საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შობა აღმოსავლეთში
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
    • შობა აღმოსავლეთში

      • დაახლოებით ორასი წლის წინათ გამოჩენილი კორეელი სწავლული პეკინს (ჩინეთი) ეწვია. მან ტაძრის ჭერის გულდასმით თვალიერებისას შენიშნა მარიამი, რომელსაც ხელში პატარა იესო ეჭირა, და ამ საოცარ სურათზე თქვა:

      „ქალს კალთაში ეჯდა ხუთი-ექვსი წლის სუსტი ბავშვი. გეგონებოდა, თავს ვერ სწევდა ზემოთ, თითქოს, სიბრალულის გრძნობით აღვსილი, ვერ უყურებდა თავის ვაჟს. მათ უკან, მოშორებით, უამრავი აჩრდილი და გარშემო მფრინავი ფრთიანი ბავშვები მოჩანდა. როდესაც მივაცქერდი, მომეჩვენა, თითქოს წუთი წუთზე თავს დამესხმოდნენ და, შეშინებულმა, მათ მოსაგერიებლად ხელი ავიფარე“.

      ეს მოხდა ევროპაში რეფორმაციის დაწყებიდან და შუა საუკუნეების ეგრეთ წოდებული ბნელი ეპოქიდან დიდი ხნის შემდეგ. მაგრამ აღმოსავლეთში მცხოვრები უამრავი ადამიანისთვის ქრისტიანობა ისევე უცნობი იყო, როგორც ზემოთ აღწერილი სურათი. როგორ შეიცვალა მაშინდელი მდგომარეობა! ყოველი შობის დროს პატარა იესოს სურათების ჩვენება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. აღმოსავლეთში ასეთი სურათები ცნობილი ხდება და ბევრი იქაური ქუჩა ახლა ევროპის ქუჩებს ჰგავს.

      1998 წლის 25 ნოემბრის საღამოს, შობამდე ერთი თვით ადრე, პარიზის ცნობილი ქუჩა, ელისეს მინდვრები, გაკაშკაშებულია გზის პირას ჩამწკრივებულ 300 ხეზე დაკიდებული 100 000-ზე მეტი ელექტრონათურით. მსგავსად ამისა, სეულის (კორეა) ცენტრალურ ქუჩაზე, მთავარ უნივერმაღთან, გიგანტური საშობაო ნაძვის ხე იპყრობს ყურადღებას და დედაქალაქში ღამეს ანათებს. ქალაქის ქუჩები მალე საშობაო მორთულობებით იკაზმება.

      რადიო- და ტელეგადაცემები, აგრეთვე საგაზეთო სტატიები საშობაო თემატიკას ეძღვნება. ამ განწყობილებით აღფრთოვანებული ქვეყანა ძველი წლის გასვლას ზეიმობს. სწრაფად ირთვება სეულის ეკლესიები, რომელთა რიცხვი მნახველებს აოცებს. ამგვარად, კორეასა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში საშობაო ატმოსფერო სუფევს დაახლოებით იმ დროისთვის, როდესაც შეერთებულ შტატებში „სამადლობელ დღეს“ ზეიმობენ, რაც ნოემბრის ბოლოს ხდება.

      აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა ქრისტიანული სამყაროს ნაწილად არ ითვლება. მაგალითად, კორეის მოსახლეობის 26,3 პროცენტი მისდევს ქრისტიანობას. ჰონკონგში ეს რიცხვი 7,9 პროცენტს შეადგენს, ტაივანში — 7,4 პროცენტს, ხოლო იაპონიაში — სულ 1,2 პროცენტს. ნათელია, რომ აღმოსავლეთში მცხოვრები უამრავი ადამიანი არ მისდევს ქრისტიანობას, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ხშირად აღმოსავლეთში უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ დღესასწაულს, ვიდრე დასავლეთში. ჰონკონგი, მაგალითად, კარგად არის ცნობილი შობის დღესასწაულის თვალისმომჭრელი ზეიმობით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობის უმეტესობა ბუდისტი ან დაოსისტია. ჩინეთშიც კი, სადაც მხოლოდ 0,1 პროცენტი მისდევს ქრისტიანობას, შობა ძალიან სწრაფად იხვეჭს პოპულარობას.

      რატომ აღინიშნება შობა აღმოსავლეთში ასე ფართოდ? ხალხი, რომელიც იესოს მესიად არ სცნობს, რატომ მონაწილეობს შობის დღესასწაულში, რომელსაც ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი მის დაბადების დღედ მიიჩნევს? უნდა გაიზიარონ თუ არა ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მათი შეხედულება შობასთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე პასუხს მივიღებთ, თუ განვიხილავთ, როგორ გახდა შობა პოპულარული კორეაში, აღმოსავლეთის უძველეს ქვეყანაში.

  • შობა — რატომ აღინიშნება აღმოსავლეთშიც კი?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
    • შობა — რატომ აღინიშნება აღმოსავლეთშიც კი?

      ძველ აღმოსავლურ რელიგიაში ვხვდებით ისეთ „მოხუცს“, რომელიც საშობაო სანტა-კლაუსს გვაგონებს. კორეულ რელიგიურ სამყაროში ეს არის ჩოუანგშინი. მსგავსი რამის აღმოჩენა შეიძლება ზოგ ჩინურ და იაპონურ რელიგიებშიც.

      ჩოუანგშინს მიიჩნევდნენ სამზარეულოს ღვთაებად, ცეცხლის ღვთაებად, რომელიც ძველ კორეაში გავრცელებულ ცეცხლის თაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა (ძველად კორეელები სათუთად დაატარებდნენ ნაკვერჩხალს, რომ არასოდეს ჩამქრალიყო). სწამდათ, რომ ეს ღვთაება წლის განმავლობაში თვალს ადევნებდა ოჯახის წევრების ქცევას, რის შემდეგაც სამზარეულოს ღუმლისა და საკვამურის გავლით ზეცაში იჭრებოდა.

      როგორც ვარაუდობდნენ, სამთვარეო თვის, დეკემბრის, 23-ე დღეს ჩოუანგშინი ზეციერი მეფის წინაშე ცხადდებოდა, წლის ბოლოსთვის კი საკვამურისა და ღუმლის გავლით უკანვე ბრუნდებოდა თითოეულის ქცევის შესაბამისი ჯილდოებითა და სასჯელებით. მისი დაბრუნების დღეს სამზარეულოსა და სახლის სხვა ადგილებში ოჯახის წევრებს სანთლები უნდა აენთოთ. ამ ღვთაების სურათებში სანტა-კლაუსთან სხვა მსგავსებაც შეიმჩნეოდა — ის წითელი ტანისამოსით იყო წარმოდგენილი! გავრცელებული იყო ასეთი ჩვეულება: რძალს ტრადიციული კორეული წინდები უნდა მოექსოვა და ზამთრის ბუნიაობის დროს დედამთილისთვის მიერთვა. ის ამით გამოხატავდა სურვილს, რომ დედამთილს დიდხანს ეცოცხლა, ვინაიდან სწორედ ამ თარიღიდან იწყება დღეების ზრდა.

      ხედავთ თუ არა ზოგ მსგავსებას ზემოხსენებულსა და შობას შორის? მსგავსებაა მონათხრობებსა და ჩვეულებებს შორისაც: საკვამური, სანთლები, დასაჩუქრება, წინდები, წითელტანისამოსიანი მოხუცი კაცი და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი. მაგრამ მხოლოდ ასეთი მსგავსებებით როდი აიხსნება კორეაში შობის დღესასწაულის ადვილად დამკვიდრება. იმ დროისთვის, როდესაც კორეაში პირველად შემოიღეს შობის აღნიშვნა, ჩოუანგშინისადმი რწმენა თითქმის დავიწყებას მიეცა. ფაქტობრივად, ბევრმა კორეელმა დღეს არც კი იცის, რომ ოდესმე ასეთი წარმოდგენა არსებობდა.

      მიუხედავად ამისა, ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გავრცელდა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გზით ზამთრის ბუნიაობასა და წლის დასასრულთან დაკავშირებული ჩვეულებები. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიაში გაბატონებულმა ეკლესიამ სატურნალიებს, მზის ღმერთის დაბადების წარმართულ რომაულ დღესასწაულს, სახელწოდება შეუცვალა და შობის ნაწილად აქცია. შობის დღესასწაულმა ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩვეულებების სხვადასხვა სახელწოდებით აღდგენას. როგორ?

      დასაჩუქრების როლი

      დასაჩუქრება არის ჩვეულება, რომელიც არასოდეს მივიწყებულა. კორეელები დიდი ხანია სიხარულს პოულობენ დასაჩუქრებაში. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო კორეაში შობის დღესასწაულის გავრცელებას.

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც ხალხთან დაახლოება სურდათ, შეხვედრის, საჩუქრების დარიგებისა და ნუგეშისცემის ადგილები ეკლესიები იყო. ეს განსაკუთრებით შობის დღეს ხდებოდა. ბევრი ბავშვი ცნობისმოყვარეობის გამო მიდიოდა ეკლესიაში და პირველად იღებდა იქ საჩუქრად შოკოლადს. გასაგებია, რომ ამის შემდეგ ბევრი მათგანი მოუთმენლად ელოდა მომავალ შობას.

      ასეთი ბავშვებისთვის სანტა-კლაუსი იყო ამერიკელი ჯარისკაცი წითელი, პომპონიანი ნაქსოვი ქუდით. იგავნის 19:6 ამბობს: „ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს“. დიახ, დასაჩუქრება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მაგრამ, ამ მუხლიდან გამომდინარე, ასეთი საჩუქრები ხანგრძლივი მეგობრობის გარანტიას არ იძლევა. კორეაშიც კი ბევრს ბავშვობაში ნაგემი შოკოლადის მეტი არაფერი აკავშირებს ეკლესიასთან. თუმცა შობა არ მივიწყებულა. კორეის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გაიზარდა კომერციული სულისკვეთებაც და შობის დროს დასაჩუქრება მომხმარებელთა გაყვლეფის იოლი საშუალება აღმოჩნდა. სავაჭრო დაწესებულებები შობას მოგების გაზრდის მიზნით იყენებდნენ.

      ეს ნათელს ჰფენს დღეს აღმოსავლეთში შობის აღნიშვნის მიზეზს. შობის დროს სამომხმარებლო საქონლის შესყიდვის მოცულობის ზრდის გამო ახალ პროდუქციას უშვებენ. რეკლამების მომზადება შუა ზაფხულში იწყება. წლის ბოლოსთვის ვაჭრობის მოცულობა კულმინაციას აღწევს, რასაც საშობაო საჩუქრების, მისალოცი ბარათებისა და მუსიკალური ჩანაწერების შეძენა უწყობს ხელს. რეკლამების შედეგად მოზარდმა შეიძლება თავი დაჩაგრულად იგრძნოს, თუკი შობის წინა დღეს სახლში უწევს ყოფნა და არანაირ საჩუქარს არ იღებს!

      როგორც კი შობის დღე ახლოვდება, სეულის მაღაზიები და სავაჭრო პასაჟები მყიდველებით ივსება. იგივე ხდება აღმოსავლეთის სხვა ქალაქებშიც. გზები ტრანსპორტით არის გადატვირთული. სასტუმროები, საქმიანი რაიონები, რესტორნები და ღამის კლუბები ხალხით ივსება. ისმის ქეიფისა და ხმამაღალი მღერის ხმები. შობის წინადღეს მთვრალი მამაკაცები და ქალები დანაგვიანებულ ქუჩებში მიმოდიან.

      აი ასეთ სურათს ვხედავთ შობის დროს. აღმოსავლეთში შობა აღარ არის მარტო ქრისტიანების დღესასწაული. ნათელია, რომ როგორც სხვაგან, ისე კორეაშიც ქრისტიანული სამყაროს ამ დღესასწაულიდან მაქსიმალურად მეტი მოგების მისაღებად კომერციული სულისკვეთება დგას პირველ ადგილზე. მაგრამ მარტო კომერციული სულისკვეთების გამო იქნა შემოღებული შობის აღნიშვნა, რომელიც ქრისტეს სულს საერთოდ არ შეესაბამება? ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უფრო ღრმად უნდა გამოიკვლიონ ეს სერიოზული საკითხი.

  • შობა — რატომ აღინიშნება აღმოსავლეთშიც კი?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
    • სეულის საქმიან ნაწილში მდებარე საცვლებით მოვაჭრე მაღაზიამ ტელევიზიით აჩვენა ვიტრინაში დადგმული მხოლოდ საცვლებით მორთული საშობაო ნაძვის ხე. საშობაო ატმოსფერო შეიმჩნეოდა, ქრისტეს გულთბილი მიღების ნიშანი კი — არა.

  • შობა — რატომ აღინიშნება აღმოსავლეთშიც კი?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 დეკემბერი
    • [სურათი 7 გვერდზე]

      შობის წინადღე სეულის (კორეა) ცენტრში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება