გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?
„მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის“ (დაბადება 3:15).
1. ა) რატომ არის იეჰოვა ბედნიერი ღმერთი? ბ) რა გააკეთა მან, რომ ჩვენც გაგვეზიარებინა მისი სიხარული?
იეჰოვა ნეტარი ღმერთია და ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. ის არის კეთილის ყველაზე დიდებული და მთავარი მიმცემი და ვერაფერი დააბრკოლებს მისი განზრახვების შესრულებას (ესაია 55:10, 11; იაკობი 1:17; 1 ტიმოთე 1:11). მას სურს, რომ მისმა მსახურებმა გაიზიარონ მისი სიხარული და ამ მიზნისთვის აძლევს მათ მტკიცე საფუძველს. ამიტომ, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შავბნელ წუთებში — ედემში აჯანყების დროს — მან მოგვცა იმის საფუძველი, რომ მომავლის იმედი გვქონოდა (რომაელთა 8:19–21).
2. როგორ მისცა იეჰოვამ იმედის საფუძველი ადამისა და ევას შთამომავლებს ედემში აჯანყებულების წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადებისას?
2 სულ ცოტა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ღმერთისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და მასზე ცილისწამების შედეგად, იეჰოვას სულიერი ძეებიდან ერთ-ერთმა თავი სატანა ეშმაკად აქცია. პირველი ადამიანები, ევა და შემდეგ ადამი, მის ზეგავლენაში მოექცნენ და შელახეს იეჰოვას ნათლად გამოცხადებული კანონი. ისინი სამართლიანად იყვნენ დასჯილი სიკვდილით (დაბადება 3:1–24). ამავე დროს, ამ აჯანყებულების წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადებისას იეჰოვამ მისცა ადამისა და ევას შთამომავლებს საფუძველი იმედისთვის. რა გაგებით? დაბადების 3:15-ში ჩაწერილის თანახმად, იეჰოვამ თქვა: ‘მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ!’ ეს წინასწარმეტყველება გვეხმარება მთელი ბიბლიის და ასევე წარსული და დღევანდელი შემთხვევების გაგებაში, რომლებიც როგორც ქვეყნიერებას, ასევე იეჰოვას მსახურებსაც ეხება.
რას ნიშნავს ეს წინასწარმეტყველება
3. დაბადების 3:15-ში მოხსენიებულის თანახმად, დაახასიათე ა) გველი, ბ) ‘დედაკაცი’, გ) გველის ‘თესლი’, დ) დედაკაცის ‘თესლი’.
3 ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა რომ დააფასო, განიხილე მისი სხვადასხვა მხარეები. ერთ-ერთი, ვისაც ღმერთი დაბადების 3:15-ში მიმართავს, არის გველი — ჩვეულებრივი გველი კი არა, არამედ პიროვნება, რომელმაც გამოიყენა გველი (გამოცხადება 12:9). ‘დედაკაცი’ არ არის ევა, არამედ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციაა, დედამიწაზე მცხოვრები მისი სულით ცხებული მსახურების დედა (გალატელთა 4:26). გველის ‘თესლი’ არის სატანის თესლი, მისი შთამომავლობა — დემონები, ადამიანები და ასევე ადამიანთა ორგანიზაციები, რომლებიც სატანის თვისებებს ავლენენ და მტრულად ეპყრობიან დედაკაცის „თესლს“ (იოანე 15:19; 17:15). პირველ ყოვლისა, დედაკაცის ‘თესლი’ არის იესო ქრისტე, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს სულიწმიდით იყო ცხებული. 144 000 — რომლებიც ‘ხელახლა იშვნენ წყლისა და სულისგან’ და რომლებიც ქრისტესთან ერთად ზეციერი სამეფოს მემკვიდრეები არიან, წარმოადგენენ აღთქმული თესლის მეორეხარისხოვან ნაწილს. დედაკაცის თესლთან შეერთება მათ დაიწყეს ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან (იოანე 3:3, 5; გალატელთა 3:16, 29).
4. როგორ უკავშირდება დაბადების 3:15 დედამიწის სამოთხედ გადაქცევას, რომელიც აივსება ცოდვისა და სიკვდილისგან თავისუფალი ადამიანებით?
4 ედემში ნამდვილი გველი, რომელიც მაცნედ გამოდგა, გამოიყენა პიროვნებამ, რომლის სიცრუის შედეგადაც კაცობრიობამ დაკარგა სამოთხე. დაბადების 3:15 წინასწარ მიუთითებდა იმ პერიოდზე, როცა ის, ვინც იმ გველს დახელოვნებულად მართავდა, განადგურებული იქნებოდა. ამის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრებ ღმერთის მსახურებს კვლავ მიეცემა საშუალება, დამკვიდრნენ სამოთხეში, რომელშიც არ იქნება ცოდვა და სიკვდილი. როგორი სასიხარულო დრო იქნება ის! (გამოცხადება 20:1–3; 21:1–5).
5. რომელი საქმეები ახასიათებს ეშმაკის სულიერ შთამომავლობას?
5 ედემში აჯანყების შემდეგ ცალკეული პიროვნებები და ორგანიზაციები აშკარად იმეორებენ იმას, რასაც სატანა ეშმაკი აკეთებდა — აჯანყებას, ტყუილს, ცილისწამებას, მკვლელობასა და ამასთანავე იეჰოვას ნებისა და მისი თაყვანისმცემლების მიმართ წინააღმდეგობას. ასეთი საქმეები ახასიათებდა ეშმაკის შთამომავლობას, სულიერ შვილებს. მათ შორის იყო კაენი, რომელმაც მოკლა თავისი ძმა, როცა იეჰოვამ მისი თაყვანისცემის ნაცვლად, აბელის თაყვანისცემა მოიწონა (1 იოანე 3:10–12). ნებროთი იყო ის კაცი, რომლის თვით სახელიც კი მეამბოხედ ახასიათებს მას და რომელიც გახდა ძლიერი მონადირე და იეჰოვას მოწინააღმდეგე მმართველი (დაბადება 10:9). გარდა ამისა, ძველ დროში ბაბილონთან ერთად არსებობდა მრავალი სამეფო, რომლებიც სავსე იყვნენ ცრუ რწმენაზე დაფუძნებული რელიგიებით, რომლებსაც თავიანთივე სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს და რომლებიც სასტიკად ავიწროებდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლებს (იერემია 50:29).
‘მტრობა შენსა და დედაკაცს შორის’
6. რომელ შემთხვევებში გამოავლინა სატანამ მტრობა იეჰოვას დედაკაცისადმი?
6 მთელი ამ დროის განმავლობაში გველსა და იეჰოვას დედაკაცს შორის, ანუ სატანა ეშმაკსა და ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას შორის, იყო მტრობა. სატანის მტრობა გამოვლინდა იმაში, რომ ის გესლიანად ელაპარაკებოდა იეჰოვას და სათანადო საცხოვრებელი ადგილის მისატოვებლად ანგელოზების შეცდენით, იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციის მოშლას ცდილობდა (იგავნი 27:11; იუდა 6). ეს გამომჟღავნდა, როცა იეჰოვას გაგზავნილი ანგელოზი-მაცნეების დასაბრკოლებლად სატანამ თავისი დემონები გამოიყენა (დანიელი 10:13, 14, 20, 21). ეს სავსებით ნათელი გახდა XX საუკუნეში, როცა სატანა მესიანური სამეფოს დაბადებისთანავე ცდილობდა მის განადგურებას (გამოცხადება 12:1–4).
7. რატომ გრძნობდნენ მტრობას სიმბოლური გველის მიმართ იეჰოვას ერთგული ანგელოზები, მაგრამ რაში ავლენენ ისინი თავდაჭერილობას?
7 აგრეთვე მტრულ განწყობილებას სიმბოლური გველის მიმართ გრძნობდა იეჰოვას დედაკაცი — ერთგული ანგელოზებისგან შემდგარი ჯგუფი. სატანამ ცილი დასწამა ღმერთის კეთილ სახელს; მან ასევე კითხვის ქვეშ დააყენა ღმერთის ყოველი გონიერი ქმნილების, მათ შორის ყველა ანგელოზის უმწიკვლოება და ყველანაირად ცდილობდა ღმერთისადმი მათი ერთგულების შერყევას (გამოცხადება 12:4ა). ამ პიროვნებისადმი, რომელმაც თავი ეშმაკად და სატანად აქცია, ერთგულ ანგელოზებს, ქერუბიმებსა და სერაფიმებს მხოლოდ ზიზღის გრძნობა ჰქონდა. მაგრამ ისინი ემსახურებიან იეჰოვას, რათა თავის დანიშნულ დროზე და თავისი მეთოდით მან უხელმძღვანელოს მოვლენებს (შეადარე იუდა 9).
მტრობა ღმერთის დედაკაცის თესლის მიმართ
8. ვის გამოჩენას ელოდებოდა სატანა ფხიზლად?
8 ამასობაში სატანა ფხიზლად ელოდებოდა, თუ ვინ იქნებოდა დედაკაცისგან შობილი ნაწინასწარმეტყველები თესლი, რომლის შესახებაც იეჰოვამ თქვა, რომ გველს თავს გაუჭეჭყავდა. ამიტომ ზეციერი ანგელოზის განცხადება, რომ ბეთლემში დაბადებული იესო იყო „მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი“, იყო მტკიცე დადასტურება, რომ ის გახდებოდა დედაკაცის თესლი, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო (ლუკა 2:10, 11).
9. როგორ გამოამჟღავნა სატანამ ძლიერი მტრობა იესოს დაბადების შემდეგ?
9 სატანის ძლიერი მტრობა უმალვე გამოვლინდა, როცა მოატყუა კერპთაყვანისმცემელი ასტროლოგები, რომ თავდაპირველად იერუსალიმში მეფე ჰეროდეს მოსანახულებლად მისულიყვნენ და შემდეგ წასულიყვნენ ბეთლემში მდებარე სახლში, სადაც პატარა იესოსა და დედამისს, მარიამს, იხილავდნენ. ამის შემდეგ ცოტა ხანში მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეკლათ ორი წლისა და უფრო ნაკლები ასაკის ბიჭები ბეთლემში და მის გარშემო. ამით ჰეროდემ სატანური სიძულვილი გამოამჟღავნა თესლისადმი. ნათელია, ჰეროდემ კარგად იცოდა, რომ იმის განადგურებას ცდილობდა, ვინც მესია უნდა ყოფილიყო (მათე 2:1–6, 16). ისტორია ამტკიცებს, რომ მეფე ჰეროდე იყო უნამუსო, ცბიერი და სისხლის მღვრელი — ნამდვილად, გველის თესლის წარმომადგენელი.
10. ა) როგორ ცდილობდა პირადად სატანა იესოს ნათლობის შემდეგ, აღთქმულ თესლთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვის ჩაშლას? ბ) როგორ იყენებდა სატანა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს თავისი მიზნების მისაღწევად?
10 მას შემდეგ, რაც ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს იეჰოვამ სულიწმიდით სცხო იესო და ზეციდან თავის ძედ აღიარა, სატანამ არაერთხელ სცადა იესოს შეცდენა, რითაც სურდა, ჩაეშალა იეჰოვას განზრახვა მასთან დაკავშირებით (მათე 4:1–10). რადგან ამაში მარცხი განიცადა, თავისი მიზნების მისაღწევად ადამიანთა წარმომადგენლების გამოყენებას მიმართა. იესოს ავტორიტეტის შესარყევ მცდელობებში გამოყენებულთა შორის იყვნენ თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლები. ისინი ცრუობდნენ და ცილს სწამებდნენ, აკეთებდნენ იმას, რასაც თვითონ სატანა აკეთებდა. როცა იესომ უთხრა დავრდომილს: ‘გამაგრდი, მიგეტევა ცოდვები’, — მწიგნობრები არც კი დალოდებიან, რომ დაენახათ, განიკურნებოდა თუ არა მამაკაცი და განსაჯეს იესო, როგორც ღვთის მგმობელი (მათე 9:2–7). როცა იესო შაბათ დღეს კურნავდა ადამიანებს, ფარისევლები მსჯავრს სდებდნენ მას, როგორც შაბათის კანონის დამრღვევს და მის დასაღუპად თათბირობდნენ (მათე 12:9–14; იოანე 5:1–18). როცა იესო დემონებს დევნიდა, ფარისევლები ბრალს სდებდნენ, რომ მას ‘ეშმაკთა მთავართან, ბელზებულთან’ ჰქონდა კავშირი (მათე 12:22–24). ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ მრავალმა ადამიანმა ირწმუნა იესო, მაგრამ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა კვლავ მოითათბირეს მისი მოკვლა (იოანე 11:47–53).
11. სიკვდილამდე სამი დღით ადრე ვისზე მიუთითა იესომ, როგორც გველის თესლის ნაწილზე და რატომ?
11 თუმცა კარგად იცოდა მათი გეგმები, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 11 ნისანს იესო პირდაპირ და უშიშრად გაემართა იერუსალიმში მდებარე ტაძრისკენ და იქ საჯაროდ გამოაცხადა განაჩენი მათ წინააღმდეგ. როგორც ჯგუფმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა თანდათან გამოამჟღავნეს თავიანთი ვინაობა; ამიტომ იესომ თქვა: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ“. იესომ ხაზგასმით გამოაცხადა, რომ ისინი გველის თესლის ნაწილს წარმოადგენდნენ, როცა თქვა: „იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:13, 33). მისი სიტყვები დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას გვახსენებს.
12, 13. ა) როგორ დაამტკიცეს შემდგომში მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა, თუ ვინ იყო მათი სულიერი მამა? ბ) ვინ შეუერთდა მათ? გ) დაბადების 3:15-ის შესრულების თანახმად, როგორ დაიგესლა დედაკაცის თესლის ქუსლი?
12 მიაღწია კი იესოს სიტყვებმა მათი გულების სიღრმეებს, ისე რომ ღმერთს მოწყალებას შევედრებოდნენ? მოინანიეს კი თავიანთი ბოროტმოქმედება? არა! მარკოზის 14:1-ში წერია, რომ მომდევნო დღესვე, მღვდელმთავრის ეზოში შეკრების დროს, „მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ღონეს ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ [იესო] მზაკვრულად და მოეკლათ“. ისინი აგრძელებდნენ სატანის სისხლისმღვრელი სულის გამოვლენას, სატანის, რომელიც ადრე იესომ კაცისმკვლელად აღწერა (იოანე 8:44). ცოტა ხანში მათ იუდა ისკარიოტელი შეუერთდა, რომელიც სატანამ აღძრა, რომ განდგომოდა იესოს. იუდამ უარყო ღმერთის დედაკაცის უბიწო თესლი და გველის თესლს შეუერთდა.
13 თოთხმეტ ნისანს, დილით ადრე, იუდეველთა რელიგიური სასამართლოს წევრებმა მიიყვანეს იესო, როგორც პატიმარი, რომის მთავართან. ამ დროს, პირველად, მღვდელმთავრებმა მორთეს ყვირილი, რომ ის ძელზე გაეკრათ. როცა პილატემ ჰკითხა: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“, ზუსტად მღვდელმთავრებმა უპასუხეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“ (იოანე 19:6, 15). ნამდვილად, ისინი ყველაფრით ამტკიცებდნენ, რომ გველის თესლის ნაწილი იყვნენ. მაგრამ, რასაკვირველია, ამაში მხოლოდ ისინი არ მონაწილეობდნენ. ინსპირირებული ჩანაწერი მათეს 27:24, 25-ში გვაცნობებს: „პილატემ. . . აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე“. ამის შემდეგ მთელმა ხალხმა თქვა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“. ამრიგად, იმ თაობის მრავალმა იუდეველმა გამოავლინა თავი გველის თესლის ნაწილად. იმ დღის დასასრულამდე იესო მოკვდა. თავისი ხილული თესლის გამოყენებით სატანამ ღმერთის დედაკაცის თესლს ქუსლი დაუგესლა.
14. რატომ არ ნიშნავს სატანის გამარჯვებას დედაკაცის თესლის ქუსლის დაგესვლა?
14 გაიმარჯვა სატანამ? არავითარ შემთხვევაში! იესო ქრისტემ სძლია ქვეყნიერებას და გაიმარჯვა მის მთავარზე (იოანე 14:30, 31; 16:33). ის თვით სიკვდილამდე დარჩა იეჰოვას ერთგული. რადგან სრულყოფილ ადამიანად მოკვდა, მისი სიკვდილი იყო სიცოცხლის იმ უფლების გამოსასყიდად საჭირო ფასი, რომელიც ადამმა დაკარგა. ამიტომ მან გახსნა გზა მარადიული სიცოცხლისკენ მათთვის, ვინც ირწმუნებდა ამ ღონისძიებას და დაემორჩილებოდა ღმერთის მცნებებს (მათე 20:28; იოანე 3:16). იეჰოვამ აღადგინა იესო ზეცაში უკვდავი სიცოცხლისთვის. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, იესო გაანადგურებს სატანას. დაბადების 22:16–18-ში (აქ) ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვა თავისი კეთილგანწყობილებით დააჯილდოებს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს, რომლებიც საჭირო მოქმედებას ირჩევენ, რათა კურთხეული იყვნენ ერთგული თესლის საშუალებით.
15. ა) იესოს სიკვდილის შემდეგ როგორ აგრძელებდნენ მისი მოციქულები გველის თესლის მხილებას ? ბ) იმ დროიდან მოყოლებული როგორ მტრობას ავლენს გველის თესლი თვით ჩვენს დროშიც?
15 იესოს სიკვდილის შემდეგ სულით ცხებულმა ქრისტიანებმა გააგრძელეს გველის თესლის მხილება, როგორც ამას მათი უფალი აკეთებდა. სულიწმიდით აღძრული მოციქული პავლე აფრთხილებდა ‘ურჯულოების კაცის’ შესახებ, რომლის თანდასწრება ‘სატანის მოქმედებასთან’ იქნებოდა დაკავშირებული (2 თესალონიკელთა 2:3–10). აღმოჩნდა, რომ ამ ‘კაცის’ კლასი არის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. თავის მხრივ, გველის თესლი ულმობლად დევნიდა იესო ქრისტეს მიმდევრებს. გამოცხადების 12:17-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში მოციქულმა იოანემ იწინასწარმეტყველა, რომ სატანა თვით ჩვენს დროშიც გააგრძელებდა ბრძოლას ღმერთის დედაკაცის თესლის დარჩენილი ნაწილის წინააღმდეგ. ასეც ხდება. ღმერთის სამეფოსა და მისი სამართლიანი გზებისადმი მტკიცე პოზიციის გამო მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობას კრძალავენ, მათ თავს ესხმიან, აპატიმრებენ ან საკონცენტრაციო ბანაკებში სვამენ.
გველის თესლის მხილება დღეს
16. ვინ იყო მხილებული გველის თესლის ნაწილად დღევანდელ დროს და როგორ?
16 ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ იესო ქრისტეს და უშიშრად აგრძელებენ გველისა და მისი თესლის მხილებას. 1917 წელს ბიბლიის მკვლევარებმა, როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს იცნობდნენ, გამოაქვეყნეს წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ (ინგლ.), რომელშიც ამხილებდნენ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების ფარისევლობას. მას 1924 წელს მოჰყვა დაბეჭდილი დადგენილება სათაურით „ბრალდებული სასულიერო პირები“ (ინგლ.). მსოფლიოში ამ დადგენილების ორმოცდაათი მილიონი ასლი გავრცელდა. 1937 წელს ჯ. ფ. რუტერფორდმა, საგუშაგო კოშკის საზოგადოების მაშინდელმა პრეზიდენტმა, წაიკითხა მოხსენებები სათაურით „მხილებული“ და „რელიგია და ქრისტიანობა“, რომლებიც ნათლად ამხილებდნენ სატანის თესლს. მომდევნო წელს ლონდონის (ინგლისი) რადიოტელეფონის საშუალებით მან წაიკითხა მოხსენება სათაურით „ფაქტებს სახეში შეხედეთ“, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული 50 კონგრესის დამსწრეები ისმენდნენ. ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების ფართო რადიოქსელმა გადმოსცა მოხსენება „ფაშიზმი ან თავისუფლება“. ყოველივე ამას დაემატა ნათელი მხილებები წიგნებიდან „მტრები“ (ინგლ.) და „რელიგია“ (ინგლ.) და აგრეთვე ბროშურიდან „გამოაშკარავებული“ (ინგლ.). 1920-იანი წლებიდან გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან შეთანხმებულად, წიგნი „გამოცხადება — მისი დიდებული აპოგეა ახლოსაა!“a (ინგლ.), რომელიც დღეს 65 ენაზეა გამოცემული, ახასიათებს გახრწნილ პოლიტიკურ მმართველებს და გაუმაძღარ, ზნედაცემულ, უკანონოდ მოქმედ კომერსანტებს, როგორც გველის ხილული თესლის მთავარ წევრებს შორის მყოფთ. როცა პოლიტიკური წინამძღოლები გამუდმებით ცრუობენ, აცდუნებენ ქვეშევრდომებს, უპატივცემლოდ ეპყრობიან სისხლის სიწმინდეს და ავიწროებენ იეჰოვას მოწმეებს (რითაც ღმერთის დედაკაცის თესლისადმი სიძულვილს ავლენენ), უეჭველია, რომ ისინი გველის თესლის ნაწილად ავლენენ თავს. იმავეს თქმა შეიძლება კომერციული საქმოსნების შესახებ, რომლებსაც სინდისიც არ ქენჯნით, როცა ცრუობენ ფინანსური მოგების მიზნით და აწარმოებენ ან ჰყიდიან ნაწარმს, რომელიც დაავადებების გამომწვევად არის ცნობილი.
17. ჯერ კიდევ რა შესაძლებლობა აქვთ გამოჩენილ პირებს, რომლებსაც ქვეყნიური სისტემიდან გამოსვლა შეუძლიათ?
17 საბოლოოდ ამ ქვეყნიური რელიგიებით, პოლიტიკით ან კომერციით გახრწნილი ყველა ადამიანი არ იქნება ჩათვლილი გველის თესლის ნაწილად. ამ მამაკაცებისა და ქალებისგან ზოგიერთი აღტაცებულია იეჰოვას მოწმეებით. მათ დასახმარებლად ისინი თავიანთ გავლენას იყენებენ და თავის დროზე ჭეშმარიტ თაყვანისცემასაც კი იწყებენ (შეადარე საქმეები 13:7, 12; 17:32–34). ყველა ასეთი ადამიანისთვის ისმის ეს მოწოდება: „ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 2:10–12). ნამდვილად, ყველასთვის, ვისაც სურს დაიმსახუროს იეჰოვას კეთილგანწყობილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმოქმედოს ახლა, სანამ ზეციერი მსაჯული დახურავდეს ამ შესაძლებლობის კარს!
18. კიდევ ვინ არიან იეჰოვას თაყვანისმცემლები, თუმცა დედაკაცის თესლის ნაწილს არ წარმოადგენენ?
18 დედაკაცის თესლის ნაწილს წარმოადგენენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ზეციერი სამეფოს შემადგენლობაში შევლენ. მათი რიცხვი მცირეა (გამოცხადება 7:4, 9). მაგრამ არიან კიდევ სხვები, რომლებისგანაც შედგება უამრავი ხალხი, დიახ, მილიონობით ადამიანი, რომლებიც როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლები ელოდებიან მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე. სიტყვითა და საქმით, ისინი ეუბნებიან იეჰოვას ცხებულებს: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23).
19. ა) რა არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა ადამიანმა? ბ) განსაკუთრებით ვისთვის არის განკუთვნილი სერიოზული მოწოდება, ბრძნულად მოიქცნენ, სანამ არის შესაძლებლობა?
19 ახლა ის დროა, როცა მთელმა კაცობრიობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. რას ისურვებდნენ — თაყვანი სცენ იეჰოვას და მიჰყვნენ მის უზენაეს ხელისუფლებას, თუ სატანის საამებლად თავიანთი მოქმედებით დაუშვან, რომ ის იყოს მათი მმართველი? დედაკაცის თესლის დარჩენილ ნაწილთან, სამეფოს მემკვიდრეებთან ერთად ყველა ერიდან დაახლოებით ხუთმა მილიონმა ადამიანმა აირჩია იეჰოვას მხარე. სხვა რვა მილიონმა ადამიანმა გამოავლინა თავისი ინტერესი მათთან ბიბლიის შესწავლით ან მათ შეხვედრებზე დასწრებით. იეჰოვას მოწმეები ყველა მათგანს ეუბნებიან: „ასეთი შესაძლებლობის კარი ჯერ ღიაა. მტკიცედ დაიკავეთ იეჰოვას მხარე. აღიარეთ იესო ქრისტე აღთქმულ თესლად. სიხარულით ითანამშრომლეთ იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან. დაე, თქვენც წილად გხვდეთ ყველა კურთხევა, რომლითაც ის აკურთხებს თავის ხალხს მეფე იესო ქრისტეს მეშვეობით“.
[სქოლიოები]
a გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ ვინ არის გველი დაბადების 3:15-ის თანახმად? და ვინ არის დედაკაცი?
◻ რა თვისებები ახასიათებს გველის თესლს?
◻ როგორ ამხილა იესომ გველის თესლი?
◻ ვის ამხილებენ, როგორც გველის თესლის ნაწილს დღეს?
◻ როგორი გადაუდებელი მოქმედებაა საჭირო, რომ არ ჩავითვალოთ გველის თესლის ნაწილად?
[სურათი 20 გვერდზე]
იესომ ამხილა თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლები, როგორც გველის თესლის ნაწილი.