გეგმა ოჯახისთვის — ოჯახური შესწავლა
1 უდიდესი ძღვენი, რომელიც შენ, როგორც ქრისტიან მშობელს, შეგიძლია გადასცე შვილებს, იეჰოვასადმი სიყვარულია. ეს მნიშვნელოვანი საკითხი შეგიძლია გაითვალისწინო „სახლში ჯდომისას“, ბიბლიის ყოველკვირეულ ოჯახურ შესწავლაზე (რჯლ. 6:5—7). მორწმუნე მეუღლე გყავს, რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობ თუ მარტოხელა მშობელი ხარ, რეგულარული ოჯახური შესწავლის საშუალებით შეგიძლია დაეხმარო შვილებს, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც იეჰოვასთან, ისე შენთან.
2 დაიწყე ოჯახური შესწავლა. ამისათვის უპირველესად საჭიროა ოჯახური შესწავლის ჩვევის განვითარება. თუ ვერ გადაგიწყვეტია, როდის ჩაატარო შესწავლა, კარგი იქნებოდა ამ საკითხის ოჯახთან ერთად განხილვა (იგავ. 15:22). თუ პატარები გყავს, შეიძლება ამჯობინო, რომ შესწავლა კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაატარო მცირე დროით. განსაზღვრე, თუ რომელი გეგმაა უფრო მოსახერხებელი შენი ოჯახისთვის. ოჯახურ გეგმაში მიუთითე შესწავლის დაწყების ზუსტი დრო და მტკიცედ გადაწყვიტე, რომ მიჰყვე მას.
3 რის განხილვა შეგიძლია შესწავლაზე? ზოგი წიგნის შესწავლასა თუ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე განსახილველ მასალას ამზადებს. სხვები განიხილავენ მასალას, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ახალგაზრდა ქალ-ვაჟის მამამ თქვა: «ერთი რამ, რაც ყოველკვირეულად ჩვენს შესწავლას ყველაზე საინტერესოს ხდის ბავშვებისთვის, არის სცენების შესრულება წიგნიდან „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. ის, თუ რამხელა შთაბეჭდილებას ახდენს ეს ბავშვებზე და რამდენად ეხმარება მათ გაგებაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რამდენ აბზაცს გავივლით».
4 ჩაატარეთ ყოველკვირა. ოჯახური შესწავლა რეგულარულად უნდა ტარდებოდეს და ოჯახის წევრები მასში დიდი სიხარულით უნდა იღებდნენ მონაწილეობას. შეიძლება გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო აუცილებელი გახდეს, რომ დღე და დრო შეიცვალოს ან შეიძლება საჭირო იყოს ცვლილებების შეტანა გეგმაში. მაგრამ ნებისმიერი ასეთი ცვლილება არ უნდა გახდეს ოჯახური შესწავლის გეგმის ხშირად შეცვლის მიზეზი. ერთი გოგონა აღნიშნავს: „თუ შესწავლის დრო უნდა შეცვლილიყო, მამა ყოველთვის გვატყობინებდა ამის შესახებ. ის მაცივრის კარზე აკრავდა ფურცელს, სადაც დრო იყო მითითებული“. მართლაც რა საქებარია ასეთი ძალისხმევის გამოვლენა, რათა რეგულარულად ჩატარდეს ოჯახური შესწავლა! შვილებზე ზრუნვით, რომ ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდო და დაარიგო’ ისინი, სიყვარულს ავლენ როგორც მათდამი, ისე ჩვენი ზეციერი მამისადმი (ეფეს. 6:4).