შეკითხვების ყუთი
◼ როგორ უნდა გვეცვას, როდესაც მივდივართ იეჰოვას მსახურებისთვის განკუთვნილი შენობების დასათვალიერებლად?
მთელ მსოფლიოში სამეფო თუ საკონგრესო დარბაზები და ფილიალები ის შენობებია, რომლებიც იეჰოვას მსახურებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის მოკრძალებული, სუფთა და ყოველმხრივ მოწესრიგებული შენობები, რომლებიც ისე გამოიყურება, როგორც ღვთის მსახურებისთვის განკუთვნილ შენობებს შეჰფერის. ეს შენობები მართლაც დიდ კონტრასტს ქმნის იმასთან, რასაც სატანის ქვეყნიერებაში ვხედავთ. როდესაც ამ ადგილებს ვსტუმრობთ, უნდა გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც იეჰოვას ხალხი, რომელიც მის ნებას ასრულებს.
ქრისტიანები, ყველანაირად „ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ“; ამაში ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობაც შედის (2 კორ. 6:3, 4). ჩვენგან ისიც მოითხოვება, რომ ჩვენი ქცევა ქრისტიანის საკადრისი იყოს. ჩვენი გარეგნობა და ჩაცმულობა ყოველთვის უნდა ირეკლავდეს იმ მოკრძალებულობასა და ღირსებას, რომელიც შეჰფერით იეჰოვა ღმერთის მსახურებს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ექცეოდეს მაშინ, როცა მივდივართ საქართველოს ოფისში ან მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნის ფილიალში.
წიგნში „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ ნათქვამია, რომ ქრისტიანები შესაფერისი ჩაცმულობითა და გარეგნობით უნდა გამოირჩეოდნენ. წიგნში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ, როდესაც ქრისტიანები სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობენ და კრების შეხვედრებს ესწრებიან, მათგან ფიზიკური სისუფთავე მოითხოვება, აგრეთვე მათი ჩაცმულობა და გარეგნობა მოკრძალებული უნდა იყოს. 139 გვერდზე, პირველ აბზაცში ვკითხულობთ: «გახსოვდეთ, „ბეთელი“ ღვთის სახლს ნიშნავს. ამიტომ ბეთელის მონახულებისას ჩვენი ჩაცმულობა, გარეგნობა და ქცევები ისეთივე უნდა იყოს, როგორიც სამეფო დარბაზში თაყვანისცემისთვის შეკრების დროს». ასეთ მაღალ ნორმებს უნდა იცავდნენ როგორც სამეფოს ის მაუწყებლები, რომლებიც ახლომდებარე ტერიტორიებიდან სტუმრობენ ბეთელს, აგრეთვე ისინიც, რომლებიც შორიდან ჩამოდიან. ასეთი სახით, სტუმარი პატივისცემას გამოხატავს ღვთის მიმართ და აჩვენებს, რომ აფასებს თაყვანისცემის ამ ადგილს (ფსალმ. 29:2).
ჩვენი ჩაცმულობა უნდა აჩვენებდეს, რომ „ღვთისმოშიშები“ ვართ (1 ტიმ. 2:10). სათანადო ჩაცმულობა და გარეგნობა გავლენას ახდენს იმაზე, რომ სხვებს დადებითი თვალსაზრისი შეექმნათ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისცემაზე. მაგრამ შეიმჩნევა, რომ როდესაც და-ძმები ინახულებენ იეჰოვას მსახურებისთვის განკუთვნილ ადგილებს, ზოგ მათგანს მეტისმეტად თავისუფლად აცვია, ან მოუწესრიგებლად და გამომწვევად არის ჩაცმული. ასეთი ჩაცმულობა ქრისტიანებს არც ერთ შემთხვევაში არ შეშვენით. რამდენადაც ჩვენ, ქრისტიანებს გვინდა, რომ ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ, ამ საკითხშიც, ისევე როგორც ქრისტიანული ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში, ჩვენ გვსურს იმ მაღალი ნორმების შენარჩუნება, რომლითაც ღვთის ხალხი ქვეყნიერებისგან გამოირჩევა (რომ. 12:2; 1 კორ. 10:31).
მაშასადამე, როდესაც ვაპირებთ, საქართველოს ოფისი ან სხვა რომელიმე ფილიალი მოვინახულოთ (იქნება ეს წინასწარ დაგეგმილი ვიზიტისას ან ისეთ დროს, როცა იმ მხარეში მოვხვდებით სადაც ოფისი ან ფილიალი მდებარეობს), კარგი იქნება საკუთარ თავს ვკითხოთ: „აჩვენებს ჩემი გარეგნობა და ჩაცმულობა იმას, რომ ვარ მოკრძალებული და სუფთა, და სათანადოდ ვაფასებ იმ ადგილს, რომელსაც ვინახულებ? პატივს მივაგებ ჩემი ჩაცმულობითა და გარეგნობით ღმერთს, რომელსაც ვეთაყვანები? ყურადღებას ხომ არ მივიქცევ ან სხვებს უხერხულად ხომ არ ვაგრძნობინებ თავს ჩემი ჩაცმულობით?“ დაე, ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობით ყოველთვის ‘შევამკოთ ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლება’! (ტიტ. 2:10).