შეგაქვს თუ არა წვლილი სამქადაგებლო სამსახურის ზუსტი ანგარიშების შედგენაში?
1 ბიბლიაში მრავალ ადგილას არის მოხსენიებული კონკრეტული ციფრები, რომლებიც აღწერილი ისტორიის ნათლად წარმოდგენაში გვეხმარება. მაგალითად, გედეონმა მიდიანელთა ლაშქარი 300 კაცით დაამარცხა (მსაჯ. 7:7). იეჰოვას ანგელოზმა 185 000 აშურელ ჯარისკაცს გაავლო მუსრი (4 მეფ. 19:35). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 3 000 კაცი მოინათლა, ხოლო მოგვიანებით კი მორწმუნეთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა (საქ. 2:41; 4:4). როგორც ამ შემთხვევებიდან ჩანს, ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები ყოველ ღონეს ახმარდნენ სრული და ზუსტი ცნობების შეგროვებას.
2 იეჰოვას ორგანიზაციაში ყოველთვიურად მოგვეთხოვება სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშების ჩაბარება. თუ ჩვენი მხრიდან პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას, ეს ხელს უწყობს სამქადაგებლო საქმიანობის ეფექტურ ხელმძღვანელობას. ანგარიშების საშუალებით ვლინდება, მსახურების რომელი სფერო მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ან სად უფრო მეტი მქადაგებელია საჭირო. რაც შეეხება კრებას, სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშები უხუცესებს იმის დადგენაში ეხმარება, თუ ვის შეუძლია მსახურების გაფართოება და ვის სჭირდება დახმარება. გარდა ამისა, სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობის წინსვლასთან დაკავშირებული ანგარიშები გამამხნევებელია მთელი ქრისტიანული საძმოსთვის. შეგაქვს შენი წვლილი ზუსტი ანგარიშის შედგენაში?
3 პირადი პასუხისმგებლობა. ხომ არ გიჭირს თვის ბოლოს იმის გახსენება, თუ რა გააკეთე მთელი თვის განმავლობაში მსახურებაში? ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ სამქადაგებლო მსახურებაში ყოველი მონაწილეობის შემდეგ გააკეთებ ჩანაწერებს. ამისათვის ზოგიერთი კალენდარს ან ბლოკნოტს იყენებს. ზოგიერთს სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშის ბლანკი დააქვს თან. თვის ბოლოს ეცადე, რომ დროულად გადასცე შენი ანგარიში წიგნის შესწავლის ხელმძღვანელს. ან შეგიძლია შენი ანგარიში სამეფო დარბაზში ამისათვის განკუთვნილ ბლანკების ყუთში ჩააგდო. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის ჩაბარება დაგავიწყდა, ნუ დაელოდები, როდის მოგმართავს წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი, არამედ უმალვე შეატყობინე მას ამის შესახებ. თუ კეთილსინდისიერად ვაბარებთ ანგარიშებს, ამით პატივისცემით ვეკიდებით იეჰოვას მიერ დადგენილ ამ ღონისძიებას და სიყვარულს ვავლენთ ძმებისადმი, რომლებსაც ანგარიშების შეგროვება და შეჯამება ევალებათ (ლუკ. 16:10).
4 წიგნის შესწავლის ხელმძღვანელთა როლი. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელს, რომელიც ფხიზელი და მზრუნველი მწყემსია, აინტერესებს, თვის განმავლობაში რას საქმიანობდნენ თავისი ჯგუფის წევრები (იგავ. 27:23). მისთვის ცნობილია, მონაწილეობს თუ არა თითოეული მაუწყებელი სამქადაგებლო საქმიანობაში რეგულარულად, აქტიურად და სიხარულით და მაშინვე მზად არის მათ დასახმარებლად, ვინც მთელი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა ამ საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში ასეთებისთვის საკმარისია გამამხნევებელი სიტყვები, პრაქტიკული რჩევები და მათთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში წასვლა.
5 თვის ბოლოს წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი ამოწმებს იმას, რომ მის ჯგუფში ყველამ შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა და ჩააბაროს ანგარიშები. ამგვარად მდივანი ყოველი მომდევნო თვის ექვს რიცხვამდე შეძლებს კრების ზუსტი ანგარიშების გადაცემას ფილიალისთვის. თვის დასრულებამდე, კარგი იქნება, თუ წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი შეახსენებს ჯგუფის წევრებს ანგარიშების ჩაბარებას და სათანადო რაოდენობის ბლანკებითაც უზრუნველყოფს მათ. თუ ვინმეს ავიწყდება ანგარიშების ჩაბარება, მას შეუძლია შეახსენოს და გაამხნევოს ის.
6 თუ დროულად ვაბარებთ სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშს, ეს ხელს უწყობს ზუსტი ანგარიშის შედგენას, რომელიც გვიჩვენებს, რას მივაღწიეთ ამ საქმიანობაში. შეგაქვს შენი წვლილი ამაში და ყოველთვიურად დროულად აბარებ სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშს?