საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • სერბიის თანამედროვე ისტორია

      სერბია მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის შუაგულში, სადაც სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ქალაქ ბელგრადში 1935 წელს ფუნქციონირება დაიწყო ფილიალმა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს უწევდა ზედამხედველობას, ამან კი, თავის მხრივ, არნახულ თეოკრატიულ ზრდას შეუწყო ხელი. როგორ დაეხმარნენ სერბი ძმები ბოლო ათწლეულში ახალჩამოყალიბებულ ქვეყნებში მცხოვრებ თანამორწმუნეებს?

      მაშინ, როცა რესპუბლიკებს შორის საზღვრები იკეტებოდა, ხოლო რელიგიური და რასობრივი სიძულვილი ღვივდებოდა, ზაგრების ოფისში სხვადასხვა ეროვნების ძმები ერთმანეთთან მშვიდობიანად თანამშრომლობდნენ. მაგრამ ბეთელს გარეთ ისე დაიძაბა მდგომარეობა, რომ სერბი ძმები იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. 1992 წელს ბელგრადის (სერბია) ბეთელში ისევ განახლდა ლიტერატურის თარგმნა სერბულ ენაზე, როგორც ეს 50 წლის წინათ ხდებოდა. იმ დროისათვის სერბი ძმების მიერ ხორვატიის დატოვება დროული აღმოჩნდა.

      ბოსნიაში, ომიანობის პერიოდში, საჭირო იყო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. ავსტრიის ფილიალის ხელმძღვანელობით ბოსნიის იმ ნაწილში, რომელსაც სერბები აკონტროლებდნენ, ჰუმანიტარული დახმარება სწორედ სერბმა ძმებმა შეიტანეს.

      მართალია, სერბიაში ომი არ იყო, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ომებმა სერბიაზეც დატოვა თავისი კვალი. ეკონომიკური ემბარგოს გამო გართულდა ლიტერატურის მიღება გერმანიიდან (ლიტერატურა გერმანიაში იბეჭდებოდა). ახალი ჟურნალების მიღებამდე და-ძმები ძველ ჟურნალებს კითხულობდნენ; თუმცა საბოლოოდ მაინც ახერხებდნენ ყველა ნომრის წაკითხვას.

      „გამაძლიერებელნი“

      „1991 წელს სერბიაში ჩასულებს — იხსენებს გალაადის კურსდამთავრებული დანიელ ნიზანი, — დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაგვხვდა. მიუხედავად ამისა, ძმები უშიშრად განაგრძობდნენ მსახურებას, რამაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაოცებას ვერ ვმალავდით, როდესაც სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე იქ პირველად ვესწრებოდით, 50 კაცი ელოდა მონათვლას. ამან ძალიან გაგვამხნევა!“

      ნიზანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბელგრადის ოფისის ამოქმედებაში. თავდაპირველად, ოფისი, რომელიც მილორადა მიტროვიჩას ქუჩაზე მდებარეობდა, მხოლოდ ათი კაცისთვის იყო განკუთვნილი. პირველ სართულზე სამეფო დარბაზი იყო. მთარგმნელობითი ჯგუფის ზრდასთან ერთად დამატებითი ოთახების საჭიროება შეიქმნა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ტერიტორია შეიძინეს და დაიწყო მშენებლობა. 1995 წლის ბოლოს ბეთელის ოჯახი ახალ შენობებში გადავიდა.

      რაც უფრო იძაბებოდა პოლიტიკური ვითარება, მით უფრო მეტი ადამიანი ეხმაურებოდა ჭეშმარიტებას. მაუწყებელთა რიცხვის მატებასთან ერთად იზრდებოდა კარგი ორგანიზებულობის აუცილებლობაც. იტალიიდან სერბიაში თავგანწირვის სულისკვეთების მქონე ენერგიული სპეციალური პიონერები ჩავიდნენ. მართალია, მათთვის ადვილი არ ყოფილა ახალი ენის სწავლა და უცხო კულტურასთან შეგუება, თანაც ომიანობის დროს, მაგრამ სერბი ძმების განსამტკიცებლად მათი ჩასვლა ნამდვილად ღირდა (კოლ. 4:11).

