ყოველდღე ისაუბრე იეჰოვას შესახებ
1 ადამიანებს იმის შესახებ სიამოვნებთ საუბარი, რაც გულში აქვთ, ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი (ლუკ. 6:45ბ). რა არის ჩვენი გულისთვის ძვირფასი? ფსალმუნმომღერალი წერდა: „ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ“ (ფსალმ. 34:28). ის მადლიერების დიდი გრძნობით იყო გამსჭვალული იეჰოვას მიმართ და დიდ პატივად თვლიდა, რომ ყოველი შესაძლებლობისას შეეძლო ესაუბრა ღვთის შესახებ და განედიდებინა იგი. რადგანაც ახლოს იცნობდა იეჰოვას, ფსალმუნმომღერალი მრავალი სიკეთის გამო ილხენდა (ფსალმ. 34:9). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მის მშვენიერ მაგალითს?
2 ისაუბრე სახლში იეჰოვას შესახებ. ოჯახში ყოველდღე უნდა საუბრობდნენ იეჰოვას შესახებ. მშობლები, რომლებსაც ძლიერ უყვართ იეჰოვა, ადვილად ისაუბრებენ მის შესახებ ყოველგვარი საქმიანობისას (რჯლ. 6:5–7). ამ დროს ბავშვები შენიშნავენ, რომ დედა და მამა თავიანთი რწმენის შესაბამისად ცხოვრობენ და გულში ატარებენ ღვთის მცნებებს. ბიბლიის საოჯახო შესწავლას ბავშვები თავიანთი მშობლების ღვთისმოსაობის ნამდვილ გამოვლინებად ჩათვლიან (2 პეტ. 3:11).
3 ესაუბრე შენს ძმებს იეჰოვას შესახებ. ყოველკვირეული თეოკრატიული განრიგი ჩვენი გულისა და გონებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდების მრავალ შესაძლებლობას გვაძლევს. არის მრავალი კარგი რამ, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ (ლუკ. 6:45ა). ბიბლიის ყოველდღიური შესწავლის ან მისი ყოველკვირეული კითხვისას ხომ არ შეგხვდა ისეთი აზრი, რომელიც განსაკუთრებით მოგეწონა? გაუზიარე იგი ძმებს და ამგვარად დაეხმარე მათ, რომ გაძლიერდნენ იეჰოვასადმი სიყვარულში (ფსალმ. 34:18; ებრ. 10:24).
4 ესაუბრე სხვებს იეჰოვას შესახებ. ხალხთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა — ეს იქნება სამუშაოზე, სკოლაში თუ ოჯახის ურწმუნო წევრებთან — უნდა ცხადყოფდეს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი იეჰოვას შესახებ დამოწმებაა. ჩვენი მეტყველება ქვეყნიერების უხეში და ვულგარული გამოთქმებით კი არ უნდა იყოს დაბინძურებული, არამედ იგი ღმერთს უნდა განადიდებდეს. ყოველდღიურად ისარგებლე ყოველი შესაძლებლობით და ესაუბრე სხვებს კეთილი ცნობის შესახებ, რომელიც ღმერთმა დაგვავალა, რომ ვიქადაგოთ (საქ. 5:42; კოლ. 4:6).
5 როგორც ღვთის ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა, ყოველდღე გამოვიყენოთ შეუდარებელი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ საუბრის შესაძლებლობები (ფსალმ. 105:47).