საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შობა და ახალი წელი გაამართლებს თქვენს მოლოდინს?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • შობა და ახალი წელი გაამართლებს თქვენს მოლოდინს?

      „პეტრე დიდმა ბრძანება გასცა, რომ 1 იანვარს ყველა ეკლესიაში ახალი წლის აღსანიშნავი მსახურება ჩაეტარებინათ. გარდა ამისა, მან მოითხოვა, რომ სახლის კარის წირთხლები მარადმწვანე მცენარეთა ტოტებით მოერთოთ და მოსკოველებს სიხარულის ნიშნად ერთმანეთისთვის ახალი წელი მიელოცათ“ („პეტრე დიდი — მისი ცხოვრება და მოღვაწეობა“).

  • შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?

      მილიონობით ადამიანისთვის შობა და ახალი წელი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრებისა და დროის მხიარულად გატარების პერიოდია. სხვები კი ფიქრობენ, რომ ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იესო ქრისტეს დაბადებას და იმას, რაც მან კაცობრიობის გადასარჩენად გააკეთა. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რუსეთში შობის დღესასწაულს ხალხი ყოველთვის თავისუფლად ვერ აღნიშნავდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას საუკუნეების განმავლობაში ზეიმობდა, მაგრამ მეოცე საუკუნის უმეტეს პერიოდში ეს დღესასწაული აკრძალული იყო. რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?

      1917 წლიდან, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ მთელ ქვეყანაში ათეისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო. შობა და ახალი წელი რელიგიური ხასიათის გამო კრიტიკის საგნად იქცა. ქვეყანაში შობისა და ახალი წლის საწინააღმდეგო პროპაგანდა წამოიწყეს და საჯაროდაც კი გმობდნენ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ისეთ ტრადიციულ სიმბოლოებს, როგორიცაა საშობაო ნაძვის ხე და თოვლის პაპა.

      1935 წლიდან რუსებმა ამ დღესასწაულების აღნიშვნა ახლებურად დაიწყეს. საბჭოთა ხელისუფლებამ აღადგინა ახალი წლის დღესასწაული და კვლავ დააბრუნა ნაძვის ხე და თოვლის პაპა, მაგრამ ახალ ამპლუაში. თოვლის პაპა საჩუქრებს შობას კი აღარ მიუტანდა ბავშვებს, არამედ ახალ წელს; ხოლო საშობაო ნაძვის ხის ნაცვლად, საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმებოდა. ამგვარად, საბჭოთა კავშირში ახალი წლის დღესასწაულმა შობის დღესასწაული დაჩრდილა.

      შობამ და ახალმა წელმა მთლიანად დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა და არარელიგიურ დღესასწაულად იქცა. საახალწლო ნაძვის ხეს რელიგიურის ნაცვლად ისეთი ფიგურებით რთავდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიღწეულ წარმატებებს ასახავდა. რუსულ ჟურნალ „ვოკრუგ სვეტაში“ ნათქვამია: „საბჭოთა პერიოდის სხვადასხვა წლებში დამზადებული საახალწლო ნაძვის ხის მოსართავები კომუნისტური საზოგადოების შენების ისტორიას გაგახსენებთ. სათამაშო ბაჭიებთან, ყინულის ლოლოებთან და პურის კვერებთან ერთად, ნამგლის, უროსა და ტრაქტორის ფორმის საახალწლო მოსართავები იყიდებოდა. მოგვიანებით ისინი მაღაროელების, კოსმონავტების, ნავთობის საბურღი მანქანების, რაკეტებისა და მთვარემავლების ფიგურებმა შეცვალა“.

      რაც შეეხება შობას, ის დღესასწაულად აღარ ითვლებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს დღე ჩვეულებრივ სამუშაო დღედ გამოაცხადა. მას, ვისაც მაინც სურდა შობის დღესასწაულის აღნიშვნა, ეს ჩუმად უნდა გაეკეთებინა, რათა ხელისუფლების უკმაყოფილება არ გამოეწვია და არასასურველი შედეგები თავიდან აეცილებინა. ამგვარად, XX საუკუნის რუსეთში შობამ საერთოდ დაკარგა რელიგიური ხასიათი.

      ახლო წარსულში მომხდარი ცვლილება

      1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხმა უფრო მეტი თავისუფლება მოიპოვა. ათეისტური პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა. ახლად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ ქვეყნებში, ძირითადად, ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილი იყო. ბევრ მორწმუნეს საშუალება მიეცა, თავისუფლად მიჰყოლოდა თავის რელიგიურ აღმსარებლობას. მათი აზრით, რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება შობის დღესასწაულის აღნიშვნა იქნებოდა. მაგრამ მალე ბევრს იმედები გაუცრუვდა. რატომ?

      დროთა განმავლობაში შობის დღესასწაული უფრო და უფრო კომერციულ ხასიათს იღებდა. ფაქტობრივად, ისევე როგორც დასავლეთში, რუსეთშიც შობის დღესასწაული ფულის შოვნის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა მეწარმეებისთვის, კომერსანტებისა და ბითუმად მოვაჭრეებისთვის. წინასადღესასწაულო პერიოდში მაღაზიების ვიტრინები საშობაო მოსართავებით ირთვება; ისმის დასავლური სტილის საშობაო მუსიკა და სიმღერები, რაც ადრე უცხო იყო რუსეთისთვის. მატარებლებსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამყიდველები საშობაო და საახალწლო სუვენირებით სავსე ჩანთებს დაატარებენ და მგზავრებს თავიანთ საქონელს სთავაზობენ. აი, ასეთ სურათს იხილავთ დღეს რუსეთში შობის პერიოდში.

      ისინიც კი, რომლებიც ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ამ დროს კომერციული სულია გამეფებული, შესაძლოა დღესასწაულების თანმხლებმა ისეთმა ფაქტორებმა გააღიზიანოთ, როგორიცაა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და მისი საზიანო შედეგები. მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მიმღებში მომსახურე ექიმმა აღნიშნა: „ახალი წლის პერიოდში უამრავი პაციენტი გვყავს სხეულის მსუბუქი დაზიანებითა თუ დანით ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სერიოზული ჭრილობებით. ასეთი შემთხვევები ხშირად ოჯახური ძალადობის, სიმთვრალეში მომხდარი ჩხუბის ან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგია“. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთმა უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა თქვა: „ამ პერიოდში სმის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები საგრძნობლად იზრდება. ამ მხრივ 2000 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ასევე მოიმატა მკვლელობებისა და თვითმკვლელობების რიცხვმა“.

      სამწუხაროდ, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ერთი ფაქტორი. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „რუსები შობას ორჯერ ზეიმობენ“, ნათქვამია: «რუსეთში თითქმის ყოველი მეათე ადამიანი შობას ორჯერ ზეიმობს. როგორც ერთ-ერთი სოციოლოგიური სამსახური [„რომირ-მონიტორინგი“] იუწყება, რესპოდენტთა 8 პროცენტმა თქვა, რომ შობას 25 დეკემბერსაც ზეიმობს (კათოლიკური საეკლესიო კალენდრის მიხედვით) და 7 იანვარსაც (მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით) . . . როგორც ჩანს, ზოგისთვის შობის დღესასწაულის აღნიშნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რელიგიური ხასიათი»a.

  • შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • a რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე იულიუსის კალენდარს იყენებდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გრიგორიანული კალენდარი ჰქონდათ. 1917 წელს იულიუსის კალენდარი 13 დღით ჩამორჩებოდა გრიგორიანულს. რევოლუციის შემდეგ საბჭოთა მთავრობაც გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას იულიუსის კალენდრის მიხედვით, ძველი სტილით განაგრძობდა. ამიტომ რუსეთში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 7 იანვარი იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს შეესატყვისება. აქედან გამომდინარე, რუსეთში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს მრავალი ადამიანი შემდეგნაირად აღნიშნავს: 25 დეკემბერი — კათოლიკური შობა; 1 იანვარი — ახალი წელი; 7 იანვარი — მართლმადიდებლური შობა; 14 იანვარი — ახალი წელი ძველი სტილით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება