ბიბლიის კვლევამ შეცვალა კოლეგიანტები
გსმენიათ ოდესმე კოლეგიანტების შესახებ?
XVII საუკუნის ეს პატარა ჰოლანდიური რელიგიური ჯგუფი იმდროინდელი ეკლესიებისგან განსხვავდებოდა. რით გამოირჩეოდა ეს ჯგუფი და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან? პასუხისთვის წარსულს გადავხედოთ.
იაკობ არმინიუსი 1587 წელს ამსტერდამში ჩავიდა. მისი მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ავტობიოგრაფიის წყალობით სამსახურის ნახვა არ გასჭირვებია. ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტი მან 21 წლის ასაკში დაამთავრა, შემდეგ ექვსი წელი შვეიცარიაში დაჰყო და პროტესტანტ რეფორმატორის, ჟან კალვინის მემკვიდრის, თეოდორ დე ბიზეს, ხელმძღვანელობით სწავლობდა თეოლოგიას. გასაკვირი არ არის, რომ ამსტერდამში პროტესტანტებმა დიდი სიხარულით აირჩიეს 27 წლის არმინიუსი თავიანთ მოძღვრად. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიის წევრებმა ინანეს გადადგმული ნაბიჯი. რატომ?
კამათი ბედისწერაზე
მას შემდეგ, რაც არმინიუსი პასტორი გახდა, ამსტერდამის პროტესტანტებში ბედისწერის სწავლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა დაიძაბა. ეს დოგმატი კალვინიზმის არსს წარმოადგენდა, მაგრამ ეკლესიის ზოგი წევრი ფიქრობდა, რომ ღმერთი, რომელიც წინასწარ ადგენდა ერთისთვის ხსნას, ხოლო მეორისთვის მარადიულ წამებას, სასტიკი და უსამართლო იყო. კალვინისტები ელოდნენ, რომ ბეზის ნამოწაფარი ჩააჩუმებდა მოკამათეთ, მაგრამ მათ თავზარდასაცემად არმინიუსი განდგომილებს მიემხრო. კამათი ისე დაიძაბა, რომ 1593 წლისთვის ქალაქში პროტესტანტები ორ ჯგუფად გაიყვნენ: დოგმატის მომხრეებად და მის უარმყოფელებად.
რამდენიმე წლის შემდეგ ეს ადგილობრივი დისპუტი მთელ სახელმწიფოს მოედო და პროტესტანტიზმის სქიზმაში გადაიზარდა. ბოლოს, 1618 წლის ნოემბერში გადაწყვიტეს, გამართულიყო გულახდილი კამათი. ჯარით ზურგგამაგრებულმა და საზოგადოების მხარდაჭერის მქონე კალვინისტებმა მოწინააღმდეგეები (შემდგომ რემონსტრანტებად წოდებულებიa) ეროვნულ სხდომაზე, დორდრეხტის პროტესტანტულ სინოდზე მოიწვიეს. სხდომის დასასრულს ყველა რემონსტრანტი არჩევნის წინაშე დააყენეს: ან ხელი უნდა მოეწერათ წერილობითი პირობისთვის, რომ აღარ იქადაგებდნენ, ან უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა. უმეტესობა უცხო ქვეყნებში გადასახლდა. კალვინისტებმა რემონსტრანტების ადგილი დაიკავეს. კალვინიზმმა გაიმარჯვა — ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა სინოდს.
კოლეგიანტების წარმოშობა და განვითარება
რემონსტრანტთა კრებამ ყველგან დაკარგა მოძღვრები, მათ შორის იყო პატარა სოფელი ვარმონდი ლეიდენის მახლობლად. ყველასგან განსხვავებით, ადგილობრივმა კრებამ სინოდის მიერ დანიშნული პირი არ მიიღო. გარდა ამისა 1620 წელს, როდესაც რემონსტრანტი მსახური სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაბრუნდა, რათა ვარმონდის კრებაზე ეზრუნა, კრების ზოგმა წევრმა მის მიღებაზეც უარი განაცხადა. მათ საიდუმლოდ, მღვდლის გარეშე რელიგიური შეხვედრების ჩატარება დაიწყეს. მოგვიანებით ამ კრებებს კოლეგიები უწოდეს, ხოლო დამსწრეებს — კოლეგიანტები.
მიუხედავად იმისა, რომ კოლეგიანტების მიმდინარეობის ჩამოყალიბება უფრო მდგომარეობამ განაპირობა, ვიდრე პრინციპებმა, სიტუაცია მალე შეიცვალა. კრების წევრმა, ხაისბერტ ვან დერ კოდემ, მოიყვანა მოსაზრებები, რომ სასულიერო პირის ზედამხედველობის გარეშე ჯგუფი უფრო ზუსტად მიჰყვებოდა ბიბლიასა და პირველი ქრისტიანების გზას, ვიდრე არსებული ეკლესიები. მისი სიტყვების თანახმად, სამღვდელოების კლასი მოციქულების სიკვდილის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ დაესაქმებინათ ხელობის დაუფლების უარმყოფელები.
1621 წელს ვან დერ კოდემ და მისმა თანამოზიარეებმა კრება მეზობელ სოფელში, რეინსბერხში, გადაიტანესb. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც რელიგიური დევნები შესუსტდა, კოლეგიანტების კრებებმა მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი და, როგორც ისტორიათმცოდნე ზეხფრიტ ზილვერბერხი ამბობს, „სხვადასხვა წარმომავლობისა და სტატუსის მქონენი“ მიიზიდა, მათ შორის რემონსტრანტები, მენონიტები, სოცინიანელები და თვით თეოლოგები. ზოგი ფერმერი იყო, ზოგი — ვაჭარი. პოეტები, მბეჭდავები და ექიმებიც ემხრობოდნენ მათ. ფილოსოფოსი სპინოზა (ბენედიქტ დე ესპინოზა) და პედაგოგი იოჰან ამოს კომენიუსი (ანუ იან კომენსკი), აგრეთვე ცნობილი ფერმწერი რემბრანდტ ვან რეინიც კეთილგანწყობით ეკიდებოდნენ ამ მიმდინარეობას. ამ ღვთისმოშიშთა განსხვავებულმა აზრებმა კოლეგიანტების რწმენაზე გავლენა იქონია.
1640 წლის შემდეგ ეს ძლიერი ჯგუფი სწრაფად გაიზარდა. როტერდამში, ამსტერდამში, ლეუვარდენსა და სხვა ქალაქებში კოლეგიები ჩამოყალიბდა. ისტორიათმცოდნისა და პროფესორის ენდრიუ ს. ფიქსის სიტყვების თანახმად 1650—1700 წლებში „კოლეგიანტები. . . ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან რელიგიურ ძალად იქცნენ მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიაში“.
რა სწამდათ კოლეგიანტებს
ვინაიდან კოლეგიანტების მოძრაობა აზროვნების ფორმით, შემწყნარებლობითა და სიტყვის თავისუფლებით გამოირჩეოდა, მათ შორის ყველა უფლებამოსილი იყო სხვადასხვა მრწამსი ჰქონოდა, მაგრამ ამასთანავე, აერთიანებდათ საერთო შეხედულებებიც. მაგალითად, ყველა კოლეგიანტს ესმოდა, რომ აუცილებელი იყო ბიბლიის პირადი შესწავლა. ყოველმა წევრმა, როგორც ერთ-ერთი მათგანი წერდა, „სხვისი დახმარების გარეშე უნდა შეიძინოს ცოდნა ღვთის შესახებ“. ისინიც ასეც იქცეოდნენ. XIX საუკუნის ეკლესიის მემატიანის იაკობუს ს. ვან სლეის სიტყვების თანახმად, კოლეგიანტებმა უფრო კარგად იცოდნენ ბიბლია, ვიდრე მათმა თანამედროვე რელიგიურმა ჯგუფებმა. ბიბლიის ოსტატურად გამოყენების გამო თვით მათი მოწინააღმდეგეებიც კი აქებდნენ მათ.
რაც უფრო მეტად იკვლევდნენ კოლეგიანტები ბიბლიას, მით უფრო უძლიერდებოდათ არსებული ეკლესიის მოძღვრებისგან განსხვავებული რწმენა. XVII—XX საუკუნეების წყაროები მათი რწმენის შესახებ იუწყება:
ადრინდელი ეკლესია. 1644 წელს კოლეგიანტი და თეოლოგი ადამ ბორეილი წერდა, რომ, როდესაც იმპერატორ კონსტანტინეს დროს ეკლესიამ პოლიტიკაში ჩარევით, ქრისტესთან სულიერი კავშირი დაარღვია და სულიწმიდის მადლი დაკარგა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო მიზეზი ცრუ სწავლებების გავრცელებისა იმ დროიდან მოყოლებული დღემდე.
რეფორმაცია. მარტინ ლუთერის, კალვინისა და სხვების რეფორმებმა XVI საუკუნეში ვერ შეძლო ეკლესიის საფუძვლიანად გარდაქმნა. ნაცვლად ამისა, მოწინავე კოლეგიანტისა და ექიმის ხეილეინუს აბრაჰამსზონის (1622—1706) სიტყვების თანახმად, რეფორმამ გააუარესა რელიგიის მდგომარეობა, რადგან განხეთქილებები და სიძულვილი წარმოშვა. ჭეშმარიტ რეფორმას კი გული უნდა შეეცვალა, რაც ხსენებულმა რეფორმაციამ ვერ შეძლო.
ეკლესია და სამღვდელოება. არსებული ეკლესიები წაბილწული, წუთისოფლისეული და უღვთოა. ვინც რელიგიას სერიოზულად ეკიდება, კარგად მოიქცევა, თუ დატოვებს ეკლესიას, რომ არ ეზიაროს მის ცოდვებს. მღვდლობა, ამბობდნენ კოლეგიანტები, ბიბლიასთან შეუსაბამოა და „საზიანოა ქრისტიანული კრების სულიერი კეთილდღეობისთვის“.
სამეფო და სამოთხე. ამსტერდამის კოლეგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დანიელ დე ბრეინი (1594—1664) წერდა, რომ ქრისტეს სამეფო არ იყო ადამიანის გულში არსებული სულიერი სასუფეველი. მოძღვარი იაკობ ოსტენსი, როტერდამის კოლეგიანტი, ამბობდა, რომ „პატრიარქები მოუთმენლად ელოდნენ მიწიერი აღთქმების შესრულებას“. გარდა ამისა, კოლეგიანტები ელოდნენ დედამიწის სამოთხედ გადაქცევას.
სამება. ზოგი წამყვანი კოლეგიანტი სოცინიანელების გავლენით, უარყოფდა სამებასc. მაგალითად, დანიელ ზუიკერი (1621—1678) წერდა, რომ ნებისმიერი, სამების დოგმატის მსგავსი, აზრსმოკლებული მოძღვრება „აბსურდული და ცრუ“ იყო. 1694 წელს გამოქვეყნდა საღვთო წერილის რეინერ როლეოსმიერი თარგმანი, რომელშიც იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილი არ უჭერდა მხარს სამების დოგმატსd.
ყოველკვირეული შეხვედრები
მიუხედავად იმისა, რომ კოლეგიანტებს სხვადასხვანაირად ესმოდათ ზოგი სწავლება, სხვადასხვა ქალაქებში მათი შეხვედრები ერთნაირად ტარდებოდა. ისტორიათმცოდნე ვან სლეის აზრით, კოლეგიანტების მიმდინარეობის წარმოშობის პირველ დღეებში კრებები წინასწარი მომზადების გარეშე ტარდებოდა. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, რომ საჭირო იყო წინასწარმეტყველება, მათ მიაჩნდათ, რომ კოლეგიის ყოველ წევრ მამაკაცს თავისუფლად შეეძლო მიემართა კრებისთვის (1 კორინთელთა 14:1, 3, 26). ამის გამო კრებები ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა და რის გამოც ზოგს „მკვდარივით ეძინა“.
მოგვიანებით კრებები უფრო ორგანიზებული გახდა. კოლეგიანტები მხოლოდ კვირა დღეს კი აღარ ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში საღამოობითაც კი. კრებისა და მომხსენებლის წინასწარი მომზადების მიზნით იბეჭდებოდა იმ წლის პროგრამა ბიბლიის განსახილველი მუხლებითა და მომხსენებელთა ინიციალებით. სიმღერითა და ლოცვით კრების გახსნის შემდეგ მომხსენებელი მარტავდა ბიბლიის მუხლებს. დასასრულს, სთხოვდა მამაკაცებს აზრები გამოეთქვათ განხილულის შესახებ. მეორე მომხსენებელი ყურადღებას ამახვილებდა იმავე მუხლების გამოყენებაზე. შეხვედრა მთავრდებოდა ლოცვითა და სიმღერით.
ფრისლანდიის პროვინციის დაბა ჰარლინგენში კოლეგიანტებს კრების დროს პუნქტუალურობის დაცვის თავისებური მეთოდი ჰქონდათ. მომხსენებელს, რომელიც დროს გადააცილებდა, პატარა ჯარიმა უნდა გადაეხადა.
საყოველთაო კონგრესები
კოლეგიანტებს დიდი თავყრილობებიც აუცილებლობად მიაჩნდათ. ამიტომ, 1640 წლიდან წელიწადში ორჯერ (გაზაფხულსა და ზაფხულში) ისინი ქვეყნის ყველა კუთხიდან იკრიბებოდნენ რეინსბერხში. ეს თავყრილობები, როგორც ისტორიათმცოდნე ფიქსი იტყობინება, საშუალებას აძლევდა მათ, „გაცნობოდნენ ყოველი მხრიდან ჩამოსული ძმების აზრებს, გრძნობებს, რწმენასა და მოღვაწეობას“.
ზოგი სტუმრად ჩამოსული კოლეგიანტი ადგილობრივი მოსახლეობისგან ქირაობდა ოთახებს, ზოგი კი ცხოვრობდა კოლეგიანტთა „დიდ სახლში“ (Groote Huis), რომელიც 30 ოთახისგან შედგებოდა. იქ ისინი 60—70 ადამიანისთვის მართავდნენ სადილს. დანაყრების შემდეგ სტუმრები სეირნობდნენ სახლის საკმაოდ დიდ ბაღში და „ღვთის შემოქმედებით, სასიამოვნო საუბრებითა და ფიქრებით“ ტკბებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა კოლეგიანტს ნათლობა აუცილებლად არ მიაჩნდა, ბევრი მაინც ინათლებოდა. ამგვარად, ნათლობა მათი დიდი თავყრილობების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ისტორიათმცოდნე ვან სლეიმ თქვა, ცერემონია, ჩვეულებრივ, იმართებოდა შაბათ დილით. ნათლობის შემდეგ მოხსენებას აგვირგვინებდა სიმღერა და ლოცვა. შემდეგ მომხსენებელი ნათლობის მსურველებს მოუწოდებდა, რწმენა დაემტკიცებინათ შემდეგი სიტყვებით: „მწამს, რომ იესო ქრისტე ცოცხალი ღმერთის ძეა“. ბოლოს წარმოითქმებოდა ლოცვა, რის შემდეგაც ყველა დამსწრე მიდიოდა აუზთან და უყურებდა, მოსანათლები როგორ იჩოქებდნენ მხრებამდე წყალში; ნათლია თავზე ხელს ადებდა და ნელ-ნელა აყვინთვინებდა. ცერემონიის დასასრულს, მორიგი მოხსენების მოსასმენად ყველა თავის ადგილზე ბრუნდებოდა.
შაბათს, დღის 5 საათზე, იმართებოდა ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც ბიბლიის მოკლე კითხვით, შემდეგ სიმღერითა და ლოცვით იწყებოდა. იმისათვის, რომ ყოველთვის ჰყოლოდათ მომხსენებლები, როტერდამის, ლეიდენის, ამსტერდამისა და ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციის კოლეგიების წარმომადგენლები მორიგეობით გამოდიოდნენ კონგრესებზე მოხსენებებით. კვირა დილა განკუთვნილი იყო უფლის სერობის ზეიმისთვის. მოხსენების, ლოცვისა და სიმღერის შემდეგ ყველა, ჯერ კაცი და მერე ქალი, ღებულობდა პურსა და ღვინოს. საღამოს კი ისევ მოხსენებებს წარმოთქვამდნენ. ორშაბათს, დილით ყველა იკრიბებოდა დასკვნითი მოხსენების მოსასმენად. როგორც ვან სლეი აღნიშნავს, მოხსენებათა უმეტესობა საკმაოდ პრაქტიკული იყო, რადგან ყურადღება მახვილდებოდა მუხლების ცხოვრებაში გამოყენებაზე და არა მხოლოდ მათ ახსნაზე.
დაბა რეინსბერხის მცხოვრებლები დიდი სიხარულით უწევდნენ მათ მასპინძლობას. როგორც XVIII საუკუნის მემატიანე წერდა, უცხოელების მოზღვავება, რომლებიც ადგილობრივთაგან საჭმელ-სასმელს ყიდულობდნენ, კარგ შემოსავალს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ყოველი თავყრილობის შემდეგ კოლეგიანტები რეინსბერხის ღარიბებისთვის შესაწირავებს იღებდნენ. დაბამ, უეჭველია, დიდი დანაკლისი განიცადა, როდესაც 1787 წელს კრებები შეწყდა და კოლეგიანტთა მიმდინარეობა დავიწყებას მიეცა. რატომ?
რატომ დაიშალნენ
XVII საუკუნის მიწურულს კამათი წამოიჭრა რელიგიაში აზროვნების როლთან დაკავშირებით. ზოგ კოლეგიანტს მიაჩნდა, რომ ადამიანის აზროვნება ღვთიურ გამოცხადებებს უნდა აღმატებოდა, მაგრამ ზოგი არ ეთანხმებოდა მათ. ბოლოს კამათმა კოლეგიანტების მოძრაობა ორად გაყო; ისინი მხოლოდ კამათის თავკაცების სიკვდილის შემდეგ გაერთიანდნენ. მაგრამ ასეთი დაყოფის შემდეგ მათი მიმდინარეობა „აღარ იყო ისეთი, როგორც უწინ“, — ამბობს ისტორიათმცოდნე ფიქსი.
როდესაც XVIII საუკუნეში შემწყნარებლობამ წინა პლანზე გადმოიწია, კოლეგიანტთა მიმდინარეობის დაშლაში დიდი როლი შეასრულა პროტესტანტულმა ეკლესიებმა. აზროვნებასთან დაკავშირებული მათი პრინციპები და შემწყნარებლობა საზოგადოებაში ფართოდ მისაღები გახდა და „კოლეგიანტიზმის ოდესღაც ეული სხივის ნათება განმანათლებელთა ეპოქის ბრდღვიალა აისში გაიფანტა“. XVIII საუკუნის დასასრულს უმეტესობა გაითქვიფა მენონიტებსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებში.
ვინაიდან კოლეგიანტებს მიზნად არ ჰქონიათ იდეათა გაერთიანება, თითოეულს საკუთარი თვალსაზრისი ჰქონდა. იმდენი აზრი იყო, რამდენიც თვითონ იყვნენ. მათ ესმოდათ ეს და ამიტომაც, არ დებდნენ თავს, რომ იყვნენ „გაერთიანებულნი. . . აზრით“, — რისკენაც პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს (1 კორინთელთა 1:10). თუმცა, იმავდროულად ისინი მოუთმენლად ელოდნენ ქრისტიანული რწმენის ისეთი ძირითადი საკითხის, როგორიცაა აზრთა ერთიანობა, რეალობად გადაქცევას.
თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კოლეგიანტების დროს არ არსებობდა ჭეშმარიტი შემეცნება, ისინი დღეს მრავალი რელიგიისთვის საყურადღებოს წარმოადგენენ (შეადარეთ დანიელი 12:4). მათი თვალსაზრისი, რომ აუცილებელი იყო ბიბლიის შესწავლა, ეთანხმება პავლე მოციქულის რჩევას: „ყველაფერი გამოსცადეთ“ (1 თესალონიკელთა 5:21). ბიბლიის პირადმა შესწავლამ დაანახვა იაკობ არმინიუსსა და სხვებს, რომ ბევრი ძველი საეკლესიო მოძღვრება და ჩვეულება საერთოდ არ იყო დაფუძნებული ბიბლიაზე. როდესაც მათ ეს გაიგეს, იმდენი გამბედაობა ეყოთ, რომ გამოყოფოდნენ გაბატონებულ რელიგიას. ასე მოიქცეოდით თქვენც?
[სქოლიოები]
a სხვადასხვა აზრის მქონეებმა 1610 წელს ოფიციალური რემონსტრანცია (დოკუმენტი, რომელშიც ოპოზიციის მიზეზები იყო ახსნილი) წარუდგინეს ჰოლანდიის მთავრობას. სწორედ ამის შემდეგ უწოდეს მათ რემონსტრანტები.
b კოლეგიანტებს თავიანთი ადგილმდებარეობის გამო რეინსბერხელებსაც უწოდებდნენ.
c იხილეთ 1988 წლის 22 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 19, „რატომ უარყვეს სოცინიანელებმა სამება?“ (ინგლ.).
d Het Nieuwe Testament van onze Heer Jezus Christus, uit het Grieksch vertaald door Reijnier Rooleeuw, M.D. (ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ახალი აღთქმა, რეინერ როლეოსმიერი თარგმანი ბერძნულიდან).
[სურათი 24 გვერდზე]
რემბრანდტ ვან რეინი.
[სურათები 26 გვერდზე]
სოფელი ვარმონტი, კოლეგიანტთა კერა და მდინარე დე ვლეიტი, ნათლობის ადგილი.
[საავტორო უფლება 23 გვერდზე]
Background: Courtesy of the American Bible Society Library, New York