საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bt თ. 3 გვ. 20-27
  • „ყველანი წმინდა სულით აღივსნენ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ყველანი წმინდა სულით აღივსნენ“
  • საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილნი“ (საქმეები 2:1—4)
  • „ესმოდათ, რომ მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქმეები 2:5—13)
  • „წამოდგა პეტრე“ (საქმეები 2:14—37)
  • „მოინათლეთ“ (საქმეები 2:38—47)
  • ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს ქადაგებს პეტრე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • პონტო [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
bt თ. 3 გვ. 20-27

ᲗᲐᲕᲘ 3

„ყველანი წმინდა სულით აღივსნენ“

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულის მოქმედება.

საქმეები 2:1—47

1. გადმოეცით ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის განწყობა.

ᲘᲔᲠᲣᲡᲐᲚᲘᲛᲘᲡ ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა.a ტაძრის სამსხვერპლოს თავზე კვამლი ტრიალებს, ლევიანები მონაცვლეობით მღერიან ფსალმუნებს (113—118) და ღმერთს უგალობენ. ქალაქის ქუჩებში შორეული მხარეებიდან — ელამიდან, შუამდინარეთიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, ეგვიპტიდან, რომიდან — ჩამოსული ხალხი ირევა.b რა ხდება? ორმოცდამეათე დღის დღესასწაულია — „პირველმოწეული ნაყოფის დღე“ (რიცხ. 28:26). ყოველწლიური დღესასწაულია — ქერის აღების ბოლო და ხორბლის აღების დასაწყისი. ყველა ხარობს!

რუკაზე ნაჩვენებია ის ტერიტორიები, საიდანაც ხალხი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იყო ჩასული და სასიხარულო ცნობა მოისმინა. რეგიონები: 1) ლიბია, ეგვიპტე, ეთიოპია, ბითინია, პონტო, კაპადოკია, იუდეა, შუამდინარეთი, ბაბილონეთი, ელამი, მიდია და პართია; 2) ქალაქები: რომი, ალექსანდრია, მემფისი, სირიის ანტიოქია, იერუსალიმი და ბაბილონი; 3) ზღვები: ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, წითელი ზღვა, კასპიის ზღვა და სპარსეთის ყურე.

ᲘᲔᲠᲣᲡᲐᲚᲘᲛᲘ — ᲘᲣᲓᲐᲘᲖᲛᲘᲡ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ

„საქმეების“ პირველ თავებში აღწერილი მოვლენები, ძირითადად, იერუსალიმში ხდებოდა. ქალაქი ცენტრალური იუდეის მთაგრეხილზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით დაახლოებით 55 კილომეტრში მდებარეობს. ძვ. წ. 1070 წელს მეფე დავითმა სიონის მთაზე ნაგები ციხესიმაგრე დაიპყრო; ამ ციხესიმაგრის გარშემო გაშენებული ქალაქი კი ისრაელის სატახტო ქალაქი გახდა.

სიონის მთის გვერდით მორიას მთაა, სადაც, „საქმეებში“ აღწერილ მოვლენებამდე დაახლოებით 1 900 წლით ადრე, ძველი ებრაული გადმოცემის თანახმად, აბრაამს ისაკი უნდა შეეწირა. მას შემდეგ, რაც სოლომონმა პირველად მორიას მთაზე იეჰოვას ტაძარი ააგო, მორიას მთა ქალაქის ნაწილი გახდა. ეს შენობა ებრაელთა საზოგადოებრივი თავშეყრისა და თაყვანისმცემლობის ადგილად იქცა.

დედამიწის ყველა კუთხიდან ღვთისმოშიში იუდეველები იეჰოვას ტაძარში მიდიოდნენ შესაწირავის მისატანად, ღვთის თაყვანსაცემად და ყოველწლიური დღესასწაულების აღსანიშნავად. ამგვარად ისინი იქცეოდნენ ღვთის მითითებისამებრ: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს“ (კან. 16:16). იერუსალიმში იკრიბებოდა სინედრიონიც, იუდეველთა უმაღლესი სასამართლო, და ეროვნული ადმინისტრაციული საბჭო.

2. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

2 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულის ამ დილას, დაახლოებით ცხრა საათზე, ისეთი რამ მოხდა, რაც საუკუნეები აკვირვებდა ხალხს. „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო“ ან „თითქოს გრიგალი აგუგუნდაო“ (საქ. 2:2, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ხმაური ისმოდა მთელ სახლში, სადაც იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იყო შეკრებილი. მერე რაღაც უჩვეულო მოხდა; მოწაფეებმა დაინახეს, როგორ დაეშვა ცეცხლის ენებიc თითოეული მათგანის თავზე. მაშინ ისინი წმინდა სულით აღივსნენ და სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. როცა ქუჩაში გავიდნენ და იერუსალიმში ჩასულ სტუმრებს გაესაუბრნენ, გაოცებას ვერავინ მალავდა, „რადგან ესმოდათ, რომ მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქ. 2:1—6).

3. ა) რატომ ვამბობთ, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა? ბ) როგორ გამოიყენა პეტრემ „სამეფოს გასაღები“ მოხსენების წარმოთქმისას?

3 ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო — ჩამოყალიბდა სულიერი ისრაელი, ცხებულ ქრისტიანთა კრება (გალ. 6:16). მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. მოგვიანებით, იმავე დღეს, პეტრემ შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას „სამეფოს გასაღებებიდან“ პირველი „გამოიყენა“. სამივე გასაღები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანისთვის განსაკუთრებულ კურთხევას ნიშნავდა (მათ. 16:18, 19). პირველი გასაღების წყალობით იუდეველებსა და პროზელიტებს სასიხარულო ცნობის გაგებისა და ღვთის წმინდა სულის მიღების შესაძლებლობა მიეცათd. ამგვარად, ისინი სულიერი ისრაელის წარმომადგენლები გახდნენ და მესიასთან ერთად მის სამეფოში მეფეებად და მღვდლებად მსახურების იმედს ეზიარნენ (გამოცხ. 5:9, 10). მოგვიანებით ეს იმედი სამარიელებმაც და უცხოტომელებმაც გაიზიარეს. რას ვსწავლობთ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიდან?

„ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილნი“ (საქმეები 2:1—4)

4. რა გაგებით ჩამოყალიბდა ახ. წ. 33 წელს დღეს არსებული ქრისტიანული კრება?

4 ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებისას მოწაფეთა რიცხვი 120 იყო. ზედა ოთახში „ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილნი“, როცა ღმერთმა წმინდა სულით სცხო ისინი (საქ. 2:1). დღის განმავლობაში ათასობით კაცი მოინათლა და კრებას შეუერთდა. მაშინ დაწყებული ზრდა დღემდე გრძელდება! დღეს, ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე, ქრისტიანულ კრებაში გაერთიანებული ღვთისმოშიში მამაკაცები და ქალები „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად“ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (მათ. 24:14).

5. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, რა მოაქვს დღეს ქრისტიანულ კრებაში ყოფნას?

5 ქრისტიანულ კრებაში სულიერად ძლიერდებოდნენ როგორც სულითცხებულები, ისე მოგვიანებით „სხვა ცხვარიც“ (იოან. 10:16). რომაელებისთვის მიწერილი წერილიდან ვიგებთ, როგორ აფასებდა პავლე იმას, რომ კრების წევრები ერთმანეთს ამხნევებდნენ: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენივე განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომ. 1:11, 12).

ᲓᲘᲓᲘ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲘᲡ ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘ ᲠᲝᲛᲘ

იმ პერიოდში, რომელზეც „საქმეების“ წიგნი მოგვითხრობს, რომს მსოფლიოს ყველაზე დიდი და პოლიტიკურად გავლენიანი ქალაქის სახელი ჰქონდა. ის იმ იმპერიის დედაქალაქი იყო, რომელიც აღმავლობის ხანაში ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე და ატლანტის ოკეანედან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული.

