შობა — რატომ აღინიშნება აღმოსავლეთშიც კი?
ძველ აღმოსავლურ რელიგიაში ვხვდებით ისეთ „მოხუცს“, რომელიც საშობაო სანტა-კლაუსს გვაგონებს. კორეულ რელიგიურ სამყაროში ეს არის ჩოუანგშინი. მსგავსი რამის აღმოჩენა შეიძლება ზოგ ჩინურ და იაპონურ რელიგიებშიც.
ჩოუანგშინს მიიჩნევდნენ სამზარეულოს ღვთაებად, ცეცხლის ღვთაებად, რომელიც ძველ კორეაში გავრცელებულ ცეცხლის თაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა (ძველად კორეელები სათუთად დაატარებდნენ ნაკვერჩხალს, რომ არასოდეს ჩამქრალიყო). სწამდათ, რომ ეს ღვთაება წლის განმავლობაში თვალს ადევნებდა ოჯახის წევრების ქცევას, რის შემდეგაც სამზარეულოს ღუმლისა და საკვამურის გავლით ზეცაში იჭრებოდა.
როგორც ვარაუდობდნენ, სამთვარეო თვის, დეკემბრის, 23-ე დღეს ჩოუანგშინი ზეციერი მეფის წინაშე ცხადდებოდა, წლის ბოლოსთვის კი საკვამურისა და ღუმლის გავლით უკანვე ბრუნდებოდა თითოეულის ქცევის შესაბამისი ჯილდოებითა და სასჯელებით. მისი დაბრუნების დღეს სამზარეულოსა და სახლის სხვა ადგილებში ოჯახის წევრებს სანთლები უნდა აენთოთ. ამ ღვთაების სურათებში სანტა-კლაუსთან სხვა მსგავსებაც შეიმჩნეოდა — ის წითელი ტანისამოსით იყო წარმოდგენილი! გავრცელებული იყო ასეთი ჩვეულება: რძალს ტრადიციული კორეული წინდები უნდა მოექსოვა და ზამთრის ბუნიაობის დროს დედამთილისთვის მიერთვა. ის ამით გამოხატავდა სურვილს, რომ დედამთილს დიდხანს ეცოცხლა, ვინაიდან სწორედ ამ თარიღიდან იწყება დღეების ზრდა.
ხედავთ თუ არა ზოგ მსგავსებას ზემოხსენებულსა და შობას შორის? მსგავსებაა მონათხრობებსა და ჩვეულებებს შორისაც: საკვამური, სანთლები, დასაჩუქრება, წინდები, წითელტანისამოსიანი მოხუცი კაცი და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი. მაგრამ მხოლოდ ასეთი მსგავსებებით როდი აიხსნება კორეაში შობის დღესასწაულის ადვილად დამკვიდრება. იმ დროისთვის, როდესაც კორეაში პირველად შემოიღეს შობის აღნიშვნა, ჩოუანგშინისადმი რწმენა თითქმის დავიწყებას მიეცა. ფაქტობრივად, ბევრმა კორეელმა დღეს არც კი იცის, რომ ოდესმე ასეთი წარმოდგენა არსებობდა.
მიუხედავად ამისა, ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გავრცელდა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გზით ზამთრის ბუნიაობასა და წლის დასასრულთან დაკავშირებული ჩვეულებები. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიაში გაბატონებულმა ეკლესიამ სატურნალიებს, მზის ღმერთის დაბადების წარმართულ რომაულ დღესასწაულს, სახელწოდება შეუცვალა და შობის ნაწილად აქცია. შობის დღესასწაულმა ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩვეულებების სხვადასხვა სახელწოდებით აღდგენას. როგორ?
დასაჩუქრების როლი
დასაჩუქრება არის ჩვეულება, რომელიც არასოდეს მივიწყებულა. კორეელები დიდი ხანია სიხარულს პოულობენ დასაჩუქრებაში. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო კორეაში შობის დღესასწაულის გავრცელებას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც ხალხთან დაახლოება სურდათ, შეხვედრის, საჩუქრების დარიგებისა და ნუგეშისცემის ადგილები ეკლესიები იყო. ეს განსაკუთრებით შობის დღეს ხდებოდა. ბევრი ბავშვი ცნობისმოყვარეობის გამო მიდიოდა ეკლესიაში და პირველად იღებდა იქ საჩუქრად შოკოლადს. გასაგებია, რომ ამის შემდეგ ბევრი მათგანი მოუთმენლად ელოდა მომავალ შობას.
ასეთი ბავშვებისთვის სანტა-კლაუსი იყო ამერიკელი ჯარისკაცი წითელი, პომპონიანი ნაქსოვი ქუდით. იგავნის 19:6 ამბობს: „ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს“. დიახ, დასაჩუქრება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მაგრამ, ამ მუხლიდან გამომდინარე, ასეთი საჩუქრები ხანგრძლივი მეგობრობის გარანტიას არ იძლევა. კორეაშიც კი ბევრს ბავშვობაში ნაგემი შოკოლადის მეტი არაფერი აკავშირებს ეკლესიასთან. თუმცა შობა არ მივიწყებულა. კორეის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გაიზარდა კომერციული სულისკვეთებაც და შობის დროს დასაჩუქრება მომხმარებელთა გაყვლეფის იოლი საშუალება აღმოჩნდა. სავაჭრო დაწესებულებები შობას მოგების გაზრდის მიზნით იყენებდნენ.
ეს ნათელს ჰფენს დღეს აღმოსავლეთში შობის აღნიშვნის მიზეზს. შობის დროს სამომხმარებლო საქონლის შესყიდვის მოცულობის ზრდის გამო ახალ პროდუქციას უშვებენ. რეკლამების მომზადება შუა ზაფხულში იწყება. წლის ბოლოსთვის ვაჭრობის მოცულობა კულმინაციას აღწევს, რასაც საშობაო საჩუქრების, მისალოცი ბარათებისა და მუსიკალური ჩანაწერების შეძენა უწყობს ხელს. რეკლამების შედეგად მოზარდმა შეიძლება თავი დაჩაგრულად იგრძნოს, თუკი შობის წინა დღეს სახლში უწევს ყოფნა და არანაირ საჩუქარს არ იღებს!
როგორც კი შობის დღე ახლოვდება, სეულის მაღაზიები და სავაჭრო პასაჟები მყიდველებით ივსება. იგივე ხდება აღმოსავლეთის სხვა ქალაქებშიც. გზები ტრანსპორტით არის გადატვირთული. სასტუმროები, საქმიანი რაიონები, რესტორნები და ღამის კლუბები ხალხით ივსება. ისმის ქეიფისა და ხმამაღალი მღერის ხმები. შობის წინადღეს მთვრალი მამაკაცები და ქალები დანაგვიანებულ ქუჩებში მიმოდიან.
აი ასეთ სურათს ვხედავთ შობის დროს. აღმოსავლეთში შობა აღარ არის მარტო ქრისტიანების დღესასწაული. ნათელია, რომ როგორც სხვაგან, ისე კორეაშიც ქრისტიანული სამყაროს ამ დღესასწაულიდან მაქსიმალურად მეტი მოგების მისაღებად კომერციული სულისკვეთება დგას პირველ ადგილზე. მაგრამ მარტო კომერციული სულისკვეთების გამო იქნა შემოღებული შობის აღნიშვნა, რომელიც ქრისტეს სულს საერთოდ არ შეესაბამება? ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უფრო ღრმად უნდა გამოიკვლიონ ეს სერიოზული საკითხი.
შობის წარმოშობა
მხეცი მხეცად რჩება, თუნდაც ზოოპარკის გალიაში იყოს დამწყვდეული. დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის მოშინაურდა, რაკი გარკვეული დროით გალიაში იყო და, ერთი შეხედვით, თავისი პატარებით ხარობს. ალბათ, გსმენიათ ცნობები ზოოპარკის თანამშრომლებზე თავდასხმების შესახებ.
გარკვეულწილად იმავეს თქმა შეგვიძლია შობის დღესასწაულის შესახებაც. თავდაპირველად ის ქრისტიანობის გარეთ მცხოვრები „მხეცი“ იყო. „ქრისტიანულ ენციკლოპედიაში“ (The Christian Encyclopedia) (კორეულ ენაზე)a ქვესათაურით „კავშირი რომაულ სატურნალიებთან“ შობის შესახებ ნათქვამია:
«წარმართული სატურნალიები და ბრუმალია („უძლეველი ძის დაბადების დღის“ აღნიშვნა) მეტისმეტად ღრმად იყო გამჯდარი ხალხის ჩვევებში საიმისოდ, რომ ქრისტიანობის დამკვიდრებას გაეუქმებინა. იმპერატორ კონსტანტინეს მიერ კვირადღის (ფებოსისა და მითრას, აგრეთვე უფლის დღე) ოფიციალურად აღიარებამ . . . მეოთხე საუკუნის ქრისტიანები შეიძლება იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მართებული იქნებოდა, ღვთის ძის დაბადების დღე მზის დაბადების დღისთვის დაემთხვიათ. ეს წარმართული დღესასწაული თავისი ღრეობითა და დროსტარებით იმდენად პოპულარული იყო, რომ ქრისტიანები მოხარულები იყვნენ, მომავალშიც გაემართლებინათ მისი აღნიშვნა განწყობასა თუ თავად აღნიშვნის წესში მცირე ცვლილების შეტანით».
ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი რამ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეიძლებოდა მომხდარიყო? იგივე ენციკლოპედია ამბობს: „დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანი მქადაგებლები ქრისტეს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ამ შეუფერებელი და დაუფიქრებელი ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაშინ როცა მესოპოტამიელი ქრისტიანები თავიანთ დასავლეთელ მოძმეებს ამ წარმართული დღესასწაულის ქრისტიანობაში დამკვიდრებისთვის კერპთაყვანისმცემლობასა და მზის თაყვანისცემაში ადანაშაულებდნენ“. ცხადია, რაღაც თავიდანვე არასწორი იყო. „მიუხედავად ამისა, ამ დღესასწაულმა სწრაფად მოიპოვა აღიარება და, საბოლოოდ, იმდენად მტკიცედ დამკვიდრდა, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში მომხდარმა პროტესტანტულმა რევოლუციამაც კი ვერ აღმოფხვრა იგი“, — შენიშნავს ზემოხსენებული ენციკლოპედია.
დიახ, გაბატონებულმა ეკლესიამ გადაიღო მზის ღმერთის დღესასწაული, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან. მას სხვა სახელი დაერქვა, მაგრამ წარმართული თავისებურებები შერჩა. ამან ხელი შეუწყო წარმართობის შერწყმას ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ეკლესიებთან და ადამიანის სულიერობის წაბილწვას. ისტორია ადასტურებს, რომ ქრისტიანული სამყაროს განვითარებასთან ერთად ‘მტრების სიყვარულთან’ დაკავშირებული თავდაპირველი განწყობა ზნეობრივმა დაცემამ და სასტიკმა ომებმა შეცვალა.
დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ თავისი ყალბი სახელის, შობის, მიუხედავად, ეს დღესასწაული ღრეობით, უზომო სმით, დროსტარებით, ცეკვით, დასაჩუქრებითა და სახლების მარადმწვანე მცენარეებით მორთვით წარმართულ წარმოშობას ირეკლავდა. კომერციული სულისკვეთების საბოლოო მიზნის მისაღწევად — გაიყიდოს რაც შეიძლება მეტი რამ — შობის გამოყენება ყველა შესაძლებელი საშუალებით ხდება. მასმედია ადიდებს მას; საზოგადოება, უბრალოდ, ერთობა. სეულის საქმიან ნაწილში მდებარე საცვლებით მოვაჭრე მაღაზიამ ტელევიზიით აჩვენა ვიტრინაში დადგმული მხოლოდ საცვლებით მორთული საშობაო ნაძვის ხე. საშობაო ატმოსფერო შეიმჩნეოდა, ქრისტეს გულთბილი მიღების ნიშანი კი — არა.
ბიბლიის თვალსაზრისი შობაზე
რას ვსწავლობთ ასეთი ისტორიული მონაცემებიდან და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობიდან? თუ პერანგი ან ბლუზა თავიდანვე უსწორმასწოროდ არის შეკრული, ღილების ხელმეორედ შეკვრაა საჭირო. ასე არ არის? ამ ჭეშმარიტების მიუხედავად, ზოგი ამტკიცებს, რომ, თუმცა შობას წარმართული ფესვები მზის თაყვანისმცემლობაში აქვს, ის ქრისტიანული სამყაროს მიერ არის აღიარებული. ამგვარად, ისინი თვლიან, რომ ეს დღესასწაული განწმენდილ იქნა ქრისტეს დაბადების დღის მიზეზით და ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
ჩვენ კარგი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია ძველ იუდაში მომხდარი ისტორიული მოვლენიდან. ძვ. წ. 612 წელს იუდაელებმა იერუსალიმის ტაძარში მზის წარმართული თაყვანისცემა შემოიღეს. განიწმინდა თუ არა ასეთი წარმართული თაყვანისცემა იმით, რომ ტარდებოდა იეჰოვა ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მიძღვნილ ადგილზე? იერუსალიმის ტაძარში მზის თაყვანისმცემლობის შესახებ ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა ეზეკიელმა დაწერა: „აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი . . . პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები“ (ეზეკიელი 8:16, 17).
დიახ, ნაცვლად იმისა, რომ განწმენდილიყო, თაყვანისმცემლობის ამ წარმართულმა ფორმამ მთელ ტაძარს საფრთხე შეუქმნა. ასეთმა ჩვეულებებმა მოიცვა იუდა და ქვეყანაში ძალადობის გავრცელებასა და ზნეობრივ დაცემას შეუწყო ხელი. იგივე ხდება ქრისტიანულ სამყაროშიც, სადაც სატურნალიების მზის თაყვანისმცემლობაში ფესვგადგმული ჩვეულებები შობად არის ცნობილი. საგულისხმოა, რომ ეზეკიელის მიერ ნანახი ხილვიდან რამდენიმე წელიწადში იერუსალიმმა ღვთის სასჯელი დაიტეხა თავს — ის ბაბილონელებმა ააოხრეს (მეორე ნეშტთა 36:15—20).
კორეელი სწავლულის მიერ პატარა იესოს აღწერა, რომელიც წინა სტატიაში იყო მოყვანილი, შეიძლება სასაცილოდ მიიჩნიეთ. მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანის რეაქცია, რომელსაც არა აქვს ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნება, საკმაოდ საფუძვლიანია. ამან შეიძლება სერიოზულად დააფიქროს ისინი, რომლებიც შობას აღნიშნავენ. რატომ? იმიტომ რომ შობა საკმაოდ შორდება ქრისტეს შესახებ ზუსტ წარმოდგენას. ის აბუნდოვნებს მის ახლანდელ ნამდვილ მდგომარეობას. იესო აღარ არის ბაგაში მწოლიარე ბავშვი.
ბიბლია არაერთხელ აღნიშნავს, რომ იესო ამჟამად მესიაა, ღვთის ზეციერი სამეფოს ძლევამოსილი მეფე (გამოცხადება 11:15). ის მზად არის, ბოლო მოუღოს სიღარიბესა და ტანჯვა-წამებას, რის გაკეთებასაც ზოგი არ ივიწყებს შობის დროს მცირეოდენი მოწყალების გაღებით.
გულახდილად რომ ვთქვათ, შობას არც ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებისთვის მოაქვს სარგებლობა და არც სხვა, მათ შორის აღმოსავლეთის, ქვეყნებისთვის. მან უფრო ღვთის სამეფოსა და დღევანდელი ბოროტი სისტემის აღსასრულის შესახებ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცნობიდან ყურადღების გადატანას შეუწყო ხელი (მათე 24:14). ჰკითხეთ იეჰოვას მოწმეებს, როგორ მოვა აღსასრული. მათგან იმ ხანგრძლივი კურთხევების შესახებაც გაიგებთ, რომლებიც ღვთის სამეფოსა და მმართველი მეფე იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას მოჰყვება დედამიწაზე (გამოცხადება 21:3, 4).
[სქოლიოები]
a დაფუძნებულია ნაშრომზე The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge.
[ჩანართი 6 გვერდზე]
შობამ ხელი შეუწყო წარმართობის შერწყმას ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ეკლესიებთან.
[სურათი 5 გვერდზე]
ბევრი ბავშვი ცნობისმოყვარეობის გამო მიდიოდა ეკლესიაში და საჩუქრად შოკოლადს იღებდა. ამის შემდეგ ბევრი მათგანი მოუთმენლად ელოდა მომავალ შობას.
[სურათი 7 გვერდზე]
შობის წინადღე სეულის (კორეა) ცენტრში.
[ჩანართი 8 გვერდზე]
ქრისტე ბავშვი კი აღარ არის, ღვთის სამეფოს ძლევამოსილი მეფეა.