როგორ გამოიყურებოდა იესო?
იესოს გარეგნობის შესახებ ისტორიულ ცნობებზე დიდი გავლენა მოახდინა რამდენიმე ფაქტორმა. ამით აიხსნება ის, რომ მას ასე სხვადასხვანაირად გამოსახავენ ხელოვნებაში.
ამ ფაქტორთაგან აღსანიშნავია ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და დრო, რომელშიც ნახატი იქნა შესრულებული. გარდა ამისა, მხატვრებისა და მათი დამვალებლების რელიგიური მრწამსი გავლენას ახდენდა მათ მიერ იესოს გარეგნობის აღწერაზე.
საუკუნეების მანძილზე ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიცაა: მიქელანჯელო, რემბრანდტი და რუბენსი, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქრისტეს გარეგნობას. მათმა ნამუშევრებმა, რომლებიც ხშირად სიმბოლიზმითა და მისტიციზმით იყო შემკული, დიდი გავლენა მოახდინა იესოს გარეგნობის შესახებ საერთო წარმოდგენაზე. მაგრამ რაზე იყო მათი შეხედულება დაფუძნებული?
რას ამბობს საერო ისტორია
ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის პერიოდით თარიღდება (ახ. წ. 280—337), ხშირად აღწერდა იესოს ახალგაზრდა ‘კეთილ მწყემსად’, რომელსაც გრძელი ხვეული ან მოკლე თმა ჰქონდა. მაგრამ ამის შესახებ ერთი წიგნი ამბობს: „როგორც თემა, კეთილი მწყემსი ძველი [წარმართული] ბერძნული და ეგვიპტური ხელოვნებიდან მომდინარეობს, მაგრამ დღეს ის ქრისტიანული სამწყსოს ერთგული მფარველის სიმბოლოა“ (Art Through the Ages).
დროთა განმავლობაში წარმართული აზროვნების გავლენა კიდევ უფრო აშკარა გახდა. ამ წიგნში შემდეგ ნათქვამია: „იესოს აიგივებდნენ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ცნობილ ღვთაებებთან, განსაკუთრებით ჰელიოსთან (აპოლონი), მზის ღმერთთან [რომლის შარავანდიც მოგვიანებით იესოს, შემდეგ კი „წმინდანებს“ დაადგეს], ანუ მის შედარებით ძველ აღმოსავლურ ვარიანტთან, სოლ ინვიქტუსთან (დაუძლეველი მზე)“. რომში წმინდა პეტრეს ტაძართან აღმოჩენილ მავზოლეუმში იესო გამოსახულია აპოლონის სახით, „რომელიც ცაში მიაქროლებს მზიურ ეტლს“.
მაგრამ ეს ახალგაზრდული გარეგნობა დიდხანს არ შემორჩენილა. თავის წიგნში ადოლფ დიდრონმა აღნიშნა, თუ რა მოხდა: „რაც უფრო დიდი ხნის ხდება თვითონ ქრისტიანობა, მით უფრო „ბერდება“ იესოს ახალგაზრდული სხეული“ (Christian Iconography).
მე-13 საუკუნით დათარიღებულ ტექსტში, რომელსაც ვინმე პუბლიუს ლენტულუსის მიერ რომის სენატისადმი გაგზავნილ წერილად ასაღებენ, აღწერილია იესოს გარეგნობა და ნათქვამია, რომ მას ჰქონდა „ღია ყავისფერი, ყურებამდე გადატკეცილი, შემდეგ კი უფრო მუქი ხვეული, მხრებზე დაყრილი, შუაზე გადაყოფილი თმა. . . თმის ფერივე, ნიკაპთან ოდნავ გაყოფილი, მოკლე წვერი,. . . ნაცრისფერი ნათელი თვალები“.
ამ ყალბმა პორტრეტმა მოგვიანებით ბევრ მხატვარზე მოახდინა გავლენა. „დროის ყველა მონაკვეთში ხალხისთვის სასურველი იესოს ტიპი იქმნებოდა“,— ნათქვამია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ (New Catholic Encyclopedia).
იმავეს თქმა შეიძლება რასებსა და რელიგიებზე. აფრიკის, ამერიკისა და აზიის რელიგიური ხელოვნება გამოსახავს გრძელთმიანი ქრისტეს დასავლურ პორტრეტს, მაგრამ მის გარეგნობას დროდადრო „ადგილობრივებისთვის დამახასიათებელ ნაკვთებს“ მატებდნენ, ნათქვამია იმავე ენციკლოპედიაში.
პროტესტანტებსაც ჰყავდათ თავიანთი მხატვრები და ისინიც თავისებურად გადმოსცემდნენ ქრისტეს გარეგნობას. ფ. მ. გოდფრიმ თავის წიგნში აღნიშნა: „რემბრანდტის დამწუხრებულ ქრისტეში გადმოცემულია პროტესტანტული განწყობილება, იესო ნაღვლიანი, ფერმიხდილი, მკაცრია. . . მასში ასახულია საკუთარი თავის უარმყოფელი პროტესტანტული სული“. ეს გამოიხატება «მის სიგამხდრეში, — ამბობს ის, — მის თავგანწირულობაში, „თავმდაბლობაში, მგრძნობიარობასა და სერიოზულობაში“, ასე აღიქვამდა [რემბრანდტი] ქრისტიანულ თქმულებას».
მაგრამ, როგორც ახლა დავინახავთ, წარმოდგენა, თითქოს ქრისტე იყო სუსტი, შარავანდით შემოსილი, ნაზი, სევდიანი და გრძელთმიანი, როგორც ის ხშირად ქრისტიანული სამყაროს ხელოვნებაშია გადმოცემული, არასწორია. იესო სრულიად განსხვავებულადაა აღწერილი ბიბლიაში.
ბიბლია და იესოს გარეგნობა
როგორც ‘ღვთის კრავს’, იესოს ნაკლი არ ჰქონდა, ასე რომ, ეჭვგარეშეა, ის კარგი გარეგნობის მამაკაცი იყო (იოანე 1:29; ებრაელთა 7:26). იესო, რასაკვირველია, ყოველთვის არ იყო დამწუხრებული, როგორც მას ხალხური ხელოვნება წარმოგვიდგენს. მართალია, ცხოვრებაში მრავალი უსიამოვნება გადახდა, მაგრამ საერთოდ, ხასიათით ის მამამისის, „ნეტარი ღმერთის“, ანარეკლია (1 ტიმოთე 1:11, აფ; ლუკა 10:21; ებრაელთა 1:3).
ჰქონდა იესოს გრძელი თმა? მხოლოდ მოწმიდარებს არ უნდა შეეჭრათ თმა და დაელიათ ღვინო, იესო კი არ იყო მოწმიდარი. აქედან გამომდინარე მას, როგორც სხვა იუდეველ მამაკაცებს, კოხტად შეჭრილი თმა ჰქონდა (რიცხვნი 6:2–7). ის ზომიერად ღვინოსაც სვამდა სხვებთან ერთად, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ არ იყო უსიხარულო ადამიანი (ლუკა 7:34). მან გალილეის კანაში საქორწინო ნადიმზე სასწაულებრივი სახით ღვინო გააჩინა (იოანე 2:1–11). როგორც ჩანს, ის ატარებდა წვერს, რაც მისი ტანჯვის შესახებ წინასწარმეტყველებიდან ჩანს (ესაია 50:6).
რა შეიძლება ითქვას მის კანის ფერსა და სახის ნაკვთებზე? შესაძლებელია ისინი მას სემიტური ჰქონდა. სახის ნაკვთებით ის შესაძლოა ჰგავდა დედას, მარიამს, რომელიც იუდეველი იყო. მარიამის წინაპრები იუდეველები იყვნენ. ასე რომ, შესაძლებელია იესოს იუდევლებისთვის დამახასიათებელი კანის ფერი და სახის ნაკვთები ჰქონდა.
