შეკითხვების ყუთი
◼ რა პრაქტიკული საშუალებებით შეგვიძლია დავეხმაროთ პიონერებს?
2009 წელს მთელ მსოფლიოში თითქმის 800 000 და-ძმა მსახურობდა პიონერად და სპეციალურ პიონერად. ეს სრული დროით მსახურები თავიანთ დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებას სწირავენ (იგავ. 3:9). იეჰოვას სიამოვნებს მათი შრომა! როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და დავეხმაროთ პიონერებს სიხარულის შენარჩუნებასა და მსახურების გაგრძელებაში?
კარგად შერჩეული სიტყვებით გავამხნევებთ მათ, რომ კვლავაც იმსახურონ პიონერებად (იგავ. 25:11). შეგვიძლია ისე დავგეგმოთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ვიმსახუროთ მათთან? ერთად მსახურების დროს შეიძლება შევთავაზოთ პიონერს, რომ მისი მანქანის ნაცვლად, ჩვენი მანქანით ვიმგზავროთ. თუ მისი ტრანსპორტით ვმგზავრობთ, გზის ხარჯის დასაფარავად შეგვეძლო თანხა შეგვეთავაზებინა (1 კორ. 13:5; ფილ. 2:4). ჩვენ შეგვიძლია სიყვარული სტუმართმოყვარეობითაც გამოვხატოთ და დროდადრო პიონერები სადილად დავპატიჟოთ (1 პეტ. 4:8, 9).
წმინდა წერილები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა იზრუნებს მათ საჭიროებებზე, ვინც მის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს (ფსალმ. 37:25; მათ. 6:33). მაგალითად ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა მათზე ზრუნავს მოსიყვარულე ქრისტიანული საძმოა (1 იოან. 3:16—18). რა თქმა უნდა, პიონერები არ ელიან, რომ მათ მატერიალურ პასუხისმგებლობებს სხვები შეასრულებენ. მათ შეიძლება არავის უთხრან, როცა უჭირთ. მაგრამ თუ დაკვირვებული თვალი გვექნება, შევძლებთ ერთგული პიონერების დახმარებას და ‘მათი ნაკლულობის შევსებას’ (2 კორ. 8:14, 15).
როდესაც პირველი საუკუნის კენქრეს კრების ერთგული წევრი ფებე რომში გაემგზავრა, პავლემ რომაელ ძმებს მოუწოდა: „გულთბილად მიიღეთ იგი უფალში, როგორც წმინდებს შეჰფერით, და დაეხმარეთ ყველაფერში, რაშიც დასჭირდებით“ (რომ. 16:1, 2). ჩვენც შეგვიძლია მსგავსი სიყვარულის გამოვლენა ჩვენს კრებაში მომსახურე პიონერებისა და სპეციალური პიონერების მიმართ, რომლებიც დაუღალავად აცხადებენ სასიხარულო ცნობას (საქ. 5:42).