„ჩვენ შევძელით თავის დანებება — თქვენც შეძლებთ!“
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან იაპონიაში
გადმოცემების თანახმად, XVI საუკუნის ბოლოს იაპონიის ნავსადგურში შემოსულ გემებს ევროპიდან მწეველი სტუმრები ჩამოჰყავდა, რომლებსაც თითქოს „მუცელში ცეცხლი ენთოთ“. იაპონელთა გაოცება მალე ცნობისმოყვარეობით შეიცვალა და XIX საუკუნის 80-იანი წლებისთვის თამბაქოს მწეველები იაპონელთა შორისაც მომრავლდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ იმ გაოცებული იაპონელების შთამომავლებს შორის დღეს უმრავლესობა მწეველი იქნებოდა?!
„გვინდოდა, უფროსებივით მოვქცეულიყავით და ყველაფერი გამოგვეცადა“ (აკიო, ოსამუ და იოკო).
„გახდომა მინდოდა“ (ცუია).
„მაინტერესებდა, რა იყო“ (ტოშიჰირო).
„არ გვეგონა, რომ თამბაქო ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე“ (რიოჰეი, ჯუნიჩი და იასუჰიკო).
„გულისრევისგან გათავისუფლება მინდოდა, როდესაც მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ“ (ჩიეკო).
„იმ მიზნით დავიწყე, რომ საქმიანი შეხვედრებისას უხერხული მომენტები რამენაირად შემევსო“ (ტაცუჰიკო).
ასე უპასუხა ზოგმა შეკითხვას, თუ რატომ დაიწყო სიგარეტის მოწევა. ჩვეულებრივი მიზეზებია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იაპონიას მწეველთა სამოთხეს ეძახიან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყველამ, ვისი პასუხებიც ზემოთაა მოცემული, თავიდან მოიშორა ეს ჩვევა. ნამდვილად დიდი მიღწევაა, თუ არ დაგვავიწყდება, სად ცხოვრობენ ისინი. გაინტერესებთ, როგორ შეძლეს მათ ეს? მოდით ჯერ განვიხილოთ, თუ რამდენად გავრცელებულია თამბაქოს მოწევა დღეს იაპონიაში.
თამბაქო დღეს
იაპონელი მამაკაცების დაახლოებით 56% მწეველია, მაშინ როდესაც ამერიკაში მხოლოდ 28% ეწევა. 34 000 000 იაპონელი მწეველიდან დაახლოებით 22% ქალია, რომელთაგან მრავალი ახალგაზრდაა. უფროსების მაგალითისა და მოხერხებულად მომზადებული რეკლამების ზეგავლენით სწრაფად იზრდება ახალგაზრდა მწეველთა რიცხვი. ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით სიგარეტის რეკლამირება, რაც შეერთებულ შტატებში ოც წელზე მეტი ხნის წინ აიკრძალა, დღეს იაპონიაშიც აკრძალულია.
იაპონიაში მწეველებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეუძლიათ სიგარეტის ყიდვა, რის შემდეგ არც კი აქცევენ ყურადღებას კოლოფის წარწერას, რომელიც ყოველგვარი დამაჯერებლობის გარეშე სხვათა შორის ნათქვამ სიტყვებს ჰგავს. წარწერა სულ უბრალოდ იკითხება: „ნუ მოსწევთ ბევრს; შეიძლება გავნოთ“. გარდა იმისა, რომ მრავალმა არ იცის, თუ რამდენად მავნებელია სიგარეტი, გამოჩენილი ადამიანების მაგალითებიც მცდარ წარმოდგენას უქმნის იაპონელებს, რომ ამაში სახიფათო არაფერია, და მოწევისკენ უბიძგებს.
გასაკვირი არაა სიგარეტის მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება, რომ იაპონიაში არაფერი კეთდება, რაც მწეველებს თამბაქოს მიტოვებაში დაეხმარებოდა. თუმცა პედაგოგები უკვე ხედავენ აუცილებლობას, ხალხმა დაინახოს, რომ მოწევით ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. დიახ, იაპონელ მწეველებშიც არაა იშვიათი გულისრევა, ქოშინი, ქრონიკული ხველა, კუჭის ტკივილი, უმადობა, ხშირი გაციება, ბოლოს კი ფილტვის კიბოთი, გულისა და სხვა დაავადებებით უდროო სიკვდილი.
1985 წლის 1 აპრილს, როდესაც იაპონიის თამბაქოს მრეწველობა პრივატიზებულ იქნა, სახელმწიფოს მონოპოლიური უფლებები ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, თამბაქოს მრეწველობა სახელმწიფო სისტემებთან მჭიდრო კავშირშია, რის გამოც ხელი ეშლება თამბაქოს საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. ამიტომაც თვლიან თამბაქოს მოწინააღმდეგეები იაპონიას მწეველთა თავშესაფრად. გაზეთ „დეილი იომიურის“ (The Daily Yomiuri) თანახმად, ექიმები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ იაპონია „ადამიანს მოწევისკენ უბიძგებს“.
თუ როგორ მიატოვა ზოგმა სიგარეტის მოწევა, მოცემულია ჩარჩოში „როგორ დავანებეთ თავი“.
როგორ შეძლებთ თავის დანებებას
ამ ყოფილი მწეველების მაგალითებიდან შემდეგი დასკვნის გამოტანა შეიძლება: მნიშვნელოვანია გესმოდეთ, თუ თავს რატომ ანებებთ მოწევას. მიზანს მიაღწევთ, თუ ღვთის სიყვარულითა და მის მოსაწონად მოქცევის სურვილით იქნებით აღძრული. მოყვასის სიყვარულიც მსგავსადვე დაგეხმარებათ. დაისახეთ მიზანი და ეცადეთ მის მიღწევას. სხვებსაც შეატყობინეთ, რომ თავს ანებებთ სიგარეტს და ოჯახის წევრებსაც სთხოვეთ, ხელი შეგიწყონ. თუ შეძლებთ, უცბად შეწყვიტეთ მოწევა. არ გაჩერდეთ იქ, სადაც ეწევიან.
თუ ბიბლიას სწავლობთ, ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ იეჰოვას მოწმეებთან. მათთან ურთიერთობით მალე გაგიქრებათ მოწევის სურვილი. იმ მოწმეს კი, ვინც მწეველს ბიბლიის შესწავლაში ეხმარება, ვურჩევთ, არ მიატოვოს ის და ეცადოს, რომ ამ მავნე ჩვევაზე მეტად შეაყვაროს მას იეჰოვა.
[ჩარჩო⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]
„როგორ დავანებეთ თავი“
მიეკო: „როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი. შესწავლა იმ მიზნით გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილებს მაინც ევლოთ სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ მალე მივხვდი, რომ მშობელს შვილებისთვის თვითონ უნდა მიეცა მაგალითი, და იეჰოვას მთელი გულით ვთხოვდი დახმარებას. ყველანაირად ვცდილობდი, შემესრულებინა ის, რისთვისაც ასე ვლოცულობდი, თუმცა ვხედავდი, რომ რაღაც დროის მანძილზე ბევრს ვერაფერს ვაღწევდი. მაგრამ არასდროს დამავიწყდება, თუ რა გრძნობა დამეუფლა, როდესაც ეს მავნე ჩვევა როგორც იქნა მოვიშორე და სუფთა სინდისი შევიძინე“.
მასაიუკი: „დღეში სამ-ნახევარ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ დიდი მცდელობის შედეგად, როგორც იქნა ჩავაქრე ბოლო სიგარეტი და სამუდამოდ გამოვემშვიდობე თამბაქოს. ამაში იეჰოვა ღმერთი, ოჯახის წევრები და თანამორწმუნეები დამეხმარნენ. ბანკში, სადაც მე ვმუშაობ, ვერავინ იჯერებდა, რომ აღარ ვეწეოდი. სამსახურში წინადადება შევიტანე, რომ, ჩვენი კლიენტების საპატივსაცემოდ, ბანკის ოფისებში მომუშავეებს სამუშაო საათებში არ მოეწიათ. ჩემი წინადადება მოიწონეს, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების 80% მწეველი იყო. დღეს ჩვენი ბანკის 260 ფილიალშიც შემოღებულია ეს წესი“.
ოსამუ: „როდესაც ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ჭეშმარიტება შევიცანი, დავინახე, რომ მოწევისთვის თავი უნდა დამენებებინა. ამისთვის თითქმის წელიწადი დამჭირდა. მაგრამ მას შემდეგ თითქმის ექვსი თვის მანძილზე კვლავ მიჩნდებოდა მოწევის სურვილი. მიუხედავად ამისა, მესმოდა, რომ მხოლოდ თავის დანებების სურვილი უნდა მქონოდა“.
ტოშიჰირო: „იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სიგარეტის გადაგდება სულ მცირე მსხვერპლის გაღებად მეჩვენა“.
იასუჰიკო: „იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილებამ და სიგარეტზე უარის თქმამ სიკვდილს გადამარჩინა. ერთ დღეს ჩემს სამუშაო ოთახში გაზსადენი დაზიანდა და ოთახი პროპანის გაზით აივსო. სხვა დროს სიგარეტს მოვუკიდებდი, რაც აუცილებლად აფეთქებას გამოიწვევდა. მაგრამ, რადგანაც მაშინ სიგარეტი რამდენიმე დღის გადაგდებული მქონდა, დღეს ცოცხალი ვარ“.
აკიო: «დროდადრო გულისრევის გრძნობა მიჩნდებოდა და ვფიქრობდი, რომ ამის მიზეზი შეიძლებოდა სიგარეტი ყოფილიყო. მაგრამ სიგარეტს თავს არ ვანებებდი. რეალური სურათი, თუ რამდენად მავნებელია თამბაქო, ჩემმა ცოლმა დამანახვა, რომელიც უკვე იეჰოვას მოწმე იყო. მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებიდან გავიგე, რომ მწეველი არა მარტო თავის თავს, არამედ ოჯახის წევრებსაც ვნებს. სიგარეტი მაშინვე გადავაგდე!»
რიოჰეი: „სიგარეტს ჩემთვის მეუღლე ყიდულობდა — ზოგჯერ 20 კოლოფს ერთად. მაგრამ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, აღარ უნდოდა ჩემთვის ეყიდა ის, რის შესახებაც კარგად იცოდა, რომ მავნებელი იყო. მაღაზია გავხსენი და სიგარეტებით ვვაჭრობდი. დღეში სამ-ნახევარ კოლოფს ვეწეოდი. მერე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალე სურვილი გამიჩნდა, ბიბლიური თემების შესახებ საუბარი შემძლებოდა. სიგარეტი გადავაგდე, რომ ჩავწერილიყავი თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, რომელიც მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა“.
ჯუნიჩი: „ჩემი გოგონა იეჰოვას მოწმე გახდა და წუხდა, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. დავპირდი, რომ აღარ მოვწევდი და ასეც მოვიქეცი“.
ცუია: „სამეფო დარბაზში პირველად მისვლისას საფერფლე და სანთებელა ვითხოვე. გავოცდი, როდესაც მითხრეს, რომ იქ არავინ ეწეოდა. მივხვდი, სიგარეტი უნდა გადამეგდო. მოწევას რომ თავი დავანებე, რვა დღის მანძილზე საავადმყოფოში ყოფნა მომიწია, რის შემდეგაც დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარასდროს ვისურვებდი, ეს განმეორებულიყო“.
იოკო: „იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებიდან და სხვა პუბლიკაციებიდან გავიგე, თუ როგორ უარყო იესომ მისთვის შეთავაზებული ნარკოტიკული საშუალება, როდესაც წამების ბოძზე უნდა გაეკრათ. იეჰოვას ლოცვაში ვუთხარი, რომ მინდოდა მისი სახელის უმწიკვლო მადიდებელი გავმხდარიყავი. მას შემდეგ აღარასდროს მომიწევია. როდესაც სხვები ეწეოდნენ, თამბაქოს ბოლი თითქოს მსიამოვნებდა, მაგრამ ვცდილობდი, სწრაფად მოვრიდებოდი მათ, რომ მოწევის სურვილი კვლავ არ აღმძვროდა“.
ამ ყოფილ მწეველებს გადაწყვეტილი აქვთ, აღარასდროს მოსწიონ. თქვენც ხომ არ გსურთ, თავიდან მოიშოროთ ეს ჩვევა?
მიეკო
ოსამუ
იასუჰიკო
აკიო და მისი მეუღლე საჩიკო
ჯუნიჩი და მისი გოგონა მერი
იოკო