ვინ არიან მშვიდობის ჭეშმარიტი მაცნეები?
საინფორმაციო წყაროებმა 1996 წლის 31 მაისს გამოაქვეყნეს რაღაც, რაც მშვიდობის ცნობას ჰგავდა. წინა დღეს გამოქვეყნდა სანქციონირებული განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო, „სრულიად მიანდეს მშვიდობის მისაღწევად საჭირო მოლაპარაკებების განახლება, უსაფრთხო მშვიდობა ისრაელის სახელმწიფოსა და ყველა მეზობელ ქვეყანას შორის, პალესტინელების ჩათვლით“.
ნეთანიაჰუს უკიდურესად გახმაურებულმა არჩევამ მრავალი დააფიქრა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე მხოლოდ ოცნებაა. თუ ასეა, შეეძლოთ სხვა ქვეყნებს მიებაძათ ისრაელისთვის და დაევიწყათ მათ შორის მომხდარი უთანხმოებები?
რასაკვირველია, მშვიდობის დაპირება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მიღწევა. ამის შეგნებამ მრავალი სკეპტიკური გახადა. როგორც ჟურნალისტი ჰემი შალევი აღნიშნავს, „ამჟამად ისრაელში საზოგადოების ნახევარს ისეთი გრძნობა აქვს, რომ აღორძინება ხელის გაწვდენაზეა, მეორე ნახევარს კი მიაჩნია, რომ ისრაელი ჯოჯოხეთმა შთანთქა და გამოსავალიც არ არსებობს“. დასკვნისას მან თქვა: „ზოგი ხარობს; სხვები ტირიან“.
ასეთია ადამიანის მცდელობა მშვიდობის დასამყარებლად. ერთი ლიდერისა და მისი მომხრეების გამარჯვება მოწინააღმდეგე დაჯგუფებისთვის დამარცხებას ნიშნავს. უკმაყოფილება ილუზიებს ფუშავს, ილუზიების ჩაფუშვა კი ხშირად აჯანყებას იწვევს. ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში თუ სხვაგან — მშვიდობის დასამყარებლად კაცობრიობის მცდელობები ასე ილუზორულია.
ნამდვილი მშვიდობა ხელის გაწვდენაზეა!
იმ დროს, როცა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ახალი ამბების განსაკუთრებით აქტუალური თემა იყო, მშვიდობის სხვა ცნობა გაისმა. ეს არ იყო უკიდურესად გახმაურებული პოლიტიკური გამოსვლა; არც ერებს შორის საზავო ხელშეკრულება. პირიქით, ეს ცნობა აცხადებდა მშვიდობას, რომელიც მხოლოდ ღვთის სამეფოს მეშვეობით დამყარდება. სად გაისმა ეს ცნობა? ათას ცხრაასზე მეტ საოლქო კონგრესზე — „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“ — რომლებიც 1996–1997 წლებში იეჰოვას მოწმეების მიერ მოეწყო მთელ მსოფლიოში.
ამ კონგრესებზე ნათელი გახდა, რომ ადამიანთა არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ნამდვილი მშვიდობისა და უსაფრთხოების მოტანა. რატომ? იმიტომ, რომ ამას დასჭირდებოდა იმ პირობების ჩამოცილება, რომლებიც ყოველდღიურად გვართმევს მშვიდობას. ნამდვილი მშვიდობა ნიშნავს, ყოველ დილას გაიღვიძო ომისა და ძალადობის საშიშროების გარეშე. ის ნიშნავს, რომ მეტად აღარ არის დამნაშავეობა, მეტად აღარ სჭირდება საკეტები ჩვენს კარებს, მეტად აღარ გეშინია ქუჩაში სეირნობის, მეტად აღარ იყოფა ოჯახები. დედამიწაზე რომელ მთავრობას შეუძლია ყოველივე ამის განხორციელება? მართლაც, დედამიწაზე რომელი მთავრობა გაბედავდა მაინც ამის დაპირებას?
მაგრამ ღვთის სამეფოს შეუძლია, და არა მარტო შეუძლია, მოიტანს კიდეც ამ ყველაფერს. ბიბლია გვპირდება: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). როგორ შვებას მოუტანს ეს ტანჯულ კაცობრიობას!
იეჰოვა ღმერთის დანაპირები ფუჭი არაა. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?“ (რიცხვნი 23:19). დიახ, რასაც ღმერთი დაგვპირდა, შესრულდება — ყველა იმ ადამიანის კურთხევისთვის, რომლებმაც მისი მხარე დაიკავეს.
მშვიდობის ღვთიური მაცნეები
იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი ღვთის სამეფოს შესახებ მათი გულმოდგინე ქადაგების გამო. სხვებისთვის ბიბლიის გამამხნევებელი ცნობის გაზიარებას ყოველწლიურად ისინი ერთად მილიარდზე მეტ საათს ახმარენ. ამით სრულდება იესოს სიტყვები: «ექადაგება ეს სახარება [„კეთილი ცნობა“, აქ] სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). ცნობა, რომელიც მოწმეებს მოაქვთ, ნამდვილად ‘კეთილი ცნობაა’, ვინაიდან ღვთის ზეციურ სამეფოს კაცობრიობის ერთადერთ იმედად აცხადებს. და მომავლის რა საფუძვლიანი იმედია ეს!
ღვთის სამეფო უკვე ახლა წარმოშობს თავის ქვეშევრდომებში მშვიდობისა და ძმური სიყვარულის ნამდვილ კვანძს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ამ მთავარი მოთხოვნის შესაბამისად იცხოვრონ. შედეგად, მათი შესანიშნავი საძმო აერთიანებს ებრაელებსა და არაბებს, ხორვატებსა და სერბებს, ჰუტუსა და ტუტსის წარმომადგენლებს. ამ მშვიდობას, რომელიც კაცობრიობის უმეტესი ნაწილისთვის შეიძლება მხოლოდ ოცნება იყოს, იეჰოვას მოწმეები უკვე ახლა ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.
საოლქო კონგრესის — „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“ — პროგრამაში დიდი ყურადღება დაეთმო წახალისებას ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრებისა და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების გასაგრძელებლად. ჩვენ გიწვევთ, წაიკითხო შემდეგი შეტყობინება აღმაფრთოვანებელი სამდღიანი კონგრესის შესახებ, რომელსაც მილიონები შეჰხაროდნენ.