      უცხოეთიდან ჩასულმა პიონერებმა სერბ და-ძმებს მრავალმხრივი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ „მათ დიდი თეოკრატიული გამოცდილება ჩამოიტანეს თან“, — აღნიშნავს რაინ შოლცი, სერბიის ქვეყნის კომიტეტის კოორდინატორი. სერბიაში დღეს 55 კრებაა. კრების წევრები აშკარად გამოხატავენ თავიანთ მადლიერებას 70 სპეციალური პიონერის გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.

      ჰიპერინფლაციის საშინელი შედეგები

      სერბია ვერ გადაურჩა ომით გამოწვეულ ზარალს. მის ეკონომიკაზე განსაკუთრებით ჰიპერინფლაციამ იმოქმედა. როგორც ერთ წყაროში იყო აღნიშნული, „116 დღის განმავლობაში, კერძოდ 1993 წლის ოქტომბრიდან 1994 წლის 24 იანვრამდე ინფლაციის ზრდის ტემპმა 500 ტრილიონი პროცენტი შეადგინა“. მირა ბლაგოევიჩი, რომელიც 1982 წლიდან ბეთელში მსახურობს, იხსენებს, რომ ცოტაოდენი ბოსტნეულის საყიდლად ერთი ჩანთა ფული იყო საჭირო.

      ერთი და, გორდანა სირიშკი იხსენებს, რომ დედამისის პენსიით ერთი ტუალეტის ქაღალდის მეტს ვერაფერს ყიდულობდნენ. „წარმოდგენა არა მაქვს, რით სულდგმულობდა ხალხი, — ჰყვება გორდანა. — ყველაფერს უცბად ეკარგებოდა ფასი. ჩვენი საერთაშორისო საძმო საზღვარგარეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებას გვიგზავნიდა. ბევრმა დაკარგა ნდობა ბანკებისა და მთავრობის მიმართ, მაგრამ ღვთის მიმართ გაუჩნდა რწმენა. ძმებიც უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს“.

      ბიბლიის თარგმნა

      ზაგრებში იუგოსლავიის მთარგმნელობითი ჯგუფები წლების მანძილზე მუშაობდნენ ერთად. ომის შემდეგ ყველა მთარგმნელობითი ჯგუფი თავის ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა ხორვატულ მთარგმნელობით ჯგუფთან არც ერთს არ გაუწყვეტია კავშირი. მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სერბულ მთარგმნელობით ჯგუფს დაეხმარა, რომელიც მაშინ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ იწყებდა მუშაობას. მათი მიზანი იყო, წიგნის გამოცემა 1999 წლის საოლქო კონგრესზე გამოცხადებულიყო.

      ბიბლიის თარგმნა თითქმის დამთავრებული ჰქონდათ, როდესაც თვითმფრინავებმა სერბიის დაბომბვა დაიწყეს. ბომბები, ძირითადად, ბელგრადში ეცემოდა, სადაც ბეთელი მდებარეობდა. ერთ-ერთი მთარგმნელი იხსენებს: „ყველაზე ინტენსიური დაბომბვის დროსაც კი ფაქსით მზა ტექსტი ჩვეულებრივად იგზავნებოდა გერმანიაში დასაბეჭდად. ხშირად გვიწევდა მუშაობის შეწყვეტა და ბეთელის თავშესაფრისკენ გაქცევა. დენი იშვიათად მოდიოდა. დაძაბულები ვმუშაობდით, წიგნზე მუშაობის დასრულება კონგრესამდე რომ მოგვესწრო“.

      მძიმე შრომითა და იეჰოვას კურთხევით 1999 წლის ივლისში სერბულ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოვიდა. გახარებული დელეგატები მადლიერნი იყვნენ, ღვთის სიტყვა რომ მშობლიურ ენაზე მიიღეს; 2006 წელს კი საოლქო კონგრესებზე ლათინური და კირილიცა შრიფტით სრული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა გამოცხადდა.

      რელიგიური წინააღმდეგობა იზრდება

      სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენა იმდენად დიდია, რომ სერბები ეროვნებას მართლმადიდებლობასთან აიგივებენ. მათი აზრით, ყველა სერბი მართლმადიდებელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებში ბევრმა მიიღო სასიხარულო ცნობა. 1999 წლისთვის, ომის დამთავრებისას მაუწყებელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 4 026-ს მიაღწია.

