შეკითხვების ყუთი
◼ რატომ არის უმჯობესი იმ კრებას ვესწრებოდეთ, რომლის ტერიტორიაზეც ვცხოვრობთ?
კრებაზე დასწრება ჩვენს გამხნევებასა და ‘სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ წახალისებას’ ემსახურება (ებრ. 10:24, 25). კრების მეშვეობით ვსწავლობთ ჭეშმარიტებას და იმასაც, თუ როგორ შევასრულოთ მოწაფეების მომზადების დავალება (მათ. 28:19, 20). ის აგრეთვე გვაძლიერებს, რომ განსაცდელები გადავიტანოთ და ერთგულები დავრჩეთ. კრებაში არც მზრუნველ ზედამხედველებს ვართ მოკლებული, რომლებიც მოზღვავებული სტრესისა და საწუხარისგან გათავისუფლებაში გვეხმარებიან. როგორც ვხედავთ, კრების შეხვედრები დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ სულიერობა შევინარჩუნოთ და გადავრჩეთ. მაგრამ უმჯობესია თუ არა, იმ კრებას დავესწროთ, რომლის ტერიტორიაზეც ვცხოვრობთ?
ყველა ადამიანს განსხვავებულ ვითარებაში უწევს ცხოვრება და ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სამუშაო, ურწმუნო მეუღლის ყოლა, ან მგზავრობა, გარკვეულწილად, შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, რომელ კრებას დავესწრებით. მაგრამ როგორც სულიერად, ისე სხვა მხრივაც აშკარად უმჯობესია იმ კრებასთან თანამშრომლობა, რომლის ტერიტორიაზეც ვცხოვრობთ. მაგალითად, თუ მაუწყებლები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, უხუცესები მათ უფრო ადვილად დაუკავშირდებიან. 1991 წლის ივლისის (რუს.), 1976 წლის მარტისა (ინგლ.) და 1967 წლის იანვრის (ინგლ.) „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთში სხვა სასარგებლო მხარეებიც არის მოხსენიებული.
ახლომდებარე კრებაზე დასწრება უფრო მოსახერხებელია; ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ადრე მივიდეთ შეხვედრებზე, ვისაუბროთ და-ძმებთან, გადავწყვიტოთ მოსაგვარებელი საკითხები და არ გამოვტოვოთ სიმღერა და ლოცვა. ჩვენს სამეზობლოში მცხოვრებ დაინტერესებულებსაც ადვილად დავუკავშირდებით, რომ ჩავუტაროთ ბიბლიის შესწავლა და წავიყვანოთ კრების შეხვედრებზე.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოჯახის თავები სერიოზულად მოეკიდებიან ზემოთ აღნიშნულ საკითხს და ლოცვით აწონ-დაწონიან იმას, თუ როგორი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა საუკეთესო მათი ოჯახის სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისთვის (1 ტიმ. 5:8).