იეჰოვას სიყვარულს ვასწავლიდით. ქრისტიანულ შეხვედრებზე ყოველთვის ვატარებდით. მოგვიანებით კიდევ ერთი ვაჟი, ჟაიმიტუც, შეგვეძინა.
როგორ ვქადაგებდით
მოწმეებს ბანაკების დატოვება იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ რაიმეს გასაყიდად მიდიოდნენ. ამაში მათ მიერ მოწეული ბოსტნეულის გაყიდვაც შედიოდა. ბევრი ჩვენგანი ამას ქადაგების საშუალებად იყენებდა. მე განზრახ ვადებდი მარილს მაღალ ფასს, რომ არავის ეყიდა. სამაგიეროდ, საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვისაც ვხვდებოდი, სამეფოს შესახებ ცნობას ეხმაურებოდა და რამდენიმე ბიბლიის შესწავლაც დავიწყე.
ერთ-ერთი ბიბლიის შემსწავლელი ელაპარაკა მილანჯეს ახლოს მდებარე კომპანიის დირექტორს, რომელმაც ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა. როდესაც ეს შემატყობინეს, ამ დირექტორს წერილი მივწერე. ის გამომეხმაურა და თავისთან მიმიწვია. ასე რომ, ჯიბეში დავმალე ბიბლიური ლიტერატურა და თავი ისე დავიჭირე, თითქოს ჩემი გაკეთებული ავეჯის გაყიდვა მინდოდა.
მისვლისას დავინახე, რომ სახლს ჯარისკაცები იცავდნენ და შიშმა შემიპყრო; მაგრამ დირექტორი გამოვიდა და ჯარისკაცებს განუცხადა, რომ არ სურდა მისთვის ვინმეს ხელი შეეშალა. საღამოს ხუთ საათზე დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა და მან ისეთი დიდი ინტერესი გამოავლინა, რომ დილის ხუთ საათამდე ვსაუბრობდით! მოგვიანებით შემომთავაზა, რომ ლიტერატურა პორტუგალიიდან მის მისამართზე მიგვეღო, რადგან მისი ფოსტა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოდიოდა. ამგვარად, შეგვეძლო ბანაკში ლიტერატურის მიღება.
მართალია, ზოგიერთი ჩვენგანი სამქადაგებლო საქმიანობის გამო ბევრჯერ დააპატიმრეს, მაგრამ, როდესაც ბევრი ეხმაურებოდა სამეფოს შესახებ ცნობას, ვრწმუნდებოდით, რომ ღმერთი სწორედ ისე გვეხმარებოდა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს (საქმეები 3—5 თავები).
განთავისუფლება და მაპუტუში დაბრუნება
1985 წლის სექტემბერში მდგომარეობის ლოცვით აწონ-დაწონის შემდეგ გადაწყდა, რომ მასობრივად უნდა დაგვეტოვებინა ბანაკები. თუმცა ზოგი დარჩა კარიკოს ბანაკებში და შვიდი წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეებისგან მოწყვეტილად ყოფნა მოუხდათ, სხვები მალავიში ან ზამბიაში გაიქცნენ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყიტეთ შვილებთან ერთად მეზობელ ქალაქ მილანჯეში გადავსულიყავით. აქ ვიშოვე საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო და გავაგრძელეთ მსახურება. მომდევნო წელს კი, როგორც იქნა, მაპუტუში დავბრუნდით.
პირველად ნათესავებთან ვცხოვრობდით. იმ დროს სამუშაოს შოვნა ძალინ ჭირდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მუშაობის დაწყება მოვახერხე. ოჯახის შემოსავლის გასაზრდელად ალიტა შემწვარ მიწის თხილს ყიდდა. რადგან უკვე კარგად ვფლობდი ინგლისურს, ინგლისის საელჩოში სამუშაოდ განცხადება შევავსე, შემდეგ ტესტირება გავიარე და სამსახურშიც მიმიღეს, ხელფასი მანამდე გამომუშავებულ თანხას 20-ჯერ აღემატებოდა! ვგრძნობდი, რომ იეჰოვა მეხმარებოდა, რისთვისაც ლოცვისას ვმადლობდი მას.
მოვალეობების აწონ-დაწონა
ბოლოს, 1991 წლის 11 თებერვალს, მოზამბიკის მთავრობამ ოფიციალურად სცნო იეჰოვას მოწმეები. ეს თარიღი ჩვენთვის დაუვიწყარია! მომდევნო წელს მსახურებისათვის მიმიწვიეს კომიტეტში, რომელიც მოზამბიკში იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო მსახურებას უწევდა ზედამხედველობას. იმ დროს ჩვენი შვილები 12, 9 და 6 წლისანი იყვნენ. მთელი ღამე ლოცვაში გავატარე — იეჰოვას ვთხოვდი ხელმძღვანელობას, რომ ოჯახისა და ორგანიზაციის წინაშე მოვალეობების შესასრულებლად გაწონასწორებული გადაწყვეტილება მიმეღო.
ვიშოვეთ მანქანაზე მისაბმელი პატარა ვაგონი, ავიყვანეთ რამდენიმე პიონერი სენდვიჩების გასაკეთებლად და გასაყიდად; ასე და ამგვარად საქმე აყვავდა. ამგვარად, დრო მქონდა ახალ უპირატესობებზე ზრუნვისათვის. აგრეთვე აუცილებელი იყო სახლის შოვნა, რადგან დაქირავებულ სახლში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ასე რომ, მთავრობას თხოვნით მივმართე და ავუხსენი ჩემი ოჯახის მდგომარეობა. მალე ჩვენი თხოვნა ბინის შეძენასთან დაკავშირებით დააკმაყოფილეს. ეს ამბავი ძალიან გახმაურდა, რადგან პირველი მოზამბიკელი ვიყავი, რომელსაც სახელმწიფომ საცხოვრებელი მიჰყიდა.
მე და ალიტა იეჰოვამ ღვთისმოშიში ბავშვებით გვაკურთხა, რომლებიც გამოეხმაურნენ სულიერი სწავლების პროგრამას (მეორე რჯული 6:6–9). ჩვევად გვაქვს დილის 5 საათსა და 40 წუთზე ყოველდღიური მუხლის განხილვა, რის შემდეგაც ერთად ვკითხულობთ ბიბლიას. სკოლაში ადრე უნდა იყვნენ და ამიტომ ისინი ამ გრაფიკს შეჩვეულები არიან. პარასკევობით, საღამოს 6 საათზე ოჯახური შესწავლა გვაქვს. ამ დროს ბავშვები ჩვენთან ერთად განიხილავენ ბიბლიურ თემებს, რომლებიც კვირის განმავლობაში გამოიკვლიეს. ამასთანავე ვემზადებით სამქადაგებლო მსახურებისთვის.
შვილებიდან ყველა მონათლულია. 1994 წლიდან დორკასი და სამუელი პიონერებად მსახურობენ და ჯეიმიტოც მონათვლის დღიდან დამხმარე პიონერია. ბავშვები ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, მაგრამ მიზნად აქვთ დასახული, მომავალში მსახურებას უფრო მეტი დრო დაუთმონ. ალიტა პიონერული მსახურებითაც არის დაკავებული და ოჯახზეც ზრუნავს. მრავალი წლის მანძილზე, იმ წლების ჩათვლით, როდესაც ბანაკებში ვიყავით, პიონერად ვმსახურობდი. მაგრამ 1993 წლიდან იეჰოვას მოწმეების ფილიალის ბიუროში ვმსახურობ.
ღმერთი დღესაც გვაძლევს კურთხევებს
1997 წელს დიდებული კურთხევა მივიღე — დავესწარი იეჰოვას მოწმეების ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის გამიზნულ ორთვიან კურსს, რომელიც პენსილვანიაში (ნიუ-იორკი) „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ტარდებოდა. ამიტომ ჩემი ძალისხმევა, რომელიც ინგლისურის შესწავლას მოვახმარე, კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა. სახლში დაბრუნებისას შესაძლებლობა მქონდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ იეჰოვას მსახურებსაც ვწვეოდი, რამაც მსოფლიო ძმობის ხილვით გული მადლიერების გრძნობით გამითბო!
ქრისტიანებს შორის არსებული ასეთი დიდი სიყვარულია იმის მიზეზი, რომ მალავიში ათასობით გულწრფელი ადამიანი შეუერთდა იეჰოვას მოწმეებს (იოანე 13:35). ბანაკებში გადასახლებისას მოზამბიკში დაახლოებით 7 000 მქადაგებელი იყო, დღეს კი 29 000-ზე მეტი ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მაუწყებელია. დღესდღეობით აქ 665 კრებაა, მაშინ როდესაც 1958 წელს მხოლოდ ოთხი იყო.
წმინდა თაყვანისმცემლობის ამ დიდებულ ზრდაზე მზრუნველობის გასაწევად 1993 წელს მაპუტუში ფილიალის აშენების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სადაც 80-მდე მოხალისე იმსახურებდა. მშენებლობა თითქმის ოთხ წელში დამთავრდა. 1998 წლის 19 დეკემბერს სიხარულით ცას ვწვდებოდით, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან 1 098 იეჰოვას მოწმე ესწრებოდა ამ მშვენიერი ფილიალის შენობების მიძღვნას. პატივი მქონდა პროგრამის მსვლელობისას ინტერვიუ ამეღო მათგან, ვინც კარიკოში გადასახლებაში წლები გაატარა. როდესაც აუდიტორიას მივმართე, რომ გადასახლებაში მყოფებს ხელი აეწიათ, დამსწრეები შეძრა ასობით ხელის დანახვამ.
მომდევნო დღეს მატოლას საკონგრესო დარბაზში 8 525 ადამიანმა მოისმინა მიძღვნის პროგრამის მიმოხილვა, გამამხნევებელი ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან და ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) ჩამოსულმა სტუმრებმა წარმოთქვეს.
მართალია, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მოზარდმა ბიბლიური ჭეშმარიტება შევიცანი, ოჯახისგანაც გამოვცადე წინააღმდეგობა, სიკვდილსაც შევხედე თვალებში და საშინელი დევნაც გადავიტანე, რომლის დროსაც არაერთხელ მინატრია სიკვდილი, მაგრამ სიხარულით ვარ აღვსილი, რადგან ყოველივე ამის შედეგად იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა განმტკიცდა. მართლაცდა, როგორც ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი“ (ფსალმუნი 53:6). მე და ჩემს ოჯახს უდიდესი პატივი გვაქვს, ვემსახუროთ იეჰოვას მისი თაყვანისმცემლების მსოფლიო ოჯახთან ერთად.
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები იზოლაციაში აშენებული სამეფო დარბაზის წინ.
[სურათი 24 გვერდზე]
ბიბლიის ოჯახური შესწავლა.
[სურათი 25 გვერდზე]
ხელი აიწია ყველამ, ვინც კარიკოს ბანაკებში ცხოვრობდა.