როგორც ჩანს, იესო არც თავის მოციქულებს შორის გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, რადგან იუდას, იმისათვის რომ მტრებს ეცნოთ იესო, უნდა ეკოცნა მისთვის. ასე რომ, იესოს შეეძლო ადვილად გარეულიყო ხალხში. ერთხელ მან გალილეიდან იერუსალიმში ისე იმგზავრა, რომ ვერ იცნეს (მარკოზი 14:44; იოანე 7:10, 11).
ზოგს ჰგონია, რომ იესო სუსტი უნდა ყოფილიყო. რატომ ფიქრობენ ისინი ასე? იმიტომ რომ მას დახმარება დასჭირდა წამების ბოძის ტარებაში. აგრეთვე იმიტომ, რომ ძელებზე გაკრული სამი მამაკაციდან ის პირველი მოკვდა (ლუკა 23:26; იოანე 19:17, 32, 33).
იესო არ იყო სუსტი
ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ბიბლია არ აღწერს იესოს, როგორც სუსტსა და ნაზს. პირიქით, ის ამბობს, რომ მას ახალგაზრდასაც კი «ემატებოდა სიბრძნე და ასაკი [„სიძლიერე“, აქ], და მადლი ღმერთთან და კაცთან» (ლუკა 2:52). ცხოვრების უმეტესი ნაწილი ის დურგალი იყო. ამ საქმეს სუსტი და თხელი აღნაგობის მქონე ვერ შეასრულებდა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც არ იყო თანამედროვე ჩარხები (მარკოზი 6:3). გარდა ამისა, იესომ ტაძრიდან გარეკა საქონელი, ცხვარი და ფულის გადამცვლელებს მაგიდები ამოუყირავა (იოანე 2:14, 15). ესეც მის მამაკაცურობასა და ძლიერებაზე მეტყველებს.
დედამიწაზე ცხოვრების ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში იესო ასობით კილომეტრს გადიოდა სამქადაგებლო მოგზაურობებისას. მიუხედავად ამისა, მოწაფეებს არასდროს შეუთავაზებიათ მისთვის, ‘დაესვენა’. იესო კი ეუბნებოდა მათ, რომელთა შორის ღონიერი მეთევზეებიც იყვნენ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“ (მარკოზი 6:31).
მართლაცდა, „მთელს სახარებაში ჩანს, რომ [იესო] ძლიერი და ენერგიული იყო“,— ნათქვამია მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში. მაშინ რატომ დასჭირდა მას დახმარება წამების ბოძის ტარებაში და მასთან ერთად ძელზე გაკრულებს შორის რატომ მოკვდა ის პირველი?
ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იესო ძალიან განიცდიდა. როდესაც მისი წამების დრო ახლოვდებოდა, მან თქვა: „ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორ შეჭირვებული ვარ, ვიდრე ეს აღსრულდება“ (ლუკა 12:50). ბოლო ღამეს ეს განცდა „ტანჯვაში“ გადაიზარდა: „ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:44). იესომ იცოდა, რომ კაცობრიობის მარადიული სიცოცხლის იმედი სიკვდილამდე მის უმწიკვლოებაზე იყო დამოკიდებული. ეს დიდი ტვირთი იყო! (მათე 20:18, 19, 28). მან აგრეთვე იცოდა, რომ ღვთის ერის მიერ ნაწამები უნდა ყოფილიყო, როგორც „წყეული“ ბოროტმოქმედი. ამიტომ განიცდიდა, რომ არ შეერცხვინა მამამისი (გალატელთა 3:13; ფსალმუნი 39:7, 8; საქმეები 8:32).
გაცემის შემდეგ იესო სასტიკად აწამეს. ყალბ სასამართლოზე, რომელიც ნაშუაღამევს გაიმართა, მაღალი ფენის წარმომადგენლები დასცინოდნენ, აფურთხებდნენ და მუშტებს ურტყამდნენ. ღამის სასამართლოსთვის რომ კანონიერის სახე მიეცათ, დილითვე მეორე სასამართლო გაიმართა. მასზე იესო ჯერ პილატემ დაკითხა; შემდეგ ჰეროდემ, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად დასცინოდა მას; შემდეგ კი ისევ პილატემ. ბოლოს პილატემ გააშოლტვინა იგი. ეს არ იყო ჩვეულებრივი გაშოლტვა. ერთ ჟურნალში (Journal of the American Medical Association) რომში არსებულ გაშოლტვის ჩვეულებაზე ნათქვამი იყო:
„ჩვეულებრივ, იარაღი იყო მოკლე შოლტი, რომელიც რამდენიმე ცალკეული ან დაწნული სხვადასხვა სიგრძის ტყავის თასმისგან შედგებოდა. მათზე პატარა რკინის ბურთულები ან ცხვრის ძვლების ბასრი ნატეხები [იყო] მიმაგრებული. . . რადგანაც რომაელი ჯარისკაცები მთელი ძალით არაერთხელ არტყამდნენ მსხვერპლს ზურგზე, რკინის ბურთულები დაჟეჟილობას იწვევდა, ტყავის შოლტი და ცხვრის ძვლები კანსა და კუნთებს ჭრიდა, ძვლებამდე აღწევდა და სხეულს სისხლიან ნაფლეთებად აქცევდა“.
ნათელია, რომ იესოს ძალა გამოელია მანამ, სანამ ის ძელის წონის გამო წაიქცეოდა. ფაქტიურად, იმავე ჟურნალში ნათქვამია: „იუდევლებისა და რომაელების მიერ ფიზიკურმა და სულიერმა შეურაცხყოფამ, აგრეთვე საკვების, წყლისა და ძილის უკმარისობამ, გამოიწვია მისი დასუსტება. მაშასადამე, ჯვარცმის წინ იესოს ფიზიკური მდგომარეობა უკვე სერიოზული, შეიძლება კრიტიკულიც კი იყო“.
არის მისი გარეგნობა მნიშვნელოვანი?
ლენტულუსის მიერ აღწერილი ყალბი პორტრეტიდან და სახელგანთქმული მხატვრების ნამუშევრებიდან დაწყებული თანამედროვე ვიტრაჟიანი სარკმელებით დამთავრებული — ყველაფერი, რაც თვალს ხიბლავს, როგორც ჩანს, ქრისტიანული სამყაროს აღფრთოვანებას იწვევს. „იესო ქრისტეს გამოსახულების არაჩვეულებრივი ზემოქმედება შენარჩუნებული უნდა იქნეს“, — თქვა ტურინის არქიეპისკოპოსმა, დიდი კამათის გამომწვევი, „ტურინის სუდარის“ მცველმა.
ღვთის სიტყვა კი განზრახ არაფერს არ ახსენებს იესოს გარეგნობის ასეთ ‘ზემოქმედების’ მომხდენ დეტალებზე. რატომ? ეს დეტალები ადამიანს ყურადღებას გადაატანინებდა ბიბლიური შემეცნებიდან, რომელსაც მარადიულ ცხოვრებამდე მივყევართ (იოანე 17:3). თვითონ იესო — ჩვენი მაგალითი — ‘არ უყურებს’ და არ თვლის მნიშვნელოვნად „კაცთა გარეგნობას“ (მათე 22:16; შეადარეთ გალატელთა 2:6). იესოს გარეგნობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, როდესაც არაფერია ამაზე ნახსენები ინსპირირებულ სახარებებში, ეწინააღმდეგება ბიბლიას. როგორც შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, იესოს აღარა აქვს ისეთი სხეული, როგორიც ადამიანსa.
[სქოლიო]
a რა თქმა უნდა, ბიბლიის შესწავლისას არ არის საზიანო იესოს სურათების გამოყენება. ისინი ხშირად გვხვდება საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში. მაგრამ ეს არ არის იმის მცდელობა, რომ გამოვიწვიოთ მისტიკურობა და შიშნარევი მოწიწება, ან ხელი შევუწყოთ არაბიბლიურ აზრებს, სიმბოლოებსა და თაყვანისცემას.
[სურათები 7 გვერდზე]
სუსტი, ფერმიხდილი ქრისტე, როგორც მას ქრისტიანული სამყაროს მხატვრები ხატავენ და იესოს გარეგნობა ბიბლიის მიხედვით.
[საავტორო უფლება]
Jesus Preaching at the Sea of Galilee by Gustave Doré