რომში სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ცხოვრობდნენ და მრავალი ცრურწმენის სწამდათ. იმპერიაში კარგი გზები იყო, რითაც რომში ყველა კუთხიდან მიჰქონდათ გასაყიდი საქონელი; მოგზაურებიც ამ გზებით ჩადიოდნენ ქალაქში. იქვე, ოსტიის ნავსადგურში, სავაჭრო გემებით ჩაჰქონდათ ქალაქისთვის განკუთვნილი საკვები და ფუფუნების საგნები.

ახ. წ. I საუკუნისთვის რომში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. შესაძლოა მოსახლეობის ნახევარი მონები ყოფილიყვნენ: სასჯელმისჯილები, მიტოვებული ან მონებად გაყიდული ბავშვები და ტყვეები. მას შემდეგ, რაც მხედართმთავარმა პომპეუსმა ძვ. წ. 63 წელს იერუსალიმი აიღო, რომში იუდეველებიც წაასხეს მონებად.

თავისუფალი მოსახლეობის უმრავლესობას არაფერი ებადა, ისინი ვიწროდ ცხოვრობდნენ მრავალსართულიან სახლებში და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება იყო. მაგრამ ამ დროს რომის იმპერატორები საზოგადოების თავშეყრის ადგილებად დედაქალაქში ისეთ მდიდრულ და უზარმაზარ შენობებს აგებდნენ, როგორიც ისტორიას არ ახსოვს. ამ შენობებს შორის იყო თეატრები და სტადიონები, სადაც ბრბოს გასართობად უფასოდ იმართებოდა წარმოდგენები, გლადიატორთა ბრძოლა და ეტლებით რბოლა.

6, 7. დღეს როგორ ასრულებს ქრისტიანული კრება იესოს დავალებას, უქადაგოს ყველა ერს?

6 ქრისტიანულ კრებას დღესაც იგივე მიზანი აქვს, რაც პირველ საუკუნეში ჰქონდა. იესომ თავის მოწაფეებს რთული, მაგრამ სასიხარულო დავალება მისცა: „წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20).

7 იეჰოვა დღეს ამ დავალებას იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას ასრულებინებს. თავისთავად ადვილი არ არის სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებამდე ხმის მიწვდენა, მაგრამ ამის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს 1 000-ზე მეტ ენაზე გამოსცემენ. თუ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში აქტიურად იღებთ მონაწილეობას, სიხარულის დიდი მიზეზი გაქვთ. თქვენ წილად გხვდათ პატივი, საგულდაგულოდ იქადაგოთ იეჰოვას სახელის შესახებ, რისი უფლებაც ბევრს არ მიუღია!

8. რა შედეგები მოაქვს ქრისტიანულ კრებაში ყოფნას?

8 ამ ურთულეს დროში სიხარულის შესანარჩუნებლად იეჰოვა ღმერთმა მსოფლიო საძმო გვაჩუქა. პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას ზოგიერთებივით, პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). იეჰოვამ ქრისტიანული კრება იმიტომ გვაჩუქა, რომ სხვებიც გავამხნეოთ და თავადაც გავმხნევდეთ. ყოველთვის ახლო ურთიერთობა გქონდეთ სულიერ და-ძმებთან. ნურასდროს მოვიშლით ერთად შეკრებას!

„ესმოდათ, რომ მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქმეები 2:5—13)

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩასულ სტუმრებს მოწაფეები უქადაგებენ.

„ყველას გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქმეები 2:11).

9, 10. როგორ ცდილობს ზოგი ქრისტიანი, სასიხარულო ცნობა მიაწვდინოს უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხს?

