ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ განვთავისუფლდე სიმსუქნეზე ფიქრისგან?
„ვერ გადამიწყვეტია, წავუსვა თუ არა სენდვიჩს მაიონეზი. როგორ დავძლიო მაიონეზის ჭამის ძლიერი სურვილი? რა გადავწყვიტო? მაიონეზს აღარ გავეკარები, ის ხომ უამრავ კალორიას შეიცავს. ანორექსია კვლავ იმარჯვებს. მე კვლავ ანორექსიით დავავადდი“ (ჯეიმი).
კვების მოშლილობას მილიონობით ახალგაზრდა უჩივისa. უმრავლესობას არც განზრახ უშიმშილია (ანორექსია) და არც ჩვევად ჰქონია, სწრაფად მიეღო დიდი რაოდენობით საკვები და შემდეგ ნაჭამი უკან ამოეღო (ბულიმია). ბევრს მიზნად ჰქონდა, უბრალოდ, რამდენიმე კილო დაეკლო. მაგრამ, სანამ გონს მოეგებოდნენ, შიმშილობისა და გადამეტებული ჭამის უცნაური ჩვევა განუვითარდათ. „დიეტის დაცვა იმ მიზნით დავიწყე, რომ ჩემი წონისთვის კონტროლი გამეწია, მაგრამ დღესდღეობით მას თავს ვეღარ ვანებებ“, — აღნიშნავს ჯეიმი.
თუ აგეკვიატა აზრი, რომ შენი სიმსუქნის მიზეზი საჭმელია, რის გაკეთება შეგიძლია ასეთ შემთხვევაში? პირველ რიგში, გახსოვდეს, რომ ბევრმა ახალგაზრდამ კვების მოშლილობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა! მაგრამ როგორ?
საკუთარი გარეგნობის რეალურად შეფასება
კვების მოშლილობის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რეალურად შეაფასო საკუთარი გარეგნობა. „უმრავლესობას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა აქვს, — ნათქვამია ერთ წიგნში. — ისინი რეალურად ვერ აფასებენ თავიანთ აღნაგობას და მეტისმეტად კრიტიკულად უდგებიან საკუთარ თავს, განსაკუთრებით კი გარეგნობას“ (Changing Bodies, Changing Lives).
სინამდვილეში, ზოგიერთ ახალგაზრდას მთელი ყურადღება თავის აღნაგობაზე გადააქვს; მათთვის საკუთარ თავში ნებისმიერი ნაკლის აღმოჩენა საშინელებაა. „იმდენად სქელი ვარ, რომ ჩემს თავს ვერ ვიტან, — თქვა 17 წლის ვიკიმ, — ისეთი სქელი წელი მაქვს, რომ არაფრის ჩატანება არ შემიძლია“. 10 კილოს დაკლებამაც კი ვერ დააკმაყოფილა ვიკი. ის ან სულ არ ჭამდა, ან ნაჭამს პირღებინების საშუალებით უკან იღებდა.
რასაკვირველია, არ იქნებოდა ურიგო, ზომიერების ფარგლებში დაინტერესებულიყავი საკუთარი გარეგნობით. ამ მხრივ საინტერესოა ბიბლიის დადებითი თვალსაზრისი უამრავი ქალისა და კაცის, მათ შორის სარას, რახელის, იოსების, დავითისა და აბიგაილის, სასიამოვნო აღნაგობასა და გარეგნობაზეb. ბიბლიაში ისიც არის აღნიშნული, რომ დავითის მომვლელი ქალი, სახელად აბიშაგი, „ძალზე ლამაზი იყო“ (მესამე მეფეთა 1:4).
ჭეშმარიტი სილამაზის განსაზღვრა
მაგრამ ბიბლია გარეგნობას ან აღნაგობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამის ნაცვლად, მასში ხაზგასმულია, რომ შექებას იმსახურებს „გულის დაფარული კაცი“ (1 პეტრე 3:4). ამაში პიროვნების შინაგანი სამყარო იგულისხმება, რის საფუძველზეც ნამდვილად შეიძლება განისაზღვროს, ადამიანი მოწონებას იმსახურებს თუ სიძულვილს ღვთისა და ხალხის თვალში (იგავნი 11:20, 22).
განვიხილოთ მეფე დავითის ვაჟის, აბესალომის, მაგალითი. ბიბლიაში მის შესახებ ნათქვამია: „არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით. . . თხემით ტერფამდე უნაკლო იყო“ (მეორე მეფეთა 14:25). მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი ცბიერი იყო. სიამაყისა და პატივმოყვარეობის გამო ის ცდილობდა უკანონოდ მიეთვისებინა იეჰოვას მიერ დანიშნული მეფის უფლებები. ამიტომ ბიბლიაში ის დადებითად კი არ არის დახასიათებული, არამედ ორგულ, სისასტიკით გაჟღენთილ პიროვნებად.
ჭეშმარიტი სილამაზე ან მშვენიერება ფიზიკური აღნაგობით არ განისაზღვრება. ბიბლიაში უსაფუძვლოდ არ არის ნათქვამი: „მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭე. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებს“ (იგავნი 4:7, 9).
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხშირ შემთხვევაში კვების მოშლილობას მხოლოდ საკუთარი გარეგნობისადმი უკმაყოფილება არ იწვევს. ერთ ცნობარში ნათქვამია: „ადამიანები, რომლებსაც საჭმელთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდებათ და კვების მოშლილობის მსხვერპლი ხდებიან, მაგალითად, უვითარდებათ ნერვული ანორექსია, ბულიმია და დიდი რაოდენობით საკვების მიღების ჩვევა, როგორც ცნობილია, კარგავენ საკუთარი ღირსების გრძნობას, არ აფასებენ საკუთარ თავს და ფიქრობენ, რომ სხვებსაც იგივე შეხედულება აქვთ მათზე“.
ადამიანმა შეიძლება უამრავი მიზეზის გამო დაკარგოს საკუთარი თავისადმი პატივისცემა. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეიძლება გაურკვევლობაში ჩავარდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენს თანატოლებზე სწრაფად ვითარდები. ასევე, ამის ხელშემწყობი ფაქტორი ისიც არის, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ისეთ ოჯახებში იზრდება, სადაც ყოველთვის უწესრიგობა სუფევს, და სადაც შეიძლება ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხოფის ფაქტებიც კი არსებობს. რაც უნდა იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, გამოჯანმრთელების მიზნით საჭიროა, გამოუტყდე საკუთარ თავს, რამ დაგაკარგვინა საკუთარი ღირსების გრძნობა. ეს ნიშნავს, შეიგნო, რომ, როგორც პიროვნებას, შენც გაგაჩნია ჭეშმარიტი ღირსებები. სინამდვილეში, ყველას აქვს მოსაწონი თვისებები (შეადარე 1 კორინთელთა 12:14-18). შენ შეიძლება ვერ ამჩნევ ამას საკუთარ თავში, მაგრამ საღად მოაზროვნე მეგობარი შეძლებს დაგანახვოს ეს ღირსებები.
მაგრამ, რას გააკეთებდი, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ნამდვილად საჭიროებ დიეტის დაცვას? ბიბლია გვირჩევს, რომ ვიყოთ „გაწონასწორებული“ (1 ტიმოთე 3:11, აქ). მაშასადამე, საუკეთესო გამოსავალია, თუ დიეტის დაცვისას არ მივმართავთ უკიდურეს ზომებს, ან სწრაფად გახდომის მიზნით არ განვივითარებთ უცნაურ ჩვევებს. ალბათ, ზედმეტი წონის მოსაცილებლად შესანიშნავი საშუალებაა ზომიერების ფარგლებში სასარგებლო საკვების მიღება და ფიზიკური ვარჯიში. ერთ ჟურნალში აღნიშნულია, „როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ისევე დიეტის დაცვის დროსაც არსებობს სწორი და არასწორი მეთოდები. არასწორია საკვების განზრახ უგულებელყოფა, მკაცრი დიეტის დაცვა — მხოლოდ პურისა და წყლის მიღება, გასახდომი აბების მიღება ან ღებინების გამოწვევა“ (FDA Consumer).
ნდობა დაგეხმარება
სოციალური პრობლემების სფეროში მომუშავე ნენსი კოლოდნი კვების მოშლილობას ადარებს „ლაბირინთს, რომლიდანაც რუკისა და კომპასის გარეშე საეჭვოა, როდისმე იპოვო გამოსასვლელი . . . რაც უფრო დიდხანს იმყოფები მასში, მით უფრო გებნევა გზა და იმედი გიცრუვდება, სანამ ცდილობ ამ ლაბირინთიდან გამოსვლას“. თუ ანორექსიისა და ბულიმიის სიმპტომები გაქვს, დახმარებას საჭიროებ. შენ ვერ შეძლებ ამ „ლაბირინთიდან“ დამოუკიდებლად გამოსვლას. ამიტომ, გაუზიარე შენი პრობლემა მშობელს ან სხვა მოწიფულ პიროვნებას, რომელსაც ენდობი. ბიბლიური იგავი ამბობს: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავნი 17:17).
მრავალმა იეჰოვას მოწმემ ასეთი საიმედო მეგობრები ქრისტიანული კრების უხუცესებს შორის ჰპოვა. რა თქმა უნდა, უხუცესები არ არიან მკურნალი ექიმები და არც მათი მხარდაჭერა ნიშნავს სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. მიუხედავად ამისა, ქრისტიანი ზედამხედველები არ წაუყრუებენ ყურს „ღატაკთა კვნესას“. მათ რჩევა-დარიგებასა და ლოცვებს შეუძლია სულიერად „იხსნას ავადმყოფი“ (იგავნი 21:13; იაკობი 5:13-15).
თუ გიჭირს, პირისპირ ესაუბრო ვინმეს შენი პრობლემის შესახებ, წერილში აუხსენი ყოველივე და სთხოვე, პასუხი გამოგიგზავნოს. აუცილებელია, ვინმეს გაუზიარო შენი პრობლემა. „მნიშვნელოვანია აღიარო, რომ დამოუკიდებლად არ შეგიძლია ამ პრობლემის გადაჭრა, — წერს ნენსი კოლოდნი, — შენ სხვას უნდა მისცე საშუალება, რომ დახმარება აღმოგიჩინოს“. ის ამატებს: „შეიძლება შენთვის ამის წარმოდგენა და გაკეთება არც ისე ადვილი იყოს, მაგრამ დადებითად უნდა განეწყო, რადგან ეს სწორი მიმართულების პოვნასა და ლაბირინთიდან გამოსვლაში დაგეხმარება“.
ქრისტიანი ახალგაზრდები ნამდვილ დახმარებას ლოცვის საშუალებითაც მიიღებენ. ღვთისადმი ლოცვა არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის წყარო. ეს არის ნამდვილი და ძალზედ მნიშვნელოვანი ურთიერთობა შემოქმედთან, რომელსაც შენი მდგომარეობა შენზე უკეთესად ესმის! (1 იოანე 3:19, 20). მართალია, ჯერ კიდევ არ დამდგარა ის დრო, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყველანაირ ავადმყოფობას, მაგრამ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს შეუძლია ისე წარმართოს ჩვენი ნაბიჯები, რომ არ წავბორძიკდეთ (ფსალმუნი 54:23). საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან. აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა“ (ფსალმუნი 33:5, 7).
ყოველთვის, როცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, გული გადაუშალე იეჰოვა ღმერთს. „თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, — წერდა მოციქული პეტრე, — რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). იეჰოვას წყალობისადმი მადლიერების გრძნობის გაღრმავების მიზნით რატომ არ წაგვეკითხა მთელი გულმოდგინებით ფსალმუნის 33-ე, 76-ე, 85-ე, 102-ე და 138-ე თავები? ამ ფსალმუნებზე ღრმად დაფიქრება გაგიძლიერებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა ერთგულია და სურს, რომ ყველაფერში წარმატებული იყო. მისი სიტყვის წაკითხვით შენც იმავეს იგრძნობ, რაც იგრძნო დავითმა: „როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“. (ფსალმუნი 93:19).
მოთმინების გამოვლენით თანდათანობით გამოჯანმრთელდები
უმრავლესობამ, ვისაც კვების მოშლილობის წინააღმდეგ ბრძოლისას დახმარება აღმოუჩინეს, ეს პრობლემა მოკლე დროში ვერ გადალახა. გავიხსენოთ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯეიმი. დახმარების მიღების შემდეგაც კი მას იმდენად უჭირდა საკვების მიღება, რომ ერთი ჯამი ფაფის ჭამაც კი არ შეეძლო. ის ყვება: „საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ ეს კარგი იყო ჩემთვის, არსებობისთვის აუცილებელი იყო საკვების მიღება; ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ თითოეული სავსე კოვზი ათას კილოს მმატებდა“.
ერთხელაც ჯეიმი კინაღამ მოკვდა, რის გამოც მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. „მე სიკვდილს აღარ ვაპირებ, ამის ნაცვლად, გადაწყვეტილი მაქვს, ვიბრძოლო და გავიმარჯვო. მე გავიმარჯვებ ანორექსიაზე. მართალია, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე შევძლებ ამის გაკეთებას“. დარწმუნებული იყავი, რომ შენც გაიმარჯვებ!
[სქოლიოები]
a იხილეთ 1999 წლის 8 მაისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 13—15.
[სურათი 19 გვერდზე]
გაწონასწორებული დიეტა და ზომიერი ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარება კონტროლი გაუწიო შენს წონას.