სასიხარულო ცნობის პრაქტიკულობა საზოგადოებისთვის
დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებულია ასეთი შეხედულება: „ქრისტიანული პრინციპები პრაქტიკული არ არის. ისინი, უბრალოდ, არაფრის მაქნისია თანამედროვე რთულ საზოგადოებაში“. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ლიდერის, მოჰანდას კ. განდისა, და ინდოეთის ყოფილი ბრიტანელი მეფისნაცვლის, ლორდ ირვინს, შორის საუბრისას ძალიან განსხვავებული აზრი გამოითქვა. ამბობენ, რომ ლორდ ირვინმა განდის ჰკითხა, მისი აზრით, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთს შორის არსებული პრობლემები. განდიმ ბიბლია აიღო, მათეს სახარების მე-5 თავზე გადაშალა და თქვა: „როდესაც თქვენი და ჩემი ქვეყანა შეთანხმდებიან ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას მოცემული სწავლებების საფუძველზე, მაშინ ჩვენ გადავწყვეტთ არა მარტო ჩვენი ქვეყნების პრობლემებს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემებსაც კი“.
ამ ქადაგებაში ნათქვამია, რომ უნდა ვისწრაფვოდეთ სულიერობისკენ და ვიყოთ თავმდაბალნი, მშვიდნი, გულმოწყალენი, სამართლიანობის მოყვარულნი. მასში დაგმობილია არა მარტო მკვლელობა, არამედ სხვების მიმართ მრისხანებაც, არა მარტო მეუღლის ღალატი, არამედ უზნეო ფიქრებიც. ეს ქადაგება უპასუხისმგებლოდ განქორწინების წინააღმდეგია, რომლის შედეგადაც ხშირად ბავშვები იტანჯებიან. მასში ნათქვამია: თქვენი მოძულენიც კი გიყვარდეთ, დაეხმარეთ გაჭირვებულს, დაუნდობლად ნუ გაასამართლებთ სხვებს, ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ. ყველა ამ რჩევა-დარიგების გათვალისწინება უდიდესი სარგებლობის მომტანი იქნებოდა. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს მათ პრაქტიკაში, საზოგადოების მდგომარეობა მით უფრო გაუმჯობესდება!
იეჰოვას მოწმეები ამ მითითებების თანახმად იქცევიან. ბიბლია მათ ქორწინების პატივისცემას ასწავლის. მათი შვილები სწორი პრინციპებით არიან აღზრდილი. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს. ერთსულოვანი ოჯახები საზოგადოებისა და ერის კეთილდღეობას ემსახურება. ისტორიაში იმის ბევრი მაგალითია, რომ უძლიერესი სახელმწიფოები იშლებოდა, როცა ოჯახური კვანძები სუსტდებოდა და უზნეობა მატულობდა. რაც უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი მიჰბაძავს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრობენ, მით უფრო ნაკლები დამნაშავეობა, უზნეობა და ბოროტმოქმედება იქნება საზოგადოებაში.
ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც დიდად აწუხებს სხვადასხვა საზოგადოებასა და ერს, ნაციონალიზმია. ამის საპირისპიროდ, პეტრე მოციქულმა თქვა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“. პავლემ კი დაწერა: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც დედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (საქმეები 10:34, 35; გალატელთა 3:28). იეჰოვას მოწმეები ეთანხებიან ამას. მათს მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ფილიალებსა და კრებებში სხვადასხვა ეროვნებისა და რასის ადამიანები ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ.
აფრიკაში გარკვეული ტომები ისე არ შეხვდებიან ერთმანეთს, რომ შეტაკება არ მოუვიდეთ. მაგრამ იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე სხვადასხვა ტომის ადამიანები ერთად ჭამენ, ერთ ჭერქვეშ სძინავთ, ღმერთს შეხმატკბილებულად სცემენ თაყვანს და ერთმანეთთან გულთბილი ურთიერთობა აქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი შემხედვარე, განცვიფრებული არიან. ერთ-ერთი მაგალითის შესახებ, თუ რამდენად გამაერთიანებელია ჭეშმარიტი ქრისტიანობა, წერდა ნიუ-იორკის ერთი გაზეთი (Amsterdam News, 2 აგვისტო, 1958 წ.). ნიუ-იორკში ჩატარებული უკვე მოხსენიებული საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელსაც 250 000-ზე მეტი მოწმე ესწრებოდა, შემდეგი იყო ნათქვამი:
„ზანგებს, თეთრკანიანებსა და აზიელებს, საზოგადოების ყველა ფენიდან და მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ყველგან სიხარულით აღსავსე და თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდათ. . . 120 ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეები ერთად ცხოვრობდნენ და მშვიდობიანად სცემდნენ თაყვანს ღმერთს, რითაც დაანახვეს ამერიკელებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. . . ეს კონგრესი ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს და იმუშაოს ხალხმა ერთად“.
ბევრი შეიძლება ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის ქრისტიანული პრინციპები არაპრაქტიკულია. მაგრამ რომელი პრინციპებია პრაქტიკული? ქრისტიანულ პრინციპებს ნამდვილი ფასეულობა მაშინ აქვს, თუ ამჟამად გამოიყენება საზოგადოებაში. მათ საფუძველზე, დედამიწის კიდით კიდემდე, გაერთიანდება „ყოველი ერი და ტომი, ხალხები და ენები“, როცა მთელი კაცობრიობა ღვთის სამეფოს მმართველობას დაექვემდებარება (გამოცხადება 7:9, 10).
[ჩანართი 23 გვერდზე]
სხვადასხვა ეროვნებისა და რასის ადამიანები ერთად შრომობენ.
[ჩანართი 24 გვერდზე]
ქრისტიანობა პრაქტიკულია. თუ არა, სხვა რა არის პრაქტიკული?