როგორ მონაწილეობს მთელი ოჯახი — ბიბლიის შესწავლაში
1 თუმცა ჭეშმარიტება აზრს მატებს ოჯახურ ცხოვრებას, შემდგომი წარმატებები იეჰოვას მსახურებაში თავისთავად არ მოდის. სულიერად ძლიერი ოჯახის აშენება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ოჯახის ერთსულოვნება. ეს სტატია, რომელიც პირველია სამნაწილიანი სტატიების სერიაში, ყურადღებას გაამახვილებს ოჯახში შესწავლის კარგი ჩვევების განვითარებაზე.
2 ბიბლიის ყოველდღიური კითხვა. იგავნის 24:5-ში ნათქვამია, რომ ‘მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე ძლიერია’. ცოდნა, რომელსაც ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვით ვიღებთ, გვაძლევს საჭირო შინაგან ძალებს, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის თავდასხმებს ჩვენს სულიერობაზე (ფსალმ. 1:1, 2). კითხულობთ ყოველდღე ბიბლიას ერთად? თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმაში მოცემულია „ბიბლიის კითხვის დამატებითი გეგმა“ წლის ყოველი კვირისთვის. მას რომ მივყვეთ, ყოველდღიურად საჭიროა, სულ ცოტა, ათი წუთი. ბიბლიის წასაკითხად და ყოველდღიური მუხლის გასარჩევად ბროშურიდან „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ შეარჩიეთ ხელსაყრელი დრო, მაგალითად საუზმისას, ვახშმის შემდეგ ან ძილის წინ. ეს თქვენი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციეთ.
3 ყოველკვირეული შესწავლა. ბიბლიის ყოველკვირეული ოჯახური შესწავლა მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა იყოს. ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა შეუწყოს მას ხელი შესწავლაში გულმოდგინე მონაწილეობით. ოჯახის თავმა უნდა გაითვალისწინოს ოჯახის მოთხოვნილებები, როცა ირჩევს შესასწავლ მასალას, შესწავლის დღეს, დროსა და ხანგრძლივობას. ოჯახურ შესწავლას პირველი ადგილი დაუთმეთ ყოველკვირეულ გეგმაში. არ დაუშვათ, რომ უმნიშვნელო საქმეებმა ჩაგიშალოთ შესწავლა (ფილ. 1:10, 11).
4 ერთი მამა, რომელსაც ხშირად ურეკავდნენ სამუშაო საქმეებზე, ოჯახური შესწავლის დროს ტელეფონს ქსლიდან რთავდა. თუ კლიენტები სახლში აკითხავდნენ, ის მათ სთავაზობდა, დასწრებოდნენ შესწავლას ან დალოდებოდნენ. ეს მამა ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ოჯახური შესწავლა შეუფერხებლად ჩატარებულიყო. ამით შვილებსაც კარგ მაგალითს აძლევდა და თავის საქმეშიც წარმატებული იყო.
5 რა სასიამოვნოა, როდესაც ოჯახის წევრები ერთად მონაწილეობენ სულიერ საქმეებში! თუ მთელი ოჯახი ერთგულად ცდილობს, ბიბლიის ოჯახურ შესწავლაში მონაწილეობას, იეჰოვას კურთხევას მოიმკის (ფსალმ. 1:3).