9 ალბათ ადვილი წარმოსადგენია, როგორი აღტაცებულები იქნებოდნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩასული ებრაელები და პროზელიტები. სტუმართა უმეტესობამ ისედაც იცოდა ან ბერძნული ან ებრაული, მაგრამ ახლა „ესმოდათ, რომ [მოწაფეები] მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქ. 2:6). უდავოა, რომ მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა სასიხარულო ცნობის მშობლიურ ენაზე მოსმენა. მართალია, დღეს ქრისტიანები უცხო ენებზე სასწაულებრივად არ ალაპარაკდებიან ხოლმე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მზად არიან, სამეფოს ცნობა ყველა ერის ადამიანს მიაწვდინონ. ზოგმა უცხო ენა ისწავლა და მსახურებისთვის მეზობელ უცხოენოვან კრებაში გადავიდა, ზოგიც უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. მსმენელებს ხშირად აღაფრთოვანებს მათი მონდომება.

10 მაგალითად, ქრისტინმა შვიდ მოწმესთან ერთად გუჯარათული ენის შემსწავლელი კურსი გაიარა. როცა სამსახურში გუჯარათულ ენაზე მოლაპარაკე ახალგაზრდა ქალს მის ენაზე მიესალმა, ქალი ყურებს არ უჯერებდა; დაინტერესდა, რატომ ცდილობდა ქრისტინი ასეთი რთული ენის შესწავლას. ქრისტინს ქადაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია. ახალგაზრდა ქალმა მიუგო: „თქვენ აშკარად მნიშვნელოვანი რამ გაქვთ სათქმელი“.

11. რა დაგვეხმარება, რომ სამეფოს შესახებ უცხოენოვან ხალხთან ვიქადაგოთ?

11 მართალია, ყველა ვერ შევძლებთ უცხო ენის შესწავლას, მაგრამ მაინც შეგვიძლია უცხოენოვან ხალხთან სამეფოს ცნობის გასაცხადებლად მოვემზადოთ. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ აპლიკაცია „jw ენები“, რომელიც დაგვეხმარება, მარტივი მისალმება ან რაიმე ფრაზა ვისწავლოთ იმ ენაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამან შეიძლება ინტერესიც კი აღძრას ჩვენს მსმენელში. კარგი იქნება, თუ მათ ყურადღებას ჩვენი ვებგვერდისკენ jw.org მივაპყრობთ და ვაჩვენებთ მათ ენაზე განთავსებულ ვიდეოებსა და პუბლიკაციებს. თუ ვეცდებით, რომ მსახურებაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს საშუალებები, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც უდიდესი სიხარული დაგვეუფლება. ისინი ბედნიერები იყვნენ, როცა ხალხმა განცვიფრება ვერ დამალა და აღმოხდა: „ესენი . . . ჩვენს მშობლიურ ენებზე [ლაპარაკობენ]“.

ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲔᲑᲘ ᲨᲣᲐᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔᲗᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲒᲕᲘᲞᲢᲔᲨᲘ

ერთ-ერთ ისტორიულ ნაშრომში ნათქვამია: „შუამდინარეთში, მიდიასა და ბაბილონში ცხოვრობდნენ ერთ დროს ასურელებისა და ბაბილონელების მიერ იქ გადასახლებული [ისრაელის] ათტომიანი სამეფოსა და იუდას სამეფოს შთამომავლები“ (The History of the Jewish People in the Age of Jesus Christ, ძვ. წ. 175—ახ. წ. 135). ეზრას 2:64-ის თანახმად ბაბილონში გადასახლების შემდეგ იერუსალიმში მხოლოდ 42 360 ისრაელი დაბრუნდა. ეს მოხდა ძვ. წ. 537 წელს. იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, რომ ახ. წ. I საუკუნეში ყოფილი ბაბილონის სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა ათობით ათასი ებრაელი. ახ. წ. III—V საუკუნეებში ებრაელთა ამ დიასპორამ შეადგინა წესებისა და კანონების კრებული — ბაბილონის თალმუდი.

ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ეგვიპტეში ებრაელები უკვე ძვ. წ. VI საუკუნეში ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში იერემიამ ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქალაქ ნოფში,g მცხოვრებ ებრაელებს მისწერა (იერ. 44:1). როგორც ჩანს, ელინიზმის ეპოქაში უამრავი ებრაელი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც იოსებ ფლავიუსი წერდა, ებრაელები ქალაქ ალექსანდრიას ერთ-ერთი პირველი მოსახლეები იყვნენ. დროთა განმავლობაში მათ ქალაქის ერთი რაიონიც კი დაუთმეს. ახ. წ. I საუკუნეში ებრაელი მწერალი ფილონ ალექსანდრიელი ამბობდა, რომ ეგვიპტეში, „ლიბიის საზღვრიდან ეთიოპიის საზღვრამდე“, ერთი მილიონი ებრაელი ცხოვრობდა.

g ეს ქალაქი მემფისის სახელითაც იყო ცნობილი.

„წამოდგა პეტრე“ (საქმეები 2:14—37)

12. ა) იოელის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? ბ) რატომ იყო მოსალოდნელი, რომ იოელის წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში შესრულდებოდა?

12 „წამოდგა პეტრე“, რათა სიტყვით გამოსულიყო მრავალი ქვეყნიდან ჩასული ხალხის წინაშე (საქ. 2:14). მან თქვა, რომ უცხო ენებზე ალაპარაკებით იოელის წინასწარმეტყველება შესრულდა: „გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ადამიანზე“ (იოელ. 2:28). იესომ ზეცად ამაღლებამდე მოწაფეებს უთხრა: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს“. დამხმარეში იესო წმინდა სულს გულისხმობდა (იოან. 14:16, 17).

13, 14. როგორ ცდილობდა პეტრე მოსასმენად განეწყო ხალხი და როგორ მივბაძოთ მას?

13 პეტრემ თავისი გამოსვლის ბოლოს განაცხადა: „მთელმა ისრაელმა იცოდეს, რომ იესო, რომელიც თქვენ ძელზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“ (საქ. 2:36). მართალია, პეტრეს მსმენელთა უმეტესობას არც კი უნახავს იესოს წამების ბოძზე გაკვრა, მაგრამ მთლიანობაში ერი იყო მის სიკვდილზე პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, პეტრემ პატივისცემით მიმართა იუდეველებს და შეეცადა, ისინი მოსასმენად განეწყო. მისი მიზანი მსმენელების განსჯა კი არ იყო, არამედ ის, რომ მონანიებისკენ აღეძრა ისინი. განაწყენდა ხალხი? არა, ისინი „სულით ხორცამდე შეიძრნენ“ და იკითხეს: „როგორ მოვიქცეთ?“. პეტრე პატივისცემით იყო მათ მიმართ განწყობილი და, როგორც ჩანს, ამან აღძრა ისინი მოსანანიებლად (საქ. 2:37).

14 ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ პეტრეს. არ არის საჭირო, ქადაგებისას მსმენელს ყოველ ჯერზე შევუსწოროთ არასწორი თვალსაზრისი. ნაცვლად ამისა, საუბარი იმაზე უნდა ავაგოთ, რაშიც ვეთანხმებით. როცა საერთო ენას გამოვნახავთ, მაშინ შევძლებთ ტაქტიანად დავანახვოთ ბიბლიის თვალსაზრისი. ასეთი მიდგომა გულწრფელ ადამიანებს ხშირად მოსასმენად განაწყობს.

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲞᲝᲜᲢᲝᲨᲘ

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს მსმენელთა შორის მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, პონტოში მცხოვრები იუდეველებიც იყვნენ (საქ. 2:9). როგორც ჩანს, ზოგმა მათგანმა სასიხარულო ცნობა სამშობლოში ჩაიტანა, რადგან პეტრემ თავის პირველ წერილში სხვებთან ერთად იმ მორწმუნეებსაც მიმართა, ვინც სხვადასხვა ადგილას იყვნენ „მიმოფანტული“,h მათ შორის პონტოში (1 პეტ. 1:1). მისი წერილიდან ჩანს, რომ ეს ქრისტიანები რწმენის „განსაცდელების გამო“ იყვნენ დამწუხრებულნი (1 პეტ. 1:6). ამ განსაცდელებში, ალბათ, წინააღმდეგობა და დევნა იგულისხმებოდა.

ბითინიისა და პონტოს გამგებელ პლინიუს უმცროსსა და იმპერატორ ტრაიანეს შორის მიწერ-მოწერა ცხადყოფს, რა განსაცდელებს შეხვდნენ პონტოში მცხოვრები ქრისტიანები. ახ. წ. დაახლოებით 112 წელს პლინიუსმა მისწერა იმპერატორს, რომ ასაკის, სქესისა თუ მდგომარეობის მიუხედავად ქრისტიანობა, როგორც „სენი“, უკლებლივ ყველას გადაედებოდა. პლინიუსმა ქრისტიანად წოდებულებს შესაძლებლობა მისცა, სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, ოღონდ თავიანთი რწმენის უარყოფის ფასად. ვინც ქრისტეს დაწყევლიდა, ანდა ღვთაებების წინაშე ან ტრაიანეს ქანდაკების წინაშე ილოცებდა, გაათავისუფლებდნენ. პლინიუსმა აღნიშნა, რომ ამაზე „ნამდვილი ქრისტიანების დაყოლიება შეუძლებელი იყო“.

h სიტყვა „მიმოფანტული“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „დიასპორა“, რომელსაც ებრაელების მიმართ იყენებდნენ, და იმას მიანიშნებს, რომ პირველ მოქცეულთა შორის ბევრი სწორედ ებრაელთა დასახლებებიდან იყო.

„მოინათლეთ“ (საქმეები 2:38—47)

15. ა) რისკენ მოუწოდა პეტრემ იუდეველებსა და პროზელიტებს და რა მოჰყვა ამ მოწოდებას? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი სასიხარულო ცნობის მოსმენისთანავე იყვნენ მზად მონათვლისთვის?

15 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ მოსასმენად განწყობილ იუდეველებსა და პროზელიტებს მიმართა: „მოინანიეთ და მოინათლეთ“ (საქ. 2:38). იმ დღეს, სავარაუდოდ, იერუსალიმსა და მის მახლობლად მდებარე აუზებში დაახლოებით 3 000 კაცი მოინათლა.e დაუფიქრებლად და ემოციებზე აყოლილებმა გადადგეს ეს ნაბიჯი? ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლიის შემსწავლელები ან მოწმეების შვილები მზადაც რომ არ იყვნენ, მაინც უნდა მოინათლონ? არავითარ შემთხვევაში! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მონათლული იუდეველები და პროზელიტები ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელები და იეჰოვასთვის მიძღვნილი ერის ნაწილი იყვნენ. გარდა ამისა, აშკარა იყო, რომ ღვთის თაყვანისცემას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მათ ცხოვრებაში, რადგან ბევრ მათგანს დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი ამ დღესასწაულზე დასასწრებად. მას შემდეგ, რაც ჩასწვდნენ იესო ქრისტეს როლს ღვთის განზრახვაში, უკვე მზად იყვნენ ღვთის მსახურების გასაგრძელებლად როგორც მონათლული ქრისტეს მიმდევრები.

ᲕᲘᲜ ᲘᲧᲕᲜᲔᲜ ᲞᲠᲝᲖᲔᲚᲘᲢᲔᲑᲘ?

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს ქადაგება იუდეველებმაც მოისმინეს და პროზელიტებმაც (საქ. 2:10).

„საჭირო საქმეზე“ — ყოველდღიურად საკვების განაწილებაზე — დანიშნულთაგან ერთ-ერთი „ანტიოქიელი პროზელიტი“ ნიკოლაე იყო (საქ. 6:3—5). პროზელიტები იყვნენ უცხოტომელები, იგივე არაებრაელები, რომლებმაც იუდაიზმი მიიღეს. ებრაელები პროზელიტებს თავიანთ თანასწორებად მიიჩნევდნენ, რადგან მათ უარყვეს ყველა სხვა ღმერთი, ირწმუნეს ისრაელის ღმერთი და მიიღეს მისი კანონი, (მამაკაცებმა) წინადაიცვითეს და ისრაელი ერის ნაწილი გახდნენ.