      იეჰოვას ხალხის წარმატებულმა საქმიანობამ მართლმადიდებლური ეკლესია განარისხა. ხალხში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებით ეკლესია სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას ცდილობდა. ძმების გასატეხად მოწინააღმდეგეები ძალადობას მიმართავდნენ და ქვეყნის კანონებს სათავისოდ იყენებდნენ. იმ დროს ნეიტრალიტეტის დაცვის გამო 21 ძმა იჯდა ციხეში. უმეტესობა ომის დამთავრების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. ეს ძმები მადლიერები იყვნენ იეჰოვასი, რომ განსაცდელების დროს მათ რწმენა განუმტკიცა.

      2001 წლის 9 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა აკრძალა. მათი მტკიცებით, ჩვენი პუბლიკაციები ახალგაზრდებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. აკრძალულ პუბლიკაციათა სიაში ბიბლიაც შეეტანათ.

      მასმედიის გავლენით გახელებული მობინადრეები ზოგჯერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. „კარდაკარ მსახურების დროს არც მუშტს გვაკლებდნენ და არც სილას, — იხსენებს ერთი სპეციალური პიონერი. — ზოგჯერ ქვებსაც კი გვესროდნენ“. სამეფო დარბაზებსაც აზიანებდნენ. მართალია, დღეს კანონიერად ნებადართულია კრების შეხვედრების ჩატარება, მაგრამ ძმები მაინც ფრთხილობენ.

      ყველაფრის მიუხედავად, ძმები აქტიურად მსახურობენ. ხალხი ხედავს, რომ მათ შორის ერთიანობა და ქრისტიანული სიყვარულია. ბოლო წლებში ორგანიზება გაეწია სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიებს. ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად და დაუმუშავებელ ტერიტორიებზე საქადაგებლად ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები და-ძმები შვებულებით სერბიასა და მონტენეგროში ჩადიოდნენ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა დაახლოებით სამ მილიონ კაცს ექადაგოს.

      დღეს ბელგრადის ბეთელის ტერიტორიას სამი შენობა და რამდენიმე ლამაზი ბაღი ამშვენებს. სერბიასა და მონტენეგროში სამქადაგებლო საქმიანობას ქვეყნის კომიტეტის სამი წევრი ხელმძღვანელობს. ამიერიდან სერბიის ხსენებაზე შეიძლება გაგახსენდეთ არა ომგადახდილი ქვეყანა, არამედ გაბედული და გულმოდგინე იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც ღვთის კურთხევა არ მოჰკლებიათ.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [ჩარჩო⁄სურათი 232 გვერდზე]

      „რაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ“

      შანდორ პალფი

      დაიბადა: 1933 წელს

      მოინათლა: 1964 წელს

      მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მისი ოჯახის წევრებმა ჭეშმარიტება მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გაიგეს. შაბათ-კვირას მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. დღეს სერბიის ქვეყნის კომიტეტის წევრია.

      საკონცენტრაციო ბანაკში იმიტომ მოვხვდით, რომ წარმოშობით უნგრელები ვიყავით, ოღონდ ცოტა ხნით. ჩემი ოჯახის წევრებმა სწორედ იქ გაიგეს ჭეშმარიტება. მაშინ პატარა ვიყავი და ჭეშმარიტება არ მაინტერესებდა. ერთხელ ფრანც ბრანდი გვესტუმრა. მისმა საუბარმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მან მთხოვა, რომ ერთ-ერთი ჩვენი პუბლიკაცია უნგრულიდან სერბულად მეთარგმნა. უარი არ მითქვამს, მეგონა, რომ ამით დიდ დახმარებას გავუწევდი; თუმცა, როგორც მოგვიანებით გავიგე, თარგმნა სულ არ ყოფილა საჭირო, მას უბრალოდ უნდოდა, რომ ის პუბლიკაცია წამეკითხა. მისმა ტაქტიკამ გაამართლა და 1964 წელს მოვინათლე.

      ძალიან მიხარია, რომ მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი საქმე იყო, რადგან ძმებს უჭირდათ. ბევრჯერ მასპინძლის ოჯახთან ერთად მძინებია ერთ ოთახში. ეს მსახურება ღირდა ძალისხმევად. ძმები დიდი სიხარულით ელოდნენ სარაიონო მონახულებას. თუკი რამ შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ. როგორ არ უნდა ვყოფილიყავით მათი მადლიერი?!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება