-
ცალკე გადასვლით გამოწვეული ტკივილიგამოიღვიძეთ! — 1998 | თებერვალი 8
-
-
ცალკე გადასვლით გამოწვეული ტკივილი
«იმ დღეს, როდესაც პირველი ბავშვი შეგვეძინა, მეუღლემ გამაფრთხილა — „ბავშვების აღზრდა, ძვირფასო, ცალკე გადასვლისთვის მათი მომზადების ხანგრძლივი პროცესია“ ». („ჩვენ და ჩვენი შვილები — წიგნი მშობლებისგან მშობლებისთვის“ [Ourselves and Our Children—A Book by and for Parents]).
მშობლების უმრავლესობა ბედნიერი და აღტაცებულია, როდესაც მათი პირველი ბავშვი იბადება. ყოველგვარი ცვლილების, აფორიაქებული მდგომარეობის, ტკივილის, იმედგაცრუებისა და განცდების მიუხედავად, რაც მშობლად ყოფნამ შეიძლება მოიტანოს, შვილები უდიდესი სიხარულის წყაროს წარმოადგენენ. დაახლოებით სამი ათასი წლის წინ ბიბლიამ თქვა: „აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან — შვილები, გასამრჯელო“ (ფსალმუნი 126:3).
მიუხედავად ამისა, ბიბლია ასევე გვაფრთხილებს: „მიატოვებს კაცი დედ-მამას“ (დაბადება 2:24). მთელი რიგი მიზეზების გამო, შვილები, ჩვეულებრივ, ცალკე გადადიან — სწავლის გასაგრძელებლად ან სამსახურის გამო, ქრისტიანული მსახურების გასაფართოებლად ან როდესაც ქორწინდებიან. მაგრამ ზოგიერთი მშობლისთვის ეს სინამდვილე მართლაც მეტისმეტად მტკივნეულია. დამოუკიდებლობისკენ შვილების ბუნებრივი სწრაფვის გამო, როგორც ერთმა მწერალმა თქვა, ისინი თავს „შეურაცხყოფილად, უფლებაშელახულად, შეშფოთებულად, შეშინებულად ან უარყოფილად გრძნობენ“. შედეგად ოჯახში გაუთავებელი კონფლიქტები და უთანხმოებებია. იმ დღის უგულებელყოფით, როდესაც შვილებმა სახლი უნდა დატოვონ, ზოგი მშობელი წარუმატებელია ბავშვების სრულწლოვანი ასაკისთვის მომზადებაში. ასეთმა უგულებელყოფამ შეიძლება საშინელი ნაყოფი გამოიღოს: სრულწლოვანი პიროვნება, რომელიც უუნაროა შექმნას ოჯახი, იზრუნოს მასზე ან იმუშაოს.
მარტოხელამშობლიან ოჯახებში ცალკე გადასვლით გამოწვეული ტკივილი შეიძლება კიდევ უფრო მწვავე იყოს. მარტოხელა დედა, სახელად კერენი, ამბობს: „მე და ჩემი ქალიშვილი ახლოს ვართ, ჩვენ ნამდვილი მეგობრები გავხდით. სადაც კი დავდიოდი, ყველგან თან დამყავდა“. შვილსა და მშობელს შორის ახლო ურთიერთობა ხშირია მარტოხელამშობლიან ოჯახებში. გასაგებია, რომ ასეთი სიახლოვის დაკარგვის შესახებ ფიქრი შეიძლება გამანადგურებელი იყოს.
მიუხედავად ამისა, წიგნი „ჯანმრთელი ოჯახის თავისებურებანი“ (Traits of a Healthy Family) მშობლებს ახსენებს: „ოჯახურ ცხოვრებაში უმთავრესად შედის უმწეო ჩვილის დამოუკიდებელ პიროვნებად აღზრდა“. შემდეგ კი იგი გაფრთხილებას იძლევა: „ოჯახში მრავალ პრობლემას იწვევს ის, რომ მშობლებს არ შეუძლიათ შვილებს ცალკე გადასვლის ნება მისცენ“.
რა შეიძლება ითქვას შენზე? ხარ შენ მშობელი? თუ ასეა, მზად ხარ იმ დღისთვის, როცა მოგიწევს შენი შვილების დამოუკიდებლად გაშვება? რა შეიძლება ითქვას შენს შვილებზე? ამზადებ მათ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად წარმატებით იცხოვრონ?
-
-
დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაგამოიღვიძეთ! — 1998 | თებერვალი 8
-
-
დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება
„როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა“ — დაწერა ფსალმუნმომღერალმა ბიბლიაში (ფსალმუნი 126:4). ისარი მიზანს შემთხვევით არ მოხვდება. ის ფრთხილად უნდა დაუმიზნონ. მსგავსად ამისა, მშობლის ხელმძღვანელობის გარეშე ბავშვი ასცდება პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბების მიზანს. „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი, — მოგვიწოდებს ბიბლია, — და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავნი 22:6).
უმწეო ბავშვი ზრდასრულ დამოუკიდებელ პიროვნებად ერთ ღამეში ვერ გადაიქცევა. მაშ, როდიდან უნდა შეაჩვიონ მშობლებმა შვილები დამოუკიდებლობას? მოციქული პავლე ახალგაზრდა ტიმოთეს ახსენებდა: „შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში“ (2 ტიმოთე 3:15). წარმოიდგინე, ტიმოთეს დედამ სულიერად მისი აღზრდა მაშინ დაიწყო, როცა ტიმოთე ჯერ კიდევ ბავშვი იყო!
აქედან გამომდინარე, თუ პატარა ბავშვებს შეუძლიათ სულიერი აღზრდიდან სარგებლობის მიღება, გონივრული არ არის, რომ სრულწლოვანებისთვის მათი მომზადება, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ? ერთ-ერთი მეთოდი ამისთვის არის ის, რომ ბავშვებს განუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა და ვასწავლოთ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება.
განუვითარე ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა
როგორ შეგიძლია დაეხმარო შვილებს, რომ ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა? ჯეკი და ნორა იხსენებენ თავიანთი ქალიშვილის შესახებ: „მაშინ, როცა ჯერ კიდევ ძლივს დადიოდა, წინდებისა და პატარა ნივთების თავის საძინებელ ოთახში წაღება და თავის ადგილზე უჯრაში ჩადება ისწავლა. სათამაშოებსა და წიგნებსაც სათანადო ადგილზე დებდა“. ეს მცირე დასაწყისი იყო, მაგრამ ბავშვი უკვე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობდა.
როდესაც ბავშვი იზრდება, შეიძლება მას რამდენადმე საპასუხისმგებლო რამეც დაეკისროს. ამიტომ აბრამ და ანიტამ ნება დართეს თავიანთ გოგონას საყვარელი ძაღლი ჰყოლოდა. ბავშვი გრძნობდა, რომ უნდა მოევლო ძაღლისთვის და მის შესანახად საკუთარი დანაზოგიდანაც კი შეჰქონდა წვლილი. ბავშვებისთვის სწავლება, რომ თავიანთ მოქმედებებზე პასუხისმგებელნი არიან, მოთმინებას მოითხოვს. მაგრამ ამის გაკეთება ღირს, რადგან მათ ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს.
საოჯახო საქმეები ბავშვების პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის კიდევ სხვა საშუალებებს იძლევა. ზოგი მშობელი ფაქტიურად შვილებს ოჯახური ვალდებულებებისგან ათავისუფლებს, რადგან მიაჩნია, რომ მათი ჩარევა ხელის შემშლელი უფროა, ვიდრე დამხმარე. სხვები ფიქრობენ, რომ მათ შვილებს „უკეთესი ბავშვობა უნდა ჰქონდეთ“. ეს მცდარი აზროვნებაა. საღვთო წერილი გვეუბნება: „ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს“ (იგავნი 29:21). ამ მუხლში მოცემული პრინციპი უდავოდ ბავშვებსაც ეხება. საწყენია, როდესაც ახალგაზრდა არა მარტო უმადური ადამიანი ხდება, არამედ ელემენტარული საოჯახო საქმეების შესრულებაც კი არ შეუძლია.
ბიბლიურ დროში ახალგაზრდებს, ჩვეულებრივ, ავალებდნენ საოჯახო სამუშაოების შესრულებას. მაგალითად, ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი, ახალგაზრდა იოსები, ოჯახის ფარას მწყემსავდა (დაბადება 37:2). ეს ადვილი საქმე არ იყო, რადგან მამამისს დიდი ფარა ჰყავდა (დაბადება 32:13–15). იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ იოსები ძლიერი მმართველი გახდა, სრულიად დასაშვებია, რომ აღზრდამ დადებითად იმოქმედა მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მსგავსად, ისრაელის მომავალ მეფეს, დავითს, ახალგაზრდობისას ოჯახის ფარის მოვლა ევალებოდა (პირველი მეფეთა 16:11).
რის სწავლა შეუძლიათ აქედან დღევანდელ მშობლებს? მონაწილეობა მიაღებინე შენს შვილებს მნიშვნელოვანი საოჯახო საქმეების შესრულებაში. დროის გამოყოფით, მცდელობითა და მოთმინებით შენს პატარებს შეგიძლია ასწავლო მონაწილეობის მიღება დასუფთავებაში, სადილის მომზადებაში, ეზოს მოვლაში, სახლისა და მანქანის შეკეთებაში. მართალია, ბევრია დამოკიდებული ბავშვის წლოვანებასა და უნარზე. მაგრამ პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ „დაეხმარონ მამიკოს მანქანის შეკეთებაში“ და „მიეხმარონ დედიკოს სადილის მომზადებაში“.
საოჯახო საქმეების სწავლება ასევე მოითხოვს, რომ მშობლებმა შვილებს გამოუყონ ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი შეიძლება მიუძღვნან — თავიანთი დრო. ერთ ცოლ-ქმარს, ორი ვაჟიშვილის მშობლებს, ჰკითხეს, თუ რაში მდგომარეობდა ბავშვების წარმატებით აღზრდის საიდუმლო. მათ უპასუხეს: „დრო, დრო, დრო!“
სიყვარულით დარიგება
როდესაც ბავშვები საქმეს კარგად ასრულებენ, ან, ყოველ შემთხვევაში, მთელი ძალით ცდილობენ ამას, გულწრფელი შექებით გაამხნევე ისინი! (შეადარე მათე 25:21). რასაკვირველია, ბავშვი ხშირად ვერ შეასრულებს სამუშაოს უფროსივით. ასევე, როცა პატარებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების ნებას ვრთავთ, ისინი ხშირად ცდებიან. მაგრამ მოერიდე ზედმეტად მკაცრად რეაგირებას! ნუთუ შენ, უფროსს, არ დაგიშვია შეცდომები? მაშ, რატომ არ გამოამჟღავნებ მოთმინებას, როდესაც შენი ბავშვი ცდება? (შეადარე ფსალმუნი 102:13). შეურიგდი იმ აზრს, რომ შეცდომებს დაუშვებენ. ისინი სწავლების პროცესის ნაწილად ჩათვალე.
მაიკლ შულმენი და ევა მეკლერი წერენ: „ბავშვებს, რომლებსაც მეგობრულად ეპყრობიან, არ ეშინიათ, რომ მათ დამოუკიდებელი მოქმედებისთვის დასჯიან. ცივი ან მკაცრი მშობლების შვილებს კი ფაქტიურად ყველანაირი დამოუკიდებელი მოქმედების ეშინიათ, მათ შორის სარგებლობის მომტანი საქმეებისაც, რადგან შიშობენ, რომ მშობლები მათ ნამოქმედარში რამეს არასწორს ნახავენ და განსჯიან ან დასჯიან“. ეს შენიშვნა ეთანხმება ბიბლიაში მშობლებისთვის მიცემულ გაფრთხილებას: „მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით“ (კოლასელთა 3:21, სსგ). ასე რომ, როდესაც ბავშვის მცდელობა მოლოდინს ვერ ამართლებს, რატომ არ შეაქებ მას, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ეცადა? გაამხნევე იგი, რომ შემდეგში უკეთ გააკეთოს. გააგებინე, რომ მისი წინსვლა შენთვის სიხარულის წყაროა. დაარწმუნე შენს სიყვარულში.
რასაკვირველია, დარიგება ხანდახან აუცილებელია. განსაკუთრებით მოზარდობისას, როდესაც ახალგაზრდა თავისი ინდივიდუალობის დამტკიცებისთვის იბრძვის, რომ აღიარონ იგი საკუთარი უფლებების მქონე პიროვნებად. ამიტომ გონივრული იქნება, თუ მშობლები დამოუკიდებლობის მიღწევის ასეთ მცდელობებს გაგებით მოეკიდებიან, ნაცვლად იმისა, რომ ყოველთვის აჯანყებად ჩათვალონ.
ფაქტია, რომ ახალგაზრდებს ახასიათებთ იმპულსური მოქმედება და ნებდებიან „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს“ (2 ტიმოთე 2:22). ამიტომ, თუ ახალგაზრდულ საქციელს ზღვარს არ დაუდებ, შეიძლება ბავშვს ემოციური ზიანი მიაყენო. იგი ვერ ისწავლის თავშეკავებასა და თვითკონტროლს. ბიბლია გვაფრთხილებს: „მიშვებული ყმაწვილი. . . დედის შემარცხვენელია“ (იგავნი 29:15). ხოლო სიყვარულით გაწეული სათანადო დასჯა სასარგებლოა და მოზარდს ამზადებს იმ მოთხოვნებსა და სიძნელეებისთვის, რომლებსაც ზრდასრულობისას შეხვდება. ბიბლია გვაფრთხილებს: „ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის“ (იგავნი 13:24). მაგრამ გახსოვდეს, რომ ჭკუის სწავლების ძირითადი მიზანი დამოძღვრა და შეგონებაა და არა დასჯა. აქ ნახსენები ‘წკეპლა’ შესაძლებელია გულისხმობს ჯოხს, რომელსაც მწყემსები ფარის მწყემსვისას იყენებენ (ფსალმუნი 23:4, აქ; [22:4, სსგ). იგი მოსიყვარულე ხელმძღვანელობის სიმბოლოა, და არა დაუნდობელი სისასტიკისა.
ცხოვრებისთვის საჭირო განათლება
მშობლის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით აუცილებელია, როდესაც საქმე შვილის განათლებას ეხება. დაინტერესდი შენი შვილის განათლებით. დაეხმარე მას შესაფერისი საგნების ამორჩევაში და გადაწყვეტილების მიღებაში, საჭირო იქნება თუ არა მისთვის რაიმე სახის დამატებითი განათლებაa.
რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი განათლება სულიერი განათლებაა (ესაია 54:13). ბავშვებს დასჭირდებათ ღვთისმოსაწონი თვისებები, რომ მოზრდილთა სამყაროში გაძლონ. მათი „გრძნობანი“ გაწაფული უნდა იყოს (ებრაელთა 5:14). ამ მხრივ მშობლებს მათ დასახმარებლად ბევრის გაკეთება შეუძლიათ. იეჰოვას მოწმეთა ოჯახებს ახალისებენ, რეგულარულად ჩაატარონ ბიბლიის შესწავლა შვილებთან. ტიმოთეს დედის მაგალითის მიყოლით, რომელმაც მას ბავშვობიდანვე ასწავლა წერილები, იეჰოვას მოწმე მშობლებიც ასწავლიან თავიანთ პატარებს.
მარტოხელა დედა, სახელად ბარბარა, ბიბლიის საოჯახო შესწავლას თავისი შვილებისთვის ყველაზე სასიამოვნო შემთხვევად ხდის. «ამ საღამოს, განსხვავებული ვახშმის შემდეგ ბავშვები მიირთმევენ დესერტს. მე „სამეფო მელოდიების“ ჩანაწერებს ვრთავ, რომ შესაფერისი განწყობილება შევქმნა. შემდეგ ვლოცულობთ და, ჩვეულებრივ, ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ ვსწავლობთ. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შემიძლია ისეთი პუბლიკაციების გამოყენება, როგორიც არის „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“b. ბარბარას თქმით, ბიბლიის შესწავლა მის ბავშვებს ეხმარება „სხვადასხვა საკითხის შესახებ იეჰოვას თვალსაზრისის შეძენაში“».
დიახ, იმაზე უკეთესს ვერაფერს მისცემ ბავშვს, თუ არა ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შემეცნებასა და გაგებას. იგი საუკეთესო საშუალებაა „ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად“ (იგავნი 1:4). ამგვარად აღჭურვილი ახალგაზრდა ახალ სიძნელეებსა და ვითარებებს მომზადებული შეხვდება.
ამისდა მიუხედავად, შვილებთან დაშორება მშობელთა უმრავლესობის ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს იწვევს. შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, თუ რა დახმარება არსებობს მშობლებისთვის, როდესაც შვილები ცალკე მიდიან საცხოვრებლად.
-
-
შეინარჩუნე სიხარული შვილების გადასვლის შემდეგგამოიღვიძეთ! — 1998 | თებერვალი 8
-
-
შეინარჩუნე სიხარული შვილების გადასვლის შემდეგ
„ბევრი ჩვენგანისთვის, — აღიარა ერთმა მშობელმა, — საბოლოო განცალკევება თავზარდამცემია, რამდენად შემზადებულნიც არ უნდა ვიყოთ ამისთვის“. დიახ, როგორი გარდაუვალიც არ უნდა იყოს შვილთან დაშორება, როდესაც ეს ფაქტობრივად ხდება, მასთან გამკლავება არც ისე ადვილია. ერთი მამა მოგვითხრობს თავისი გრძნობების შესახებ, როდესაც ვაჟიშვილს დაემშვიდობა: „პირველად ჩემს სიცოცხლეში. . . გულამოსკვნით ვიტირე“.
შვილებთან დაშორება მრავალი მშობლის ცხოვრებაში სიცარიელეს ქმნის და ღია ჭრილობად რჩება. როდესაც შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა აღარ აქვთ, ზოგიერთი მშობელი სიმარტოვეს, ძლიერ ტკივილსა და დანაკარგს გრძნობს. მხოლოდ მშობლებს არ უწევთ ამ მძიმე დროსთან შეგუება. ცოლ-ქმარი, ედუარდი და ავრილი გვაფრთხილებენ: „ოჯახში თუ სხვა ბავშვები რჩებიან, მათაც დაეუფლებათ დანაკარგის გრძნობა“. რას გვირჩევს ეს წყვილი? „დაუთმეთ მათ დრო და თანაუგრძნეთ. ეს მათ დაეხმარება შეეგუონ“.
დიახ, სიცოცხლე გრძელდება. თუ გინდა, რომ შინ დარჩენილ ბავშვებზე იზრუნო, ამავე დროს იმუშაო და ოჯახურ მოვალეობებსაც მიხედო, საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცე. განვიხილოთ ზოგიერთი საშუალება, როგორ შეგიძლია კვლავ ბედნიერი იყო, როდესაც შენი შვილები საცხოვრებლად ცალკე წავლენ.
ყურადღება გაამახვილე დადებით მხარეებზე
რა თქმა უნდა, თუ თავს დანაღვლიანებულად, მარტოდ გრძნობ და გეტირება ან შენი განცდების შესახებ თანამგრძნობ მეგობართან საუბარი გესაჭიროება, აუცილებლად გააკეთე ეს. ბიბლია გვეუბნება: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს“ (იგავნი 12:25). ზოგჯერ სხვებს შეუძლიათ ყურადღება დადებით მხარეებზე გაგვამახვილებინონ. მაგალითად, ვალდემარი და მარიანა გვირჩევენ: „ნუ იფიქრებთ, რომ დანაკარგი განიცადეთ, არამედ ეს ფაქტი მიზნის წარმატებით მიღწევად ჩათვალეთ“. რა დადებითი თვალსაზრისია! „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ვაჟიშვილების დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბება შევძელით“, — ამბობენ რუდოლფი და ჰილდა.
ეცადე თუ არა, რომ შენი შვილი „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ აღგეზარდა? (ეფესელთა 6:4). შეიძლება ასეთ შემთხვევაშიც კი წუხდე მის წასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ ბიბლია არწმუნებს მათ, ვინც ამგვარად ზრდის ბავშვს, რომ იგი „სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავნი 22:6). ნუთუ უზომოდ სასიამოვნო არ არის, როდესაც შვილში შენი აღზრდის შედეგებს ხედავ? მოციქული იოანე თავისი სულიერი ოჯახის შესახებ წერდა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4). ალბათ, შვილთან დაკავშირებით შენც მსგავს გრძნობებს განიცდი.
მართალია, ყველა ბავშვი არ იძლევა ქრისტიანულ აღზრდაზე დადებით ნაყოფს. თუ ეს შენს წამოზრდილ შვილსაც ეხება, სულაც არ ნიშნავს, რომ შენ, როგორც მშობელმა, არ ივარგე. ტყუილად ნუ კიცხავ საკუთარ თავს, თუ ყველაფერი იღონე, რომ იგი ღვთისმოსაწონად გაგეზარდა. უნდა გესმოდეს, რომ შენი შვილი, როგორც ზრდასრული პიროვნება, ღვთის წინაშე თვითონ არის პასუხისმგებელი (გალატელთა 6:5). შეინარჩუნე იმედი, რომ თავის დროზე იგი გადაამოწმებს თავის არჩევანს და საბოლოოდ ‘ისარი’ სამიზნეს მოხვდება (ფსალმუნი 126:4).
კვლავაც მშობელი ხარ!
თუმცა შვილთან დაშორება მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, ეს არ ნიშნავს, რომ შენი, როგორც მშობლის, პასუხისმგებლობა დასრულებულია. ფსიქოლოგი ჰოვარდ ჰალპერნი ამბობს: „მშობელი სიკვდილამდე იქნები, მაგრამ მოვლასა და აღზრდასთან დაკავშირებით შენი თვალსაზრისი უნდა შეცვალო“.
ბიბლიამ დიდი ხნის წინ დაადასტურა, რომ ბავშვის გაზრდით მშობლობა არ მთავრდება. იგავნის 23:22 ამბობს: „გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ“. დიახ, მაშინაც კი, როდესაც მშობლები ‘მოხუცდნენ’ და შვილები უკვე გაიზარდნენ, მშობლებს კვლავაც შეუძლიათ შვილების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ. რასაკვირველია, ზოგი ცვლილება აუცილებელია. მაგრამ დროდადრო ხომ ყველანაირი ურთიერთობა მოითხოვს ცვლილებას, ყოველთვის ხალასი და სიამოვნების მომგვრელი იყოს. ასე რომ, ახლა, როდესაც შენი შვილები გაიზარდნენ, ეცადე მათთან ისეთი ურთიერთობა გქონდეს, როგორიც სრულწლოვან პიროვნებას შეეფერება. საინტერესოა, რომ გამოკვლევების თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა ხშირად უმჯობესდება, როდესაც შვილები ცალკე გადადიან საცხოვრებლად! ცხოვრებისეულ სიძნელეებთან პირისპირ შეხვედრისას ხშირ შემთხვევაში შვილები თავიანთ მშობლებზე სხვაგვარად იწყებენ ფიქრს. ჰარტმუტი, გერმანელი მამაკაცი, ამბობს: „ახლა მე ჩემს მშობლებს უკეთ ვუგებ და შემიძლია ავხსნა მათი ზოგიერთი მოქმედება“.
მოერიდე ჩარევას
დიდი ზიანი შეიძლება მოიტანოს, თუ შენი ზრდასრული შვილების პირად ცხოვრებაში ჩარევას დაიწყებ (შეადარე 1 ტიმოთე 5:13). ერთი ქალი, რომელსაც ქმრის მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ჩივის: „ჩვენ გვიყვარს ისინი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება გვსურს“. რა თქმა უნდა, ვერც ერთი მოსიყვარულე მშობელი განზე ვერ გადგება, როდესაც მისი შვილი განსაცდელში ვარდება, მაგრამ ხშირად უკეთესია, თავი შეიკავო რჩევის მიცემისგან, თუ თვითონ არ გთხოვენ ამას, რამდენად გონივრული და კეთილი ზრახვებიდან გამომდინარეც არ უნდა იყოს იგი. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია შვილის დაქორწინების შემდეგ.
ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ 1983 წელს ასეთ რჩევას იძლეოდა: „კეთილგანწყობილებით შეხვდი შენი როლის ცვლილებას. როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, შენ მას მეტად აღარ უვლი ისე, როგორც ადრე. მსგავსად, მზრუნველი მეთვალყურის როლი ახლა მრჩეველის როლით უნდა შეცვალო. შენი შვილის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ის უკვე სრულწლოვანია, ისეთივე შეუფერებელი იქნება, როგორც მისი დედის რძით კვება. როგორც მრჩეველი, ახლა ამდენს ვეღარ გააკეთებ. შენ ვეღარ გამოიყენებ შენს უფლებებს ისე, როგორც ადრე (მაგალითად: „გააკეთე, რადგანაც მე გეუბნები“). პატივი უნდა სცე შენს შვილს, როგორც სრულწლოვან პიროვნებას“a.
შეიძლება არ ეთანხმებოდე შვილის ან მისი მეუღლის ყველა გადაწყვეტილებას. მაგრამ ქორწინების სიწმინდის პატივისცემა დაგეხმარება, რომ დაიცხრო ზრუნვის სურვილი და საჭიროების გარეშე ჩარევას მოერიდო. ფაქტია, რომ ხშირად უკეთესია, ახალგაზრდა წყვილს ნება მისცე, თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ზედმეტ უსიამოვნებებს შეხვდე რძლისთვის ან სიძისთვის არასასურველი რჩევის მიცემისას, რომლებიც ქორწინების ასეთ რთულ პერიოდში შეიძლება კრიტიკის მიმართ მეტად მგრძნობიარენი იყვნენ. ზემოხსენებული ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ იმავე სტატიაში გვირჩევს: „დაძლიე გაუთავებლად, თხოვნის გარეშე რჩევების მიცემის სურვილი, რომლებიც სიძეს ან რძალს მტრებად გადაგიქცევენ“. მხარში ამოუდექი შვილებს, მაგრამ შენს ჭკუაზე ნუ ატარებ მათ. კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით შვილისთვის უფრო ადვილს გახდი, რომ შენ მოგმართოს, თუ რჩევა მართლაც დასჭირდება.
გამოაცოცხლე ცოლქმრული ურთიერთობები
მრავალ წყვილს შვილების ცალკე წასვლა შესაძლებლობას აძლევს უფრო გაიუმჯობესონ ურთიერთობა. კარგ მშობლად ყოფნა იმდენ დროსა და ძალ-ღონეს მოითხოვს, რომ ცოლ-ქმარს მხედველობიდან რჩებათ საკუთარი ურთიერთობები. ერთი ცოლი ამბობს: „ახლა, როცა შვილები ცალკე წავიდნენ, კონრადი და მე ვცდილობთ, რომ ერთმანეთს მეტი დრო დავუთმოთ“.
რადგანაც მშობლის ყოველდღიური მოვალეობებიდან განთავისუფლდით, ახლა ერთმანეთისთვის მეტი დრო გექნებათ. ერთი დედა ამბობს: „ახლა თავისუფალი დრო. . . შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტი შევიტყოთ ერთმანეთისა და ჩვენი ურთიერთობის შესახებ, და დავკავდეთ დამაკმაყოფილებელი საქმიანობით“. ის აგრძელებს: „ეს ახლად შესწავლისა და გასაოცარი განვითარების პერიოდია და, თუმცა ზოგჯერ შეიძლება დანაღვლიანდე, ასეთი პერიოდი მაინც გამომაცოცხლებელია“.
ზოგი მშობლისთვის ცხოვრება აგრეთვე ფინანსურად უფრო ადვილი ხდება. ჰობი და საქმე, რომლის მიტოვებაც მოუწიათ, შეუძლიათ ახლა განაგრძონ. იეჰოვას მოწმე ბევრი წყვილი ახალ თავისუფალ დროს სულიერი ინტერესებისთვის იყენებს. ერთი მამა, სახელად გერმანი, გვიხსნის, რომ მან და მისმა მეუღლემ ყურადღება დაუყოვნებლივ მიმართეს სრული დროით მსახურების განახლებაზე, როდესაც მათი შვილები ცალკე წავიდნენ საცხოვრებლად.