ძვ. წ. 537 წელს იუდეველების ბაბილონიდან გათავისუფლების შემდეგ მრავალი იმ ქვეყნებში დასახლდა, რომლებიც შორს იყო ისრაელიდან, მაგრამ მათ თავიანთ მრწამსზე უარი არ უთქვამთ. შედეგად იუდეველთა რელიგიის შესახებ ახლო აღმოსავლეთსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ხალხმაც გაიგო. ძველი მწერლები, ჰორაციუსი და სენეკა, ადასტურებენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი მოიხიბლა იუდაიზმით, ისინიც მათ შორის დასახლდნენ და პროზელიტები გახდნენ.

16. როგორ გამოავლინეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა თავგანწირვის სული?

16 იეჰოვას მხარდაჭერა აშკარა იყო: „ვინც ირწმუნა, ყველანი ერთად იყვნენ და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ისინი ყიდდნენ თავიანთ მიწებსა და ქონებას და რასაც იღებდნენ, ყველას საჭიროებისამებრ უნაწილებდნენ“ (საქ. 2:44, 45).f ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს სურს, განივითაროს მსგავსი სიყვარული და თავგანწირვის სული.

17. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მონათვლამდე?

17 ღვთისთვის თავის მიძღვნამდე და ნათლობამდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ადამიანმა ჯერ ღვთის სიტყვა უნდა ისწავლოს (იოან. 17:3); რწმენა უნდა განივითაროს და მოინანიოს — გულწრფელად უნდა წუხდეს წარსულის გამო (საქ. 3:19); უნდა შეიცვალოს აზროვნება და ღვთისთვის მოსაწონი საქმეების კეთებას შეუდგეს (რომ. 12:2; ეფეს. 4:23, 24). ამის შემდეგ მას შეუძლია ლოცვით თავი მიუძღვნას ღმერთს და მოინათლოს (მათ. 16:24; 1 პეტ. 3:21).

18. რისი შესაძლებლობა აქვთ ქრისტეს მიმდევრებს?

18 ხართ იესო ქრისტეს მოწაფე, რომელმაც უკვე თავი მიუძღვენით ღმერთს და მოინათლეთ? თუ ასეა, ყოველთვის მადლიერები იყავით, რომ წმინდა სულით აღვსილი პირველი საუკუნის მოწაფეების მსგავსად, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაქვთ, შეასრულოთ იეჰოვას ნება და საგულდაგულოდ იქადაგოთ მისი სამეფოს შესახებ!

a იხილეთ ჩარჩო „იერუსალიმი — იუდაიზმის ცენტრი“.

b იხილეთ ჩარჩოები „დიდი იმპერიის დედაქალაქი რომი“, „ებრაელები შუამდინარეთსა და ეგვიპტეში“, „ქრისტიანები პონტოში“.

c არა პირდაპირი გაგებით ცეცხლის ენები, არამედ, როგორც ბიბლია ამბობს „თითქოს ცეცხლის ენები“, ანუ, რაც ცეცხლის ალს ჰგავდა.

d იხილეთ ჩარჩო „ვინ იყვნენ პროზელიტები?“.

e 1993 წლის 7 აგვისტოს კიევში (უკრაინა) ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესზე 7 402 ადამიანი მოინათლა. ნათლობა ერთდროულად ექვს აუზში მიმდინარეობდა ორი საათისა და თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

f ეს დროებითი ღონისძიება იყო იმ სტუმართათვის, რომლებიც ახლად შეძენილი რწმენის გასაძლიერებლად იერუსალიმში დარჩნენ. თანამორწმუნეები ყველას ყველაფერს ნებაყოფლობით უზიარებდნენ; თუმცა ამ დამოკიდებულებას კომუნიზმის იდეოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო (საქ. 5:1—4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება