„რწმენით შთანერგილი მტკიცე ხასიათი“
საფრანგეთში 1998 წელს გამოქვეყნდა გი კანონისის ახალი წიგნი სათაურით „იეჰოვას მოწმეები ჰიტლერის მმართველობის დროს“ (Les Témoins de Jéhovah face à Hitler), რომელმაც ბევრი კრიტიკოსის მოწონება დაიმსახურა. დიდად პატივცემულმა ფრანგმა ისტორიკოსმა, ფრანსუა ბედარიდამ, ამ წიგნთან დაკავშირებით დაწერა: „ეს ყველაზე დასაფასებელი წიგნია! არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნათელს ჰფენს ხალხისთვის უცნობ ისტორიას, არამედ ზუსტად წარმოგვიდგენს ფაქტებს. . . სწავლულების გარდა, ვისთვის არის ცნობილი მესამე რაიხის მმართველობის დროს იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა? იმ დროს, 12 წლიანი რეჟიმის პერიოდში, მათ დაუნდობლად და სასტიკად დევნიდნენ. მათ საშინელებებიც გადაიტანეს საკონცენტრაციო ბანაკებში და ძვირად დაუჯდათ თავიანთი რწმენისა და შეხედულებების დაცვა. რატომ მიეცა დავიწყებას ამ ქრისტიანთა ისტორიის ეს მონაკვეთი? . .
რატომ დევნიდნენ ასე სასტიკად და სისტემატურად ამ პატარა, მიმოფანტული და უვნებელი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს? სწორედ ეს არის პარადოქსი. იეჰოვას მოწმეები გერმანიაში არ წარმოადგენდნენ, უბრალოდ, რელიგიურ უმცირესობას — სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 60 მილიონიანი მოსახლეობიდან მათი რიცხვი დაახლოებით 20 000-სს აღწევდა — ისინი მშვიდობისმოყვარე მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც პატივს სცემდნენ კანონს და არავის უქმნიდნენ საფრთხეს. ისინი მუშაობდნენ და პატიოსნად ზრდიდნენ თავიანთ შვილებს. . .
მორწმუნეები თავიანთი უდრეკი ხასიათით იმარჯვებდნენ მდევნელებზე. იესო ქრისტესადმი რწმენა მათ სულიერად აძლიერებდა, რისი საშუალებითაც შეეძლოთ, წინააღდგომოდნენ ნებისმიერ გარეგან ზეწოლას; ისინი მზად იყვნენ, პოლიციური სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკური ძალადობა აეტანათ და წამებით სიკვდილითაც კი დაესრულებინათ თავიანთი სიცოცხლე“.
რელიგიური შეუწყნარებლობის დროს თავიანთი ქრისტიანული რწმენის გამო მოწამეობრივი სიკვდილით დაღუპული იეჰოვას მოწმეების შემთხვევა ძლიერი შთაბეჭდილების მომხდენია. ზემოაღნიშნული წიგნის შესახებ მოწინავე ფრანგული კათოლიკური გაზეთი გულის ამაჩუყებელ დასკვნას აკეთებს: „გი კანონისიმ უამრავი ფაქტი შეაგროვა თვითმხილველთაგან, რომლებმაც გვამცნეს [მოწმეთა] თითქმის უცნობი ისტორიის შესახებ. გამაოგნებელია, რა მტკიცე ხასიათს უნერგავდა მათ რწმენა, რომელსაც ასე უბრალოდ და გასაგებად უზიარებდნენ სხვებს; რწმენა, რომელსაც მათი შვილებიც კი ბოლომდე ერთგულად იცავდნენ. ეს ფაქტები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როცა კამათობენ, არიან თუ არა იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები“ (La Croix).