როდესაც მარტოხელა მშობლებს შორდებიან
შვილებისგან ცალკე ცხოვრება მარტოხელა მშობლებისთვის შეიძლება განსაკუთრებით ძნელი იყოს. რებეკა, მარტოხელა დედა, რომელსაც ორი ვაჟიშვილი ჰყავს, გვიხსნის: „როდესაც შვილები საცხოვრებლად ცალკე გადადიან, ჩვენ, მარტოხელა მშობლებს, არ გვყავს მეუღლე, რომელიც გვერდში ამოგვიდგება და ჩვენს მიმართ სიყვარულს გამოამჟღავნებს“. მარტოხელა მშობლისთვის შვილები შეიძლება ემოციურად მხარდამჭერნი იყვნენ. და თუ ოჯახის ბიუჯეტში წვლილი შეჰქონდათ, მათმა ცალკე წასვლამ შეიძლება ფინანსური სიძნელეებიც გამოიწვიოს.
ზოგმა მარტოხელა დედამ თავისი ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწორა იმით, რომ ჩაეწერა სპეციალობის სწრაფშემსწავლელ კურსებზე. მაგრამ როგორ შეუძლია პიროვნებას შეავსოს მარტოობით გამოწვეული სიცარიელე? ერთი მარტოხელა დედა ამბობს: „ჩემთვის დამხმარეა ყოველთვის რამის კეთება. შეიძლება ბიბლიის კითხვა, სახლის დალაგება ან უბრალოდ სწრაფი სიარული, ან სირბილი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საშუალება მარტოობის გრძნობის გადასალახავად თანაქრისტიანებთან საუბარია“. დიახ, „იყავით. . გაშლილნი“ და დაამყარეთ ახალი და სიამოვნების მომგვრელი მეგობრული კავშირები (2 კორინთელთა 6:13). იყავით „ვედრებასა და ლოცვაში“, როდესაც განსაკუთრებულად გიჭირთ (1 ტიმოთე 5:5). დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა გაგაძლიერებთ და დაგეხმარებათ ცვლილებების ამ რთულ დროს.
სიხარული შეინარჩუნე დაშორებისას
როგორიც არ უნდა იყოს შენი მდგომარეობა, გახსოვდეს, რომ ცალკე საცხოვრებლად შვილების წასვლით ცხოვრება არ მთავრდება. არც ოჯახური კავშირები ირღვევა. ბიბლიაში აღწერილი ჯანსაღი სიყვარული იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია ადამიანები შეაკავშიროს, თუნდაც ისინი ერთმანეთისგან შორს იყვნენ. მოციქული პავლე გვახსენებს, რომ სიყვარული „ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:7, 8). უანგარო სიყვარული, რომელიც ოჯახში გაგაჩნია, არ დამთავრდება უბრალოდ იმიტომ, რომ შენი შვილები საცხოვრებლად ცალკე წავიდნენ.
საინტერესოა, რომ, როდესაც შვილები ცალკე ცხოვრებით გამოწვეულ სირთულეებს ხვდებიან და ოჯახი ენატრებათ ან ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდიან, ხშირად ისინი პირველები აღადგენენ ხოლმე ურთიერთობას. ჰანსი და ინგრიდი გვირჩევენ: „შვილებს გააგებინეთ, რომ თქვენი სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა“. ხშირი სტუმრობა, წერილები ან ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში ტელეფონით საუბარი დაგეხმარება, რომ მათთან კავშირი გქონდეს. „მოიკითხეთ, თუ როგორ არიან, მათ საქმეში ჩარევის გარეშე“ — ამბობენ ჯეკი და ნორა.
როდესაც შვილები სახლს ტოვებენ, შენი ცხოვრება იცვლება. მაგრამ შესაძლებელია, რომ სახლში შვილების გარეშე ცხოვრება საქმიანი, აქტიური და სასიამოვნო გახადო. ასევე შვილებთან შენი დამოკიდებულებაც იცვლება, თუმცა ის კვლავ სასიხარულო და სასიამოვნო შეიძლება იყოს. „მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, — ამბობენ პროფესორები ჯეფრი ლი და გარი პეტერსონი, — არ გულისხმობს მშობლების მიმართ სიყვარულის, ერთგულებისა და პატივისცემის დაკარგვას. . . სინამდვილეში მჭიდრო ოჯახური კავშირები ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება“. დიახ, არასდროს შეწყვეტ შვილების სიყვარულსა და ყოველთვის მათი მშობელი იქნები. ვინაიდან შენ იმდენად გიყვარს შენი შვილები, რომ მათ დამოუკიდებელი ცხოვრების ნება დართე, მართლაც არ დაგიკარგავს ისინი.
-