განაგრძეთ სულიერი წინსვლა!
მონათვლის დღე არის დღე, რომელსაც ძალიან უნდა ვაფასებდეთ და რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს ხომ ის დღეა, როდესაც ყველას წინაშე განვაცხადეთ, რომ თავი მივუძღვენით იეჰოვასადმი მსახურებას.
მრავალს აქამდე მისვლა უზარმაზარი ძალისხმევის ფასად დაუჯდა — დასჭირდა ძვალ-რბილში გამჯდარი ცუდი ჩვევების მოშორება, ცუდი წრიდან გამოსვლა, ღრმად ფესვებგადგმული აზროვნებისა და მანერების შეცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანის ცხოვრებაში მონათვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, ის მხოლოდ დასაწყისია. მოციქულმა პავლემ იუდეველ ახალმონათლულ ქრისტიანებს უთხრა: „დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ“ (ებრაელთა 6:1). დიახ, ყველა ქრისტიანისთვის საჭიროა, ‘მიაღწიონ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას’ (ეფესელთა 4:13). მხოლოდ მოწიფულობის მიღწევით შეგვიძლია ნამდვილად ‘განვმტკიცდეთ რწმენაში’ (კოლასელთა 2:7).
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქრისტიანულ კრებას ასობით ათასი ახლად მიძღვნილი თაყვანისმცემელი შეემატა. შეიძლება თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმების მსგავსად, არც თქვენ გსურთ სულიერად ჩვილი დარჩეთ. თქვენი სურვილია გაიზარდოთ, წინ წაიწიოთ! მაგრამ როგორ? რა გზებით შეგიძლიათ ასეთი წინსვლა?
წინსვლა პირადი შესწავლის საშუალებით
პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს უთხრა: „ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შემეცნებასა და შეგრძნებაში“ (ფილიპელთა 1:9). ‘შემეცნებაში’ ზრდას თქვენი სულიერი წინსვლის საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ‘იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღება’ უწყვეტი პროცესია და მონათვლის შემდეგ არ წყდება (იოანე 17:3).
ერთი ქრისტიანი და ამას მონათვლიდან 10 წლის შემდეგ მიხვდა. მოდით მას ალექსანდრა დავარქვათ. ის 16 წლის ასაკში მოინათლა. ალექსანდრა ჭეშმარიტებაში გაიზარდა, ასე რომ, რეგულარულად ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობას იღებდა სამქადაგებლო მსახურებაში. ის წერს: „რამდენიმე თვის წინ შევნიშნე, რომ ჩემს თავს რაღაც საშინელება ხდებოდა. გადავწყვიტე გულმოდგინედ, გულწრფელად გამომეკვლია საკუთარი თავი — რას ვგრძნობდი ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით და რატომ ვიყავი ჯერაც ჭეშმარიტებაში“. რა დაინახა ალექსანდრამ? ის განაგრძობს: „დავინახე, რომ ჭეშმარიტებაში ყოფნის საფუძვლების შემოწმების შედეგებმა ძალიან დამამწუხრა. მახსოვს ისე გავიზარდე, რომ შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებას დიდი ყურადღება ექცეოდა. უყურადღებოდ თითქმის არც პირადი შესწავლა და ლოცვა უნდა დარჩენილიყო. მაგრამ, როდესაც ჩემი მდგომარება გავაანალიზე, მივხვდი, რომ ამას არ ვაკეთებდი“.
მოციქული პავლე გვარიგებს: „რასაც მივაღწიეთ, ისევე უნდა ვფიქრობდეთ და იმავე წესს ვადგეთ“ (ფილიპელთა 3:16, სსგ). ამ წესმა შეიძლება ადამიანს წინსვლისკენ უბიძგოს. მონათვლამდე, ეჭვგარეშეა, წესად გქონდათ, ყოველკვირეულად შეგესწავლათ ბიბლია კარგად მომზადებულ მასწავლებელთან ერთად. შემეცნების ზრდასთან ერთად ამ წესში ჩართეთ ყოველკვირეული გაკვეთილებისთვის წინასწარ მომზადება, გაკვეთილში მითითებული მუხლების ბიბლიაში მოძებნა და ასე შემდეგ. ახლა, როდესაც უკვე მოინათლეთ, ‘ადგახართ იმავე წესს’?
თუ არა, შეიძლება აუცილებელი იყოს გადახედოთ, თუ რას აყენებთ პირველ ადგილზე, „რათა გამოსცადოთ უმჯობესი“ (ფილიპელთა 1:10). დღეს, როდესაც ადამიანები ძალიან არიან დაკავებული, საჭიროა საკუთარი თავის ხელში აყვანა, რათა ბიბლიის პირადი კითხვისა და შესწავლისთვის გამოყო დრო. მაგრამ სარგებლობა, რომელიც ასე მოქმედებას მოაქვს, ღირს გაწეულ ძალისხმევად. დავუბრუნდეთ ალექსანდრას შემთხვევას. „უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჭეშმარიტებაში ყოფნას მხოლოდ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებასა და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას უნდა ვუმადლოდე, — აღიარებს ის, შემდეგ კი განაგრძობს, — მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ, თუმცა ამის გაკეთება ძალზე მნიშვნლოვანი იყო, მხოლოდ ეს არ მიშველიდა სიძნელეების წამოჭრისას. ყოველივე ეს თვალწინ წარმომიდგა, ვინაიდან პირადი შესწავლა, პრაქტიკულად, არ მქონდა, ხოლო ლოცვით იშვიათად მივმართავდი ღმერთს და ლოცვის შინაარსიც ზერელე იყო. მივხვდი, რომ უნდა გამომესწორებინა აზროვნება და შემედგინა სასწავლო პროგრამა, რათა ნამდვილად გავცნობოდი იეჰოვას და შემყვარებოდა ის. აგრეთვე დამეფასებინა ის, რაც მისმა ძემ მოგვცა“.
თუ პირადი შესწავლის წესად გახდომაში დახმარებას საჭიროებთ, უხუცესები და კრების სხვა მოწიფული ქრისტიანები სიხარულით დაგეხმარებიან. გარდა ამისა, მრავალი სასარგებლო რჩევაა მოცემული 1995 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, br4-ში, გვ. 8–12 და 1986 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).
ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა
კიდევ ერთი სფერო, რომელშიც წინ უნდა წაიწიოთ, არის ღმერთთან თქვენი ურთიერთობა. ზოგჯერ ეს უკიდურესად აუცილებელიც კი შეიძლება იყოს. განვიხილოთ მოწმის, სახელად ანტონის, შემთხვევა. ანტონი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც მოინათლა. „დედმამიშვილებიდან პირველი მე მოვინათლე, — ყვება ის, — მონათვლის შემდეგ დედამ გულში ჩამიხუტა. უფრო ბედნიერი ის არასოდეს მინახავს. ირგვლივ დიდი სიხარული სუფევდა, ხოლო მე საკუთარი თავი საკმაოდ ძლიერი მეგონა“. მაგრამ ამ სურათს მეორე მხარეც ჰქონდა. „გარკვეული დროის განმავლობაში კრებაში არც ერთი ახალგაზრდა არ მონათლულა, — განაგრძობს ანტონი. — ამიტომ თავი მომქონდა. სიამაყე ჩემს კომენტარებსა და მოხსენებებშიც ჩანდა. ადამიანების მხრიდან შექებისა და მოწონების სიტყვები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე იეჰოვას განდიდება. ნამდვილად არ მქონდა იეჰოვასთან ახლო ურთიერობა“.
ანტონის მსგავსად, ზოგი ღმერთს თავს უძღვნის იმის გამო, რომ სხვებს ასიამოვნოს და არა ღმერთს. ასეთ შემთხვევებშიც კი ღმერთი მათგან მოელის, რომ თავიანთი აღთქმის თანახმად მისი მსახურები იქნებიან (შეადარეთ ეკლესიასტე 5:3). მაგრამ ღვთისადმი სიყვარულის გარეშე ამის გაკეთება ხშირად რთულია. ანტონი იხსენებს: „მონათვლით განცდილი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მონათვლიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული, რომ სერიოზული დანაშაული ჩავიდინე, რის გამოც კრების უხუცესებმა მამხილეს. ცუდი საქციელის არაერთხელ ჩადენამ კრებიდან გარიცხვამდე მიმიყვანა. იეჰოავასადმი თავის მიძღვნიდან ექვსი წლის შემდეგ მკვლელობისთვის დამაპატიმრეს“.
იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარება
პირადი მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ქრისტიანს შეუძლია გამოეხმაუროს ბიბლიის მოწოდებას: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8). ეჭვგარეშეა, რომ თავდაპირველად, ბიბლიის შესწავლისას, გარკვეულწილად დაუახლოვდით ღმერთს. ისწავლეთ, რომ ღმერთი არ არის უპიროვნო ღვთაება, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში სცემენ თაყვანს, არამედ ცოცხალი პიროვნებაა და მისი სახელი იეჰოვაა. ისიც გაიგეთ, რომ მას აქვს მიმზიდველი თვისებები, რომ არის ‘მწყალობელი, შემბრალებელი, სულგრძელი და დიდმადლიანი ღმერთი’ (გამოსვლა 34:6).
მაგრამ მიძღვნის თანახმად ცხოვრების ღვთის მსახურებაში გასატარებლად საჭიროა, უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს! როგორ? ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნი 24:4). ბიბლიისა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების პირადი შესწავლა იეჰოვას უკეთესად გაცნობაში დაგეხმარებათ. გულწრფელი ლოცვით რეგულარულად მიმართვაც მნიშვნელოვანია. „თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე“, — მოგვიწოდებს ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 61:9). ლოცვაზე პასუხის მიღება იმის გრძნობას განგივითარებთ, რომ ღმერთი დაინტერესებულია თქვენით. ეს დაგეხმარებათ, მასთან უფრო ახლოს იგრძნოთ თავი.
ღმერთთან დაახლოების კიდევ ერთ შესაძლებლობას განსაცდელები და პრობლემები გვაძლევს. შეიძლება ისეთ სირთულეებსა და რწმენის გამოცდას წააწყდეთ, როგორიცაა: ავადმყოფობა, სკოლასა და სამუშაო ადგილზე სხვების გავლენა ან ეკონომიკური გაჭირვება. სირთულეებს შორის შეიძლება მსახურებაში მონაწილეობის თეოკრატიული ჩვეულებაც კი აღმოჩნდეს; შეიძლება კრების შეხვედრებზე დასწრება ან შვილებთან ბიბლიის შესწავლა გიძნელდებოდეთ. ნუ დარჩებით ასეთი პრობლემების პირისპირ მარტო! ღმერთს შეჰღაღადეთ დახმარებისთვის, სთხოვეთ რჩევა და ხელმძღვანელობა (იგავნი 3:5, 6). შეევედრეთ, რომ მოგცეთ სულიწმიდა! (ლუკა 11:13). ღვთისგან სიყვარულით აღსავსე დახმარების მიღება მასთან უფრო დაგაახლოებთ. როგორც ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა: „განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 33:9).
როგორ წარიმართა ანტონის საქმე? „გავიხსენე დრო, როდესაც იეჰოვას ნების შესრულებასთან დაკავშირებით უამრავი სულიერი მიზანი მქონდა, — იხსენებს ის. — ეს მოგონება მტკივნეული იყო. მაგრამ ტკივილმა და გულგატეხილობამ იეჰოვას სიყვარული გამახსენა. გარკვეული დრო დამჭირდა, რომ იეჰოვასადმი ლოცვა შემძლებოდა, მაგრამ მაინც შევძელი ეს — იეჰოვას გული გადავუშალე და პატიება ვთხოვე. დავიწყე ბიბლიის კითხვაც და გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ბევრი რამ დამვიწყებია და, სინამდვილეში, იეჰოვას შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი“. მიუხედავად იმისა, რომ ანტონი ჯერ კიდევ იხდის სასჯელს ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის, ადგილობრივი მოწმეები ეხმარებიან და სულიერ გამოჯანსაღებაში ხელს უწყობენ. სასიამოვნოა იმის მოსმენა, რასაც ანტონი ამბობს: „მადლობა იეჰოვასა და მის ორგანიზაციას. მე შევძელი გამეძრო ძველი პიროვნება და დღითი დღე შევმოსილიყავი ახლით. ახლა იეჰოვასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია“.
მსახურებაში სულიერი წინსვლა
იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა, ყოფილიყვნენ ‘სასუფევლის შესახებ სახარების’ მქადაგებლები (მათე 24:14). როგორც სახარების შედარებით ახალ მაუწყებელს, შეიძლება მსახურებაში მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ გქონდეთ. მაშ, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეძლებდით სულიერ წინსვლას, რათა ‘აღგესრულებინათ თქვენი მსახურება’? (2 ტიმოთე 4:5).
ერთ-ერთ საშუალებას დადებითი თვალსაზრისის განვითარება წარმოადგენს. ისწავლეთ სამქადაგებლო საქმიანობის ‘განძად’, დიდ პატივად, მიჩნევის თვალსაზრისის განვითარება (2 კორინთელთა 4:7). ის იეჰოვასადმი სიყვარულის, ერთგულებისა და უმწიკვლოების გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს. ამით მოყვასისადმი მზრუნველობის გამოვლენის საშუალებაც გვეძლევა. საკუთარი ძალების ასე უანგაროდ გაცემა ნამდვილი ბედნიერების წყაროა (საქმეები 20:35).
თავად იესო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქადაგებას. სხვებთან ბიბლიის ჭეშმარიტების გაზიარება მისთვის ‘საჭმლის’ მსგავსი იყო (იოანე 4:34). იესოს მიერ სხვებისათვის დახმარების გაწევის მიზეზს მისი ნათქვამი „მინდა“ მოკლედ და საუკეთესოდ გამოხატავს (მათე 8:3). იესოს ებრალებოდა ხალხი, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც სატანის წუთისოფელმა ‘დააუძლურა და დაფანტა’ (მათე 9:35, 36). იესოს მსგავსად თქვენც ‘გინდათ’, რომ დაეხმაროთ მათ, ვინც სულიერ სიბნელეშია და ღვთის სიტყვით განათლებას საჭიროებს? მაშინ ეს აღგძრავთ, გამოეხმაუროთ იესოს მითითებას: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19). თუ ასეა, მართლა ეცდებით, იმდენად სრული მონაწილეობა მიიღოთ ამ საქმიანობაში, რამდენის საშუალებასაც ჯანმრთელობა და მდგომარეობა გაძლევთ.
წინსვლის კიდევ ერთ საშუალებას მსახურებაში რეგულარული (თუ შესაძლებელია ყოველ კვირა) მონაწილეობა წარმოადგენს. პიროვნებას, რომელიც იშვიათად ქადაგებს, შეიძლება ქადაგებისას შიშის გრძნობა დაეუფლოს და დაიბნეს, რეგულარული მონაწილეობა კი მას ამ გრძნობის დაძლევაში დაეხმარება. სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარობა სხვა სარგებლობასაც მოგიტანთ. ის გაგიძლიერებთ მადლიერებას ჭეშმარიტებისთვის, გაგიღრმავებთ იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარულს და მთელი ყურადღების სამეფოს იმედზე მიპყრობაში დაგეხმარებათ.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც თქვენი მდგომარეობა ძალიან გზღუდავთ და სამქადაგებლო საქმიანობაში ვერ მონაწილეობთ? თუ მდგომარეობის შეცვლა, უბრალოდ, შეუძლებელია, დამშვიდებული იყავით და იცოდეთ, რომ, თუ მთელი გულით მსახურობთ, ღმერთს მოსწონს ყველაფერი, რის გაკეთებასაც ახერხებთ (მათე 13:23). შეიძლება სხვა რამეში წაიწიოთ წინ, მაგალითად, ქადაგების ხელოვნების დახვეწაში. კრებაში თეოკრატიული სამსახურის სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალ შესანიშნავ რჩევას იძლევა. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო მეტად ვართ დახელოვნებული მსახურებაში, მით უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს ის, და შედეგებიც უკეთესია.
აშკარაა, რომ სულიერი წინსვლა მხოლოდ მონათვლამდე არაა საჭირო. მოციქული პავლე ზეცაში უკვდავად ცხოვრების იმედის განხორციელებასთან დაკავშირებით წერდა: „ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში. ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ“ (ფილიპელთა 3:13–15).
დიახ, ყველა ქრისტიანი, ზეცაში უკვდავად ცხოვრების იმედი აქვს თუ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების, უნდა ‘ელტვოდეს იმას, რაც წინ არის’ —ასე ვთქვათ, მთელი ძალები უნდა მოახმაროს სიცოცხლის მიღწევის მიზნის განხორციელებას! რომ მოინათლეთ, შესანიშნავია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. განაგრძეთ სულიერი წინსვლა. კრების შეხვედრებისა და პირადი შესწავლის საშუალებით გახდით ‘გონებით სრულწლოვანნი’ (1 კორინთელთა 14:20). ‘ჩასწვდით, რა არის’ ჭეშმარიტების „სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესელთა 3:18). წინსვლა არა მარტო იმაში დაგეხმარებათ, რომ სიხარული და ბედნიერება შეინარჩუნოთ ახლა, არამედ იმაშიც რომ უსაფრთხო ადგილი დაიმკვიდროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, ადგილი, სადაც ზეციერი სამეფოს მმართველობით მარადიულად გექნებათ წინსვლის შესაძლებლობა!
[სურათი 29 გვერდზე]
პირადი შესწავლისთვის დროის გამოსაყოფად დისციპლინაა საჭირო.
[სურათი 31 გვერდზე]
დადებითი თვალსაზრისი მსახურებაში სიხარულის პოვნაში დაგეხმარებათ.